საქართველო - "სტრატეგიული სივრცე"?! - კვირის პალიტრა

საქართველო - "სტრატეგიული სივრცე"?!

(გაგრძელება, დასაწყისი "კვირის პალიტრა" ##17,18)

გააზიზიებული აჭარა (თემის გაგრძელება)

რას გულისხმობს ახმედ დაუთოღლუს პოლიტიკური დოქტრინა

"საქართველოს მთავრობა თურქებს ქვეყანას ხალიჩასავით უფენს"

რას მოასწავებს ასი წლის შემდეგ იმავე სახელწოდებისა და ფორმის მეჩეთის აშენება?

"აჭარა შინაურის გაყიდულ, მონათა ბაზარზე გაყვანილ ტყვეს ჰგავს"

ბათუმელებს მიაჩნიათ, რომ აზიზიეს მეჩეთის აშენების სანაცვლოდ ოშკის ტაძრის აღდგენა არაღდგენის თემა ხელოვნურად წამოსწიეს და ამით საქართველოს ხელისუფლება თურქეთთან სხვა, ფარული გარიგების მიჩქმალვას ცდილობს. ძლიერდება ეჭვი, რომ თბილისი-სტამბოლის გზაზე ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნისთვის სახიფათო სვლებს აკეთებს.

"იქმნება შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს შემდეგ საქართველომ აჭარა უნდა დაკარგოს. თურქეთი სამშობლოს გვართმევს და  ამაში ხელს არავინ უშლის, მეტიც, ხელისუფლება მეზობელს ყველა გზას უხსნის რეგიონის ეკონომიკური და რელიგიური ექსპანსიისთვის. შეძლებულ ქართველებს ხელისუფლება ბლოკავს, ფულიან თურქებს კი ქვეყანას ხალიჩასავით უფენს. ქვეყნის მმართველი ძალა მეძავივით იქცევა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე "იხდის", რაც შეიძლება მეტი რომ გადაუხადონ", - ამბობენ ბათუმელები.

მათ მოსაზრებას თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ამყარებენ. მუჰაჯირი ქართველები ერიდებიან ოფიციალურ განცხადებებს, პირად მიმოწერებსა და საუბრებში კი დანანებით აღნიშნავენ, რომ აჭარა შინაურის გაყიდულ, მონათა ბაზარზე გაყვანილ ტყვეს ჰგავს.

"ვაჭრობის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ე.წ. ქართულ-თურქული მეგობრობის ასოციაციები, რომლებსაც მილიარდერი მუსლიმები, ე.წ. "ჯემაათლერები" აფინანსებენ. ეს ხალხი ძალიან ბევრ ფულს იხდის ეკონომიკური და ისლამისტური, მისიონერული ზეგავლენის არეალის გასაფართოებლად. ასეთ ასოციაციებში თურქეთსაც და საქართველოსაც ქართველები წარმოადგენენ - ერთ მხარეს მუჰაჯირთა უღირსი ის შთამომავალნი არიან, რომელთაც დაივიწყეს, რომ აჭარა თურქეთი არ არის, მეორე მხარეს კი საქართველოში ოდითგან მრავლად მყოფი ერის გამყიდველების არმია დგას, რომელსაც ფულზე წმინდა არაფერი გააჩნია. მტკივნეულია, რომ საქართველო ქართველების ხელით სამარდება. დღეს აზიზიეს მეჩეთზეა ატეხილი ამბავი, ხვალ კი თბილისშიც დაიწყება მეჩეთის მშენებლობა. უკვე მაკეტიც მზად არის", - ამბობენ მუჰაჯირი ქართველები.

ვასილ მაღლაფერიძე: - "დღევანდელი თურქეთის ლიდერები უმთავრეს პოლიტიკურ მოვალეობად მიიჩნევენ ოტომანთა იმპერიის აღდგენას. იბადება დიდი იმპერია, რომელიც საქართველოს, როგორც სტრატეგიული სივრცის, აბსოლუტურ კონტროლს ისახავს მიზნად. შედის კი საქართველოს ინტერესებში ახალი ოსმანთა იმპერიის ნაწილად ქცევა?! ამ კითხვისთვის წაყრუების უფლება არა გვაქვს, ხვალ შეიძლება გვიან იყოს. თურქეთი დაჟინებით მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან მესხეთელი თურქების ჩამოსახლებას, რაც შესამჩნევად გაზრდის მის გავლენას საქართველოსა და მთელ რეგიონში, მით უმეტეს, რომ ასეთი გავლენა უკვე იგრძნობა. თურქეთი არ მალავს უარყოფით დამოკიდებულებას აჭარის მოსახლეობის გაქრისტიანებისადმი. ამას საკუთარი გავლენის შესუსტების წინა პირობად მიიჩნევს და ამიტომაც ხელს უწყობს მეჩეთებისა და მედრესეების ამოქმედებას, რომელთა ფუნქციაც ისლამის გავრცელება და ნეოოსმანური სულისკვეთებით გამსჭვალული ახალგაზრდების აღზრდაა.

მსოფლიოს პოლიტიკოსები ნეოოსმანიზმის რაობასა და პერსპექტივაზე მსჯელობენ, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით, ჩვენი ხელისუფლება კი დუმს. საინტერესო იქნებოდა მათი მოსაზრებების მოსმენა. ნეოოსმანიზმის ვითომდა შეუმჩნევლობა, შესაძლოა, იმითაც იყოს გამოწვეული, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევრაზიული კავშირის ალტერნატივად ახალი ოტომანური სივრცე ეგულება და ქვეყანა მისკენ მიჰყავს...

2001 წელს პროფესორმა ახმედ დაუთოღლუმ გამოსცა წიგნი "სტრატეგიული სივრცე - თურქეთის საერთაშორისო მდგომარეობა", რომელში გადმოცემული კონცეფციაც პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ერდოღანმა საკუთარი პარტიის საგარეო პოლიტიკას დაუდო საფუძვლად. მან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მეცნიერი ჯერ უცხოეთის საქმეებში თავის მთავარ მრჩევლად დანიშნა, 2009 წელს კი საგარეო საქმეთა მინისტრად. ახმედ დაუთოღლუ არის თურქეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი და ხორცს ასხამს სახელმწიფო დოქტრინად ქცეულ თავის თეორიას, რომლის თანახმადაც, თურქეთმა უნდა გამოიყენოს საკუთარი უპირატესობები და ნატოს პერიფერიული მონაწილიდან მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ წარმმართველად გადაიქცეს.  ტერმინი "სტრატეგიული სივრცე" სამხედრო ტერმინოლოგიით ნიშნავს ბუფერულ ზონას სახელმწიფოს საზღვრიდან ტერიტორიის სიღრმეში განლაგებულ სტრატეგიულ ობიექტებამდე, რათა ისინი მტრისთვის მიუწვდომელი დარჩეს. ანუ "სტრატეგიული სივრცე" იგივეა, რაც უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის აუცილებელი სივრცე, ინტერესების სფერო. პროფესორ დაუთოღლუს კონცეფციის თანახმად, თურქეთის "სტრატეგიული სივრცის" გეოგრაფიული არეალი განისაზღვრება ისტორიული წარსულით, ანუ თურქეთისაა ყველაფერი, რაც ოდესმე ოტომანთა იმპერიაში შედიოდა და მათი სტრატეგიული ინტერესი სწორედ ამ ტერიტორიების დაბრუნებაა.

დაუთოღლუ განმარტავს, რომ "სტრატეგიული სივრცის" სტაბილურობისთვის აუცილებელია ახალი ოსმანური წესრიგის დამყარება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, არამედ იმასაც, რომ მეზობელი ქვეყნები მხოლოდ თურქეთის გავლით და მისი მეშვეობით თანამშრომლობდნენ, ანუ ისინიც თურქეთის "სტრატეგიული სივრცის" ნაწილად მიიჩნევა. თურქეთი ცდილობს პოზიციების გამყარებას ყოფილ ოტომანთა იმპერიაში შემავალ ქვეყნებში. ასეთი სამოცდაათამდე სახელმწიფოა და მათ შორის - საქართველოც. ვინაიდან თურქეთი მდებარეობს ევროპაშიც და აზიაშიც, ესაზღვრება ბალკანეთს, კავკასიას და ახლო აღმოსავლეთს, ხოლო მისი გავლენა სწვდება შუა აზიასა და ჩრდილო აფრიკას, დაუთოღლუს აზრით, ამგვარი "სტრატეგიული სივრცე" თურქეთს გლობალური მასშტაბის ძალად გადაქცევის საშუალებას აძლევს. ამასთან, კონცეფციის ავტორი აუცილებლად მიიჩნევს დასავლეთისგან დისტანცირებას, დამოუკიდებელი საგარეო კურსის გატარებას და ურთიერთობების განმტკიცებას რუსეთთან, ირანთან და მთელ მუსლიმანურ სამყაროსთან. ზოგი მკვლევარი ახმედ დაუთოღლუს პოლიტიკურ დოქტრინას ნეოევრაზიულ გეოპოლიტიკურ კონცეფციად მიიჩნევს. ათენის უნივერსიტეტის პროფესორმა ხრისტოს იანარასმა გააფრთხილა თანამემამულეები, თუ გსურთ შეინარჩუნოთ ქვეყანა, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნიო და დასძინა: "ახმედ დაუთოღლუს თავისად მიაჩნია ჩვენი სახელმწიფოს დიდი ნაწილი... არასდროს წამიკითხავს წიგნი, რომელშიც ასე შთამბეჭდავად იყოს ახსნილი ეგეოსის ზღვის და კვიპროსის სტრატეგიული მნიშვნელობა. დაუთოღლუმ ძალიან კარგად იცის, რაც სურს"...

დღეს თავისუფლად ვეცნობით დოქტრინებს, რომელთა ავტორებს საქართველო "სტრატეგიული სივრცეების" ნაწილად წარმოუდგენიათ, მაგრამ არაფერი ვიცით იმ ქართული დოქტრინის შესახებ, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნებოდა ამგვარი სივრცეებისთვის თავის არიდებისა და ევროპისკენ სვლის სტრატეგია, თუ ქვეყნის შენარჩუნება გვსურს, კარგად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა!..

საქართველო გამუდმებით იბრძოდა ევროპეიზმის შესანარჩუნებლად. დასავლური ორიენტაციის დასტურია უმნიშვნელოვანესი მოვლენა - ქრისტიანობის მიღება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ევროპის განუყოფელ ნაწილად ქცევაა ჩვენი უმთავრესი მიზანი, რაც ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოში გაწევრების მცდელობით გამოიხატება.

ჩრდილოეთის მეზობელთან მიმდინარე კონფლიქტის საპასუხოდ გაკეთებული არჩევანი და ახალ ოსმანურ იმპერიაში ინტეგრირება არ ნიშნავს ევროპისკენ სვლას. ასეთი მოძრაობები შეიძლება მხოლოდ მუსლიმანურ სამყაროში მოგზაურობით დასრულდეს...

თურქეთიც და რუსეთიც განუწყვეტლივ იმეორებენ, რომ განზრახული აქვთ ევროკავშირის ალტერნატიული გაერთიანების შექმნა და დასავლეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის დემონსტრირებას ახდენენ, ხოლო ერთმანეთის მიმართ კი სულ უფრო ხშირად იყენებენ ტერმინებს: "მრავალმხრივი ურთიერთობა" და "სტრატეგიული თანამშრომლობა". უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის არსებობს შეთანხმება ევრაზიული თანამშრომლობის შესახებ.

არც იმის დავიწყება იქნება, როგორი ფრთხილი პოზიცია დაიკავა თურქეთმა აგვისტოს ომის დროს, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს რუსეთის საქართველოში შემოჭრის გამო. მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსეთისგან გამოითხოვა მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ტერიტორიების ხელშეუხებლობის გარანტიები, წამოაყენა კონფლიქტის დარეგულირების იმგვარი ინიციატივა, რომელიც შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს...

როდესაც სულთან აზიზიეს ბრძანებით მისი სახელობის მეჩეთი აშენდა, ბათუმი თურქეთის განუყოფელი ნაწილი იყო. მეჩეთის აშენებიდან რამდენიმე წელიწადში ბათუმიც და მთელი ტაო-კლარჯეთი რუსეთის ხელში გადავიდა. ას წელზე მეტი ხნის შემდეგ იმავე სახელწოდებისა და ფორმის მეჩეთის აშენება რეგიონში თურქეთის გავლენის გაძლიერების მომასწავებელი იქნება".

შვეიცარია მინარეთების მშენებლობამ აღაშფოთა

2009 წლის მიწურულს შვეიცარია საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში მოექცა. პირველად ცივილიზებულ ევროპულ ქვეყანაში მოქალაქეებმა უარი თქვეს ახალი ისლამური სალოცავის აღმართვაზე. მინარეთების მშენებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილებამ ადგილობრივი მუსლიმანები აღაშფოთა. აკრძალვას შვეიცარიის მოსახლეობის 57,4 % ემხრობოდა.

"ეს იმ ხალხის გამარჯვებაა, ვისაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება სურს. არ დავუშვებთ შვეიცარიის ისლამიზაციას. ადამიანებს აქვთ თავისუფალი აღმსარებლობის უფლება - ეს პრობლემა არ არის. ჩვენ მხოლოდ მინარეთების მშენებლობის შეჩერება გვსურს, რადგან მინარეთი პოლიტიკური ისლამისა და შარიათის მძლავრი სიმბოლოა. აკრძალვა მხოლოდ ახალი მინარეთების მშენებლობას ეხება, აშენებულს კი არაფერი ემუქრება"- განაცხადა საინიციატივო კომიტეტის ხელმძღვანელმა ვალტერ ვობმანმა.

ალპების ქვეყანაში 7 მილიონი მცხოვრებიდან 300 ათასი მუსლიმანია. მათი უმრავლესობა ბოსნიიდან, თურქეთიდან და კოსოვოდანაა. ბოლო პერიოდში მუსლიმანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ადგილობრივი მცხოვრებლების მიმართ და პროვოკაციებზე საუბრობენ.

იმამები ევროპას აფრთხილებენ, რომ შვეიცარიელების არატოლერანტული გადაწყვეტილება შესაძლოა, ექსტრემისტებისთვის ახალი შეტაკებებისა და ტერაქტების დამატებით საბაბად იქცეს. ექსპერტების აზრით, ეს გადაწყვეტილება შვეიცარიას ფინანსურადაც დააზარალებს. ქვეყნის ბანკებში მუსლიმანური სამყაროს წარმომადგენელთა მილიარდები ინახება.

ამავე თემაზე:

"მიშას თუ რამე დაემუქრა, აჭარაში წყალი უნდა აიმღვრეს"

ზღვისპირა პროსტიტუცია - რატომ მომრავლდა აჭარაში "გასართობი სახლები" (ვიდეო)

ბათუმში შადრევნიდან ჭაჭა გადმოვა (ვიდეო)