ვინ და რისთვის დაარტყა "სტერეო პლუსს"? - კვირის პალიტრა

ვინ და რისთვის დაარტყა "სტერეო პლუსს"?

ბიზნესგარჩევა თუ მედიაზე ზეწოლა?!

ზილფიმიანი "მგლებმა" შენობაში აღარ შეუშვეს

რამდენიმე დღეა "პირველი სტერეოსა" და "სტერეო+"-ის ვნებათაღელვა გრძელდება. ამ კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილსა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის უწყებას მისი კუთვნილი მედიასაშუალებების წინააღმდეგ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს.

"იუსტიციის სამინისტროსთან პრობლემები ორი ფაქტის შემდეგ დაიწყო, "მე-9 არხთან" გავაფორმე კონტრაქტი ტექნიკურ მომსახურებაზე - დაზიანებული აპარატურა უნდა შეგვეკეთებინა. დათვალიერებისას დადგინდა, რომ მოწყობილობები ტრანსპორტირების პროცესში არ არის დაზიანებული. ამავე დროს იტალიის მოქალაქე ჩემს შვილს გადავუფორმე "სტერეო პლუსის" სრული წილი. შედეგად, მანამდე ნაწილობრივ იტალიური კომპანია მთლიანად უცხოელებზე დაქვემდებარებული გახდა. როგორც ჩანს, გაღიზიანება ამ ორი ფაქტიდან ერთ-ერთმა ან ორივემ გამოიწვია", - აცხადებს დავით ზილფიმიანი. იგი ორი კომპანიის, "პირველი სტერეოს" და "სტერეო+"-ის დამფუძნებელია. "პირველ სტერეოში" მისი მეწილე და უფროსი პარტნიორი არის პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი. "სტერო+"-ში კი საკონტროლო პაკეტის მფლობელი თავად ზილფიმიანია. ორივე კომპანიაში იტალიელი პარტნიორებიც ჰყავს. მისივე თქმით, კონტრაქტის გაფორმების და წილის გადაფორმების შემდეგ მის წინააღმდეგ კანონდარღვევების მთელი ჯაჭვი ამოქმედდა.

დავით ბეჟუაშვილმა იმ მოტივით, რომ შესაძლოა ზილფიმიანმა ის ფინანსურად აზარალოს, სასამართლოში უჩივლა და მისი მთელი ქონების დაყადაღება მოითხოვა.

დავით ზილფიმიანი: - სასაცილოა, დავით ბეჟუაშვილის ვარაუდიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მის სარჩელს წამებში გაევლო სასამართლოს კანცელარია, მოსამართლეს მიეღო წარმოებაში და რამდენიმე წუთში გამოეტანა გადაწყვეტილება მთელი ჩემი ქონების დაყადაღების თაობაზე. არადა, როდესაც საქართველოში მედიამფლობელების გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღეს და ყველა მედიამფლობელი ვალდებული გახდა ვინაობა გაემჟღავნებინა, დავით ბეჟუაშვილმა "პირველ სტერეოში" თავისი წილი გადაუფორმა დის ქმარს, ვასილ კობაიძეს. დიახ, "პირველი სტერეოს" დამფუძნებელი არის ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია, რომლის მფლობელიც არის ბეჟუაშვილი. ვასილ კობაიძეს აქამდე არ ვიცნობდი, ერთხელაც არ მოსულა ტელევიზიაში. ახლა კი ბეჟუაშვილი-კობაიძე საჯარო რეესტრში გამოცხადდნენ და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დამიყადაღეს მთელი ქონება. ეს მოხდა შაბათს, არ მგონია, ჩემთვის, თქვენთვის ან ნებისმიერი სხვა მოქალაქისთვის საჯარო რეესტრი შაბათს გაიღოს. ამასთან, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დაყადაღებულია არა მხოლოდ "პირველი სტერეო", "სტერეო+"-იც, რომელთანაც არანაირი შეხება დავით ბეჟუაშვილს არ აქვს. ეს კომპანია მთლიანად ჩემი და ჩემი იტალიელი პარტნიორების საკუთრებაში იყო ყოველთვის.

ზილფიმიანი-ბეჟუაშვილის დაპირისპირებისთანავე გავრცელდა მოსაზრება, რომ პარლამენტარი ხელისუფლების დავალებით მოქმედებს. ამბობენ, რომ ხელისუფლებას ყელში გაეჩხირა "სტერეო+-ის+" და "მე-9 არხის" კონტრაქტი და მომავალში მათი პარტნიორობის მასშტაბების გაზრდის პერსპექტივამ დააფრთხო. ზილფიმიანის კომპანია "სტერეო+" სხვადასხვა ტელეკომპანიის და რადიოკომპანიის მაუწყებლობის სიგნალის მთელ საქართველოში გადაცემას ემსახურება. მას აქვს გარკვეული ტექნიკური და იურიდიული შესაძლებლობები, რომ "მე-9 არხის" სიგნალი უფრო დიდი აუდიტორიისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. "ამ პროცესში იმაზე არ ვფიქრობ, რომელი მაუწყებელი რომელ პოლიტიკურ ორიენტაციას იზიარებს", - აცხადებს ზილფიმიანი. თუმცა, როგორც ჩანს, მასთან დაპირისპირებული ძალები სხვანაირად ფიქრობენ.

ბიზნესმენი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასაც უყენებს ბრალდებას და მას კორუმპირებულ უწყებას უწოდებს.

"დაახლოებით ერთი თვის წინ გადავწყვიტე ძველ საქმიანობას დავუბრუნდე. ვაპირებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნასა-ში გავაგრძელო მუშაობა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ქონება გადამეფორმებინა უკვე ზრდასრული ვაჟისთვის, რომელიც არის იტალიის მოქალაქე. ამას ალბათ ნებისმიერი მშობელი აკეთებს შვილისთვის", - აცხადებს ზილფიმიანი.

ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ წაყენებული ბრალდებებიდან გამომდინარე, მის კომპანიებში მაკონტროლებელი ორგანოები შევლენ და საბუღალტრო დოკუმენტაციის შესწავლასაც დაიწყებენ. არ გამორიცხავს, რომ დააპატიმრონ კიდეც.

- ბატონო დავით, განაცხადეთ, რომ მხოლოდ ბეჟუაშვილს არ ადებთ ხელს, გაამხელთ სხვების ვინაობასაც?

- ველოდები მათი მხრიდან დამატებითი საჩივრის შეტანას სასამართლოში და საჩივრის შინაარსის მიხედვით ზუსტად ვიტყვი, ვინ არის  ყველაფრის  ჩამდენი.

- ზურაბ ადეიშვილსაც დასდეთ ბრალი?

- ადეიშვილის უწყებას ამ პროცესში აქვს ძალიან ცუდი როლი. ყველა დოკუმენტი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს, მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფ უწყებაში შეიქმნა.

- ფიქრობთ, რომ ბეჟუაშვილი ადეიშვილის დავალებით გიპირისპირდებათ?

- გამაგებინეთ, დანაშაულია, რომ ვინმეს ტექნიკური მომსახურება გავუწიო? დაზიანებული ტექნიკა რომ შევუკეთო? "მე-9 არხის" მანქანები პროფილაქტიკაში მიყვანას საჭიროებს ხოლმე, დააყადაღონ პროფილაქტიკებიც, ნუ მიაწვდიან "მე-9 არხს" წყალს, დენს და ა.შ. გაუგებარია აღშფოთება ჩემს წინააღმდეგ.

- ამბობენ, რომ ხელისუფლება გაგინაწყენდათ მე-9 არხთან არა ტექნიკურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების გამო, არამედ იმის გამო, რომ მომავალში მის მაუწყებლობას უზრუნველყოფთ საქართველოში.

- ამაზე ლაპარაკიც კი არ გვქონია კონტრაქტის გაფორმებისას.

- მაგრამ უარს ხომ არ იტყოდით მომავალში მსგავს მომსახურებაზე?

- არა. ვემსახურები ტელეკომპანიებს: "საქართველოს," "აჭარას," "აფხაზეთს," "მზეს," "პიკს". მთელ რიგ რადიოებს ვეხმარები სიგნალის გავრცელებაში. ალბათ "მე-9 არხსაც" დასჭირდება ეს.

- თქვენი მომსახურების გარდა რა ალტერნატივა აქვთ ტელეკომპანიებს და რადიოებს?

- არ არსებობს ალტერნატივა კომუნისტური დროის ძველისძველი სარელეო ხაზის გარდა, რომელიც ელექტროკავშირის კუთვნილება იყო. არავინ შეიწუხა თავი ქსელის აშენებით, რადგან ეს არის ძალიან შრომატევადი საქმე და დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.

- ე.ი. თუ თქვენ არ დაეხმარებით "მე-9 არხს", ის ვერ იმაუწყებლებს მთელ საქართველოზე?

- შეიძლება ითქვას, რომ "სტერეო+ -ის" გარეშე, ეს ფაქტობრივად, შეუძლებელია.

- როგორ ფიქრობთ, ამიტომ ხომ არ მოხდა თქვენი ბლოკირება?

- გასაგებია, რომ ხელისუფლებას არ სურს განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის ტელეარხების არსებობა, მაგრამ ჩემი ბიზნესი პოლიტიკურ ორიენტაციებს არ ცნობს. ამიტომაც ბრძოლის გარდა გამოსავალი არ მაქვს, ვიბრძოლებ კიდეც.

P.S. 19 მაისს, გამთენიისას "სტერეო+"-ში 30 ხელკეტიანი - ვასილ კობაიძის მიერ დაქირავებული დაცვის, ფირმა "მგლების" თანამშრომელი შეიჭრა და ტელევიზია გამორთო. ზილფიმიანმა შენობა რამდენიმე წუთით დატოვა და "მგლებმა" შენობაში აღარ შეუშვეს.

"სიგნალი, რაც არსებობს, ჩვენი არ არის. მაგნიტოფონი აიტანეს ტელეცენტრში და მაგნიტოფონიდან გადის გადაცემები", - განაცხადა ზილფიმიანმა.

"კვირის პალიტრა" შეეცადა დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებასაც, როგორც ჩანს, პარლამენტარი უცნობ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" ახალი ხელმძღვანელის, ვასილ კობაიძის წარმომადგენლის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით კი კობაიძე ტელეკომპანიის წილის 65 პროცენტს ფლობს და შესაბამისად, პარტნიორთა კრებაზე კანონიერად მიიღო გადაწყვეტილება დავით ზილფიმიანის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. "დაწყნარდება ვითარება და კომპანია მუშაობის ჩვეულ რიტმს აუცილებლად დაუბრუნდება", - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

ამავე თემაზე:

- "პირველი სტერეოს" შენობა ტელევიზიის მეწილე დავით ზილფიმიანს ბლოკირებული აქვს

- ტელეკომპანია "სტერეოს" და "სტერეო +"-ის თანამშრომლებმა ღამე ქუჩაში გაათენეს

- დირექტორების დაპირისპირების გამო ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე ვერ შეაღწიეს

- "პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა