"ეს უმძიმესი დღე იყო ქვეყნისთვის და უპირველესად ხელისუფლებისათვის" - კვირის პალიტრა

"ეს უმძიმესი დღე იყო ქვეყნისთვის და უპირველესად ხელისუფლებისათვის"

ბოლო დროს ხელისუფლებაზე ხშირად ამბობენ, ავტორიტეტებს ერჩისო. ეს არგუმენტი ერთგვარად გაამყარა ჯერ პატივსაცემ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე საინფორმაციო შეტევამ, მერე კი რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებამ. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- სიტყვის თავისუფლება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი დემოკრატიული მიღწევაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიტყვის თავისუფლებას გარდა სამართლებრივისა, აქვს მორალური და ზნეობრივი ჩარჩოები. ვინც პატრიარქის შეურაცხმყოფელი კლიპების ინტერნეტში გავრცელებით "ერთობა", ჩემი აზრით, უზნეო და ამორალური ადამიანია. ასევე ამორალურად მიმაჩნია ყველა იმ პოლიტიკოსის საქციელი, ვინც ცდილობს ამ პირთა უზნეობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

ვგონებ საზოგადოებისათვის ნათელია სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისა და პატრიარქისადმი. ამ საკითხზე პრეზიდენტმაც გაავრცელა განცხადება და პარლამენტშიც გამოითქვა მოსაზრებები.

- ბოლო დროს საზოგადოება ავტორიტეტებზე ახალი შეტევის მომსწრე გახდა. პატრიარქის გარდა, ეს მისწვდა პაატა ბურჭულაძესაც და დირიჟორ ზაზა აზმაიფარაშვილს, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს (სავარაუდოდ, ფონდ "იავნანას" ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობისთვის) და ასევე სოხუმის თეატრის ხელმძღვანელ დიმიტრი ჯაიანს, რომელსაც სამსახურიდან წასვლაზე განცხადების ნებით დაწერა მოსთხოვეს.

- რამდენადაც ვიცი, "იავნანას" ფონდი და თავად ბატონი აზმაიფარაშვილი უარყოფენ, რომ ეს კონცერტში მონაწილეობის გამო მოხდა. პირის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება კონკრეტული სამინისტროს კომპეტენციაა. არ ვიცი და არც უნდა ვიცოდე, რატომ ინიშნება ან თავისუფლდება რომელიმე პირი თანამდებობიდან. ეს არ უნდა იყოს არც პოლიტიკური და არც პარლამენტის თავმჯდომარის კომენტირების თემა.

- ოპოზიცია აღშფოთებულია თბილისის გუბერნატორის პოსტის შემოღების პერსპექტივით, რომელიც პოლიტიკური პოსტი იქნება და თბილისის მერის გავლენას შეამცირებს.

- ვინ თქვა, რომ ხელისუფლება თბილისის გუბერნატორის პოსტის შემოღებას აპირებს? ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს პოსტი შემოდის? ჯობს უფრო სერიოზულად იმსჯელოს ოპოზიციამ. ჯერ განაცხადეს, რომ ავტორიტეტებს ვებრძვით, მერე, რომ ამა თუ იმ პირს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ თანამდებობებიდან, ახლა კი ვითომ გუბერნატორის პოსტის შემოღებას ვაპირებთ. არც ერთი ეს თემა არ არის მართალი. ოპოზიცია იმით არის დაკავებული, რომ ხელისუფლების სახელით თვითონ იგონებს რაღაც თემებს. უნდა ხალხს დაანახვოს, როგორ ებრძვიან ცუდ ხელისუფლებას. როდესაც დრო გავა და გუბერნატორის პოსტს არ შემოვიღებთ, მერე იტყვიან, გავიმარჯვეთ, ხელისუფლებამ ჩვენი აქტიურობის გამო ვერ შემოიღო ეს პოსტიო.

- რუსეთი პანკისის ხეობაზე მწვავე განცხადებებს აკეთებს, საპასუხოდ ხელისუფლება რა ღონისძიებას გეგმავს?

- პანკისში რომ არაფერი ხდება, უცხოელი დიპლომატებიც დარწმუნდნენ, როდესაც თავად ნახეს ხეობაში არსებული ვითარება.

რუსეთის ამ ბრალდებებს რომ სერიოზულად არავინ აღიქვამს, აშშ-ში ყოფნის დროსაც დავრწმუნდი. იქ შევხვდი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და საბჭოს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს, რომელთაც უსაფრთხოების თემაზე ყველა მიმდინარე ინფორმაცია აქვთ და არც ერთი მათგანი არ აღიქვამს სერიოზულად რუსეთის ბრალდებებს პანკისის ხეობაზე.

- გასულ კვირას საზოგადოებისთვის  ცნობილი გახდა IRI-ს კვლევის შედეგები, რომელიც დახურული ინფორმაციაა. გარდა ამისა, სოციოლოგების შეფასებით, ტელევიზიებით საზოგადოებას არასწორად მიაწოდეს კვლევის დროს დასმული კითხვები. ამ მანიპულაციას მიაწერენ სწორედ სააკაშვილის 68%-იან რეიტინგს.

- ეს კვლევა აშშ-ის დაკვეთით ჩაატარეს გელაპმა და  IRI-მ. არ მსმენია, კვლევის ორგანიზატორებს პრეტენზია გამოეთქვათ იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა. კვლევის კითხვები და შედეგები რომ ტელევიზიით დამახინჯებულიყო, ორგანიზატორები უთუოდ გააკეთებდნენ განცხადებას, ისინი არ დაუშვებენ კვლევის შედეგების დამახინჯებას. რაც შეეხება პრეზიდენტის გაჩენას ამ რეიტინგში, დასმული იყო კითხვა, რამდენად იწონებდა საზოგადოება სააკშვილის, როგორც  პოლიტიკოსის საქმიანობას. მოსწონს ვინმეს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. მოსახლეობის 68% იწონებს სააკაშვილის საქმიანობას როგორც პოლიტიკოსისას და პრეზიდენტისას. რატომ უნდა ამოეგდოთ რეიტინგის კვლევიდან მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გარდა იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტია, პოლიტიკური პარტიის ლიდერიცაა? ის პოლიტიკოსები, რომელთაც არ მოეწონათ კვლევის შედეგები და ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სტაბილურად ინარჩუნებს ყველაზე მაღალ პოლიტიკურ რეიტინგს ამ ქვეყანაში, სპეკულაციებს მიმართავენ, თითქოს კვლევის შედეგები დამახინჯდა.

- ოპოზიცია 7 ნოემბრისთვის ემზადება. საინტერესოა, რა განცდით ხვდება ამ დღეს ხელისუფლება, თუ აქვს თვითკრიტიკის განცდა იმის გამო, რაც 2 წლის წინ მოხდა?

- რა თქმა უნდა, გვაქვს. 7 ნოემბერი უმძიმესი დღე იყო ქვეყნისთვის და უპირველესად ხელისუფლებისთვის. ამ დღეს ხელისუფლებამ უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო და რთული არჩევანი გააკეთა. ბევრი რამ, რაც ამ განვლილ ორ წელიწადში მოხდა, 7 ნოემბრის მოვლენების კარგად გააზრებით იყო განპირობებული.  ხელისუფლებისთვის ეს დღე არის გაკვეთილი, თუ როგორ უნდა წარმართოს პროცესები, რომ აღარ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მოუხდა.

7 ნოემბერი  მძიმე და ცუდი  დღეა საქართველოს ისტორიაში და, ბუნებრივია, ხელისუფლებაც ამ განწყობით ხვდება ამ დღეს. იმედი მაქვს, წლევანდელმა გაზაფხულმა დაარწმუნა ოპოზიცია, რომ მხოლოდ აქციები არ არის საკმარისი მიზნების მისაღწევად და ხელისუფლების შესაცვლელად.  ჩვენს საზოგადოებას აქციების კარგი გამოცდილება აქვს და ისიც კარგად ახსოვს, რა დაპირებებით იწყება აქციები და რა შედეგით მთავრდება.