"სხდომათა დარბაზში ვაზელინიანი პროვოკატორი იყო" - კვირის პალიტრა

"სხდომათა დარბაზში ვაზელინიანი პროვოკატორი იყო"

"უმრავლესობა აქეზებს დაპირისპირებას აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის"

გასულ კვირას პარლამენტთან საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებისა და სომხების აქცია თითქმის ერთდროულად გაიმართა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში კი იმავე დღეს გაწევ-გამოწევა იყო. მოვლენების ეპიცენტრში იდგა "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია, რომელსაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- ის პროვოკაცია, რაც პარლამენტში მოაწყვეს, არ იყო ჩემთვის განკუთვნილი. აშკარაა, ქვეყანაში არიან ძალები, რომლებმაც სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის პროვოცირება სცადეს ჯერ პარლამენტში, მერე კი მის გარეთ.

- ვინ არის ეს ძალა?

- ეს არ არის არც სომხური და არც აზერბაიჯანული, ეს მესამე ძალაა, რომელსაც წარმომადგენლები ჰყავს საქართველოს პარლამენტში. სწორედ ეს დეპუტატები ცდილობდნენ პროვოცირებას და არ გიკვირთ, რომ იმ დროს დარბაზში იყო ბაქოდან ჩამოსული 5 ნაციონალური არხი?! ტრიბუნიდან ჩემი ჩამოსვლისთანავე პარლამენტთან შეიკრიბნენ აზერბაიჯანელი სტუდენტები, რომლებიც სრულიად არაინფორმირებული იყვნენ. არც ჰქონდათ მოსმენილი ჩემი გამოსვლა და მაბრალებდნენ ისეთ რამეს, რაზეც სიტყვა არ მითქვამს. არ გიკვირთ, რომ ამ დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვაზელინიანი პროვოკატორი იყო? ეს ფაქტები მეტყველებს, რომ ისინი მომზადებული იყვნენ სომეხთა გენოციდის თემაზე ხმაურის ასატეხად. ვაზელინიან პროვოკატორს უნდოდა შეურაცხყოფა მიეყენებინა სომხებისთვის და მიაყენა კიდეც, მან სამარცხვინო განცხადება გააკეთა, მაგრამ იმით, რომ მთავარი დარტყმა ჩემზე გადმოვიდა, ვითარება განიმუხტა.

- პარლამენტთან გაიმართა საქართველოში მცხოვრებ სომეხ მოქალაქეთა მეორე აქციაც. მონაწილეები ითხოვდნენ სომეხთა გენოციდზე მსჯელობის დაწყებას, რაც ასევე საფრთხის შემცველია.

- ძალიან მოზომილად სვამდნენ ამ საკითხს და რამდენიმე დღე ელოდნენ პასუხს პარლამენტისგან. ასეთ დროს აზერბაიჯანელი სტუდენტების აქციის მოწყობა ძალიან საშიში და სამარცხვინო იყო. იმ დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ პროვოკაციის მოწყობა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

- საინტერესოა აკაკი ბობოხიძის ფუნქცია, რომელიც ინციდენტისას ყოველთვის ეპიცენტრშია.

- არიან პარლამენტის წევრები, რომლებიც ძველბიჭური მონაცემების დემონსტრირების შემთხვევას ხელიდან არ უშვებენ.

- ინციდენტი სხდომათა დარბაზს მიღმაც ხომ არ გაგრძელებულა?

- არა, რისი გაგრძელების თავი აქვთ. ეს იყო საჩვენებელი ჩხუბი ტელეკამერებთან. უმრავლესობა აქეზებს დაპირისპირებას აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის.

- რად უნდა ეს ხელისუფლებას?

- ვფიქრობ, რომ ლოკალური კონფლიქტის პროვოცირება ჰქონდათ განზრახული და მერე მედიატორის როლის მორგება.  არა მგონია, ომის გამოწვევა უნდოდეთ, მაგრამ როცა იცი ამათი ზნეობა, როგორი ფსიქიკური აშლილობა სჭირს პრეზიდენტს შიშის გამო, რომ შეიძლება ძალაუფლება დაკარგოს, ყველაფრის ვარაუდი შეიძლება.

უმრავლესობა გაღიზიანებულია პრეზიდენტთან ჩემი დებატებისა და მისი სამარცხვინო გაქცევის შემდეგ. ცდილობენ გამომტყუონ, რომ ვინმეს ხელი გავარტყა, მერე კი თქვან, ოპოზიციაში ბანდიტები არიანო. ვინ უნდა შეაშინონ ამათ, თვითონ შეშინებულებმა?