"სხვადასხვა საზომით არ მივდგომივართ სულეიმანოვსა და რობერტ სტურუას" - კვირის პალიტრა

"სხვადასხვა საზომით არ მივდგომივართ სულეიმანოვსა და რობერტ სტურუას"

"მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, მას ფართოდ გავუღეთ კარი"

"არჩევნებში გაიმარჯვებს ის, ვისაც ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს. ჩვენ მოვიწვიეთ მონიტორინგის ფართო მისიები, რათა არ არსებობდეს ეჭვი ამ არჩევნების შედეგებზე. ამ არჩევნებში ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიმარჯვებენ ის ადამიანები, რომლებიც მეზობელი მტრული სახელმწიფოს მარიონეტები არიან და რომელთა პოლიტიკური სახება არის პუტინისა და მედვედევის მსახურება", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურმა, რომელთან საუბარიც გასულ კვირას პარლამენტში ჯონდი ბაღათურიასა და აზერ სულეიმანოვს შორის მომხდარი ინციდენტით დავიწყეთ:

- ჩერქეზთა გენოციდის საკითხზე  წელიწად-ნახევარი მიმდინარეობდა მეცნიერული განხილვები და მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა საქართველოს პარლამენტმა ჩერქეზთა გენოციდი. სომეხთა გენოციდის საკითხიც საჭიროებს განხილვას და თუ რომელიმე პოლიტიკოსს სურს დაუკავშიროს თავისი სახელი ამ თემას, შეუძლია დაიწყოს განხილვა, მოიწვიოს მეცნიერები და ჩაატაროს დიდი შრომა. ყველამ იცის, რაოდენ მგრძნობიარე საკითხია ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეებისთვის ის მოვლენები, რაც მოხდა გასული საუკუნის დასაწყისში. თურქულ და სომხურ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დაახლოების პოზიტიური პროცესი, ამ სახელმწიფოების წარმომადგენლები სხვადასხვა დონეზე ხვდებიან ერთმანეთს და საქართველო არ აპირებს ისეთი მოვლენების პროვოცირებას, რაც არც ჩვენთვის იქნება სასარგებლო და არც ამ ქვეყნებისთვის. ის, რაც  პარლამენტის დარბაზში მოხდა, იყო პროვოკაცია, რომელიც მიმართული იყო სხვადასხვა ხალხს შორის ვითარების ესკალაციისაკენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო არა ერთი კაცის, არამედ რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი პროვოკაცია.

- ბაღათურია ამბობს, რომ პროვოცირებას სწორედ სახელისუფლებო გუნდი ცდილობდა.

- მისი განცხადების შემდეგ დარბაზში მძიმე ვითარება შეიქმნა. ყველა კარგად მიხვდა, თუ როგორ ცდილობდა პროვოკატორი დესტაბილიზაციას საქართველოს პარლამენტში. დეპუტატმა სულეიმანოვმა კი პროტესტი გამოთქვა იმ ფორმით, როგორითაც არ უნდა გამოეხატა. ჩვენ ამაზე მას ვესაუბრეთ და მან სპეციალური განცხადება გააკეთა. ვინც უნდა იყოს ასეთი ადამიანი, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, სხვა პარტიის წევრი თუ საზოგადო მოღვაწე, ერთნაირად მიუღებელია ეთნიკური ნიშნით დამამცირებელი გამონათქვამები. ამ შემთხვევაში სხვადასხვა საზომით არ მივდგომივართ აზერბაიჯანელ სულეიმანოვსა და  რობერტ სტურუას. ორივეს გამონათქვამი შეუწყნარებელი იყო.

- ამის გამო რობერტ სტურუას თეატრის დატოვება მოუხდა, სულეიმანოვი კი ისევ დეპუტატია.

- სულეიმანოვი არჩეული დეპუტატია და მის ყველა გამონათქვამს მისი ამომრჩეველი შეაფასებს.

- მახსოვს, ბესო ჯუღელის გამონათქვამიც ბევრად მკაცრად შეფასდა, რის შემდეგაც მან დატოვა პოლიტიკა.

- მეც ძალიან მკაცრი ვარ ჩემს შეფასებაში, ყოვლად შეუწყნარებელია ეროვნული ნიშნით ადამიანის დამცრობა.

- გასულ კვირას სამთავრობო საათზე ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ შს სამინისტროს "ნაციონალურ მოძრაობაზე" მაღალი რეიტინგი აქვს. რამდენად სწორი იყო ასეთი პარალელი?

- მუდმივად გაისმის ბრალდებები, რომ პოლიცია პოლიტიზებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დანამატია და მის ინტერესებს ემსახურება. ეს რომ ასე არ არის, სწორედ ამის განმარტება სცადა ამ ციფრების მოშველიებით მინისტრმა მერაბიშვილმა. თუკი "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 50%-ია, შს სამინისტროს რეიტინგი 87%-ს უტოლდება, რაც მიანიშნებს, რომ შს სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების დამცველი კი არა, მთელი ქართველი საზოგადოების ინტერესების დამცველია.

- შს მინისტრმა რუსულ კაპიტალზე განაცხადა, რომ ფულს სუნი არა აქვს, საზოგადოებას კი ხშირად ესმის ბიძინა ივანიშვილის ფულის რუსულ წარმოშობაზე ლაპარაკი.

- მინისტრმა მერაბიშვილმა გამოიყენა იდიომატური გამოთქმა, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი ინვესტიცია, რომელსაც ქართული სახელმწიფო მოიზიდავს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მთავარია, ჩვენ გვქონდეს პოლიტიკური სისტემის მდგრადობა, რომელიც გააკონტროლებს ნებისმიერი ფულის მოძრაობას, თუკი ის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული. იმის გამო, რომ ბიზნესმენი რუსია, არავინ დაბლოკავს. არც ბიძინა ივანიშვილს აუკრძალავს ვინმე მონაწილეობას რომელიმე ბიზნესპროექტში, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა, მისი ფული რუსულია და ის რუსი ოლიგარქია. მას ფართოდ გაუღო კარი ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო არ უნდა აკონტროლებდეს რუსული წარმოშობის ფულს.

- განხილვის საგანი გახდა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, რომ თანამდებობას დატოვებს, თუკი რუსეთი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას მოახდენს და ასევე ისიც, რომ პრეზიდენტი რუსეთის ხელისუფალთ დაჰპირდა თავისი სხეულის ნაწილების გაგზავნას.

- პუტინი და მედვედევი ხშირად ამბობენ, რომ სააკაშვილთან არსებობს პერსონალური პრობლემა, თორემ ქართველი ხალხი უყვართ და სხვა ხელისუფლებასთან ექნებათ ურთიერთობა, მაგრამ საქმე ის არის, რომ პუტინისა და მედვედევის მოსაწონი ხალხი არ მოსწონს ქართველ ხალხს და ეს გახდა გადაულახავი პრობლემა. რუსეთის ხელისუფალთა სპეკულაციებს სააკაშვილმა ძალიან გამართულად უპასუხა. თუ მართლაც პრობლემა მხოლოდ სააკაშვილი და მისი მთავრობაა და სხვა შემთხვევაში მოხდება საქართველოს დეოკუპაცია, თუ რუსეთი გაითვალისწინებს ქართველი ხალხის ინტერესს, რომ ჰქონდეს სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მიხეილ სააკაშვილი და მთავრობა მზად არიან დღესვე დათმონ უფლებამოსილება.