"თქვენ მე კი არა, სამჭკუაშვილიც ვეღარ გიშველით!" - კვირის პალიტრა

"თქვენ მე კი არა, სამჭკუაშვილიც ვეღარ გიშველით!"

"გულწრფელად მეცოდებით, ამდენ სისულელეს რომ უსმენთ"

"ენა თქვენ აღარ გაქვთ, მამული და სარწმუნოება. ქართველობასაც თანდათან კარგავთ, გეიაღლუმებსაც აწყობთ. თუ მოგწონთ ასეთი ცხოვრება, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ"

გასულ კვირას ყოფილ შს მინისტრს, "რკინის კაცად" წოდებულ კახა თარგამაძეს მოსკოვში დავუკავშირდით. იქნებ იკითხოთ, კახა თარგამაძე რამ გაგახსენათო? - ხელისუფლების ნაცპროპაგანდა ნებისმიერი ოპოზიციონერის უკან ჩასაფრებულ რუსეთს ხედავს და ჩვენც შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებს არ გვავიწყებს.

- ბატონო კახა, ჭაჭის შადრევნის გაკეთების იდეას, ელექტრონული მთავრობის შექმნის ინიციატივასა და ქუთაისში პარლამენტის გადატანის საკითხს როგორ უყურებთ?

- გულწრფელად მეცოდებით, ამდენ სისულელეს რომ უსმენთ. მალე ეგ ჭაჭის შადრევანიც გვერდზე დაგრჩებათ და იქნებით ხახამშრალი! იმიტომ, რომ მთელი ბათუმი თურქეთს მიჰყიდეს.

- რას ამბობთ, ბატონო კახა?

- რას და სიმართლეს!... თურქეთს  უკვე წაღებული აქვს ბათუმის მიწა-წყალი, ზოგან სასტუმროებსა და რესტორნებს აშენებს, "თავის ტერიტორიაზე" ქართველებს უკვე ცხვირსაც არ აყოფინებს, მეტი რა გინდათ?!

- ინვესტორების შემოსვლას გულისხმობთ?

- არც ერთი ინვესტორი იქ არ შემოდის!.. თურქები ყიდულობენ მიწებს, ბიზნესს. რაც მახვილით ვერ მოახერხეს, ფულით შეძლეს.

- თქვენ, როგორც იმერელ კაცს, ქუთაისის პარლამენტში გადატანის იდეა რატომ არ მოგივიდათ?

- ასეთი იდეა რომ მომსვლოდა, მეც ამათი ჭკუისა უნდა ვყოფილიყავი. მე არც საქართველოს ტერიტორიების საშვილთაშვილოდ დაკარგვა მომსვლია ფიქრად. პირიქით, რეალური შანსი მქონდა აფხაზეთის შემოერთებისა, მაგრამ საშუალება არ მომეცით. ის ჯგუფი მოიყვანეთ ხელისუფლებაში, რომელმაც ქვეყანა დაღუპა. არ გახსოვთ, ტელევიზიით რომ გადმოიცა მთავრობის ერთ-ერთი თათბირი, სადაც ბარამიძე გაჰყვიროდა, თარგამაძის დაბრუნებული აფხაზეთი არ მინდაო! მითხარით, წადიო და წავედი, ბატონო! დავუთმე ამათ ბურთი და მოედანი, მაგრამ რა მიიღეთ? კიდევ მეტი ტერიტორია დაკარგეთ, ხომ? ახლახან ისიც მითხრეს, საქართველოს ხელისუფლებამ დავით გარეჯის მონასტერი აზერბაიჯანს გადასცაო. სამცხე-ჯავახეთს სომხეთს უთმობს, თბილისსაც, ალბათ, მათ მიჰყიდის, ტერიტორიის ნაწილი რუსეთს  მისცა და რაღა დაგრჩათ?! ისე ვატყობ, ცოტა ხანში საქართველო მარტო საჩხერე იქნება! უკაცრავად, დამავიწყდა, ახალი ლაზიკა აშენდება კიდევ და, ალბათ, იქ ჩაგასახლებენ ქართველებს. ახლა იმ დღეში ხართ, მე კი არა, სამჭკუაშვილიც ვეღარ გიშველით! ისე, ცოტა ადრე უნდა დამკავშირებოდით, ვიდრე ტერიტორიებს დაკარგავდით.

- მაშინაც დაგიკავშირდით. თქვენ ბერლინის სასტუმროში ლევან გაჩეჩილაძეს მიტინგზე გატეხილ თავს უთვალიერებდით, თუმცა პოლიტიკასთან კავშირი უარყავით. ახლა თუ აპირებთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას?

- არა, პოლიტიკა აღარ მაინტერესებს. უკან მოხედვის სურვილი არა მაქვს. თავმოყვარე კაცი ვარ.

- ახლახან ასლან აბაშიძეს ჰკითხეს, კახა თარგამაძესთან ერთად ქართულ ოპოზიციურ მოძრაობას აფინანსებდით თუ არაო. მართლა გაქვთ აბაშიძესთან ურთიერთობა?

- რაც საქართველოდან წამოვედი, აბაშიძე არსად მინახავს. მე აქ ჩემი ბიზნესით ვარ დაკავებული. თანაც ახლა ქართულ ოპოზიციას იმდენი ფული აქვს, თუ მოუნდა, აქეთ დამაფინანსებს (იცინის).

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ?

- ენა თქვენ აღარ გაქვთ, მამული და სარწმუნოება. ქართველობასაც თანდათან კარგავთ, გეიაღლუმებსაც აწყობთ და ასეთ საქართველოში დაბრუნება რად მინდა?! თუ მოგწონთ ასეთი ცხოვრება, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

- გულგატეხილი ჩანხართ. ამას წინათ ერთ-ერთ სახელისუფლებო ჟურნალში წავიკითხე, პოლიციის რეფორმა საქართველოში იმით დაიწყო, რომ 85 ათასი პოლიციელი 26 ათასამდე შემცირდაო. ამდენი პოლიციელი გყავდათ და "ვარდების რევოლუცია" მაინც მოხდა?

- ტყუილია, 24 ათასს არ აღემატებოდა. ახლა საქართველოში 100 ათასი პოლიციელი გყავთ და ამას თუ ვერ ხვდებით, მაშინ მართლაც ძალიან ცუდად ყოფილა თქვენი საქმე! არჩევანი თქვენზეა: დაიჯერეთ ეს სისულელეები, ააშენეთ მეჩეთები და იბაირამეთ! მე კი ახლა მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და საუბარს ვერ განვაგრძობ.

სტატისტიკით...

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 26 ათასი პოლიციელია. ამ მაჩვენებლით მრავალ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ვუსწრებთ. საქართველოში ყოველ ასი ათას კაცზე 580 პოლიციელი მოდის. ჩვენზე მოწინავე ადგილი პოლიციელთა რაოდენობით რუსეთს უკავია. 2011 წელს სხვადასხვა სიმძიმის 32 ათასი დანაშაული აღირიცხა, თითქმის ორჯერ მეტი, რაც 2003 წელს. ამ ცვლილებას ხელისუფლება დანაშაულის რეგისტრაციის სისტემის შეცვლასა და პოლიციის ეფექტიანობის გაზრდას უკავშირებს.