7 ნოემბერს სააკაშვილი მშვიდად შეხვდება - კვირის პალიტრა

7 ნოემბერს სააკაშვილი მშვიდად შეხვდება

ოპოზიცია 7 ნოემბრისათვის ემზადება, მაგრამ მის სამზადისს ერთგვარი დაბნეულობა და პოლიტიკური დეპრესიის ნიშნები ახლავს. საცხრააპრილო აქციებისას შექმნილი მოლოდინი მიღწეული შედეგისაგან იმდენად განსხვავდებოდა, რომ ამისგან მიღებული შოკი ჯერაც თრგუნავს ოპოზიციური ბანაკის აქტივობას. მას შემდეგ, რაც რეკორდული ხანგრძლივობის აქციებმა (ოპოზიციას უყვარს ამის ხაზგასმა) სააკაშვილს გული ვერ აუჩვილა და საპრეზიდენტო სკამზე უარი ვერ ათქმევინა, ოპოზიციას თავის რწმენა შეერყა, მის თავდაჯერებას ბზარი შეეპარა. არსებობს კანონზომიერება, - რაც უფრო ირჯები წარმატებისთვის, მით მეტად მტკივნეულია მარცხი და ეს ეტყობათ კიდეც პოლიტიკურ ლიდერებს.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ყველაზე გვიან ჩაერთო  ბრძოლაში,  გაზაფხულის აქციები მისთვის ერთგვარი პოლიტიკური მოთელვა იყო. ამიტომაც ოპოზიციონერი კოლეგებისაგან განსხვავებით, შედარებით იოლად მოერია ოპოზიციის საგაზაფხულო მარცხით გამოწვეულ  ელდას. საშემოდგომო პოლიტიკურ სეზონს ის ყველაზე მომზადებული შეხვდა და ბრძოლის ხერხიც გამოკვეთა, -  ადგილობრივი არჩევნებისათვის ემზადება და პერმანენტულ აქციებზე ხელი აიღო.

სასოწარკვეთა არც ლეიბორისტებს ემჩნევათ და ამის მიზეზიც ადვილად ასახსნელია, - საგაზაფხულო აქციებზე ისინი ერთგვარად მოხალისეების როლში იყვნენ. კანტიკუნტად თუ ჩანდნენ აქციებზე და შესაბამისად, ძალებიც დაზოგეს. წინასწარი პროგნოზით, ლეიბორისტები 7 ნოემბერს ოპოზიციასთან ერთად არ აღნიშნავენ. როგორც შალვა ნათელაშვილის გუნდში განგვიცხადეს, - "სპონტანურ შეკრებებს, რომელიც ზოგიერთი სუბიექტის სააკაშვილთან შეხვედრით მთავრდება, აზრი არა აქვს". ასე რომ, სანამ ოპოზიცია პოლიტიკურ ლიდერად და საპრეზიდენტო კანდიდატად შალვა ნათელაშვილს არ აღიარებს, ლეიბორისტების თანადგომის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ეროვნული ფორუმი, რომელიც ოპოზიციურ ერთობას 24 მაისს გაემიჯნა და რეგიონებს მიაშურა, კვლავ თავისი გეგმის ერთგული რჩება. ფორუმში სჯერათ, რომ წარმატების გასაღები ეროვნული დაუმორჩილებლობაა.

საშვიდნოემბრო სამზადისის ორგანიზატორი, ისევე როგორც აპრილის აქციებისა, სალომე ზურაბიშვილია. "საქართველოს გზის" ლიდერი ოპოზიციონერ კოლეგებს 7 ნოემბრისთვის სასტუმრო "რედისონში" კონფერენციის ჩატარებას სთავაზობს და ყველა პარტიას სთხოვს, სააკაშვილის 6-წლიანი მმართველობის შედეგებზე პოლიტიკური დასკვნა წარმოადგინოს.

"არ ვაპირებ, სააკაშვილს ვაცალო. თუ ეს ხელისუფლება 2013 წლამდე დარჩა, ე.ი. კიდევ დიდხანს დარჩება. 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მნიშვნელობა აღარ ექნება", - ასეთია ერთ დროს კონსტრუქციულობით ცნობილი ნინო ბურჯანაძის პოზიცია, რომელიც შეურიგებელთა კოალიციას ქმნის და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთობასაც არ გამორიცხავს.

გასული ორი წლის განმავლობაში ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი და "ფაქტობრივად, გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატი" ლევან გაჩეჩილაძე ოპოზიციური აქტივობის ახალ ეტაპს ახალი გადაწყვეტილებით იწყებს: " აქციების დაგეგმვაში მონაწილეობას ნაკლებად მივიღებ. რამდენჯერაც დავგეგმე, ყველაფერი თავს ლაფად დამესხა". ლევან გაჩეჩილაძე აღარც სააკაშვილთან აპირებს შეხვედრას. როგორც ჩანს, ლიდერი დაიღალა. ასეა, პირველობა იოლი არ არის, მაგრამ ამ ბრძოლამ, ალბათ, გამოცდილებაც მოიტანა და იმის განცდაც, რომ რომანტიკულობა და სინდის-ნამუსი პოლიტიკოსისთვის მთავარი იარაღი არ არის.

7 ნოემბერს ხელისუფლებაც  თავისი მონაგარით, - საქართველოზე გადაღებული ჰოლივუდის ფილმით, ოპოზიციაზე წინასწარ გაპიარებული კომპრომატებითა და "უპრეცედენტო ეკონომიკური აღმავლობით"  ხვდება. და ხვდება კიდევ ერთი განცდით,  რომ ქართველი ხალხი ცემას არავის აპატიებს.

საშვიდნოემბროდ პოლიტიკურ პარტიათა საპროტესტო მსვლელობა, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ გადაინაცვლებს, მშვიდობიანი და უწყინარი იქნება. ოპოზიციას უწინდელივით არც ძალა ერჩის და მხარდამჭერთა რაოდენობაც სავარაუდოდ მოაკლდება. არასწორად დასახულმა მიზნებმა, შეუსრულებელმა დაპირებებმა და ცრუ მოლოდინმა ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი. ხელმოცარული შეიძლება შეიცოდონ, მაგრამ არ უყვართ, დამარცხებისთვის განწირულს ხომ მით უმეტეს, არ გაჰყვებიან. სანამ ოპოზიცია ხელმოცარულის სინდრომს საკუთარ თავში არ დაამარცხებს, საზოგადოების თვალში ნდობას ვერ აღიდგენს.

ამიტომაც 7 ნოემბერს სააკაშვილი, სავარაუდოდ, მშვიდად იქნება. მას არც სპეცრაზმის გამოყვანა დასჭირდება და არც ხალხზე გადავლა. მან ხომ რეკორდული ხანგრძლივობის აქციებს გაუძლო და რას დააკლებს ნოემბრის ერთი დღე ან დაქსაქსული და ნირწამხდარი  ოპოზიცია? სანამ ოპოზიციონერთა ლიდერები ერთმანეთზე ეჭვიანობდნენ და ერთიმეორეს პირველობისთვის ეცილებოდნენ, სააკაშვილმა იზრუნა, რომ მის ოპონენტებს ვერც ფული ეშოვათ და აქციების დროს სახელმწიფო დაწესებულებებთან მიახლოების რადიუსიც კი შეზღუდვოდათ. ვინ შეუშლიდა ხელს? ის პარლამენტი ხომ არა, რომელში შესვლაზეც ოპოზიციამ ნებაყოფლობით თქვა უარი? წარმატების მიღწევას დიდი გარჯა და ზოგჯერ ავანტიურისტობაც სჭირდება. ოპოზიციამ ერთ-ერთი ხერხი უნდა აირჩიოს.

დღეს კი რეალობა ასეთია - ოპოზიციას ოქროს თევზი (ანუ შანსი) ხელიდან ისე გაუსხლტა, რომ სურვილის ასრულების თხოვნაც კი ვერ მოასწრო.