"დღეს მიშას ერთადერთი სწორი სვლა, უკან E2 E1-ია" - კვირის პალიტრა

"დღეს მიშას ერთადერთი სწორი სვლა, უკან E2 E1-ია"

"სააკაშვილი ინდირა განდი არ არის, რომ მისი ფერფლი ანაკლიას მოაყარონ"

"ტრამპი, რომელიც სააკაშვილმა აქ ვითომ ინვესტიციისთვის ჩამოიყვანა, დიდი ავანტიურისტია"

"ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2008 წელს გამოუცხადა ხელისუფლებას ქიში"

"სააკაშვილმა ახალგაზრდობის ყველა ოცნება პრეზიდენტობისას აისრულა"

"ცოტა არ იყოს, ვღელავ, რადგან პოლიტიკურ საკითხებზე ინტერვიუს პირველად ვიძლევი", - მეუბნება ევროპის ჩემპიონი ჭადრაკში, ფიდეს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ აზმაიფარაშვილი.

- ქვეყანაში არ არის დემოკრატია და მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მიმდინარე პროცესებს ყოველთვის თვალს ვადევნებდი, მაგრამ პოლიტიკაში ჩემი შემოსვლა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ განაპირობა. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე ლამის ჩურჩულით მიყვებოდა: საგურამოში ილიას სახლ-მუზეუმი ინგრეოდა, მაგრამ გამოჩნდა კაცი, რომელმაც ჩვენი პროექტით გათვალისწინებული 400 ათასი ლარი გაგვიორმაგაო. ვკითხე ამ ქველმოქმედის გვარი და მითხრა, ბიძინა ივანიშვილიაო. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სურდა პოლიტიკაში მოსვლა და ახსნა მიზეზები, რამაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინა, ჩემთვის ცხადი შეიქნა, რომ ქვეყნის სიყვარულმა მიიყვანა პოლიტიკამდე.

2007 წლიდან სინგაპურში ვცხოვრობ და საჭადრაკო აკადემიაში ვმუშაობ. იანვარში შემთხვევით ჩამოვედი თბილისში. ჩემს მეგობრებთან ვთქვი, რომ ბატონ ბიძინასთან შეხვედრა და მადლობის გადახდა მსურდა გაწეული დახმარებისათვის. ერთ დღეს დამირეკეს, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურს თქვენთან შეხვედრა უნდაო. მივედი. ნამგალაურმა მითხრა, გავიგეთ, "ბიძინა ივანიშვილისკენ გაქვს მიმართულებაო". მადლობა უნდა ვუთხრა-მეთქი. მადლობა ჩვენც გვაქვს სათქმელი, რადგან სპორტის დეპარტამენტს ყოველწლიურად 7 მლნ დოლარით ეხმარებოდაო. ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით, რადგან სპორტის დეპარტამენტი მუდამ წუწუნებდა მცირე დაფინანსების გამო. ნამგალაურს ვკითხე, თბილისში ორი დღეა ჩამოვედი და როგორ გაიგეთ, რომ ბიძინასთან შეხვედრა მინდა, მისმენთ-მეთქი? არა, იმას უსმენენ, ვისაც ეს უთხარიო. ის კაცი ალასანიას პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია, მაგრამ არ არის აქტიური პოლიტიკოსი. პირს, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, სახელმწიფო რომ უსმენს და უთვალთვალებს, ამაზრზენია-მეთქი. ჩვენთან ხომ ცუდად არა ხარ, შოთა ხაბარელიც შეგვპირდა, რომ აპოლიტიკური იქნებოდა, მაგრამ მოჭიდავეები წაიყვანა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე. იმედია, შენ ასეთ რამეს არ გააკეთებო. ბატონ ბიძინას შევხვდები, რომ მადლობა ვუთხრა და მერე რა მოხდება, წინასწარ ვერ ვიტყვი-მეთქი.

მართლაც შევხვდი. როგორც კი ერთმანეთს თვალებში შევხედეთ, მისი მხარდაჭერის სურვილი გამიჩნდა. მის სიტყვებში საოცარი გულწრფელობა იგრძნობოდა. რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. მითხრა, მინდა ჩემს გუნდში იყო და შემდგომ პარლამენტშიცო. არანაირი თანამდებობა არ მინდა. ჩემი ოცნებაა, ბატონმა ბიძინამ გაიმარჯვოს, თუ ასე მოხდა, მთელი საქართველო და ის ხალხიც გაიმარჯვებს, ვინც ქვეყნის სათავეშია.

- მახსოვს თქვენთან დაკავშირებული სკანდალი, მინახავს თქვენი ფოტო, სადაც თვალი გაქვთ დალურჯებული. რა მოხდა მაშინ?

- 2004 წელს კალვეაში (მალიორკაზე) ოლიმპიადაზე ფიდეს ვიცე-პრეზიდენტის რანგში ვიყავი. ოლიმპიადა ცუდად იყო ორგანიზებული. ჯერ იყო და, ნონა გაფრინდაშვილი ღამით ნომრიდან გამოასახლეს. ოლიმპიადის დახურვისას ნონას თავისი სახელობის თასი უნდა გადაეცა ქალთა შორის გამარჯვებულისთვის და საერთოდ არ გამოაცხადეს. ნონა შეურაცხყოფისაგან ტიროდა. ამ დროს მოვიდა ჟუჟა პოლგარი, ქალთა შორის პრიზი მაქვს მისაღები და  სცენაზე არ გამომიძახესო. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს ვუთხარი, ბევრი დარღვევაა და მოგვეცით უფლება, გამოვასწოროთ-მეთქი. ამ დროს ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი შემოვიდა დარბაზში. მოკლე შეტყობინება გავამზადე და მისკენ წავედი, რომ გადამეცა, მაგრამ ორი სამოქალაქო პირი გადამიდგა და ხელი მკრეს. ბუნებრივია, საპასუხო ავტომატური რეაქცია მქონდა, თავი დავარტყი და აღარ ვიცი, რამდენი ადამიანი დამესია.

ძირს დამაგდეს, საძილე არტერიაზე მაჭერდნენ ხელს. ხელები ზურგს უკან შემიკრეს და გარეთ გამიყვანეს, სწორედ ამ დროს ანტიტერორისტული ჯგუფის წარმომადგენელი მოვიდა და 6-ჯერ ჩამარტყა თვალში.

ორი დღე საკანში ვეგდე. მერე საქმეში ფიდე ჩაერია. ადვოკატი იმ ღამესვე ამიყვანეს. დაინიშნა სასამართლო და მაშინვე გამათავისუფლეს.

შეიძლება ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი უფრო დიპლომატიური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ ავიტანე, რაც იქ ხდებოდა. ნონა უნიკალური ადამიანია და როგორ შეიძლება საჭადრაკო სამყაროში მას შეურაცხყოფა მიაყენონ?

- თქვენ და ნონა გაფრინდაშვილი დღეს სხვადასხვა ბანაკში ხართ.

-  ნონა დიდი ხანია პატიოსნად ემსახურება იდეას, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი აღარ იყოს ლიდერი. ჩვენი მიზანიც ეს არის. არა მგონია, ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვქონდეს.

- გამორიცხავთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" და ბურჯანაძემ ითანამშრომლონ?

- თანამშრომლობა არ ნიშნავს, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ისე ვიაროთ. მომწონს ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ მხოლოდ არჩევნებით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. თუ საზოგადოებას არ მოსწონს სააკაშვილის ხელისუფლება, შანსი ეძლევა, რომ შეცვალოს. ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ჩვენი მუხტი მიმართული იქნება არჩევნებისკენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერ დავიცავთ ხმებს, თუკი სააკაშვილმა არჩევნები გააყალბა და სულში ჩააფურთხა ქართველ ხალხს.

- მაგრამ  IRI-ის კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერს გამოკითხულთა 45%, "ქართულ ოცნებას" - 15%, ქდმ-ს - 9%.

- რას ეყრდნობა კვლევის შედეგები? თუ 30 ათასს ჰკითხეს და მათგან მხოლოდ 3 ათასმა უპასუხა, ეს ნიშნავს, რომ საერთო აზრი გაყალბდა. ერთ-ერთი ტელეკომპანია მოსახლეობის გამოკითხვას მეტროსადგურ "მარჯანიშვილთან" ატარებდა, სადაც ყოველთვის ბევრი ხალხია და მხოლოდ 7-მა კაცმა უპასუხა კითხვას. ცხადია, ხალხი ტელეკამერებს ემალება, არ უნდათ არათუ აზრის გამოთქმა, არამედ სახის დაფიქსირებაც ეკრანზე, ეშინიათ. ასეთ შეშინებულ საზოგადოებაში როგორ შეიძლება გამოკითხვა ობიექტური იყოს?

- ხელისუფლებამ სინგაპური დასახა მთავარ ორიენტირად და რას იტყვით, მივდივართ იქით?

- საქართველო ჩადის გზას უფრო ადგას, ვიდრე სინგაპურისას.

- შესაძლოა სინგაპურივით ჭაობიან ადგილზე აშენებული ლაზიკა გახდეს ახალი სინგაპური?

-  არა მგონია,  ლაზიკაში ხალხს ისე მისცენ ბინები, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო. ბინები ხალხმა უნდა იყიდოს და ამ ღატაკ ქვეყანაში ნახევარი მილიონი ადამიანი ეგულება სააკაშვილს, რომელიც ლაზიკაში ბინას იყიდის? ქართველი იქ ნაკლებად წავა და არც  უცხოელი ჩამოვა. რა ბიზნესდატვირთვა უნდა ჰქონდეს ლაზიკას, რომელიც სინგაპურივით საზღვაო გზაჯვარედინზე არ მდებარეობს? ნორმალური უცხოელი ბიზნესმენი აქ ინვესტიციას როგორ ჩადებს?

სააკაშვილს იცნობენ როგორც არასტაბილურ პიროვნებას, რომელსაც უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია საომარ მოქმედებაში ჩაერთოს.

ვიღაც ავანტიურისტი თუ დათანხმდება აქ ინვესტიციის ჩადებას. ტრამპი, რომელიც სააკაშვილმა აქ ვითომ ინვესტიციისთვის ჩამოიყვანა, დიდი ავანტიურისტი და გამოცდილი შოუმენია. იყო დრო, მას ბანკები კრედიტებს არ აძლევდნენ, მამის ქონება განიავებული ჰქონდა. რაც უნდა მიმტკიცონ, რომ ის საქართველოში ინვესტიციებს ჩადებს, ვერ დამაჯერებენ. ეჭვი მაქვს, ინვესტიცია ტრამპმა, პირიქით, საქართველოდან მიიღო. მან საქართველოს თავისი სახელი  მისცა  ტრამპთაუერისთვის.

- სააკაშვილმა ერთ-ერთ გამოსვლაში ახსენა, კიდევ 2-3-4 წელი მაცალეთო. გამოდის, წასვლას არ აპირებს.

- ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც სააკაშვილის პრემიერმინისტრობის შესახებ განცხადება, მაგრამ მის ლაპარაკს, სამწუხაროდ, სერიოზულად ვერ აღვიქვამ. თუ ეს მოხდა, სააკაშვილმა დემოკრატია აღარც უნდა ახსენოს.

- გასულ კვირას ციხეში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, ის ნაწამებია.

- როცა გარემონტებულ ციხეებს გვაჩვენებენ, საჩვენებელი კოლმეურნეობები მახსენდება.

ცინიზმია, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრი თავს იმართლებს, ადამიანები ციხის გარეთაც იხოცებიანო.

რადგან ადამიანი ციხეში მოხვდა, საარსებო ულუფა რატომ არ უნდა მისცე, აუცილებლად ტუბერკულოზით უნდა დააავადო, უნდა სცემო?

ხელისუფლების მართვის ასეთმა სტილმა მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებამდე, რომ პოლიტიკაში მოსულიყო. სააკაშვილი გაღლეტილ მინისტრებზე გველაპარაკება და ამ დროს ყველამ იცის, რომ კორუფცია ზუსტად ზედა ეშელონებში ყვავის და ე. წ. ანაკლიის ფონდი, რომელიც ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული, საპროცესო გარიგებებით ივსება. როგორც ამბობენ, ხელისუფლებას აქვს სქემა: დაიჭერენ ადამიანს, ვინც, ვთქვათ, ნახევარი მილიონი დააკლო ბიუჯეტს და ეუბნებიან, პატიმრობის ორი თვისთავზე გვაჩვენებ ჩეკს, რომ ნახევარი მილიონი გადარიცხე ბიუჯეტში, მილიონი კი ანაკლიის განვითარების ფონდშიო. ეს ადამიანი ციხეში 6 წელი რომ არ იჯდეს, ყიდის სახლს, მანქანას, აგარაკს... საინტერესოა, ანაკლიის ფონდიდან როგორ იხარჯება თანხა და ვინ არის მისი შეფი? შემთხვევით, როლანდ ახალაიას ნათესავის მეგობარი ხომ არა? ვფიქრობ, სააკაშვილის შემდგომი ნაბიჯი ლაზიკის განვითარების ფონდი იქნება. შეიძლება ქალაქი არ აშენდეს, მაგრამ ფონდი უსათუოდ შეიქმნება.

- ეტყობა, ანაკლია ძალიან უყვარს პრეზიდენტს, რადგან ისურვა, რომ მისი ფერფლი მოაყარონ ამ ქალაქს.

- სააკაშვილი ინდირა განდი არ არის, რომ მის ფერფლი ანაკლიას მოაყარონ. ადვილია ლაპარაკი იმაზე, რაც არასდროს მოხდება. სააკაშვილს შეუძლია ასეთი ფრაზები ბლინებივით აცხოს, მისი უნიჭო ფიგურალური გამონათქვამებისა არავის სჯერა. სიმართლე გითხრათ, ყველაზე კარგი სააკაშვილი მახათას მთაზე იყო, ბუნჩულა და უწყინარი. უცნაურია, ასეთ ბუნჩულას საიდან უჩნდება მერე ასეთი ენერგია.

ყველა ადამიანს აქვს ოცნება, მათ შორის პრეზიდენტებსაც. კაცი ახალგაზრდობაში რომ იცუღლუტებს, მერე დაღვინდება და მაშინ უნდა ქვეყნისთვის შექმნას ღირებული, სამშობლო წუმპიდან ან სიღატაკიდან ამოიყვანოს. სააკაშვილმა კი ახალგაზრდობის ყველა ოცნება პრეზიდენტობისას აისრულა. ერთხელ სააკაშვილზე ვსაუბრობდით და ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მიშა უნიჭოაო. რომ ჩავეკითხე, მიპასუხა, უნიჭოა კაცი, ვინც თავის ქვეყანას არ ემსახურებაო.

მახსოვს, 2001 წელს ჟვანიასა და სააკაშვილის დახასიათება მთხოვეს და მკითხეს, ვინ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტიო. მაშინ ვთქვი, მიშას პრეზიდენტობა არ შეიძლება, თავისი ენერგიით ბევრი კარგი რამ შეუძლია გააკეთოს, მაგრამ როდესაც გაჩერებას დაუწყებენ, ყველაფერს დაანგრევს-მეთქი და გარი კასპაროვს შევადარე. გარი კასპაროვსაც ლაპარაკისას გონება ხშირად იმდენად უსწრებს სიტყვებს, რომ ენა ებმის. ორივე ეგოცენტრიკია. კასპაროვს ადვილად შეუძლია რაღაცის შექმნა, მაგრამ როგორც კი წინააღმდეგობას წააწყდება, თავისივე შექმნილს ანადგურებს. როდესაც საქმე ჭადრაკს ეხება, ეს კიდევ არაფერია, მაგრამ ქვეყანა ჭადრაკი ხომ არ არის. ქვეყანაში არ შეიძლება ყველაფრის დანგრევა, სააკაშვილის ქმედებები უკვე გათვლას არ ექვემდებარება. გარი კასპაროვმა მითხრა, მიშას 1 საათით შევხვდი და 50 წუთი თვითონ ლაპარაკობდაო. არადა, მე და კასპაროვი რომ ვხვდებით, 55 წუთი ეგ ლაპარაკობს. ამით ფაქტობრივად მითხრა, მე ხომ მიცნობ, რა "მაგარი" ვარ, მაგრამ მიშა ჩემზე უფრო გადარეულიაო.

არ მინდა უსამართლო ქვეყანაში ცხოვრება. კარგად მუშაობს პატრული, მაგრამ არ მომწონს, რომ პოლიცია მისმენს,  მითვალთვალებს. საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ჩვენი დევიზი სიღარიბის დაძლევა კი არა, ის უნდა იყოს, რომ ყველა ქართველი გამდიდრდეს. აAმისი შანსი არის, მთავარია, მოვინდომოთ. სირცხვილია, როცა ასაკოვანი ადამიანი 100 ლარს იღებს პენსიას და თუ საავადმყოფოში მოხვდება, კარებთანვე ეკითხებიან, ფულს ვინ გადაიხდისო.

დაჩაგრულის, სუსტის დაცვა და წაქცეულის აყენება მიყვარს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მიშას წამოყენება მომიხდეს.

ბიძინა ივანიშვილი რევანშს არ აპირებს. ყველა პატიოსან ჩინოვნიკს, ვინც ქვეყანას გამოადგება, უნდა მიეცეს შანსი, რომ სამშობლოს ემსახუროს. მიშამ კი ისე არ უნდა გააკეთოს, საქართველოში არ ეცხოვრებოდეს. მიუხედავად ბევრი შეცდომისა, მას აქვს რესურსი, რომ იცხოვროს ამ ქვეყანაში, ოღონდ უნდა გაიაზროს, რომ საპრეზიდენტო ვადა 2-3-4 კი არა, 1 წელი დარჩა.

- მოჭადრაკე ბრძანდებით და დღევანდელ პოლიტიკას და ჭადრაკს როგორ შეადარებდით?

- მოდი, ჯერ ჭადრაკი და ფეხბურთი შევადაროთ. ფეხბურთი ყველას ესმის, მაგრამ მას ერთეულები თამაშობენ. ჭადრაკს თითქმის ყველა თამაშობს, მაგრამ ჭადრაკის სიღრმის გაგება ერთეულების ხვედრია. დღევანდელ საქართველოში ბევრს მიაჩნია, რომ პოლიტიკის გაეგება, ამ კუთხიდან დანახული პოლიტიკა ფეხბურთს უფრო მიესადაგება. რაც შეეხება ჭადრაკისა და პოლიტიკის შედარებას, ჭადრაკში, ისევე როგორც პოლიტიკაში, განვითარების რამდენიმე სტადიაა: თამაში იყოფა სამ ნაწილად: დებიუტი, მიტელშპილი და ენდშპილი. დებიუტი ჭადრაკშიც და პოლიტიკაშიც მოსამზადებელი სტადიაა. მიტელშპილი კი დამოკიდებულია მეტოქეთა ნიჭზე, ინტუიციასა და სტრატეგიაზე. უნდა გადაწყვიტო, ყურადღებას მოწინააღმდეგის ბანაკის სისუსტეებზე გაამახვილებ თუ ავანტიურას წამოიწყებ. შეიძლება გამართლებული ავანტიურაც დაგეგმო. მოჭადრაკე მიშა ტალი ხშირად გეგმავდა გამართლებულ ავანტიურას. ჭადრაკში, ისევე როგორც პოლიტიკაში, დროის ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია. შეიძლება ისეთი ავანტიურა დაგეგმო, რომ მოწინააღმდეგეს დრო არ ეყოს პრობლემის გადასაწყვეტად.

ჭადრაკში თუ მოუმზადებლად შეუტიე, მოწინააღმდეგის გამაგრებულ ბასტიონს ვერ აიღებ და შენი ბანაკი მთლიანად განადგურდება.

ბოლო მოვლენებთან გავავლოთ პარალელი: გაუთვლელი ნაბიჯები გადაიდგა მაშინ, როდესაც კარგად იცოდნენ, რამდენად აღემატებოდა მოწინააღმდეგის ძალა ჩვენსას და მაინც წავიდნენ არასწორ ავანტიურაზე. არც დროის ფაქტორი გაუთვალისწინებიათ და არც შესაძლებლობები. ამიტომაც დაინგრა ხუხულასავით შემტევი პოზიცია, მეტოქეს საშუალება მიეცა ყველა "ფიგურა მოეკლა".

დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც "ქართულ ოცნებას" ჯერ თავისი სტრატეგიული გეგმა თვალსაჩინო არ გაუხდია, ხელისუფლება ტაქტიკურ ნაბიჯებს უკვე დგამს. ტაქტიკა კარგია სტრატეგიასთან ერთად, ჭადრაკში სტრატეგიის გარეშე ტაქტიკა გაუმართლებელია. ამით ფაქტობრივად პოზიციების დასუსტებისკენ მიდიხარ. ყოველდღიურად ვუყურებთ, ხელისუფლება როგორ ტაქტიკურ ნაბიჯებსაც დგამს მაშინ, როდესაც რეალური სტრატეგია არ გააჩნია. ივანიშვილის სტრატეგია სწორედ ის არის, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად გადადგას არასწორი ტაქტიკური ნაბიჯები და დასუსტდეს მისი პოზიცია.

- არ შეიძლება, რომ ხელისუფლება ავანტიურაზე წავიდეს?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ქვეყანა ჭადრაკი არ არის. ჭადრაკის მოთამაშეები თუ მეტოქეები არიან, თამაშის მერე მეგობრობენ. უნდა გაითვალისწინო ყველა ის ავანტიურა, რაზეც წამსვლელია დღეს ხელისუფლება. თავდაპირველად, როდესაც ტალი ავანტიურებს გეგმავდა, მეტოქეებს აბნევდა, მაგრამ მერე შეისწავლეს ტალი და ვეღარ გამოსდიოდა ავანტიურები. ტალის სეხნიასაც (სააკაშვილს) ავანტიურა გასდიოდა, სანამ ამოიცნობდნენ. როცა გაიშიფრები, თუ ძლიერი პოლიტიკოსი ხარ, გადაწყობა უნდა მოახდინო, რასაც ჩვენს ხელისუფლებას ვერ ვატყობ.

ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2008 წელს გამოუცხადა ხელისუფლებას ქიში, როდესაც დასცილდა მას როგორც ძლიერი პარტნიორი, მაგრამ გამოცხადებულმა ქიშმა ამათ არაფერი ასწავლა. ჩათვალეს, მერე რა, ჩვენსას მაინც გავიტანთო. ბიძინა ივანიშვილს სხვა გზა აღარ დარჩა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული იყო, შეტევაზე გადასულიყო.

დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს ამჯერად მაინც ეყოფა გამჭრიახობა, რომ ავანტიურაზე არ წავიდეს. მას შეუძლია, კი არ დანებდეს, არამედ ხელი შეუწყოს ქვეყნის ნორმალურ განვითარებას და რეალურად მხოლოდ მოგებული დარჩება. ხომ შეიძლება ეს ბრძოლა ისეთი ყაიმითაც დამთავრდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ქვეყნის წინაშე გამარჯვებული გამოვიდეს.

- მაგრამ მისი პაიკები?

- პაიკების მთავარი პრობლემა მათი მხედართმთავარია.

- მაგრამ სააკაშვილი ამბობს, 2-3-4 წელი მაცალეთო.

- სააკაშვილმა, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, პირველი არასაჭადრაკო სვლა E2-დან E5-ზეც კი გადადგა, რისი კარტ-ბლანშიც ჰქონდა საზოგადოებისგან. ახლაც მისთვის დღევანდელი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი კვლავ არასაჭადრაკო სვლაა. მან პაიკი ამჯერად უკან - E2-დან E1-ზე უნდა გადადგას.

"არ შეიძლება თავს პოლიტიკოსი უწოდო, თუ მოთმინების უნარი არ გაგაჩნია და მრისხანების მოთოკვა არ ძალგიძს" სტენდალი