"პანკისში რეალურად იმყოფებიან ე.წ. ვაჰაბიტები" - კვირის პალიტრა

"პანკისში რეალურად იმყოფებიან ე.წ. ვაჰაბიტები"

"ეს არის ჯგუფი, რომელსაც დღეს მცირე გავლენაც კი არა აქვს, მაგრამ თუ მოძლიერდება, მაშინ შესაძლოა საფრთხე მართლა წარმოიშვას"

გაიტაცეს ჩეჩნეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის აჰმედ ზაკაევის ახლო ნათესავი საიდ ჰუსეინ ტაზბაევი. ერთი კვირაა, მისი კვალი ვერავინ იპოვა. ტაზბაევი თბილისში, ზაკაევის ძმის სახლში ცხოვრობდა და როგორც გაირკვა, მისი გატაცება თბილისიდან მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებული იყო და ჩეჩნური დიასპორაც ძალზე ფრთხილად ცდილობდა ზაკაევის  ნათესავის მოძებნას, ჩვენთვის ეს ამბავი მაინც გახდა ცნობილი. რა იყო აღნიშნული გატაცების მიზეზი, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" მამუკა არეშიძე ექსკლუზიურად ესაუბრა.

- საიდ ჰუსეინ ტაზბაევი, მართლაც გაიტაცეს. ეს პერსონა აჰმედ ზაკაევის მეგობარია. ისინი ერთი ტეიპის წარმომადგენლები არიან. საიდ ჰუსეინ ტაზბაევი ჩეჩნეთში ცნობილი პუბლიცისტი გახლდათ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგი ცხოვრობდა იმ სახლში, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს ზაკაევის ძმამ შეიძინა თბილისში. ტაზბაევი დაპირისპირებული იყო ჩეჩნების ერთ ჯგუფთან, რომლის წევრებიც თავს წინააღმდეგობის მებრძოლთა წარმომადგენლებად ასაღებდნენ. თუმცა, მათთან კავშირის შესახებ ინფორმაცია თავად ხელმძღვანელობამ უარყო. ეს ჯგუფი რაღაც მიზეზთა გამო ჩვენი სპეცსამსახურების ზოგიერთ თანამშრომელთან არის დაკავშირებული. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი სპეცსამსახურების ხელმძღვანელობამ არც იცის ამის შესახებ და თითო-ოროლა წარმომადგენელს მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებს და არა სამსახურებრივი. ასეა თუ ისე, ჩეჩნების ამ ჯგუფსა და საიდ ჰუსეინს შორის ურთიერთობა ყოფით ნიადაგზე დაიძაბა.  რასაკვირველია, ჩეჩნები ვერაფერს გაბედავდნენ, რაღაც ზურგი რომ არ ჰქონოდათ. საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ ამ  ტაზბაევმა შვილი საცურაო აუზზე დატოვა და წამოსაყვანად აღარ მისულა, გაქრა... ამის მერე გავიდა დაახლოებით ერთი კვირა და მისი კვალი ისევ არ ჩანს. აქაური ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები ძალზე ფრთხილად აწარმოებენ მოკვლევას. მეტს ვერაფერს გეტყვით...

- განაცხადეთ, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა... რამდენად შესაძლებელია ზაკაევის კადიროვთან მოლაპარაკებების გამო რაიმე შურისძიებას ჰქონოდა ადგილი?

- ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ინფორმაციის არასრულყოფილების გამო ცალსახა შეფასების გაკეთება არ შემიძლია. არც  იმას გამოვრიცხავ, რომ ზაკაევის ბოლო განცხადება, რაც მან გასულ კვირაში გააკეთა, სწორედ ამ გატაცებასთან იყოს დაკავშირებული. ზაკაევმა სხვათა შორის ძალზე სახიფათო ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება. მან თქვა, რომ პანკისის ხეობაში თავს იყრიან ძალები, რომლებსაც შეუძლიათ დესტაბილიზაციის გამოწვევა. ზაკაევმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს ამ ძალებთან ურთიერთობისას. ამ ტიპის ინფორმაციას უკვე კარგა ხანია ვავრცელებ, მაგრამ ზაკაევის გამონათქვამს ბუნებრივია სხვა წონა მიეცა. პანკისში რეალურად იმყოფებიან ე.წ. ვაჰაბიტები. მათ ნამდვილ ვაჰაბიტებადაც არ მივიჩნევ, რადგან ვაჰაბიტებისთვის შესაბამისი აღზრდა და განათლება არა აქვთ მიღებული. ე.ი. ისინი არ არიან ისეთები, როგორებიც არიან ვთქვათ, საუდის არაბეთში, საიდანაც მოდის ვაჰაბიზმი. ესენი არიან ფუნდამენტალური ისლამის მიმდევრები, მაგრამ ტრაგედია ამაში კი არა, კავკასიური ისლამის შევიწროებაში მდგომარეობს. წლობით დალაგებულია რელიგიური მოზაიკა ამ რეგიონში და ნებისმიერი ახალი რელიგიური მიმდინარეობის შემოსვლა (მით უმეტეს თუ ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან) იწვევს დესტაბილიზაციას. თანაც, წარმოიდგინეთ, როცა ეს ხდება ისეთ პატარა ხეობაში, როგორიც პანკისია. ეს არის ჯგუფი, რომელსაც დღეს მცირე გავლენაც კი არა აქვს, მაგრამ თუ მოძლიერდება, მაშინ შესაძლოა რეალური საფრთხე წარმოიშვას. მხედველობაში მყავს 12-კაციანი ჯგუფი. ახმეტის ადგილობრივ ხელისუფალთა შორის, ვიღაც გენიოსს თავში აზრად მოუვიდა, ხეობაზე კონტროლისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით კავშირი დაემყარებინა რომელიმე გავლენიან ძალასთან და შეარჩია მაინცდამაინც ვაჰაბიტები. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ რაიონულ დონეზე ვიღაც თანამდებობის პირებს ხელთ ეპყრათ მთელი ეკონომიკური ბერკეტები პანკისში, ხეტყის ბიზნესი, ხორცის გადამამუშავებელი საამქრო და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბევრი არ არის, მაგრამ ჩანს, მავანს დასაკარგად არ ეთმობა.

- თქვენი აზრით, პანკისში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენად ადეკვატური იყო საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, გელა ბეჟუაშვილისეული შეფასება?

- სხვათა შორის, მას არ დაუმალავს, რომ პანკისში საფრთხე არსებობს. გელა ბეჟუაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ საფუძვლიანად არ იცნობს პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას, გონიერი კაცია და სწორ დასკვნებს აკეთებს. ნუ დაგვავიწყდება, - იმის გამო, რომ ჩვენს სპეცსამსახურებში ისლამური მიმდინარეობის მცოდნენი არ არიან, ხშირად იძულებული ხდებიან იმოქმედონ არა ანალიზის საფუძველზე, არამედ  გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები...