"უსამართლობა იქნება, თუ "წლის ელჩად" არ დამასახელებენ" - კვირის პალიტრა

"უსამართლობა იქნება, თუ "წლის ელჩად" არ დამასახელებენ"

"ისეთ თბილ ხალხს, როგორიც საქართველოშია, მსოფლიოში ვერსად შეხვდები"

ბატონი მაჯიდ სამადზადე საბერი ირანის ისლამურ რესპუბლიკას წარმოადგენს საქართველოში. გეოგრაფიული და რელიგიური განსხვავების მიუხედავად, ბევრ საერთოს ხედავს ქართულ და ირანულ კულტურათა შორის, მოსწონს ჩვენი კერძები და თვალწარმტაცი ბუნება.  უფრო დაწვრილებით ინტერვიუდან შეიტყობთ:

- საქართველოში ჩამოსვლამდე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კასპიის რეგიონის დეპარტამენტის დირექტორად  ვმუშაობდი. უფრო ადრე კი ვიყავი დსთ-ის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. სამი წელი ვმუშაობდი სამინისტროს პრესსამსახურის დეპარტამენტის მოადგილედ. შემდგომში საქმიანობა განვაგრძე უკრაინისა და აზერბაიჯანის ირანის საელჩოებში. ხანმოკლე ვიზიტით ვიყავი დსთ-ის, ირანის მეზობელ ქვეყნებში, ასევე არაბეთის ქვეყნებსა და ევროპაში.

- როგორი იყო საქართველოში თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

- თბილისში რომ ჩამოვედი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ირანის ჩრდილოეთი რეგიონების ქალაქში ვიყავი. სწორედ ასეთი ბუნებაა კასპიის ზღვისპირა ქალაქებში, ასეთივე მთები მიუყვება კასპიის ზღვის სანაპიროს. აეროპორტიდან ქალაქში შემოსვლისას, მტკვრის დანახვაზე, ისპაანი გამახსენდა, რომელსაც შუაში მდინარე ზაიანდერუდი მიუყვება. თავისუფლების მოედანზე რომ გავიარე, ფასადის ქვებმა ირანის მოედნები გამახსენა. მოგვიანებით გავიგე, რომ ის ქვები თავისუფლების მოედნისთვის ირანიდან ჩამოუტანიათ.

ბევრს ლაპარაკობენ საქართველოს ბუნებაზე, ისტორიულ ძეგლებზე, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, მაგრამ ყველაზე ლამაზი და საინტერესო ამ ქვეყანაში ხალხია. მიხარია, რომ საქართველოში ჩამოვედი ელჩად და არა სხვა ისეთ მდიდარ ქვეყანაში, რომლსაც განვითარებული ეკონომიკა აქვს. ისეთ თბილ ხალხს, როგორიც საქართველოშია, მსოფლიოში ვერსად შეხვდები.

- ქართული სამზარეულო მოგეწონათ?

- ძალიან მიყვარს აჭარული ხაჭაპური და ნადუღი. მსგავსი რამ არსად გამისინჯავს. ძალიან მიყვარს ირანული ყორმე საბზი და ამიტომაც ძალიან შემიყვარდა აქაური ჩაქაფული, რომელიც ძალიან ჰგავს. ტარხუნის ლიმონათი კი ჩემი საყვარელი სასმელია. ირანში რამდენიმე ქარხნის მეპატრონეს შევთავაზე, ჩამოსულიყვნენ და ქართულ მხარესთან ეთანამშრომლათ. ჩვენთან სასმელებისთვის სხვადასხვა ესენციას იყენებენ, მაგრამ ტარხუნას - არა. ქართული სამზარეულოს სანელებლებიც ძალიან ჰგავს ირანულს.

- რას იტყოდით ქართულ კულტურაზე?

- ყველაზე მეტად მხატვრობა მომწონს. მომწონს ქართული არქიტექტურაც. ბევრი ლამაზი შენობა თბილისსა თუ სხვა ქალაქში ირანული და დასავლური სტილის სინთეზია. ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები, როგორიცაა ფანდური, ზურნა, დაირა, ჩანგი ირანული ხალხური მუსიკალური საკრავებიცაა. მათი სახელებიც კი ერთნაირია.

- ხომ ვერ გამოყოფდით თქვენს საყვარელ ქართველ ხელოვანს?

- უპირველესად საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს დავასახელებდი. ასევე შოთა რუსთაველს, "ვეფხისტყაოსანი" სპარსულად ორჯერ არის თარგმნილი. მახსენდება ავტორის პროლოგში ნათქვამი: "ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები..." თანამედროვე მხატვრებიდან მომწონს რუსუდან ფეტვიაშვილი, გია ბუღაძე.

- როგორ ატარებთ უქმეებს?

- ვცდილობ ოჯახთან ერთად გავატარო, იქნება პიკნიკი თუ კულტურული ღონისძიება. თუმცა ახალ ამბებსა და მოვლენებს მაშინაც ვადევნებ თვალს. ძალიან მიყვარს ისტორიული ძეგლები. საქართველოში თითქმის ყველა ძეგლი მაქვს ნანახი.

- ვისაუბროთ ქართულ პოლიტიკაზე.

- როგორც დიპლომატი, ქართველი  ხალხის არჩევანს პატივს ვცემ. პატივს ვცემ მთავრობის იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, დარჩეს დამოუკიდებელ სივრცეში უცხო ძალების გავლენის გარეშე და რომელიც ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ქვეყნის დამოუკიდებლობა მხოლოდ გაეროს წევრობასა და სხვა სახელმწიფოებისგან აღიარებას არ გულისხმობს; დამოუკიდებლობა ნიშნავს იმასაც, რომ ყველა გადაწყვეტილება, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული, უსაფრთხოების, სამხედრო თუ სხვა საკითხი, ხალხის ნების შესაბამისად მიიღოს, პატივი სცეს ხალხის მისწრაფებებს.

- ქართულ მედიას ადევნებთ თვალს?

- დაახლოებით 15 წლის წინ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის რანგში საქართველოს დელეგაციას ვმასპინძლობდი. პირველი ქართული დელეგაცია, რომელიც გავიცანი, პრესის წარმომადგენლები იყვნენ. ზოგიერთი საერთაშორისო ჟურნალისტისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად ეშმაკურ ხერხებს მიმართავენ, ქართულ მედიაში პროფესიონალი ჟურნალისტები მუშაობენ.

კარგი იქნება, თუ პრესის მოცულობა გაიზრდება, ანუ უფრო მეტი იქნება გვერდების რაოდენობა, ზოგიერთი ყოველკვირეული გაზეთი კი ყოველდღიურად გადაიქცევა.

- "ჯორჯიან ჯურნალმა" გასული წლის მიწურულს გამართა დაჯილდოების ცერემონიალი "წლის ელჩი", რომელიც ამიერიდან ყოველწლიურად ჩატარდება? მოგწონთ ეს ღონისძიება?

- თქვენს ადგილას წლის ელჩად საკუთარ თავს დავასახელებდი. ბოლო წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ორი ქვეყნის ურთიერთობაში. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, არ იყო ავიარეისები ირანთან, ამიტომაც თურქეთიდან მომიხდა ჩამოსვლა. კვირაში 8 ავიარეისია ორ ქვეყანას შორის. ვიზიტორთა მიმოსვლა 300%-ით გაიზარდა, გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ბათუმში გავხსენით გენერალური საკონსულო; სავაჭრო ბრუნვა, რომელმაც 2009 წელს 36 მლნ დოლარი შეადგინა, 2011 წელს 82 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ირანში ყველა ღონისძიებაზე, კონფერენციასა თუ გამოფენაზე, საქართველოს წარმომადგენლებს ვაგზავნით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უსამართლობა იქნება, თუ წელს "წლის ელჩად" არ დამასახელებენ.

Georgian Journal

მაკა ლომაძე