"წინასწარმეტყველება პოლიტიკაში არ ამართლებს" - კვირის პალიტრა

"წინასწარმეტყველება პოლიტიკაში არ ამართლებს"

"ვინ როგორ დაიწყებს საარჩევნო კამპანიას, ეს მისი გემოვნების საკითხია"

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს ტელეფონით მაშინ დავუკავშირდი, როდესაც ქუთაისში მშენებარე პარლამენტის შენობას ათვალიერებდა.

- 26 მაისისთვის მოესწრება შენობის იმ ეტაპამდე მიყვანა, რომ სხდომა გაიმართოს?

- გათვალისწინებული იყო, რომ 26 მაისისთვის პლენარულ სხდომათა დარბაზი დამთავრებულიყო. მე და ხათუნა გოგორიშვილმა დავათვალიერეთ მშენებლობა და ყველაფერი გრაფიკზე წინსწრებითაც მიდის. მთლიანად შენობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

- საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობისას ხშირად გაისმის შეფასება, რომ ერთ პირზე (ბიძინა ივანიშვილზე) კონსტიტუციის მორგება არ არის სწორი.

- იურიდიულ დავას ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, მას ჰქონდეს საარჩევნო უფლება.

- მაგრამ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო 10 წელი საქართველოში არ უცხოვრია. გამოდის, არ შეეხება ეს ცვლილება.

- საკონსტიტუციო ცვლილებაში ამიტომაც ჩაიწერა, რომ აუცილებელია პირი 10 წელი ცხოვრობდეს საქართველოში და აქედან ბოლო 3 წელი მუდმივად იყოს დამკვიდრებული. კონსტიტუციაში შედის ცვლილება, რომ მოქალაქეებს 21 წლიდან ჰქონდეთ უფლება, კენჭი იყარონ საქართველოს პარლამენტში. ევროკავშირის უმრავლეს ქვეყანაში არის 21-წლიანი და ზოგშიც 18-წლიანი ცენზი საკანონმდებლო ორგანოში კენჭის საყრელად.

- მაგრამ განსჯის საგანი გახდა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის აქტიური საარჩევნო უფლების მინიჭება.

- სიების დაზუსტების კომისია ყველაფერს მაქსიმალურად შეამოწმებს.

- ეს კომისია როგორ გადაამოწმებს უცხოეთში მცხოვრებთა სიებს?

- საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც პირველი მოსმენით ეყარა კენჭი, ევროკავშირის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, კენჭი იყარონ პარლამენტში. Aამჯერად ცვლილებები არ შეხებია ევროკავშირის მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მინიჭებას. ამ საკითხზე მეორე მოსმენამდე მოვილაპარაკებთ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე ასეთი ცვლილების წინააღმდეგი ვარ.

- 27 მაისს "ქართული ოცნება" თავისუფლების მოედანზე აქციით იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას.

- ვინ როგორ დაიწყებს საარჩევნო კამპანიას, ეს მისი გემოვნების საკითხია. ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ამით ვარ დაკავებული.

- მაგრამ წესით, უნდა გაინტერესებდეთ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანია, რომელიც პარლამენტში 2/3-ით მოსვლას აპირებს.

- ვინ რამდენი პროცენტით მოვა პარლამენტში, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია. მახსოვს, ასეთივე მუქარა იყო წინა არჩევნებზეც, მაგრამ წინასწარმეტყველება პოლიტიკაში არ ამართლებს.

- არც რეიტინგების გჯერათ?

- რეიტინგების მჯერა, რადგანაც მას სერიოზული ორგანიზაციები ატარებენ. მაგალითად, როდესაც გამოკითხვის შედეგებს ამუშავებს "გელაპი", დიდი ცდომილება გამორიცხულია. როგორც "მერსედესი" არ დააკრავს თავის ემბლემას "მოსკვიჩს", ისე არ დააკრავს "გელაპი" თავის ემბლემას ისეთ კვლევას, რომელსაც არ ენდობა. 6 მაისს სერბეთში ჩატარდა არჩევნები, ერთი თვით ადრე კი IRI-ს კვლევა. მხოლოდ ორპროცენტიანი ცდომილება აღმოჩნდა არჩევნების შედეგებში.

- როგორ შეაფასებთ რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებას, რომელიც აფხაზეთში აღმოჩენილ შეიარაღებაში და სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის მცდელობაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს?

- კიდევ კარგი, შეფასების გაკეთება ქართველებმა არ დაასწრეს რუსეთს. ისეთი პრაქტიკაა, რომ აქედან წამოძახებულ სიტყვას ე. წ. შეიარაღებულ ფორმირებებზე ზოგჯერ აფხაზები აიტაცებენ ხოლმე, ზოგჯერ კი რუსები.

- ალასანიას განცხადებას გულისხმობთ?

- დიახ, მაგრამ გვარის დასახელება რომ მინდოდეს, ვიტყოდი. როდესაც ზუგდიდში ტერორისტული აქტი აღკვეთეს, ესეც ისე შეაფასა ზოგიერთმა, რომ ამ საქმის დამგეგმავები უკეთესს ვერ ინატრებდნენ.

- ირაკლი ალასანია განგებ ლაპარაკობს ასე?

- არ ვიცი, მაგრამ ვის წისქვილზე ასხამს ეს განცხადებები წყალს, მოდი, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გააკეთონ დასკვნა არჩევნებამდეც და მას შემდეგაც. გეტყვით იმასაც, რომ არც ზუგდიდი, არც სენაკი, არც თელავი, არც ბათუმი და არც ჩემი საყვარელი საჩხერე არ იქნება ჰომსი.

- განსჯის საგანი გახდა პრეზიდენტის ინიციატივა ელექტრონული მთავრობის შემოღებასა და მინისტრების ვირტუალურ გამოძახებაზე.

- ბევრ ქვეყანაშია ეს.

- რა არის მინისტრები 3D ფორმატში?

- კარგია, რომ ასე ყურადღებით უსმენთ პრეზიდენტს. მან ილაპარაკა იმაზე, რომ მთავრობა ადეკვატურად და ძალიან სწრაფად უნდა რეაგირებდეს. ბიუროკრატია ხალხს უნდა ემსახურებოდეს და მინიმუმამდე უნდა იყოს დასული. ეს არის ელექტრონული მთავრობა. რაც შეეხება 3D ფორმატში მინისტრების გამოძახებას, პრეზიდენტმა იხუმრა. ისე, ველი, რომ ეს თემა პარლამენტში გამოსვლების საგანიც გახდება.

ჩვენი მთავარი გამოწვევა ისევ უმუშევრობა, სოციალური დაცვა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა. Eს არის ჩემი საუბრის პროლოგიც და ეპილოგიც.