"შიში სამეგრელოში გადალახულია" - კვირის პალიტრა

"შიში სამეგრელოში გადალახულია"

"უფლება არა გვაქვს, ხალხს იმედი გავუცრუოთ და არ გავიმარჯვოთ არჩევნებში"

"სოციალურ ქსელებში "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერჯგუფები აქტიურად მუშაობენ"

"რომ არა ბეჭდური მედია და "ფეისბუკი", გაგვიჭირდებოდა ჩვენი გზავნილის მიტანა მოსახლეობამდე"

"აისბერგი უკვე დაიძრა. მოსახლეობასთან შეხვედრები დიდ სტიმულს მაძლევს. ყველგან ხალხმრავლობაა, ყველგან მეუბნებიან, - მე აქ ერთი მოვედი, მაგრამ ჩემ უკან 100 კაცი დგას, ვისაც თქვენგან მოსმენილი სიტყვები უნდა მივუტანოო", - გვითხრა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც არჩევნებამდე სამეგრელოში აპირებს დარჩენას:

- სამეგრელოში დავრწმუნდი, რომ აშკარად დიდია იმედი იმისა, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებზე ძირფესვიანი ცვლილება მოხდება, რაც ყველა მოქალაქეს მისცემს თანაბარ უფლებას, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში, ქვეყნის განვითარებაში და საკუთარი შრომითა და ნიჭით შეძლოს ოჯახის რჩენა. აი, ეს იმედი დავინახე სამეგრელოში.

- "ქართული ოცნების" ოფისის პრეზენტაციას ზუგდიდში მშვიდად არ ჩაუვლია.

- მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების უაზრო მცდელობისა, დაეშინებინა ჩვენი მხარდამჭერები, როდესაც ვითომდა "იპოვა" ასაფეთქებელი ნივთიერება, პრეზენტაციაზე მაინც ხალხმრავლობა იყო. თავისუფლება არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სწყურია სამეგრელოს და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას. მათ არ უნდა ეშინოდეთ აზრის გამოხატვისა. არ უნდა ეშინოდეთ, რომ ამისთვის დაისჯებიან და სამსახურიდან დაითხოვენ მათი ოჯახების წევრებს. ეს შიში სამეგრელოში გადალახულია, მაგრამ მათ სჭირდებათ თანადგომა როგორც პოლიტიკური ლიდერებისა, ისე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე სამეგრელოში გადმოსვლა. მოსახლეობასთან შეხვედრები ფოთში, სენაკში და სხვაგან მეტყველებს, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან ცვლილებისთვის. "ქართული ოცნების" ამოცანაა ქვეყანაში გაჩნდეს საშუალო ფენა. ჩვენ ვლაპარაკობთ სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების სტრატეგიაზე, იმაზე, თუ როგორ გავუკეთებთ დეპოლიტიზაციას სამართალდამცავ სტრუქტურებს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოერთება არის საფუძველი იმედის გაჩენისა. ჩვენ უფლება არ გვაქვს, ხალხს იმედი გავუცრუოთ და არ გავიმარჯვოთ არჩევნებში.

- სოციალურ ქსელებში დაიწერა, რომ ზუგდიდში ნაღმის აღმოჩენის თაობაზე თქვენი განცხადება (ხელისუფლება რომ დაადანაშაულეთ)  იმის საფუძველი გახდა, რომ აფხაზეთში შეიარაღების აღმოჩენის შემდეგ რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტს ქართული მხარე დაედანაშაულებინა.

- ეს აბსურდია. სოციალურ ქსელებში "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერჯგუფები აქტიურად მუშაობენ. ცენტრალურ ტელეარხებს მითითება აქვთ, რომ ჩვენი აქტიურობა არ გააშუქონ და თუ გააშუქებენ, მხოლოდ ნეგატიურად. რომ არა ბეჭდური მედია და "ფეისბუკი", გაგვიჭირდებოდა ამ კამპანიაში ჩვენი გზავნილის მიტანა მოსახლეობამდე. ახლა სოციალურად დაუცველი ადამიანების ახალი მეთოდით დაშინება დაიწყეს, ეუბნებიან, დახმარებას მოგიხსნით, თუ მხარს "ქართულ ოცნებას" დაუჭერთო. ეს ძალის დემონსტრირების კიდევ ერთი მცდელობაა. საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდებიან როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ისე არჩევნებს. ხელისუფლება ძველებურად ვეღარ იძალადებს. დაუსჯელი "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთი წევრი და პოლიციელი არ დარჩება.

- რატომ აიგივებთ სამეგრელოში მოგებას საქართველოში გამარჯვებასთან?

- უპირველესად იმიტომ, რომ ახლა სამეგრელოში ვარ და იმ ადამიანების სახელით ვლაპარაკობ, ვინც მხარს მიჭერს. სამეგრელო არის ხიდი ქართულ-აფხაზური ურთიერთობისა და ძმობის აღდგენისთვის, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. სააკაშვილის დავალებით სამეგრელოს სისხლითა და ძალმომრეობით ახალაიებისა და გოროზიების კლანები მართავენ. ამ ორ კლანს აქვს გადანაწილებული ბიზნესი, მთელი პოლიტიკური და მედიასივრცე. ჩვენ დავამსხვრევთ ამ კლანებს სამეგრელოში და გავიმარჯვებთ მთელ საქართველოში.

- ჩანს რაიმე სიმპტომი, რომ ეს კლანები დასუსტდა?

- უკვე შეშინებული და დაბნეული არიან. ეშინიათ ხალხის ქუჩაში გამოსვლისა და პოლიტიკურ ლიდერთან შეხვედრებისა. სისუსტეა, როდესაც გამოყოფილი ჰყავთ ადამიანები, ვინც მთელი დღე ურეკავენ ჩვენს აქტივისტებს და ემუქრებიან.

- ერთგან თქვით, რომ ხელისუფლება ცდილობს პოლიციასა და სამხედროებთან დაგაპირისპიროთ.

- პირები, რომლებიც გაწევრებული არიან არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებში, სააკაშვილს არჩევნების პერიოდში საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის უნდა გამოეყენებინა. ჩემი პრევენციული განცხადებით ისინი მე დავიცავი და რადგან სააკაშვილს ეს საქმე ჩაუფლავდა, დაიწყო პროპაგანდისტული მუშაობა, თითქოს მე სამხედროებს და რეზერვს ვუპირისპირდები. იარაღის ხმარება ბრძოლაში ვისწავლე და სადაც საქართველოს უჭირდა, ყოველთვის იქ ვიდექი. სამხედროებსა და სამართალდამცავ სტრუქტურებში ბევრი თანამებრძოლი მყავს, ვიცი, რომ მათი უმრავლესობა პატრიოტია, მაგრამ სააკაშვილი მათ ნაწილს პოლიტიკური მიზნისთვის იყენებს. ეს ღირსეული ადამიანები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნებამდე მშვიდად, თავდაჯერებულად უნდა მივიდეთ. არჩევნების დღეს უმუშევარმაც, სამხედრომ ან პოლიციელმაც გულის კარნახით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ხელისუფლებას არანაირი შანსი არ დავუტოვოთ დაპირისპირებისა.

-  ამბობთ, რომ სააკაშვილმა, მისმა მმართველობამ გადაღალა ხალხი, მაგრამ პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ თქვა - საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, ანუ მუდამ ხალხისთვის იღვწისო.

- რომელი შეფასებაა სწორი, ამას არჩევნებზე გავარკვევთ, როდესაც ხალხი გააკეთებს არჩევანს. რამდენიმე დღის წინ სენაკში ვიყავი შეხვედრაზე, სადაც ერთმა კაცმა მითხრა, სააკაშვილი ახალგაზრდა კაცია და სულ ველოდებოდი, დაღვინდებოდა, მაგრამ ისე დაძმარდა, დაღვინებაც ვერ მოასწროო. მართლაც ასეა. სააკაშვილმა იმედი გაგვიცრუა. მან საპრეზიდენტო ვადა ამოწურა და ჩვენ ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ საქართველოს ისტორიაში.

საქართველოს 230 სოფელი მოვიარე. საქართველო ვითარდება მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ, რამდენიმე ასეულ მეტრს როგორც კი გადაუხვევთ, ნახავთ უგაზო, უწყლო, უგზო სოფლებს, სადაც გლეხს არა აქვს ელემენტარული საარსებო საშუალება. ამ რეალობას საგულდაგულოდ მალავენ ნაციონალური სატელევიზიო არხები.

- როდესაც თქვენს შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ერთ-ერთი რეგიონული მედიასაშუალების ტელეკამერას მიკროფონი ჩაარტყა, ითქვა, რომ ეს იყო პროვოკაციის მცდელობა. რა მოხდა რეალურად?

- როცა ეს მოხდა, მასპინძელ დევნილებს ველაპარაკებოდი. გვიან დავინახე ერთმანეთთან მოჩხუბარი ჟურნალისტები და ვთხოვე, დამშვიდებულიყვნენ. ყველა ჟურნალისტს, რომელ მედიასაშუალებასაც უნდა წარმოადგენდეს, უნდა ჰქონდეს საქმიანობის საშუალება. იმედია, ჟურნალისტები ამას გაითვალისწინებენ და ობიექტურად აღწერენ მიმდინარე მოვლენებს.