საიდან იხსნება ყველაზე მეტი ფული? - კვირის პალიტრა

საიდან იხსნება ყველაზე მეტი ფული?

"დედაქალაქის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ჩადებული თანხები წინასაარჩევნოდ გაქრა"

მას შემდეგ, რაც თბილისის შუაგულში ღვარცოფმა 5 კაცის სიცოცხლე შეიწირა,  ყველამ მიზეზის ძებნა დაიწყო. დედაქალაქის  მერმა და ქვეყნის პრეზიდენტმა უბედურების სათავედ კოლექტორებთან უნებართვოდ გაშენებული ბარაკები დაასახელეს და ახალი სლოგანიც გამოაცხვეს: "თბილისი ბარაკების გარეშე!". თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლებას სიღარიბე თითქმის დამარცხებული ჰგონია, ახალი სლოგანი ძველის ("თბილისი სიღარიბის გარეშე") ოდნავ სახეცვლილი ვარიანტია, თავისთავად ბარაკების არსებობა კი კეთილდღეობაზე ნამდვილად არ მეტყველებს. ოპოზიციამ უბედურების მიზეზად სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების გაუმართაობა დაასახელა. არადა, გაირკვა, რომ ამ საქმისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში 10 მილიონი ლარი დახარჯულა(?!). "შესრულდა თუ არა ამ თანხის ადეკვატური სამუშაო, როდის გამოიცვალა კოლექტორები და პერიოდულად წმენდდნენ თუ არა? ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ მამაზეციერმა ან თავად გიგი უგულავამ იცის!" - აცხადებს საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი:

- ახლახან მერიას მივმართე ამ კითხვებით, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ჩვენ მხოლოდ ის ციფრები ვიცით, რაც ქაღალდზეა ასახული, შესრულებულ სამუშაოზე წარმოდგენა არა გვაქვს. ცხადია, თუ შესრულების ანგარიში არ არსებობს, ვერასოდეს დავითვლით, რისთვის რა თანხა დაიხარჯა. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, გამოცხადებული ტენდერები და მერიის ფავორიტ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებია. გაირკვა, რომ 2008 წლიდან დღემდე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოსაწესრიგებლად 10 მილიონ ლარამდე დახარჯულა. ამჟამად შპს "თბილსერვისჯგუფთან" გაფორმებული კონტრაქტი მოქმედებს (რომელიც ზემოთ აღნიშნული სისტემის გამართვა-მოწესრიგებაზეა პასუხისმგებელი) და მას ვადა 2012 წლის 31 დეკემბერს ეწურება. ამ დოკუმენტს ერთი მხრივ ქალაქის მერი აწერს ხელს, მეორე მხრივ კი თორნიკე შიოლაშვილი (თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი). სწორედ ეს უკანასკნელი მართავს "თბილსერვისს" და ამ კომპანიის ასპროცენტიანი წილის მფლობელი ისევ თბილისის მერიაა(!). მოკლედ, სახელმწიფო ფული ერთი ჯიბიდან მეორეში გადადის. სქემა იგივეა, რაც "გრინსერვისთან" (იხ. "კვირის პალიტრა" #20).

მერიაში ჩინოვნიკები იზრდებიან, ფრთიანდებიან და როცა უკვე ხელისუფლების ნდობას მოიპოვებენ, ბიზნესში გადადიან, შემდეგ კი სწორედ მათი კომპანიები იგებენ დიდბიუჯეტიან ტენდერებს.

არავინ იცის, რა სამუშაოები ჩაატარა "თბილსერვისმა" იმისთვის, რომ ასეთივე პრობლემა არ შექმნილიყო, ხანმოკლე წვიმის გამო ღვარცოფი არ წარმოქმნილიყო და ადამიანების სიცოცხლე არ შეეწირა. ვერავინ გვითხრა, ბოლოს როდის გაიწმინდა კოლექტორები ან როდის გამოიცვალა და ა.შ. შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოვითხოვე, მერიამ კი დოკუმენტი საგულდაგულოდ დამალა. ეს ძალიან მარტივი ტესტია კორუფციაზე: ყოველთვის, როცა თანხები არასწორად იხარჯება, ხელისუფლება ინფორმაციას მალავს!

სხვათა შორის, არაპირდაპირი დანიშნულების ტენდერებიც იყო გამოცხადებული თბილისის ცალკეულ უბანში მიწისქვეშა მოწყობილობების გასამართავად და საკანალიზაციო, სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციოდ. მაგალითად გლდანის ნაგავსაყრელის გადატანის მიზნით გამოცხადებული ტენდერიც გამოდგება, რომელიც თურმე ზემოთ დასახელებულ სამუშაოებსაც ითვალისწინებდა. როგორც მახსოვს, ეს ტენდერი შპს "ალიანსმა" მოიგო და სახელმწიფოსგან სოლიდური თანხა მიიღო. "ალიანსიც" მერიის ფავორიტი კომპანიაა, 22 ტენდერშია გამარჯვებული. როგორც გაირკვა, "ალიანსი" კონტრდაზვერვის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს კეთილგანწყობითაც სარგებლობს. გაცილებით მარტივია, როგორც გიგი უგულავასთვის, ასევე მიხეილ სააკაშვილისთვის, ყველაფრის გაჭირვებული მოსახლეობისთვის დაბრალება და მათი დადანაშაულება.

ფარსი და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა სააკაშვილის მგზნებარე სლოგანი "თბილისი ბარაკების გარეშე!" შეგახსენებთ, ვიდრე ხელისუფლება შოკში იყო, საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელმა სიმართლე განაცხადა, კოლექტორის დაზიანებამ გამოიწვია ტრაგედიაო. შემდეგ კი, როცა ხელისუფლება გონს მოეგო, ამ უბედურებაზე პასუხისმგებლობა გაჭირვებულ მოსახლეობას დააკისრა.  ცხადია, უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, რომელიც ნაცვლად იმისა, ბარაკებში მცხოვრებთY ალტერნატივას სთავაზობდეს, პირიქით, ეჩხუბება!

- თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლის დანგრევა ხელისუფლებას სულაც არ გასჭირვებია და ბარაკებს რით ვეღარ მიხედა?

- ხელისუფლებამ უკანონოდ დაანგრია არა მხოლოდ ეგ სახლი, არამედ ხელაღებით ხელყო არაერთი კერძო საკუთრებაც. მაშინ მერი გაიძახოდა, ქალაქი დამახინჯებისგან უნდა ვიხსნაო. როცა ხელისუფლება თავად არის დაინტერესებული, სხვისი ქონების ხელყოფა არ უჭირს.

- ხომ არ იცით, კრწანისის რეზიდენციასთან როდის გაკეთდა ე. წ. ხელოვნური ტბა და საერთოდ, ვის მიჰყიდეს ეს ტერიტორია?

- როგორც ამბობენ, იქ ადრეც იყო ხელოვნური ტბა, მხოლოდ ბოლო დროს გააფართოეს. ეტყობა, ვერ გათვალეს ის საფრთხე, რაც შეიძლება ტბის ადიდებას მოჰყვეს.

- ამ ტრაგედიის შემდეგ საკრებულომ საბიუჯეტო ცვლილება განიხილა, რომლის თანახმადაც მერიის სარეზერვო ბიუჯეტს 3 მილიონი დაემატა. ამ საკითხმა საკრებულოში აჟიოტაჟი რატომ გამოიწვია?

-  მთელ ამ ამბავში ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც ყურადღება რატომღაც არც ერთმა მედიასაშუალებამ არ გაამახვილა. დედაქალაქის ბიუჯეტში გაწერილია სხვადასხვა ხარჯი. იმ გრაფაში, რომლის გასწვრივაც სიტყვა "სხვადასხვა"  წერია, ლამის ნახევარი ბიუჯეტის ტოლი თანხაა გაწერილი. ადრეც ვეჭვობდით, რომ ეს თანხა არჩევნებისთვის იყო განკუთვნილი. ეს რომ განვაცხადეთ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იუარა, რას ამბობთ, დედაქალაქში უამრავი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს და სხვადასხვა ხარჯი ბიუჯეტში ამ მიზნით არის გათვალისწინებულიო. ახლა, როცა ღვარცოფმა სახლები წალეკა, 3 მილიონი გაუთვალისწინებელ ხარჯებში რატომღაც არ აღმოჩნდა(?!). საკრებულოში შემოვიდა განსახილველად ცვლილება, რომლის თანახმადაც, 3 მილიონი უნდა მოაკლდეს "ძველი თბილისის სიცოცხლის" პროექტს და დაემატოს მერიის სარეზერვო ფონდს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის ნახევარი, რაც სხვადასხვა ხარჯის სახით არის გაწერილი, არჩევნებისთვის სჭირდებათ. ამიტომაც ერთ თეთრსაც არ აკლებენ.

საკრებულოს სხდომაზევე დავინტერესდი, რა ზარალი აღწერა თბილისის მერიამ ტრაგედიის შემდგომ და რატომ მიიჩნია 3 მილიონი საკმარისად? ვიკითხე, არსებობს თუ არა ხარჯთაღრიცხვა, სადაც გაწერილია, თუ რა თანხით ანაზღაურდება ზარალი, რა გაიცემა კომპენსაციად და ა.შ. ხელისუფლებამ ქაღალდის ერთი ნაგლეჯიც კი ვერ წარმოადგინა. ამ ფულს განსაკარგავად გამგებლებს გადასცემენ, საბოლოოდ კი ალბათ ისევ ვერ გავიგებთ, მიზნობრივად დაიხარჯება თუ არა...

- თქვენი აზრით, ყველაზე დიდი თანხები მაინც საიდან იხსნება?

- გზებისა და გვირაბების მშენებლობაში, რისი გაკონტროლებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. იქნებ ვინმემ ახსნას, რა დანიშნულების სამუშაო მიმდინარეობს ელბაქიძის  დაღმართთან? ამბობენ, გზის სავალ ნაწილს ვაფართოებთო, მაგრამ როგორ, ეს ცალკე საკითხია. სინამდვილეში არც არაფერი იცვლება და გზის სავალი ნაწილი რამხელაც იყო, იგივე რჩება. მე თუ მკითხავთ, უფრო პრობლემური სხვა ადგილები იყო. 23 მილიონია გამოყოფილი ვერის ხევიდან ბახტრიონზე (იპოდრომის ტერიტორიაზე) გამავალი გვირაბის მშენებლობისთვის. ამ შემთხვევაშიც ძალიან რთულია შესრულებული სამუშაოსთვის გაწეული თანხის დათვლა.

"კვირის პალიტრასთან" ვაცხადებ, - ყველა გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერებისა და გამარჯვებული კომპანიების შესახებ ინფორმაციას ძალიან მალე გამოვააშკარავებ. ვიცი, რომ უზარმაზარი თანხებია და ძალიან ბევრი უცნაური ტენდერიც არის გამოცხადებული. მაგალითად, ერთი ბანერის გასაკრავი კონსტრუქციის დამზადება-დამონტაჟებისთვის 30-ათასლარიანი ტენდერი გამოაცხადეს(?!). ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრთან, ე. წ. გოფილექტის ბაღში, ქვაფენილიანი ბილიკებისა და ბორდიურებისთვის ერთმანეთის მიყოლებით ორი ტენდერი გამოცხადდა, პირველი - 7 მარტს, მეორე - 25 მარტს. ამ სამუშაოების შესასრულებლად სულ 700 ათასი ლარია გამოყოფილი. ქვეყანაში, სადაც ბარაკებში ცხოვრობს ხალხი, ამხელა თანხა ბილიკების მოსაპირკეთებლად უნდა იხარჯებოდეს? ბარაკი ხომ სიღარიბეა, რომელთან ბრძოლაც ხელისუფლებამ პრიორიტეტად დასახა?!

- ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის ხარჯვასთან მიბმა მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. ამ გზით მერიის ბიუჯეტში რამდენად მეტი თანხა შევიდა და რაზე დაიხარჯა?

- ბიუჯეტში დედაქალაქის დასუფთავებისთვის იმაზე ნაკლები თანხაა გათვალისწინებული, ვიდრე ნაგვისა და ელექტროენერგიის გადასახადების ერთმანეთზე მიბმამდე იყო. ეს გვაფიქრებინებს, რომ მერიამ გადასახადის გაზრდით იხეირა, თუმცა ამჯერად ზუსტი ციფრების დასახელება გამიჭირდება. ახლა მერია გეგმავს, გადასახადის ამკრეფი სექტორი განაკერძოოს. მოკლედ, ამ სისტემის ქსელის პრივატიზაცია მოხდება და ახალგამომცხვარ კომპანიას, სავარაუდოდ, ხელისუფლების რომელიმე სანდო პირი ჩაუდგება სათავეში, რომელიც დიდი ალბათობით ყოფილი ჩინოვნიკი იქნება. მოკლედ, დედაქალაქის მერი ორ კურდღელს ერთად იჭერს, - ერთი მხრივ, მოსახლეობას გადასახადს უძვირებს, მეორე მხრივ კი აკრეფილი ფულის კერძო კომპანიის ყულაბაში ჩასაყრელად ამზადებს...