"ხელისუფლების სტრესის ყველა ნიშანი სახეზეა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების სტრესის ყველა ნიშანი სახეზეა"

"სააკაშვილის გუნდს ბედისწერის კარზე კაკუნი ჩაესმის"

"ივანიშვილი არ არის ისეთი მიმნდობი, რომ ვინმემ მისით მანიპულირება შეძლოს"

"მარტო თბილისი რომ ირჩევდეს, სააკაშვილი ვერასოდეს გაიმარჯვებდა"

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ ნახა ვიდეოფირი, თუ როგორ გააჩერა საპატრულო პოლიციამ ბიძინა ივანიშვილის კორტეჟი. თავიდან ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ კორტეჟის ორი მანქანა ეჭვს იწვევდა და გადამოწმებას საჭიროებდა. მას შემდეგ, რაც  მანქანიდან ბიძინა ივანიშვილი გადმოვიდა, ითქვა, რომ პატრულს მძღოლების მართვის უფლების ნახვა უნდოდა. "ვინ გაწვალებთ, რა ხდება, როგორი დავალება გაქვთ?" - ბიძინა ივანიშვილის ამ კითხვას საპატრულო პოლიციის ოცმეთაურმა (რომელიც გამუდმებით ელაპარაკებოდა ვიღაცას ტელეფონით) უპასუხა, მანქანები არასწორი მანევრის გამო გააჩერეს, ხაზიდან ხაზზე ციმციმას გარეშე გადავიდნენო. "მე თქვენს დასახმარებლად მოვედი, არა ვარ თქვენზე ნაწყენი", - ასეთი იყო ბიძინა ივანიშვილის პასუხი, რომელიც პატრულის ყურადღებას ვერც მაშინ ასცდა, როდესაც დასავლეთ საქართველოდან ბრუნდებოდა. როდესაც ივანიშვილის ესკორტი გორის უღელტეხილს მიუახლოვდა, გვირაბი 20 წუთით დაიკეტა. რას მოასწავებს ასეთი საქციელი და რამდენად გონივრულია ხელისუფლების ქმედებები, ამის შესახებ ფსიქოლოგიის პროფესორს, მარინა ბალიაშვილს ვესაუბრეთ:

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო ხელისუფლებისთვის, რომ დღემდე ვერ გამორკვეულა. აქამდე ფიქრობდნენ, ყველაფერს ვაკონტროლებთ და ყველაფერი გაგვდისო, ეგონათ, მომავალშიც ასე იქნებოდა, მაგრამ მოულოდნელობამ, რომელიც გამორიცხული ჰქონდათ, შოკში ჩააგდო. სტრესი ყოველთვის მოულოდნელობასთან არის დაკავშირებული და ხელისუფლების სტრესის ყველა ნიშანი სახეზეა.

- რა ნიშნებს გულისხმობთ?

- სტრესის მთავარი ნიშანი ქცევის დეორგანიზებაა. ამ დროს ბუნებრივი ფუნქციები ქვეითდება და ადამიანს გონება ეფანტება. არ შეუძლია მრავალსვლიანი კომბინაციების მოფიქრება, გონივრულად დაგეგმვა და ამიტომაც სტრესში მყოფი ხელისუფლება მთავარი ოპონენტის წინააღმდეგ წერტილოვან, მაგრამ სიტუაციურ დარტყმებს აკეთებს. ასეთი იყო თუნდაც პატრულის მიერ ივანიშვილის ესკორტის გადაადგილების შეფერხება. იმის მაგივრად, რაიმე გონივრული მოიფიქროს, ხელისუფლება ხისტად და ტლანქად მოქმედებს.

- უშიშროების ყოფილმა მაღალჩინოსანმა პატრულის ქმედება ახსნა ერთგვარ ტესტად, ხელისუფლების სათანადო სამსახურებს აინტერესებდათ, როგორ იმოქმედებდა ივანიშვილი არაორდინარულ სიტუაციაშიო.

- ამით ხელისუფლებამ საკუთარ თავს უფრო ჩაუტარა ტესტი. სტრესის ნიშანი ქცევის რეგრესია. გავიხსენოთ პარლამენტის სხდომიდან პრეზიდენტის ისტერიული გაქცევა, რაც სტრესის დასტურია. ამაზრზენი იყო მახათას მთაზე ყველას თვალწინ უმსგავსო სახით მისი გამოჩენა. სააკაშვილი წყნარი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, მუდამ ზედმეტად აღგზნებულია და ესეც სტრესის ნიშანია.

- ამას რის საფუძველზე ამბობთ?

- როცა ერთად შეიკვრნენ, ხალხს დაშორდნენ, ყურები დაიხშვეს და მარტო თავისიანებთან ჰქონდათ ურთიერთობა, ძველი მეგობრები უმეტესობამ დაკარგა, რადგან აღარ უნდოდათ რამე არასასიამოვნო მოხვედროდათ ყურში. პრეზიდენტის Gგარემოცვა რომ არეულია, იმაშიც ვლინდება, რომ სააკაშვილს ვეღარ აკონტროლებენ, ვიღაცას უნდა ეთქვა, მახათას მთაზე საზოგადოების წინაშე ასეთი სახით არ გამოხვიდეო. თუმც ისიც ითქვა, გარემოცვამ განგებ მოაწყო ისე, რომ სააკაშვილი ასეთი სახით ენახა საზოგადოებასო. ისეთი განცდა მიჩნდება, რომ სააკაშვილის გუნდს ბედისწერის კარზე კაკუნი ჩაესმის. ცხოველიც და ადამიანიც საშიშროებას გრძნობს და ესენიც გრძნობენ, მთლად ჩლუნგები ხომ არ არიან?

ხელისუფლების წევრებს არაფერი გაეგებათ ცხოვრების დრამატურგიისა. ცხოვრებაში ის იმარჯვებს, ვისაც ძლიერი ნებისყოფა აქვს და რისკის გაწევა შეუძლია. რა ნებისყოფის პატრონია სააკაშვილი, ყველამ ვნახეთ აგვისტოს ომის დროს. Nნებისყოფა სხვა რამეა და სხვა - სიჯიუტე, რასაც სააკაშვილი ავლენს.

ნებისყოფა იდეების მსახურებაა, იდეა კი ადამიანს აძლიერებს. ხელისუფლებას კი იდეა არ გააჩნია.  იდეა არის ის, რაც შენს თავზე მაღლა გაქვს დაყენებული. რა აქვთ ამათ თავის თავზე მაღლა დაყენებული?

-  ხელისუფლებაში დარჩენა არ შეიძლება იყოს იდეა?

-  ეს არის მოტივი და არა იდეა. ეს ხელისუფლება იდეებში მოიკოჭლებს, აი, ივანიშვილი კი "იდეინია". ქველმოქმედება, რასაც ის ეწეოდა, იდეაა.

- პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლას რა იდეური დატვირთვა უნდა ჰქონოდა?

- ჩაერიოს, რაღაც გააკეთოს, რომ მის თვალწინ არ დაიღუპოს საქართველო, - ეს უნდა იყოს მისი იდეა. ივანიშვილს უნდა ისეთი რამ გააკეთოს, რაც სამარადისო იქნება. ასეთ განზომილებაში გადავიდა ეს ადამიანი. ის ახალგაზრდაა, მილიარდები აქვს, 80 წლის ხომ არ არის, რომ წყნარი ცხოვრება უნდოდეს?

- ხელისუფლებას რაღა დარჩა არსენალში? ის ხომ არა, რომ ოპონენტი მოიშოროს?

- უბედური შემთხვევების ლიმიტი უკვე ამოწურულია. ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის უცნაური გარდაცვალების შემდეგ რაღაც სხვა უნდა მოიფიქრონ, მაგრამ ჩანს, რომ ჯერ ვერ მოიფიქრეს, რადგან არ იცნობენ კარგად ივანიშვილს. პირს ექსტრემალურ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოაჩენს. ივანიშვილისთვის ექსტრემალური სიტუაცია ჯერ არ დამდგარა და, ალბათ, არც დადგება. სააკაშვილის გუნდი ვერ შეუქმნის მას ექსტრემალურ სიტუაციას. ვერ დააკარგვინებენ წონასწორობას, რომ მისი სუსტი წერტილი გაიგონ. ვფიქრობ, მათ რეზერვში ისევ არჩევნების გაყალბება დარჩება.

- ბრძანეთ, ხელისუფლების წევრები ივანიშვილს არ იცნობენო, მაგრამ მას ჰქონდა სააკაშვილის გარემოცვასთან ურთიერთობა.

- არა მგონია ივანიშვილი ხელისუფლებასთან ისე გახსნილიყო, მისი ძლიერი და სუსტი მხარე დაენახათ. ის თავისი სივრციდან არ გადის და არც არავის უშვებს იქ. მართალია, მან სახლი გახსნა და ჟურნალისტებიც შეუშვა, მაგრამ არ არის ისეთი მიმნდობი კაცი, რომ ვინმემ მისით მანიპულირება შეძლოს. მებრძოლია, არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. მარტო პოსტი სააკაშვილს ვერ აქცევს ივანიშვილის ძლიერ მეტოქედ. ამიტომ ხელისუფლება ისევ არჩევნების გაყალბებას შეეცდება. ისეთ ხალხს ჩამოიყვანენ უცხოეთიდან, ვისაც დიდ ფულს გადაუხდიან და ისინიც მოიწონებენ ამ არჩევნებს. ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ხალხი რა პოზიციას დაიკავებს. მარტო თბილისი რომ ირჩევდეს, სააკაშვილი ვერასოდეს გაიმარჯვებდა. რეგიონებში უნდა იაქტიუროს ოპოზიციამ და ხალხმაც უნდა დაიცვას თავისი არჩევანი.