მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

არის თუ არა ეს ბილეთი!

ყველას გახსოვთ, ალბათ, ცნობილი ფილმი იპოლიტე ხვიჩიას მონაწილეობით, სადაც ის სტადიონის აბეზარ თანამშრომელს პირდაპირ ცხვირში ჩრის ჯიბეში შემთხვევით აღმოჩენილ ბილეთს, თან უყვირის: "არის თუ არა ეს ბილეთი!" დაახლოებით ასეთი სცენა გათამაშდა პარტია "ქართული ოცნების" ყრილობის შემდეგ, დაახლოებით ასევე ამოიღო შაბათს ბიძინა ივანიშვილმა გულზე დაკიდებული ჯვარი და ხატი და "რეალ-ტვ"-ის ჟურნალისტს ცხვირში მიაჩეჩა. იმ დღეს ის ჟურნალისტიც და ივანიშვილიც ზუსტად ასახავდნენ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ და არა მარტო პოლიტიკურ ვითარებას.

დღეს ჩვენს ქვეყანაში რწმენა არამარტო სამოთხის საშვია, არამედ პოლიტიკაში ყოფნის ბილეთიც. თუ მორწმუნე არ ხარ, პოლიტიკაში არაფერი გესაქმება. დღეს სწორედ მორწმუნეობით განისაზღვრება პოლიტიკური მომავალი და ამიტომაც ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით ატალახებენ საპატრიარქოს კარს, ეამბორებიან პატრიარქის ხელს, ემთხვევიან ხატებს და სხვის დასანახად იწერენ პირჯვარს. ეს თანაბრად ეხება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ეხება თუ არა ეს ყველაფერი ივანიშვილს? თავად განსაჯეთ: ივანიშვილმა თავიდან არ დამალა, რომ იმქვეყნიური ცხოვრების არ სჯერა, თუმცა შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, ხის ჯვარიც ჰქონია და პატრიარქის ნაჩუქარი ხატიც. ახლა რას უნდა ვენდოთ - მის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას იმქვეყნიური ცხოვრების არ სწამს, თუ მის გულზე დაკიდებულ ჯვარს? ალბათ, იკითხავთ, აბა, რა უნდა ექნა ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ხელისუფლების დაქირავებული ჟურნალისტი მიადგა და უტიფრად მოსთხოვა, ჯვარი გვაჩვენეთო? არ აჩვენებდა და პიარს აუგორებდნენ, ნახეთ, ჯვარს არ ატარებს, ეგ როგორი მართლმადიდებელიაო, აჩვენა და სხვები აკრიტიკებენ, რატომ აჩვენაო. რა უნდა ექნა და უნდა ეთქვა, ასეთ შეკითხვებს არ ვუპასუხებო. მერე ეგორებინა პიარი "რეალ-ტვ"-ს, რამდენიც უნდოდა. მართალია, ბოლოს ამ საქციელის გამო ივანიშვილმა საზოგადოებას ბოდიშიც მოუხადა, მაგრამ შედეგი მაინც ერთი მივიღეთ: მან ხელიდან არ გაუშვა შანსი, პოლიტიკაში მოსვლის "ბილეთი" ყველასთვის ეჩვენებინა.

ორი შეთავაზება მედვედევს

"მზად ვარ, მოვიჭრა და გავუგზავნო მათ ჩემი სხეულის ის ნაწილი, რომლის მიმართაც არაერთხელ გამოხატეს ინტერესი, ოღონდ მათ გაიყვანონ აქედან თავიანთი ჯარები, საქართველოს მრავალეთნიკურ მოსახლეობას მისცენ საშუალება, განვითარდეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა რუსთავის ავტოდრომზე მრბოლელის ფორმაში გამოწყობილმა საქართველოს პრეზიდენტმა. მისმა ამ შეთავაზებამ დაჩრდილა პირველი წინადადება, რომლითაც მან იმავე ავტოდრომიდან მედვედევს მიმართა. რუსეთის ხელისუფლების მრავალგზის განცხადებას, რომ მათ პრობლემა ქართველ ხალხთან კი არა, სააკაშვილთან აქვთ, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც იქნა ადეკვატური პასუხი გასცა. სააკაშვილმა თქვა, რომ მზად არის, გადადგეს, თუ ამის სანაცვლოდ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დააბრუნებს. ყველასთვის გასაგებია, რომ რუსეთი ამ წინადადებას არ დასთანხმდება, მაგრამ იმას მაინც ვეღარ იტყვის, პრობლემა სააკაშვილიაო.

მოკლედ, ასეთი შეთავაზება სრულიად ადეკვატური იყო (ოღონდ ვერ ვხვდები, აქამდე რატომ არ ამბობდა ამას), რასაც ვერ ვიტყვით მეორე შეთავაზებაზე. ამას, როგორც ჩანს, თავადაც მიხვდნენ და პრეზიდენტის განცხადების ეს ნაწილი საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებებიდან  ყველა სახელისუფლებო არხმა ამოჭრა. თუმცა, როგორც ამბობენ, "სიტყვა ჩიტი არაა, გაფრინდება და ვეღარ დაიჭერ." პრეზიდენტს რომ სიტყვა გაურბის, "არახალია." საინტერესოა, როდემდე უნდა ილაპარაკოს თავის გენიტალიებზე? როგორც ჩანს, პუტინის ის ნათქვამი ძალიან ჩარჩა გულში. ჩემმა კოლეგამ, ბესო კურტანიძემ "ფეისბუკზე" კითხვა დასვა: "დემეტრე მეორემ სამშობლოსთვის თავი დადო და ხალხმა თავდადებული უწოდა, ეს "იმის" დადებას აპირებს და მერე ხალხმა რა უნდა უწოდოსო?" მე მხოლოდ ერთს დავამატებ: საინტერესოა, რას იზამს ჩვენი პრეზიდენტი, პუტინიც (ან მედვედევი) რომ ხუმრობის ხასიათზე დადგეს და მოულოდნელად შემოუთვალოს, ვეთანხმები შენს წინადადებას, გამომიგზავნე შენი "ავლადიდება" და გიბრუნებ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთსო? რას შვრება მერე? ეგ ისეთია, გამოსავალს მაინც იპოვის: მაგალითად, სხვისას გაუგზავნის და შეუთვლის, ჩამოდი და შეამოწმე, ჩემია თუ არაო. მერე მთავარია, პუტინი მართლა არ ჩამოვიდეს შესამოწმებლად.

საზეპიროები სააკაშვილისგან

სააკაშვილს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ღირსებები და მათ შორის ერთ-ერთი ორატორული ნიჭია, თუმცა დღეს უკვე ამაშიც შეიძლება ადამიანს ეჭვი შეეპაროს. უკვე ისეთი მდგომარეობაა, შეგვიძლია მის გამოსვლას არც მოვუსმინოთ და წინასწარ ვთქვათ, რას იტყვის. მაგალითად, თუ ჰესის მშენებლობას ხსნის, ვიცით, რომ აუცილებლად იტყვის დაახლოებით ასეთ რამეს: "ვარდების რევოლუციამდე საქართველოში იყო ბნელი და უკუნი, მოვედით ჩვენ და განათდა  ქვეყანა!" თუ საავადმყოფოს ხსნის, აუცილებლად იტყვის, რომ ადრე მხოლოდ ერთ ქუჩაზე იყო მკურნალობის საშუალება და ამ პრივილეგიით მხოლოდ ერთი მუჭა ხალხი სარგებლობდა. ციტატა გნებავთ? ინებეთ: (ყვირილით) "მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ კარგ ქუჩაზე, მხოლოდ იქ იყო დაგებული ასფალტი, მხოლოდ იქ იყო დენი, მხოლოდ მათი შვილები დადიოდნენ უკეთეს სკოლებში და მხოლოდ მათ შეეძლოთ მკურნალობა ნორმალურ ადგილებში" (ვერ გავიგე, რომელია ეს ერთი ქუჩა, ჯერჯერობით მხოლოდ უბანი ვიცით - ვაკე). თუ სკოლაში გამოდის სიტყვით, აუცილებლად იტყვის, რომ მალე ისეთი სკოლები გვექნება, როგორიც არც ჰოლანდიაშია და არც საფრანგეთში. რაც მთავარია, ყველა გამოსვლა მთავრდება წურბლებზე, მაჯლაჯუნებსა და მუმიებზე საუბრით, რომლებიც ხელისუფლებისკენ მოიწევენ. კვირის ბოლოს ბატონი პრეზიდენტი ნორჩ გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის მონაწილეებს შეხვდა. კონკურსში სხვადასხვა ქვეყნისა და რასის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ პრეზიდენტი მათაც კი საქართველოს ხელისუფლებისკენ დაძრულ მაჯლაჯუნებზე, წურბლებსა და მუმიებზე ელაპარაკებოდა(!!!).