მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

პრეზიდენტის ანდერძი და ევროპის ახალი რუკა

თუ აქამდე დავით აღმაშენებლის ანდერძი გვქონდა, რომელმაც სიკვდილის წინ დაიბარა, გელათის შესასვლელში დამკრძალეთ, რათა ყველამ, ვინც ტაძარში შევა, ფეხი გულზე დამადგასო, დღეიდან გვაქვს სააკაშვილის დანაბარებიც. პრეზიდენტი გულზე ფეხის დადგმას არ ითხოვს, მას სულ სხვა სურვილი აქვს. თავის უკანასკნელ განსასვენებლად არც გელათი უნდა, არც - მთაწმინდის პანთეონი და თქვენ წარმოიდგინეთ  - არც ლაზიკა, არადა, ეს ხომ ლოგიკური იქნებოდა, ბოლოს და ბოლოს, თუ აშენდა ლაზიკა, მისი დაარსებული ქალაქი იქნება. არა, ბატონო, მან უკანასკნელ განსასვენებლად ანაკლია აირჩია! და საერთოდ, დამმარხეთო, იმასაც არ ითხოვს - დამწვით და ჩემი ფერფლი ანაკლიაში მოაბნიეთო.  "წარმოუდგენელი აურა და ატმოსფეროა ანაკლიაში, ის არის ჩემი მიწა, მინდა, იქ მოაფინონ ჩემი ფერფლი, როცა აღარ ვიქნები," - ამოთქვა პრეზიდენტმა ქუთაისში.

იმ დღეს პრეზიდენტმა კიდევ ბევრი საინტერესო რამ თქვა. მაგალითად, ის რომ თბილისი არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიის დედაქალაქიცაა. "თბილისი არის დედაქალაქი როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის, ისტორიულად და კულტურულად." ახლა მხოლოდ იმაზე ვდარდობ, ეს ამბავი სომხებმა და აზერბაიჯანელებმა არ გაიგონ, თორემ დიპლომატიური სკანდალი არ აგვცდება. განსაკუთრებით ნათლად სომხების რეაქცია წარმომიდგენია. "ინჩეს, ტო! ე, მაზალო ინფორმაცია! (სომხურის სიზუსტეზე პასუხს არ ვაგებ) - როგორ, ტო, ჩვენ იმით ვამაყობთ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე ძველი დედაქალაქი გვაქვს, თქვენ კიდევ იძახით, სომხეთის დედაქალაქი თბილისიაო. ის არ გეყოფათ, "ტბილისკოე მორე" რომ "მორეა", სევანი კიდევ -"ოზერო"! ახლა ერევანიც გინდათ დაგვავიწყოთ?!" მოკლედ, ზუსტად ვიცი, რომ  ამის გამგონე სომხები გადეირევიან თლათ! ალბათ, არც აზერბაიჯანელებს მოეწონებათ, თუმცა არ შეიმჩნევენ. მაინც სტრატეგიული პარტნიორები ვართ. სამაგიეროდ, პრეზიდენტზე ცოტა გული მოუბრუნდათ თბილისელებს - როგორი საქმეა, სამყაროს თუ არა, კავკასიის ჭიპად რომ გამოგაცხადებენ?! თუმცა პრეზიდენტმა თბილისელებს გახარება დიდხანს არ აცალა და ქუთაისი მთელი ევროპის ცენტრად დაასახელა. "ქუთაისი იქნება ეკონომიკის, ინდუსტრიის, ტურიზმის და, საერთოდ, ხარისხიანი ცხოვრების ცენტრი მარტო დასავლეთ საქართველოში კი არა, მე მგონი, მთლიანად ევროპის," - ბრძანა მან.

მოკლედ, ბოლოს ასეთი სურათი მივიღეთ: თბილისი - კავკასიის დედაქალაქი, ქუთაისი - ევროპის ცენტრი, ხოლო ანაკლია - ევროპის ყველა დროის უდიდესი პრეზიდენტის განსასვენებელი. და თქვენ გგონიათ, ეს ყველაფერია? როგორ გეკადრებათ! წყალტუბო, ბატონებო?! თქვენ წყალტუბო დაგავიწყდათ. "დამაცადეთ კიდევ 2-3-4 წელი და გაძლევთ გარანტიას, რომ წყალტუბოს ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილად ვაქცევ," - თქვა მან ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გამოსვლისას. და ვიღას ახსოვდა წყალტუბო - ყველამ იმაზე დაიწყო ლაპარაკი, ეს არსად წასვლას არ აპირებს, კიდევ ოთხი წელი უნდა დარჩენაო. რა წასვლა, რის წასვლა, ჯერ ევროპის გეოგრაფიაა შესაცვლელი! ხალხი არა ხართ?! სადაც ამდენი მოგითმენიათ, რა გახდა კიდევ ორი, სამი ან თუნდაც ოთხი წელი?! ვაცალოთ და თუ ადრე გელათი "ახალ ათინად" იწოდებოდა, მალე წყალტუბო გახდება ახალი პარიზი, ქუთაისი - ლონდონი, ხოლო ანაკლია რომ ნიცაა, ეს უკვე დიდი ხანია, ვიცით.

გვაცალეთ ქართული პოლიტიკა

რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული პოლიტიკოსი გახდე? ალბათ, ორატორული ნიჭი, მიზანდასახულობა, კარგი ალღო... მაგალითად, თეოდორ რუზველტი ამბობდა, ამისთვის საჭიროა, საჭირო დროს ყველაზე ხმამაღლა თქვა ის, რასაც ყველა ფიქრობსო. თუმცა მე თუ მკითხავთ, რუზველტი მწარედ ცდებოდა. პოლიტიკოსის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, კარგად ესმის თუ არა მას საკუთარი ხალხის. ამ კრიტერიუმებით ქართულ პოლიტიკაში ყველაზე დიდი მომავალი რუსთავის საკრებულოს ნაციონალ წევრს - თამაზ გველუკაშვილს აქვს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" წინა კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავის საკრებულოს წევრმა "თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გაგზავნა. ამავე ორგანიზაციის ცნობით, ცხვრისა და ღვინის გაგზავნის ფაქტს რუსთავის  მცხოვრებლებიც ადასტურებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე სხვადასხვა უბანში შეგროვდა ინფორმაცია კორპუსების მცხოვრებთა რაოდენობის შესახებ, ხოლო აღდგომის დღეს იმავე უბნებში მანქანებით საჩუქრები - ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო მიიტანეს. ზოგიერთ უბანში საჩუქრები რუსთავის გამგეობისა და ქვემო ქართლის გუბერნიის თანამშრომლებმაც კი დაარიგეს, თუმცა ყველგან პირდაპირ ითქვა, რომ ნობათი თამაზ გველუკაშვილის გაგზავნილია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შეიძლება ეს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს.

ელაპარაკე ახლა ამ ორგანიზაციას! რა იციან ამ გრანტიჭამიებმა, რა არის ქართული სიყვარული და გაგება?! ამ უცხო ქვეყნების ფულით დაფინანსებულებმა საიდან უნდა გაიგონ, რა წმინდა საქმეა ქართველისთვის ქეიფი. კაცმა გადაწყვიტა, თანამოქალაქეებისთვის ჯიგრულად ეცა პატივი, ესენი კიდევ - ამომრჩევლის მოსყიდვაო! როგორ შეიძლება ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს ცხვარი და ოცლიტრიანი? რა, უბანში ბიჭებს პატივისცემა არ სჭირდებათ?! მთელი დღე ბირჟაზე უსაქმოდ რომ სხედან და ყელი უშრებათ, მათზე არ უნდა იფიქროს მთავრობამ? განა მთავრობის მთავარი დანიშნულება ის არ არის, რომ ხალხის მოთხოვნები დააკმაყოფილოს? ჰოდა, ამ კაცმაც დააკმაყოფილა, რა! იქნებ ჯერ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა რუსთავის უბნებში და იკითხა: "რა არის თქვენი პრიორიტეტი: დაკარგული ტერიტორიები, დასაქმება, დემოკრატია თუ ცხვარი და ღვინო?" რუსთაველებმაც, ეტყობა, ცხვარი და ოციანი შემოხაზეს (იმიტომ კი არა, რომ აფხაზეთი არ ადარდებთ, უბრალოდ, პრაგმატიკოსები არიან). დაკარგული ტერიტორიები რომ შემოეხაზათ და გველუკაშვილს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაებრუნებინა, ეს არ იქნებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა? თქვე კაი ხალხო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება თუ არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ცხვარი და ოცლიტრიანი რატომღაა?!

გვაცალეთ რა, ქართული პოლიტიკის კეთება!..