"უსაზღვროდ" გასხვისებული საქართველო - კვირის პალიტრა

"უსაზღვროდ" გასხვისებული საქართველო

26 მაისს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის 22-ე წლისთავს აღნიშნავს, ალბათ არავის გაახსენდება, რომ ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს დამტკიცებული საზღვრები, ის, რაც თავის მხრივ მის სახელმწიფოებრივ სტატუსს უნდა განამტკიცებდეს. ერთადერთი, უწყვეტი გამყოფი ზოლი მხოლოდ თურქეთთან გვაქვს. მეზობელ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან საზღვრის ნაწილი შეუთანხმებელია, სპეციალური კომისიების მუშაობა კი ამ საკითხზე დაუსრულებლად გრძელდება.

"კვირის პალიტრა" წარსულშიც არაერთხელ ეცადა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან და საზღვართან დაკავშირებული საკითხების დეტალურ გაანალიზებას, გამოსავლის გზებზეც ბევრი ითქვა. ამჯერადაც მეცნიერების ფონდ "უდაბნოს" თავმჯდომარე, ისტორიკოს ლადო მირიანაშვილთან ერთად შევეცდებით ავხსნათ როდის და როგორ წარმოიშვა სასაზღვრო პრობლემა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და არსებობს თუ არა გამოსავალი?

ნაღმი გასაბჭოებამდე ჩაიდო

პრობლემა სათავეს მეფის რუსეთიდან იღებს, როდესაც ეთნიკურ ბალანსს ხელოვნურად არღვევდნენ და ტერიტორიების დანაწილებას ცდილობდნენ. რევოლუციის შემდეგ კი ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა უფრო თამამად წამოუყენეს. პირველი მსხვერპლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი აღმოჩნდა. აზერბაიჯანის ხელისუფალთაგან წაქეზებულმა მწყემსებმა, რომლებიც ცხვარს საქართველოს კუთვნილ ყარაიის ველზე აძოვებდნენ, ააოხრეს უდაბნოს მონასტერი (ერთ-ერთი იმ სამი ძირძველი ქართული მონასტრიდან, რომლებიც საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული საზღვრის მიხედვით აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიაზეა) და წმინდა დავითის ლავრა. ამის შესახებ დავითგარეჯის უდაბნოს წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი გერმოგენი წერდა გაზეთ "საქართველოს"»ფურცლებზე: "იანვრის ათს დავით-გარეჯის უდაბნოს დაეცა თათრების (იგულისხმება აზერბაიჯანელები. - ავტ.) შეიარაღებული რაზმი. მათ თან ახლდნენ უიარაღონიც. გაძარცვეს უდაბნო, გახრწნეს, ბერები დალახეს, ყარაულს იარაღი აჰყარეს და უწყალოდ სცემეს, დაამტვრიეს და მილეწ-მოლეწეს კანდელები, ტრაპეზები, ხატები.  სიმდიდრე ხომ წაიღეს, შეაგინეს, შეურაცხყვეს. ეს არ აკმარეს. აიღეს ჩვენივე, ბერების წერაქვები და ჩვენ თვალ წინ დაანგრიეს, დალეწეს, ლუკმა-ლუკმა აქციეს ტაძრების კანდელები, ტრაპეზები, ხატები, გააფუჭეს გამოკვეთილებში მხატვრობა, თითქოს განგებ შემოსევია ვინმე და დაუვალებია, ყოველივე ნიშან-წყალი გაექროთ ძველის ქართული კულტურისა. ეს ადგილები ჩვენია, - გვიყვიროდნენ ისინი შეკითხვაზე, - მთავრობამ ჩვენ გვაკუთვნა, როგორც გვსურს, ისე მოვიხმართო; გვნებავს დავანგრევთ, გვნებავს - დავწვამთო".»

ამიერკავკასიის კომისარიატს დავითგარეჯაში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია, დამნაშავეები არ დაუსჯიათ(!).

ომი საზღვრების მისატაცებლად

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. 4 ივნისს კი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ გაავრცელა საპროტესტო განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სადავო საკითხები აზერბაიჯანსა და სომხეთს თურქეთის ჩარევის გარეშე, თბილისში უნდა დაესვათ, ხოლო საქართველოს მონაწილეობის გარეშე თურქეთთან მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება ქართული მხარისთვის მისაღები და სავალდებულო ვერ გახდებოდა.  1918 წლის 14 ივნისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი მ. გაჯინსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავდა: "საქართველოს მთავრობამ, მიაჩნია რა, რომ ბორჩალოს მაზრა მისი ტერიტორიაა, იქ ქართული ჯარი და გერმანული რაზმი შეიყვანა, თითქოსდა, გასაწმენდად. იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანად მუსლიმებით დასახლებული ბორჩალოს, თბილისისა და სიღნაღის მაზრების წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს სურვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე, ჩემი მთავრობა პროტესტს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის ზემონახსენები განკარგულების წინააღმდეგ" 17 ივნისს ნოე რამიშვილის ხელმოწერით გაგზავნილ საპასუხო წერილში ვკითხულობთ: "ბორჩალოს მაზრა ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიას და არასდროს გამხდარა კამათისა და ეჭვის საგანი... იმედს გამოვთქვამ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა მომავალში არ დაუშვებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობას."

ბედოვლათობის შედეგი

საქართველოსთვის ტერიტორიული პრეტენზიების წაყენების პროვოცირებას არცთუ იშვიათად ჩვენივე ქვეყნის ხელმძღვანელობა იწვევდა, რომელიც 1917 წლიდან ჰპირდებოდა მეზობელ ქვეყნებს, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენელთა მიერ კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიებს გადასცემდა. ამის თაობაზე წერდა მ. ადამაშვილი (მიხეილ ჯავახიშვილი) გაზეთ "საქართველოს"1918 წლის 28 იანვრის ნომერში: "ჩვენი ბრმა და ყრუ მთავრობა აპირებს უცხოელებს დაუთმოს საქართველოს ყელი და მთავარი ძარღვები. ყარაიაზის ამბები, დავითგარეჯა, აბასთუმანი და დარიალი მხოლოდ ცდა იყო ჩვენი ძალისა." ერთ-ერთი სავალალო შედეგი იყო ის, რომ სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისას საქართველოს მთავრობამ,  მოგებული ომის მიუხედავად, სომხეთს ჩვენი ქვეყნის ისტორიული ტერიტორია დაუთმო. სწორედ ამ უგუნურ ნაბიჯზე წერდა გენერალი გიორგი კვინიტაძე:«"რა შედეგს მივაღწიეთ სომხეთთან მოგებული ომით? გამარჯვების შემდეგ დავთმეთ ის, რაც ომამდე ჩვენი იყო და სადავო გავხადეთ ის, რაც ჩვენს განუყოფელ ტერიტორიად მიგვაჩნდა. ჩვენი მეომრების მიერ დაღვრილი სისხლი ღირდა იმად, რომ სათანადოდ დაფასებულიყო, ჩვენს დიპლომატებს კი ერის ინტერესების შესაბამისად ემოქმედათ."

1918 წლის 7 თებერვალს, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე საქართველოს ისტორიული საზღვრების საუკეთესო მცოდნემ, ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა პავლე ინგოროყვამ წაიკითხა მოხსენება საქართველოს ისტორიული საზღვრების შესახებ. ის ძალას არ იშურებდა მეცნიერულად დაესაბუთებინა საქართველოს იმ დროს არსებული საზღვრების ისტორიული წარმომავლობა და დაერწმუნებინა პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელი პირები არსებული დემარკაციის ხაზის შენარჩუნების აუცილებლობაში. სამწუხაროდ, მისმა მცდელობამ ამაოდ ჩაიარა.

ისტორიული მასალები მოწმობს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრების გარკვევის საკითხში საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებამ სხვადასხვა დროს  დიდი შეცდომები დაუშვა, შედეგად მივიღეთ ის, რომ 1921 წელს მოსულმა ბოლშევიკურმა მთავრობამ ზერბაიჯანელ მწყემსებს საძოვრებად დაუთმო მონასტრის მიმდებარე უზარმაზარი ტერიტორიები.

საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ამბოხის შემდეგ«მრისხანე ბატონმა - მოსკოვმა, თავნება«ყმის»+- საქართველოს სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა: ამავე წლის 20 ნოემბრის დადგენილებით, შერეული კომისიის მიერ 1921 წლის 8 ნოემბერსა და 1922 წლის 28 იანვარს დადგენილი საზღვრები რეალურად განმტკიცდა - აზერბაიჯანის მფლობელობაში გადავიდა ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრები მთლიანად და ჩიჩხიტურის მონასტრის ის ნაწილი, რომელიც უდაბნოს ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. 1938 წელს აზერბაიჯანს საბოლოოდ დაუმტკიცდა აღნიშნული ტერიტორიები.

დამღუპველი გულგრილობა გრძელდება

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის არსებული საზღვრების დადგენის აუცილებლობის მიზნით შეიქმნა სახელმწიფო საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისია. სამწუხაროდ, პრიორიტეტთა რიგში დავითგარეჯის მონაკვეთი არ აღმოჩენილა. 1995 წლის ივნისში დავითგარეჯის საზღვრის მოწესრიგებასთან დაკავშირებით მეცნიერების ფონდმა "უდაბნომ" განცხადებით მიმართა საქართველოს სასაზღვრო ჯარის შტაბს, რომლის წარმომადგენელიც გარეჯის მონაკვეთზე დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე მუშაობდა.  აღმოჩნდა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია უდაბნოს ქედის სამხრეთ ფერდობზე ქართული მონასტრების - უდაბნოსა და ჩიჩხიტურის არსებობის შესახებ(?!). მიზეზი, ალბათ ის იყო, რომ სამხედრო რუკებზე,  ჩიჩხიტურის მონასტრის ადგილას დატანილია მხოლოდ კოშკის ნიშანი, უდაბნოს მონასტრის ადგილზე კი აღნიშნულია ერთეული გამოქვაბული მონასტრის სახელის მითითების გარეშე. მოლაპარაკებათა განსაზღვრულ ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ საკონსულტაციოდ მიიწვია ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი, დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის მთავარი არქიტექტორი თემურ აბრამიშვილი, რომელმაც კომისიას წარუდგინა დავითგარეჯის მონაკვეთზე საზღვრის მოწესრიგების მისეული პროექტი, რომლის თანახმად, საზღვარი ისე იყო გატარებული, რომ არა მხოლოდ ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრები, არამედ ბერთუბნის მონასტერიც, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში ორი კილომეტრით არის შეჭრილი, საქართველოს მხარეს უნდა დარჩენილიყო. პროექტით გათვალისწინებული იყო აზერბაიჯანის მიერ დათმობილი ტერიტორიის კომპენსირება შესაბამისი ფართის სახნავი მიწებით. ამის შემდეგ, რვა წლის განმავლობაში  საქართველოს მხრიდან გარეჯის პრობლემის მოსაგვარებლად არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგა. 2003 წელს აღმოჩნდა, რომ აბრამიშვილის პროექტი კომისიის არქივში გაქრა... ამ დოკუმენტის ასლი აღნიშნულ კომისიას, უკვე განმეორებით ისტორიკოსმა ლადო მირიანაშვილმა აზერბაიჯანის პრესაში დაბეჭდილ მასალებთან და მინიმეჯლისში დავითგარეჯის საზღვრის მონაკვეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებთან ერთად გადასცა. მაგრამ რეაგირება არც ამას მოჰყოლია. "ვარდების რევოლუციის"” შემდგომ მოსულმა ხელისუფლებამ კი საზოგადოება კიდევ უფრო დააფრთხო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2007 წელს განაცხადა, რომ აზერბაიჯანელ კოლეგასთან გარეჯის თემაზე შეთანხმდა, სტრატეგიული სიმაღლეები მათ დარჩებათ, სამონასტრო კომპლექსი კი ჩვენო. კულტურის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა კი განაცხადა, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი თავისუფალ ტურისტულ ზონად უნდა გამოცხადდესო. 2007 წლიდან დღემდე ქართველი საზოგადოებრიობა ინფორმაციულ ვაკუუმში მოექცა. საბოლოოდ უცნობი დარჩა რა წინადადებათა პაკეტები აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავითგარეჯის მონაკვეთზე საზღვრის გატარებასთან დაკავშირებით. არანაირ კომენტარს არ აკეთებს არც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია. ლადო მირიანაშვილი: "საუკეთესო გამოსავალია შემდეგი, საზღვრის სამხრეთით გადაწევის ხარჯზე სამივე მონასტერი გადმოდის საქართველოს მფლობელობაში. მათ შორის, აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში ორი კილომეტრით შეჭრილი ბერთუბნის მონასტერი აღმოჩნდება ერთგვარ კონცხზე, რომელზეც მოსახვედრად საქართველოს მხრიდან გასასვლელი იქნება დატოვებული.

სახელმწიფომ და საზოგადოებამ ერთად უნდა გადაწყვიტოს ბერთუბნის, ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრების შენარჩუნების მიზნით რა დაუთმოს აზერბაიჯანს".

"კვირის პალიტრამ" კიდევ ერთხელ ამაოდ სცადა აღნიშნული კომისიისგან ინფორმაციის მიღება. კომისიის წევრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ნებართვის გარეშე ჟურნალისტებთან საუბარი ეკრძალებათ. ამ სამსახურიდან ნებართვის მიღება კი პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ვიმედოვნებთ, თითქმის საუკუნოვანი პრობლემა საბოლოოდ საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდება.

"თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა..."

ილია ჭავჭავაძე

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში