"მიშას თუ რამე დაემუქრა, აჭარაში წყალი უნდა აიმღვრეს" - კვირის პალიტრა

"მიშას თუ რამე დაემუქრა, აჭარაში წყალი უნდა აიმღვრეს"

(დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა" #17)

თემის გაგრძელება - გააზიზებული აჭარა

რატომ ნადირობენ თურქები ქართველ სარძლოებზე

"თურქმა თუ დააშავა, პოლიცია მაინც ამართლებს"

ბათუმში თბილისელი თურქის მიერ მითითებულ მისამართზე მივედი ბინის დასაქირავებლად. ცხადია, ისედაც შემეძლო დროებითი სამყოფელის შერჩევა, მაგრამ მაინტერესებს, რატომ მირჩია მაინცდამაინც იქ მისვლა. დიასახლისი ნახევრად თურქია, ლამაზი, მაგრამ ენამწარეაო, - მითხრეს, ამიტომაც ერთ-ერთი ტელესერიალის გმირის მსგავსად, ნაზირას ეძახიან. მეტსახელი თურქ მდგმურებს შეურქმევიათ. ნაზირას კეთილმოწყობილი ოთხოთახიანი ბინა აქვს - გურჯების შთამომავალი ქმრისგან დარჩა. კაცს ისტორიულ სამშობლოში სახლის შეძენის ოცნება აუხდენია. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ნაზირა ბათუმში დასახლდა. ამბობს, რომ აქ შემოსავალი მეტი აქვს და ხარჯი - ნაკლები. თურქეთიდან პენსიას იღებს და აქაც ფულს შოულობს. კარგა ხნის ვაჭრობის შემდეგ ვთანხმდებით, რომ დღე-ღამეში 25 ლარს გადავიხდი. ამ საფასურში ჩაიც არ შედის, მაგრამ იმიტომ დაგალევინებ, რომ ქართველი ხარო, - მითხრა. მართლაც, ნაზირა ჩაისაც საუკეთესოს მასმევს და საყვარელ რახათ-ლუხუმსაც არ მაკლებს... მას დავალება აქვს - კარგი ქართველი სარძლოები უნდა იპოვოს.

ნაზირას მდგმურები თურქები არიან, კაცები. ამიტომაც სამზარეულოში შემოსულმა ერთ-ერთმა მათგანმა, მუსტაფამ, ჩემი დანახვისას აღფრთოვანება ვერ დამალა, მგონი, ერთი ნახვით შევუყვარდი. თურქები კარგ ქართველ ქალად იმას მიიჩნევენ, ვინც თურქულ საროსკიპოებში არ არის ნამყოფი... ცხადია, პროფესიას არ ვამხელ. ვამბობ, რომ საკუთარი ბიზნესი მაქვს და ბათუმში რაღაც საქმეების მოსაგვარებლად ჩავედი. ეს კიდევ უფრო მიწევს ფასს თურქი სასიძოს თვალში. როგორც გაირკვა, თურქები ქართველ სარძლოებზე იმიტომ ნადირობენ, რომ დაქორწინების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და ჩვენს ტერიტორიაზე დამკვიდრების შესაძლებლობას ხედავენ. ნაზირა კმაყოფილი იღიმება, სახეზე აწერია, თუ მუსტაფა ვერა, ოსმანი მაინც მოგხიბლავს, მე კი ამის გამო ჯილდოს მივიღებო.

მუსტაფა რესტორანში სადილზე მეპატიჟება, მე კი ვთხოვ, თუ შეუძლია, საღამოს დისკობარში გამომყვეს. გაოცებისგან სახე ეცვლება. წესიერი ქალები იქ არ დადიანო. ჩემთვის უკვე ცნობილია, რომ ე.წ. დისკობარი ბორდელია; ასეთებს ყოველ ნაბიჯზე ნახავთ გონიოსა და ბათუმში. ისიც მითხრეს, რომ იქ ქართველებს არ უშვებენ. ამიტომაც ვცდილობ მუსტაფას "შებმას". თანაც ის იდეალური პარტნიორია იმ მხრივაც, რომ ქართულად კარგად ლაპარაკობს. ნირწამხდარი მუსტაფა საქმეს იმიზეზებს და ოთახიდან გადის. აშკარად "საგასტროლოდ" ჩასული ვგონივარ. ნაზირაც სახეალეწილია. ვუხსნი, რომ უბრალოდ მინდა, თურქული საროსკიპოები ვნახო, რადგან მწერალი ვარ და წიგნის დასაწერად მძაფრი ემოციები მჭირდება. ნაზირა ჩემს პატიოსნებაში დავარწმუნე და ბათუმში სახეტიალოდ გავედი. გეზი ქუთაისის ქუჩისკენ ავიღე. სწორედ აქ დგას მეჩეთი და ეს ტერიტორია თითქმის მთლიანად თურქებს აქვთ ათვისებული. ერთ-ერთ ჩაიხანაში ვჯდები. აქ რამდენიმე ბათუმელს უნდა შევხვდე. მათ სურთ ლაპარაკი ყველაფერზე, რაც აწუხებთ. ვინაობას ვერ დავასახელებთ, მაგრამ ჩვენს ტკივილს სააშკარაოზე გამოვიტანთ და გულზე მოგვეშვებაო. ჯემალის ძმა მიკროავტობუსის მძღოლია. ჩემი რესპონდენტის მტკიცებით, ხელისუფლებამ მისი ძმის ოჯახი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

ჯემალი: "როდესაც თბილისში "სახალხო კრების" მიტინგები ეწყობოდა, აჭარიდან პარტიული აქტივი წაიყვანა ოპოზიციამ. ხალხი ცხენებით ან ფეხით ხომ არ გაუდგებოდა გზას, მიკროავტობუსები დაიქირავეს. თითო მანქანის პატრონს ოთხასი ლარი გადაუხადეს. ჩაიყვანეს ხალხი და რუსთაველის გამზირთან ახლოს დატოვეს, გამობრუნდნენ უკან და ისევ ხაზებზე მუშაობა განაგრძეს. მიკროავტობუსის მძღოლებს იმ დღესვე მიადგა პოლიცია საჯარიმო ქვითრით. პარლამენტის შენობის წინ ამა და ამ დროს მოძრაობა დაარღვიეთო. არადა, თბილისში იმ ადგილზე არც კი გაუვლიათ. მარტო ეს ჯარიმა არ აკმარეს, მანქანები ჩამოართვეს და საჯარიმოზე გადაიყვანეს. ორი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს დაპატიმრებული ტრანსპორტი. საჯარიმოზე დგომის საფასურიც გადაახდევინეს (გვარიანი თანხა) და მანქანებიც გაუფუჭეს.

საბოლოდ ზარალმა 2.000 ლარს მიაღწია. მოკლედ, ის ოთხასი ლარი ძმრად კი არა, სისხლად ამოადინეს ყელში. ამის შემდეგ გვეშინია ხმის ამოღების, მაგრამ აზიზიეს მეჩეთის გამო რომ მიტინგი გაიმართა, იქ მაინც მივედით. ძნელია, ბოლომდე მოითმინო ყველაფერი. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ოჯახის პატრონისთვის მარჩენალი "მარშრუტკის" ორი კვირით დაპატიმრება? აქ, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ქვეყანაში გადამთიელებს ყველანაირ პირობებს უქმნიან, ჩვენ კი გვახრჩობენ. ხელისუფლებამ თურქები "გააბლატავა"  დამნაშავეები როცა არიან, მაშინაც კი პოლიცია ამართლებს და ყველაფერს პატიობს, ტურისტია, თუ ვაწყენინებთ, ხვალ აღარ ჩამოვაო... ამათაც თავს გაუვიდათ. ჰგონიათ, რომ უნდა გაგვთელონ. ეს თურქის ბრალი არ არის, ჩვენი ხელისუფლების ბრალია, მაგრამ ასეთ უსამართლობას რომ ვხედავ, ერთ დღესაც მიღალატებს მოთმინება და არ ვიცი, რა უბედურებას დავატრიალებ".

მურადი ზემო აჭარელია. სეზონურად თურქეთში დადის სამუშაოდ. მეურნეობაში ქართველ, ჯანიან კაცებზე მოთხოვნილებააო. მუსლიმანია, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებას. ეგ თურქეთის ხელისუფლების ახირებაა და არ უნდა აღსრულდესო.

მურადი: "თუ მეჩეთის მშენებლობას დაიწყებენ, მივალ და საძირკველს გამოვაცლი, რომ კედლები ჩამოინგრეს. მერე თუ უნდათ, დამიჭირონ. პარასკეობით სარფში რომ გადმოვდივარ, თურქებით სავსე ტრანსპორტს ვერ დაითვლი. იცით, რატომ მოდიან? აქაურ ჯამეებში უნდა ილოცონ და შექმნან შთაბეჭდილება, რომ აჭარაში მუსლიმანებს სალოცავები არ ჰყოფნით. ეს ბოროტებაა. მე მუსლიმანი ვარ, მაგრამ ქართველი და არ მინდა, ჩემი მიწა ისევ დაიპყროს თურქეთმა. ჩვენი ხელისუფლება ერდოღანის კალთას არის გამოკერებული.

არ ვიცით, რის სანაცვლოდ აძლევენ თურქებს ორმაგ მოქალაქეობას. ისინიც დედაწულიანად სახლდებიან ბათუმში.

ამბობენ, თუ ხელისუფლებას საფრთხე შეექმნება, თურქები მხარს დაუჭერენ, იმიტომ, რომ "მიშა მათთვის კარგია". რადაც უნდა დაგვიჯდეს, მიშას დავიცავთო. ძნელია, მაგრამ თუ გინდა თურქი ალაპარაკო, ბორდელში უნდა გაართო, კარგად გამოათრო და მერე შეიძლება ისეთი რაღაცები გითხრას, გული გაგისკდება. ამიტომაც არ უშვებენ ქართველებს თურქულ გასართობ სახლებში. იქ ისეთი ამბავი ტრიალებს, ნაგვის გაქექვა არავის სურს. არ იფიქროთ, რომ თურქები რიგით მოქალაქეებს ნერგავენ საქართველოს მოქალაქეებად. ყველა სპეცსამსახურების აგენტია. გეგმა ასეთია: მიშას თუ რამე დაემუქრება, აჭარაში წყალი უნდა აიმღვრეს, თურქების კაფეს ან მაღაზიის ერთი ვიტრინა ჩატყდება, დაიწყება ჩხუბი და შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდება. მერე თურქეთი რუსეთივით იტყვის, აჭარაში ჩემს მოქალაქეებს ვიცავო და დადგება ჩოლოქზე. ამასობაში მიშა კარგი ბიჭის როლს ითამაშებს, რომელსაც თურქები ანგარიშს უწევენ, თან დასავლეთსაც დაანახვებს, აი, საქართველოში მე თუ არ ვიქნები, ეთნიკური დაპირისპირება გარდაუვალიაო. ეს ყველაფერი საშინელ ზღაპარს ჰგავს, მაგრამ სერიოზული საფუძველი აქვს".

ვცდილობ, გავარკვიო, ქართველები რატომ აქირავებენ გონიოში სახლებს საროსკიპოებად. ნოდარი ამბობს, რომ ეს ხალხის სიბრიყვის შედეგია.

ნოდარი: "ხალხმა დაიჯერა სააკაშვილის დემაგოგია, რომ აჭარაში მილიონობით ტურისტი ჩამოვიდოდა. ამიტომაც მთელი ქობულეთი, გონიო, სარფი და ბათუმი ბანკებს მიადგა, დააგირავეს სახლ-კარი და გამოიტანეს სესხი სასტუმროების გასახსნელად. არ მოვიდნენ მიშას დაპირებული სტუმრები და დარჩა ეს ხალხი ხელცარიელი. მიადგნენ ბანკები, ფული გადაიხადეთ ან სახლებიდან გამოდითო. არის ახლა ქობულეთში წიოკი და ვაიუშველებელი. ორას ოჯახს ემუქრება გამოსახლება. გონიოელებიც მაგ დღეში არიან და უსახლკაროდ რომ არ დარჩნენ, წაწყმიდეს მამაპაპისეული სახლები, შეუშვეს ეშმაკი ოჯახში. ვინც სახლი ვერ გაიმეტა, მიწის ნაკვეთი გაყიდა. მიდის გამალებული მშენებლობა. თურქები აშენებენ იმას, რასაც მოგება მოაქვს - საროსკიპოებსა და კაზინოებს".”

გულდამძიმებული დროებით ვემშვიდობები ახალ ნაცნობებს და მიკროავტობუსით გონიოს დასათვალიერებლად მივდივარ. ყოველ ნაბიჯზე დისკობარია. ქუჩაში ქართველის მოძებნა გაგიჭირდება, ყველგან თურქები და უზბეკები არიან.

მინდა, ვინმე დავიყოლიო, რომ ღამით ამ გასართობ სახლებში გამომყვეს. მეგობრები ეწინააღმდეგებიან ჩემს სიგიჟეს. ერთ-ერთი მაინც დავიყოლიე. გონიოდან ვიწყებთ. ნაწვიმარია და ცივა. ამიტომაც ყელამდე შეკრული სქელი ჟაკეტი, ჯინსი და ბოტასები მაცვია. მეგზური დამცინის, ასე ჩაცმულს იქ არავინ შეგიშვებსო. თუმცა, ირკვევა, რომ ქართველებს მხოლოდ ე.წ. ელიტური საროსკიპოების კართან ხვდებათ წინააღმდეგობა. იაფფასიან ბორდელებში კი კარი ყველასთვის ღიაა(!). ელიტურ ბორდელებში გზას დაცვა გვიღობავს, რა გინდათ? - გვეკითხებიან და ცნობისმოყვარედ გვათვალიერებენ. მეგზური პაროლს ეუბნება და კარს გვიღებენ, თუმცა, მანამდე ლაშას ათ ლარს ახდევინებენ. გადასახადი მხოლოდ ქართველებისთვის არის. თურქები კლუბში უფასოდ შედიან. ასეთ კლუბებს უცნაური რამ ახასიათებს. ერთი დიდი კედელი მთლიანად სარკეა, რომლის წინ ნასვამი ან ექსტაზით აღგზნებული თურქი და ირანელი მამაკაცები ცეკვავენ. ქართველები ვერსად ვნახე. მხოლოდ ერთ-ერთ დისკოკლუბში გამოჩნდნენ მეძავი ქართველი ქალები. ამ უძველესი პროფესიის წარმომადგენლები ძირითადად უზბეკები და უკრაინელები არიან.

მათი კლიენტების უმრავლესობა თურქია, შიგადაშიგ ირანელებსაც შეამჩნევ. ლაშას ერთი უზბეკი მეძავი მოსწონს და ავიწყდება, რომ ჩემი მეგზური, მეტიც, ჩემი მცველია. მეც მავიწყდება, სად ვარ და რა შეიძლება მოჰყვეს მინიატიურული ვიდეოგადამღების გამოჩენას, მაგრამ მაინც ვახერხებ გადაღებას. ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი ხდება. დიდი სარკის წინ ვნებამორეული ხალხი ზმორებით იწყებს ცეკვას, მერე ერთმანეთში ირევიან და წყვილ-წყვილად გადიან, სავარაუდოდ, იქვე მდებარე სასტუმროებში.

ვიღაცის ხორციელი ვნების დაკმაყოფილება ვიღაცის ვერცხლისმოყვარეობის ვნებას აკმაყოფილებს. მეძავებით მონუსხულ ლაშას უკვე ძალით მივათრევ ქუჩაში. ნიკოტინის სუნი ამდის და თვალები მეწვის. ლაშა ამბობს, რომ ძილის წინ კიდევ ერთი მძაფრი ემოცია უნდა განმაცდევინოს და გეზს ბათუმისკენ, ჭავჭავაძის ქუჩისკენ იღებს. რაღაც დიდი შენობის გვერდით სკვერია. მის გასწვრივ უამრავი სატვირთო ტრაილერი დგას. ყველას უცხოური, ძირითადად, თურქული ნომრები აქვს. მანქანების წინ ხალხი ირევა. ჩაცმულობის და მანერების მიხედვით იოლად მიხვდები, რომ ქალები მეძავები არიან. "ეს ქალები ყველაზე იაფად იყიდებიან. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ქართველია. ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან, რომ აქ სხეულით ივაჭრონ", - მეუბნება ლაშა. მინდა, სასწრაფოდ მოვშორდე აქაურობას...

ლაშა მახსენებს ჩემს ძველ ნაცნობ თურქს, ისლამისტური ორგანიზაციების  ემისარს, სტამბოლის უნივერსიტეტის ლექტორს, თეოლოგ სულეიმან ახმედ ოღლი ულუტაღის. ახლა ბათუმშია და კიდევ უფრო მეტ ფულს ხარჯავს მეჩეთების მშენებლობაზეო.

"ულუტაღი მუჰაჯირი ქართველების შთამომავალია, თუმცა, მისთვის ქართული კულტურა უცხო და მიუღებელია. იგი თავს აჭარის მხსნელადაც კი მიიჩნევს და ვერ გაუგია, რატომ გვიკვირს, რეგიონში მეჩეთების ასაშენებლად ასე რომ აქტიურობენ ისლამისტები. სულეიმანი ადრე თუ ანტიქრისტიანული პროპაგანდის მიზნით კარდაკარ თვითონ დადიოდა, ახლა შეგირდებს ამუშავებს. ამჯერად ხოჯებად გამოზრდილი ქართველი ბიჭები აკეთებენ საქმეს. მეჩეთს, ჯამეს და მედრესეს სოკოებივით ამრავლებენ. ამ საკულტო ნაგებობებზე აბრებიც დაკიდეს, რომელი მეჩეთი ვისი სახელობისაა. მეჩეთს მშენებლობის დამფინანსებლის სახელს ანიჭებენ. როგორც ამბობენ, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის დაწყებას ელოდებიან, რომ ასზე მეტ მეჩეთზე მინარეთების მიშენება დაიწყონ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოლას ხმა მთელ აჭარას მოეფინება, არადა, ანდრია მოციქულმა აჭარიდან დაიწყო საქართველოს გაქრისტიანება. თურქეთის საქციელში გასაკვირი არაფერია.

ასე იქცევა ყველა ჩვენი მეზობელი, უნდა თავისი გავლენა განამტკიცოს. ამიტომაც შევრაცხეთ რუსეთი მტრად, მაგრამ მიკვირს, რატომ უწყობს ჩვენი ხელისუფლება ხელს თურქებს იმაში, რის გამოც რუსეთი მოვიკვეთეთ", - გაოცებულია ლაშა...

ღამის სამი საათია. ნაზირას არ სძინავს. არც მუსტაფას. სამზარეულოში სხედან და მელოდებიან.

- დისკოკლუბში იყავი? მარტო? - მეკითხება მუსტაფა. მეგობართან ერთად-მეთქი, ვამშვიდებ.

- იქ თქვენი ადგილი არ იყო, ქალბატონო, - მარიგებს თურქი. მინდა ვუთხრა, რომ არც ამდენი თურქის ადგილია აჭარაში, მაგრამ თავს ვიკავებ.

ხვალ პოლიტიკოსებს უნდა შევხვდე. საინტერესოა, რას მეტყვიან...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

იხილეთ სიუჟეტი: ზღვისპირა პროსტიტუცია - რატომ მომრავლდა აჭარაში "გასართობი სახლები"

ასევე იხილეთ: ბათუმში შადრევნიდან ჭაჭა გადმოვა