მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

წყალდიდობა, ფეხბურთი, მილანი, ეკონომკლასი და "ვალინკები"

სათაურში ჩამოთვლილი სიტყვებიდან ერთმანეთს ბუნებრივად, შეიძლება, მხოლოდ ორი სიტყვა, "ფეხბურთი" და "მილანი" დაუკავშიროთ, თორემ დანარჩენების ერთმანეთთან დაკავშირება აშკარად გაგიჭირდებათ, ვიდრე კიდევ ერთ მაგიურ სიტყვას არ გაიხსენებთ - "მიშა". ჰო, როდესაც საქმე ჩვენს პრეზიდენტს ეხება, იქ უკვე უცნაურად არაფერი მოჩანს. უბრალოდ, ამ კვირაში მას ცოტათი არ გაუმართლა.

როდესაც იგი წყალდიდობის და ხუთი ადამიანის დაღუპვის მეორე დღეს სლოვენიაში, 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა, უმადურებმა უკვე მაშინ დაიწყეს ბურტყუნი: აქ წყალდიდობა იყო, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ამას კიდევ ფეხბურთზე რა უნდოდაო. ვითომ ფეხბურთი მნიშვნელოვანი არ იყოს! მერე რა, რომ ბავშვები თამაშობდნენ. რა პრეზიდენტის ბრალია, თუ საქართველოში ფეხბურთს ნორმალურად მხოლოდ ბავშვები თამაშობენ. ვითომ იმ ბიჭებს პრეზიდენტის მხარდაჭერა აწყენდათ? მართალია, აქ ზოგიერთები ისეთი უმადურებიც გამოჩნდნენ, გაიძახოდნენ, ის თამაში იმიტომ წავაგეთ, პრეზიდენტი რომ ჩავიდა, რამეთუ თარსიაო, მაგრამ ჩვენ ხომ ცრურწმენების არ გვჯერა?! პრეზიდენტი რა შუაშია, როდესაც რუმინელმა მსაჯმა ისეთი საქმე დაგვმართა, მიშა კი არა, ბარაკ ობამაც ვეღარ გვიშველიდა. მიშას ლანძღვა მონაგონია იმასთან, რაც ამ მსაჯს ქართველმა გულშემატკივრებმა უქნეს. "ფეისბუკში" მისი გვერდი იპოვეს და იქ ისეთი რამეები დაუწერეს, მტერს და ავს.

თუმცა ჩვენ ისევ ჩვენს პრეზიდენტს დავუბრუნდეთ, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვი, ამ კვირაში აშკარად ბედი არ სწყალობდა. ჯერ იყო და ეგონა, ფეხბურთს ჩვენები მოიგებდნენ და ამაზე დიდ პიარს გაიკეთებდა, მაგრამ რუმინელმა მსაჯმა მის და ჩვენს ცოდვაში ერთნაირად ჩადგა ფეხი, მერე კი, როდესაც დარდის გასაქარვებლად მილანში გაემგზავრა, ვიღაცამ ფოტოები გადაუღო.  არ დაინდეს ჩვენი პრეზიდენტი! არადა, სულ ტყუილად გგონიათ, რომ ის იქ ძვირად ღირებული საათის საყიდლად ჩავიდა, ან წყალდიდობით და საფეხბურთო მატჩით მოგვრილი დარდების გასაქარვებლად. როგორ გეკადრებათ! მე ვიცი, იქ რისთვისაც ჩავიდა. რა საათი, რა დარდები, სააკაშვილი მილანში "ვალინკების" საყიდლად ჩავიდა. თბილისში მოსულმა წვიმამ მას აჩვენა, რომ თუ პრეზიდენტს კარგი "ვალინკები" არ აქვს, კაპიკია მისი ფასი. კარგ "ვალინკებს" კი ასე მარტივად ვერ იშოვი. კარგი "ვალინკის" ძებნაში პრეზიდენტმა შეიძლება ნახევარი მსოფლიოც კი შემოიაროს. პრეზიდენტია, ქვეყნის სახეა და უბრალო "ვალინკებით"  ხომ ვერ გამოჩნდება. მოუმზადებელი შეხვდა ჩვენი პრეზიდენტი ამ წყალდიდობას. წყალდიდობის ეპიცენტრში ბოტასებით ხომ არ მივიდოდა, წესიერი "ვალინკები" კი მთელ ქვეყანაში ვერსად იპოვეს. პრეზიდენტის ჩაცმულობა კი ქვეყნის პრესტიჟზე აისახება. ამიტომაც გაემგზავრა სასწრაფოდ მილანში. რა ქნას, ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი მისი გასაკეთებელია, საპრეზიდენტო "ვალინკებიც" კი მისი საყიდელია. სამაგიეროდ, აწი აღარ შევრცხვებით. მილანში ნაყიდი "ვალინკი" სულ სხვა დონეა!

P.S. ისე, ბედის ირონია კია, შენს თანაგუნდელებს საქვეყნოდ რომ უსაყვედურებ, მივლინებაში ამდენი რატომ მიდიხართ, სეირნობა ხომ არ მოგინდათო, მერე ოპოზიციას ამასხარავებ, ეგენი ჩემი მთავრობის წევრებისგან განსხვავებით ეკონომკლასს კი არ კადრულობენ, მხოლოდ ბიზნესკლასში სხდებიანო და შემდეგ რამდენიმე დღეში მილანში, სპეციალურად საშოპინგოდ ჩასულს გამოგიჭერენ. ჩემთვის კი ყველაზე საინტერესო ამ ამბავში მაინც ისაა, ვინ გადაუღო პრეზიდენტს ეს ფოტოები, ვინ სდია მილანის ქუჩებში ისე, რომ დაცვამაც კი ვერ შეამჩნია. კარგად კი უმუშავია!