"ესენი სამ წელიწადში გაიშიფრნენ" - კვირის პალიტრა

"ესენი სამ წელიწადში გაიშიფრნენ"

"მიშას ურჩევნია, მშვიდობით წავიდეს და იმდენი არ ქნას, გამწარებულმა ხალხმა ქვები ესროლოს"

"უნამუსო უნდა იყო, რომ ასე მართო ქვეყანა"

"მიშაზე კიდევ ისე არ ვარ გაბრაზებული, როგორც მის გარემოცვაზე"

"სააკაშვილის გარემოცვიდან 30 კაცი  დასაჭერია. მიშა კი უნდა გათავისუფლდეს ერთი პირობით, - თბილისში, კორპუსის ბინაში იცხოვროს იმ ადამიანების მეზობლად, ვინც გაამწარა, ვისაც შვილი მოუკლა. შურისმაძიებელი ვარ, არა? მაგრამ მიშამ ეს დაიმსახურა. ურჩევნია, მშვიდობით წავიდეს და იმდენი არ ქნას, გამწარებულმა ხალხმა ქვები ესროლოს", - მითხრა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა.

- ადამიანი ძალაუფლებას რომ ეჩვევა, მერე ინსტინქტები მართავს, უტკბება ძალაუფლება და ამათაც ისე გაუტკბათ, უკვე ზღვარს გადასცდნენ და ეკლესიაშიც ისე იქცევიან, როგორც საკუთარ სახლში, ტაძარში მორწმუნე ხალხს, რომელსაც ლოცვა უნდა, აღდგომის ღამეს კარს უკეტავენ. რატომ არ უშვებენ ხალხს ტაძარში, როდესაც იქ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარეა? ეს უკვე მიშას კი არა, საზოგადოების ბრალია, რომელიც ასეთ მდგომარეობაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ ერთხელ წაუყრუა, აპატია მსხვერპლი, შეურაცხყოფა, ძალადობა, ტრაბახი.

სააკაშვილს რომ ვუსმენ, საკუთარი თავის მრცხვენია, რადგან ვერ შევძელი მეტად შეწინააღმდეგება. მკვლელი არა ვარ და არც არავის მოვუწოდებ, ესროლონ. მაგრამ ამ ადამიანს ნამუსი არა აქვს, ქვეყნის წინაშე პირველი დამნაშავეა და ხელისუფლებიდან წასვლა არ უნდა.

- სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ხელისუფლებიდან წავალ, თუკი რუსეთი ტერიტორიებს დააბრუნებს, ასევე მზად ვარ, რუსეთის ხელისუფალთ ჩემი სხეულის ნაწილებიც გავუგზავნოო.

- ეს სიტყვები ამ კაცის თავხედობაზე მეტყველებს. დიდი უზნეობაა, როდესაც ამბობს, ჩემი სხეულის ნაწილებს მოვიჭრი დაბრუნებული ტერიტორიების სანაცვლოდო.

მისი დათმობილი და ჩაბარებული არ არის ეს ტერიტორიები? საცოდავია ერი, რომელიც ასეთ უნამუსო ხელისუფალს ითმენს. კაცი გაიძახის, 2025 წელს ამას და ამას ვიზამ და ლაზიკას ავაშენებო. ამ კაცს იდე ფიქსი აქვს, ყველაფერი მე უნდა გავაკეთოო, და ვერაფერს ხეირიანად ვერ აკეთებს. როდესაც ქვეყნის მმართველს ასეთი რამ ემართება, დამთავრებულია იმ ქვეყნის საქმე. მიშაზე კიდევ ისე არ ვარ გაბრაზებული, როგორც მის გარემოცვაზე.

ვინც გარშემო ჰყავს, ისინი არიან ყველაზე ცუდები, თორემ თვითონ ერთი ავადმყოფი კაცია. რადგან პრეზიდენტი გახდა, წარმოიდგინა, რაც მინდა, იმას გავაკეთებო. შვილს რომ დასაკარგავში წაიყვანენ და მოგიკლავენ, მადლობას როგორ უხდი პრეზიდენტს? რა უნდა ქართველ ჯარისკაცს ავღანეთში?

- გასულ კვირას კიდევ ერთი ჯარისკაცი, ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა.

- ამ გარდაცვლილი ჯარისკაცის  მშობლებმა სახლში არ უნდა შეუშვან  პრეზიდენტი და უთხრან, აქედან გაეთრიეო.

ქართველ საზოგადოებას ახლა არ დაუკარგავს ღირსება. ლაქუცები და გამყიდველები ყოველთვის იყვნენ. მაგრამ მაგარი კაცებიც იყვნენ და ახლაც არიან. აბა, კაცს ისეთი ქონება აქვს, უზრუნველად და ბედნიერად იცხოვრებდა, მაგრამ არ ინდომა. ზოგიერთმა მითხრა, ამ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება და აუტკივარი თავი ტყუილად აიტკივაო. როგორ არ გრცხვენიათ-მეთქი, მივუგე. არც კონფორმისტი ვყოფილვარ და არც თავგამოდებული მებრძოლი. არაფერი მაინტერესებს, გარდა იმისა, რომ მინდა ჩემი შვილი და შვილიშვილები წესიერ ქვეყანას მოესწრონ.

მიშას ბევრი სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ გარემოცვა მეტად დამნაშავეა. რა ჰქვია კონსტიტუციის ასე ხელაღებით ცვლას? საკუთარ თავზე კი არა, კონსტიტუციას უკვე ყველაფერზე ირგებენ. უნამუსო უნდა იყო, რომ ასე მართო ქვეყანა. მინდა ამ კაცის გულს ჩავწვდე, რომელიც თავად მშიშარაა და ცდილობს, სხვა შეაშინოს. ამას რომ ფული აქვს, ათ ბიძინას არ ექნება იმდენი. ოფშორებშია ამ მთავრობის ფული შენახული, მაგრამ განწირულია მიშა და მთელი მისი გარემოცვა. დღეს იქნება თუ ხვალ, მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარდგომა. რამხელა უჭკუობაა, ასე იცხოვრო კაცმა, როგორც მიშა ცხოვრობს. ასეთი რეიტინგით მოსული ხელისუფლება 30 წელი მაინც უნდა დარჩენილიყო ხელისუფლებაში, მაგრამ სამ წელიწადში დაკარგეს ხალხის სიყვარული. სამ წელიწადში გაიშიფრნენ. ძალიან მრცხვენია, რომ ამ ქვეყნის შვილი ვითმენ, ასეთი უჭკუო ხალხი რომ მართავს ამ ქვეყანას.

ეგ რომ ლინგვისტი ან მეცნიერი ყოფილიყო, ივარგებდა. შევიდოდა ლექციაზე, ილაპარაკებდა, გამოაშტერებდა სტუდენტებს, მერე დალევდა ან ქალებთან გაერთობოდა და არავის დააზარალებდა, მაგრამ მისნაირი ფსიქიკის კაცისთვის ქვეყნის პირველკაცობა დამანგრეველი გამოდგა.

- ითქვა, ხელისუფლება გეგმავს ივანიშვილის მოცილებასო.

- მგონი, ეს ჭორი საზოგადოების დასაშინებლად დაყარეს. ამათ არ იციან, თუ ხალხი გამწარდა, იქით შეაშინებს ხელისუფლებას. პირველი ემოციაა დათრგუნვა, მაგრამ ამას შიშისაგან გათავისუფლების სურვილი მოსდევს. გამწარებულმა ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინოს, რომ თავიც დაიღუპოს და სხვაც. არ გამოვრიცხავ, ეს ჭორი იმისთვის დაყარეს, რომ ქაოსი გამოიწვიონ. მერე კი იტყვიან, რაკი ქაოსია, შეიძლება ხალხს მათრახიც მივარტყათო. ქაოსის დროს ხელისუფლებას გამოჰყავს დამსჯელი რაზმი და თავის ძალადობასაც ამართლებს. ამიტომაც საზოგადოება არ უნდა დაფრთხეს.

მიშას ნებისყოფა არ ეყო, ისეთი რამ არ ჩაედინა, რომ ბიძინა არ ჩამოსცილებოდა. ასეთი კაცი რომ გყავს გვერდით, რაღა გინდა? ბიძინა 23 წლის იყო, მოსკოვში რომ გამოჩნდა. მსახიობმა ალექსანდრე აბდულოვმა მკითხა, იცნობ ბორის ივანიშვილს? ძალიან აქებენ ბიზნესმენების წრეშიო. გაგონილი მქონდა, რომ ჭორვილიდან იყო, მაგრამ არ ვიცნობდი. ბიძინა ისეთი წრიდან არის გამოსული, დიდი ჭკუის,  წესიერებისა და კანონმორჩილების გარეშე დაიღუპებოდა. იცით, რამდენი ქართველი მოკლეს მაშინ მოსკოვში? ან ბადრის რა დაემართა? პოლიტიკისთვის მზად არ იყო და გაყიდა ყველამ.

- ბიძინა ივანიშვილს არ გაყიდიან?

- ეგ იმდენად არავის ენდობა, რომ დაზარალდეს. ბიძინას ვერ მოკლავენ, მაგრამ ასე უჩხიკინებენ. Mთან იმასაც ფიქრობენ, როგორ მოვკლათ, საფრანგეთის მოქალაქეაო.

მიშამ უჭკუობის გამო წაართვა ბიძინას მოქალაქეობა და დასავლეთის თვალში კიდევ ერთი ქულა დააკლდა. იქაც ხედავენ, რომ ეს კაცი საღ გონებაზე აღარ არის. "ქართული ოცნების" ოფისის ეზო (როსტომ მეფის სასახლე) ნაგვით არის სავსე. ესეც ხელისუფლების უჭკუობის კიდევ ერთი დასტურია. ჰგონიათ, ბიძინას უშლიან ნერვებს და ამ დროს თვითონ ნერვიულობენ.

- მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და ვერც პარტიის თავმჯდომარე გახდა.

-  ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეს კიდევ ერთი გაკვეთილია დასავლეთისთვის, რომ ასე ჰაიჰარად არ უნდა დაუჭიროს მხარი რომელიმე ხელისუფალს. რამდენიმე დღის წინ ერთი უცხოელი, რომელიც პლეხანოვზე გაატარეს, ამბობდა, თბილისი ვეღარ ვიცანიო. არადა, იმ ფასადების უკან რომ ჩამოქცეული შენობებია, ეს არის ამ ხელისუფლების სახეც და შინაარსიც.

სააკაშვილს ჰგონია, ქართველი ხალხი ვერ მიუხვდა, რაც დამართა მისმა მმართველობამ. ხალხი ყველაფერს მიხვდა, მაგრამ გაჩუმებულია. ეს სიჩუმე მაგონებს მოღრუბლულ ცას, რომელსაც მალე ჭექა-ქუხილი და წვიმა მოჰყვება.

ძალიან მეშინია ხელისუფლების პროვოკაციის, რომ ხალხს არ წასცდეს ხელი რამეზე და დაპირისპირება არ დაიწყოს. არჩევნები მოთმინებით უნდა ჩავატაროთ. თუ არ მოვითმინეთ, ეს ხელისუფლება წამოგვიკიდებს.

ატომური ბომბის აფეთქებასავით იყო ბიძინას პოლიტიკაში მოსვლა. დარბის მას შემდეგ საწყალი მიშა და რა ქნას, აღარ იცის. რამდენჯერ უნდა ჩაუტაროს ლექცია ახალგაზრდებს? ჭკუაზე ვეღარ არის, რადგან იცის, რისი გამკეთებელია ბიძინა. იმდენად დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს, მეშინია, ამან არ მოადუნოს ხალხი და არ აფიქრებინოს, ყველაფერი მან გააკეთოს, ჩვენ არაფერი გვევალებაო. თუ ერი და ბერი ერთად იბრძოლებს, მაშინ გავიმარჯვებთ.

პოლიტიკაში დაბნეულობის წყარო ის არის, რომ ძალაუფლების მპყრობელნი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ

ჟან დე ლაბრუიერი