მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

მე რა მენაღვლება

ხანდახან ვფიქრობ, მაწყობს კი სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა? განა შეიძლება კიდევ გვყავდეს ქვეყნის პირველი პირი, ვინც ამდენ კარგ თემას მომცემს? ვინც ასე შემიწყობს ხელს, რომ კარგად ვიმუშაო? მაგალითად, მარტო ამ კვირის მისი გამონათქვამები ან იდეები რომ ჩამოვწერო, უკვე მაგარი წერილი გამომივა. არაფრის დამატება არ არის საჭირო, ზედმეტია კომენტარიც კი. თუმცა, აბა, როგორ გინდა უკომენტაროდ დატოვო ისეთი ინიციატივა, როგორიც "ელექტრონული მთავრობის" შექმნაა? "ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასურველ მინისტრს დაელაპარაკოს. ვთქვათ, გინდათ მინისტრთან ლაპარაკი სასწრაფოდ, გულის გადაშლა, დააჭერ ღილაკს და მინისტრი ამოვა 3D გამოსახულებით, ძალიან მოცულობითი, მაგალითად, მოცულობითი ზურაბ ადეიშვილი (არ ვიცი, რა მოემატება მოცულობაში, რაც უნდა დიდი გააკეთო, მაგრამ რაც იქნება) გამოჩნდება შენ წინ. ეს არ არის ფანტაზია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზენტაციაზე.

ჯერ კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება როგორია, მერე მისი პრეზენტაცია და ახლა კიდევ "ელექტრონული მთავრობა"! დააჭერ თითს ღილაკს, ამოვა ზურაბ ადეიშვილი და გულს გადაუშლიო. ეს ადეიშვილი იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორია და საინტერესოა, გული რაზე უნდა გადაუშალო?! თუმცა, განა ესაა ახლა მთავარი? მთავარია, ვისაც გინდა, იმას რომ გამოიძახებ. თუ დანაშაული არა გაქვს ჩადენილი და გულის გადაშლა არ მოგინდა, მაშინ საქმე სამხიარულოდ გქონია. ამიტომ გამოიძახებ ხაჩიძეს და რამეს დააკვრევინებ. მერე, ვთქვათ, მოგინდა, ისწავლო სასაცილოდ ჩაცმა. გამოიძახებ შაშკინს და გასწავლის; მაგალითად, თუ მოგინდა ისეთი ვარცხნილობის გაკეთება, რომელიც არასდროს იშლება და ყველა ქარტეხილს უძლებს, გილაურს გამოიხმობ; ბარის დახლზე ცეკვის სწავლა თუ გინდა, კი ვიცით, ვისაც უნდა ვუხმოთ. თუმცა, მინისტრებისგან უფრო სერიოზული რამეების სწავლაც შეიძლება. მაგალითად, თუ იმის გაგება მოგინდათ, როგორ შეიძლება თანამდებობის ისე შენარჩუნება, რომ ვერავინ მიხვდეს რამეს აკეთებთ თუ არა, ბარამიძეს გამოიძახებთ; თუ მოგინდათ, გაიგოთ, როგორ არ მიიღოთ ინფარქტი სააკაშვილის ხელში, რამაზ ნიკოლეიშვილის გამოსაძახებელ ღილაკს დააწვებით; თუ მოისურვებთ, გაარკვიოთ, როგორ შეიძლება საკუთარ თავს ყოველთვე ხელფასზე მეტი პრემია გამოუწერო და მერე მინისტრად დაგაწინაურონ, ლადო ვარძელაშვილი იქნება მისწრება; თუ თქვენზე უბედური მინისტრის პოვნა მოგინდებათ, ზურაბ ჭიაბერაშვილს დაელაპარაკებით და ის გეტყვით, როგორი საშინელებაა ევროპაში ექვსწლიანი ელჩობის შემდეგ საქართველოში ჯანდაცვის მინისტრად დაბრუნება;

თუ გადაწყვეტთ, გაიგოთ, როგორ უნდა გახდე თავდაცვის მინისტრი ციხეებში "პალაჟენიის დამყარებით", ბაჩო ახალაიას კონსულტაცია დაგჭირდებათ, ხოლო, თუ იმის გაგება დაგჭირდათ, ციხეები როგორ უნდა განტვირთოთ პატიმრების სიკვდილიანობის გაზრდის ხარჯზე, მაშინ თვალებხატულა ხათუნა კალმახელიძეს გამოუხმობთ; მოგინდათ, გაიგოთ, როგორ უნდა მოახერხოთ, რომ კულტურასთან მხოლოდ ჯაზის სიყვარული გაკავშირებდეთ და საქართველოს კულტურის მინისტრად დაგნიშნონ, მაშინ ნიკა რურუა დაგეხმარებათ. დასასრულ, ყველაზე მთავარი და პრაქტიკული: თუ მოგინდებათ, გაიგოთ, რა თქვა თქვენზე თქვენმა მეზობელმა მაყვალამ, ვანო მერაბიშვილს გამოუხმობთ!

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, თუ როგორ დაასაბუთა პრეზიდენტმა ელექტრონული მთავრობის შექმნის აუცილებლობა: ""ჩვენ გვყავს მინისტრები, ფეხმარდები და მკვირცხლები არიან, მაგრამ მთავრობები შეიცვლება და შეიძლება ყოველთვის არ იყოს ისეთი მთავრობა, რომელსაც შეუძლია მუდმივად სხვადასხვა ადგილზე იყოს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც რომ დავდინჯდებით, შეიძლება ჩვენც აღარ ვიყოთ ეგეთები. ამიტომ აქედან ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ იყოს ელექტრონული მთავრობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. აი, ამ ციტატაში კი ყველაზე მთავარი ისაა, რომ მან არ გამორიცხა ხელისუფლებაში თავის მინისტრებიანად იმდენი ხნით დარჩენა, ვიდრე არ დადინჯდებიან. თქვენ იკითხეთ, თორემ მე რა მენაღვლება, მასალა არ მომაკლდება!

ველოდები გაგრძელებას

გავაგრძელოთ? ჩვენ რა, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს. წინა კვირას, როგორც მოგახსენეთ, ყველა რეკორდი მოხსნა, იმდენი საინტერესო რამ თქვა და იმდენი ორიგინალური იდეა წამოაყენა. უპირველესად, როგორც იქნა, მიაგნო ქალაქს, რომელსაც ბათუმი ჰგავს. თავიდან ძიებაში იყო, ხან დუბაის ადარებდა, ხან ბარსელონას, მაგრამ, როგორც ჩანს, თავადაც არ იყო ამ შედარებებით კმაყოფილი და, აი, წინა კვირას ამ ჩამონათვალს ახალი ორლეანი მიემატა. მართალია, მისი თქმით, ახალ ორლეანს ბათუმის მხოლოდ ერთი უბანი ჰგავს, მაგრამ ეს ორი ქალაქი მაინც დაძმობილდა. იმედია, ბათუმისთვის შესადარებელი ქალაქის ძიება დასრულდა. მე ახალი ორლეანი ძალიან მომწონს. თქვენ?

ასევე ძალიან მომწონს აეროპორტთან ვენახის გაშენების იდეა. ეს იდეა პრეზიდენტმა გლდანში, ცხოვრებაულების ოჯახში სტუმრობისას თქვა. "ქართველები სულ ამბობენ, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა, მაგრამ ტურისტი ჩამოსვლისას ამას ვერ ხედავს. მერიას ვთხოვ, აეროპორტთან გამოყოს დიდი მიწა, დავრგოთ ძალიან დიდი ვენახი და გავანათოთ", - თქვა პრეზიდენტმა. ვერ გეტყვით, ცხოვრებაულებს ეს იდეა მოეწონათ თუ არა, მათ არაფერი შესტყობიათ, მაგრამ მე აღვფრთოვანდი. რა ჯობს აეროპორტთან მოყვანილ ყურძენს? იქიდან ჩამოსხმულ ღვინოს ადგილწარმოების მიხედვით "აეროპორტულას" დავარქმევთ. განა ეს საოცრება არ იქნება? ღვინო "აეროპორტულა" - თეთრი, შავი, ნახევრად ტკბილი, ნახევრად მშრალი, როგორიც მოგინდებათ. თან ტურისტებზე რა შთაბეჭდილებას მოახდენს, ხომ წარმოგიდგენიათ, თვითმფრინავიდან პირდაპირ ზვრებში რომ შეაბიჯებენ? რა თქმა უნდა, მერე ეჭვიც არ შეეპარებათ, რომ ღვინის ქვეყანაში ჩამოვიდნენ. კიდევ კარგი, ვინმემ პრეზიდენტს არ დაასწრო და აეროპორტთან პრეზერვატივების ქარხანა არ ააშენა, თორემ ვინ იცის, რას იფიქრებდნენ ტურისტები.

იმავე ცხოვრებაულებთან სააკაშვილმა თქვა, რომ ყველა ბავშვს ღვინის დაყენება უნდა ვასწავლოთ. პრეზიდენტის აზრით, სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ორი რამ - ცეკვა და მეღვინეობა. მართლა მაგარი პრეზიდენტი გვყავს. აბა, ის იყო კარგი, ჩემს დროს მათემატიკასა და ქიმიაზე რომ გვასხმევინებდნენ ტვინს? ღვინო, დუდუკი... ველოდები გაგრძელებას.