"ილია II ბაქოში რუსეთის პატრიარქს შეხვდება" - კვირის პალიტრა

"ილია II ბაქოში რუსეთის პატრიარქს შეხვდება"

ალი ბაბაევი: "მკერდით დავიცავთ კათოლიკოს-პატრიარქს"

"დედაჩემი, მუსლიმანი, წმინდა გიორგის ევედრებოდა ჩვენს გადარჩენას"

"ლევან მამალაძის ხელის ბიჭებიც დღეს სააკაშვილის ხელისუფლებას ემსახურებიან"

KvirisPalitra.Geსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი კირილი მიწვეული არიან ბაქოში დაგეგმილ კავკასიის მუსლიმანთა შეიხის ფაშა-ზადეს 60 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. "საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის" თავმჯდომარე ალი ბაბაევი ვარაუდობს, რომ პატრიარქზე გაშმაგებული იერიში ამ ვიზიტსაც უკავშირდება.

- თქვენი ორგანიზაციის შესახებ დიდი მითქმა-მოთქმაა როგორც ქართულ, ისე უცხოეთის მედიაში. რა მიზნით შეიქმნა "საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი"?

- საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მხოლოდ არჩევნებისას ახსენდებათ, დაპირებებს უხვად ურიგებენ, შემდეგ კი არაფერს უსრულებენ. ამის გამო აზერბაიჯანელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ქვეყანას ტოვებს, მიდის აზერბაიჯანსა თუ თურქეთში, არადა, საქართველო სამშობლოდ მიგვაჩნია, ამ მიწაზე დავიბადეთ და გავიზარდეთ. ასე რომ, კონგრესის მიზანი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ქართველ საზოგადოებასთან ინტეგრირებაა. შექმნილი სიტუაცია იმის ბრალიც არის, რომ დეპუტატებად ირჩევენ, უფრო სწორად, ნიშნავენ აზერბაიჯანელებს, რომლებმაც ქართული არც კი იციან. რომელ სახელმწიფოში ხდება ის, რომ კანონმდებელმა, პარლამენტის წევრმა სახელმწიფო ენა არ იცოდეს? ამჟამინდელი პარლამენტის წევრებმა - რამინ ბაირამოვმა, აზერ სულეიმანოვმა, ისვასან შამილოვმა ქართული არ იციან, ანუ არც ის იციან, რა კანონებს განიხილავენ და პირდაპირ იღებენ.

- თქვენ შესანიშნავი ქართულით მეტყველებთ, თქვენი თანამოქალაქეებისთვის რატომ რჩება გადაუჭრელ პრობლემად სახელმწიფო ენის შესწავლა?

- რა განათლების რეფორმაზეა ლაპარაკი, როცა სახელმწიფო პროგრამით აზერბაიჯანულ სკოლებში ქართულ ენას კვირაში სულ 2-3 საათი ეთმობა?!

ამ პრობლემისადმი დიდი ინტერესი გამოხატა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, მან იკითხა: რა უშლით ხელს აზერბაიჯანული წარმოშობის სახელმწიფო მოხელეებს ქართული ენის სწავლაშიო? და როცა მიზეზად სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლების დაბალი დონე დაუსახელეს, ამ საქმისათვის 300 ათასი დოლარი გამოყო. ამ თანხით ქვემო ქართლის სკოლებში ქართული ენის დამატებითი გაკვეთილები ტარდება.

ვისაც აზერბაიჯანელთა კონგრესის მიმართ კითხვები უჩნდება, მინდა ვუთხრა, რომ აგვისტოს ომის დროს ჰუმანიტარული დახმარება გორსა და ატენის ხეობის სოფლებში ჩვენც ჩავიტანეთ. როცა სოფელ თედოწმინდაში მივედით, ალყაში მოქცეულ მოსახლეობას ლუკმაპურიც აღარ ჰქონდა, - იქ ერთად ცხოვრობენ ქართველები, აზერბაიჯანელები, ოსები.

- რით ახსნით, რომ აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში ხმას ტრადიციულად სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას აძლევენ? ყოველ შემთხვევაში, ოქმებით ასე ჩანს.

- დღეს საქართველოში მხოლოდ 180 ათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს, საარჩევნო სიებში კი ძველებურად, 300 ათასი ამომრჩეველია აღრიცხული! ამ რეგიონებში გამგეობები, ყველა სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, პოლიციის თანამშრომლები უკვე პროფესიონალ გამყალბებლებად იქცნენ. ლევან მამალაძის ხელის ბიჭებიც კი დღეს სააკაშვილის ხელისუფლებას ემსახურებიან.

- თქვენ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მისი წინამძღოლის, ილია მეორის ირგვლივ ატეხილი მორიგი აჟიოტაჟის გამო...

- უსაფუძვლო ლაპარაკი არ მჩვევია. მცხეთაში დავიბადე და გავიზარდე, წმინდა გიორგის ეკლესიის სიახლოვეს, - როცა მე ან ჩემი ძმა ავად გავხდებოდით, დედაჩემი, მუსლიმანი, წმინდა გიორგის ევედრებოდა ჩვენს გადარჩენას. ეკლესია ღმერთის სახლია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყველასთვის უაღრესად პატივსაცემი ადამიანია. კავკასიის მუსლიმანთა შეიხმა ფაშა-ზადემ თქვა, - ილია მეორე არა მარტო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია, ის მთელი კავკასიის ხალხთა სულიერი მამააო. უახლოეს ხანში ფაშა-ზადეს 60 წელი უსრულდება. 4 ნოემბერს ბაქოში ეს თარიღი საზეიმოდ აღინიშნება და ილია მეორე მიწვეულია, როგორც ყველაზე საპატიო სტუმარი! ბაქოში ვიყავი, როცა იქ ილია მეორე ჩაბრძანდა მართლმადიდებელი ეკლესიის კურთხევაზე, იცით, რამდენი მუსლიმანი მოვიდა მის სანახავად?!  რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, მე, მუსლიმანს, ძალზე მაშფოთებს! ჩემი ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბაქოში ვიზიტისას შეხვდება მუსლიმანური სარწმუნოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, ასევე სრულიად რუსეთის პატრიარქს, კირილს და მავანმა სწორედ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ კიდევ უფრო გააძლიერა აღვირახსნილი კამპანია ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ დღეს მხოლოდ ილია მეორეს აქვს რუსეთთან ურთიერთობის ბერკეტი. რუსეთში მცხოვრები როგორც ქართველები, ისე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები გვირეკავენ და გვეუბნებიან, პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჩვენდამი დამოკიდებულება ძირეულად შეიცვალაო.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ მკერდით დავიცავთ კათოლიკოს-პატრიარქს.

ნინო კვიტაშვილი