მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

მიშა, ნუ დაგვიკარგავ ნატოს შანსს

რაც უნდა ითქვას, საბოლოოდ ნატოს ჩიკაგოს სამიტი ჩვენთვის მაინც წარმატებული გამოდგა. არა დეკლარაციაში ჩაწერილი ტექსტის გამო, რადგან ეს ტექსტი უკვე თითქმის შაბლონად იქცა. არც რასმუსენის სიტყვების გამო, რომელიც უკვე მეათასედ იმეორებს: "აუცილებლად გახდებით ნატოს წევრი!" რაც ჩვენში უკვე ირონიასაც აღარ იწვევს. არც "ასპირანტის" სტატუსის მონიჭების გამო, რაც, ვერავინ გაიგო, რას ნიშნავს. ეს სამიტი  ჩვენთვის წარმატებული პირველ რიგში ბალკანეთის ქვეყნებთან დაჯგუფებისა და დასავლეთის ერთსულოვნების გამო იყო. ბუქარესტის სამიტისგან განსხვავებით, რომელზეც გერმანია და საფრანგეთი, ფაქტობრივად, ჩვენი წინააღმდეგი იყვნენ, დღეს დასავლეთმა იმ ქვეყნების გვერდით მოგვახვედრა, რომლებიც, როდესაც ახალი გაფართოება გამოცხადდება, პირველ რიგში გახდებიან ნატოს წევრები. ამას, ჩემი აზრით, სამი მთავარი მიზეზი აქვს: 1) ჩამოგვეხსნა  უკრაინა, რომელიც ნატოს გზაზე ბალასტის როლს ასრულებდა, რადგან ჩვენგან განსხვავებით, უკრაინელი ხალხის აზრი ნატოს წევრობაზე თითქმის  თანაბრად გაიყო - 50/50. 2) ნატო-რუსეთის ურთიერთობა დღეს გაცილებით ცუდია, ვიდრე ბუქარესტის სამიტის დროს, რაზეც გავლენა რუსეთ-საქართველოს ომმა და უფრო მეტად - რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების საკითხზე შეუთანხმებლობამ მოახდინა და 3) ჩვენ რიცხვმრავლად ვმონაწილეობთ ავღანეთის კამპანიაში, რომელიც ერაყისგან განსხვავებით, ნატოს ეგიდით მიმდინარეობს.

ახლა საკითხავი ის არის, როდის იქნება შემდეგი გაფართოება. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თქვა, ეს შემდეგ სამიტზე უნდა მოხდესო, სააკაშვილმა დაზუსტება სცადა, ეს სამიტი, სავარაუდოდ, 2014 წელს გაიმართებაო, თან დაამატა: "საქართველო ჩვენი რეგიონიდან ამოვიყვანეთ და გადავსვით ბალკანეთის რეგიონში. სამი ბალკანური ქვეყანა, რომელიც ჩამოთვლილია საქართველოსთან ერთად, ყველა შემთხვევაში გახდება ნატოს წევრი. მათთან ერთად საქართველოს ყოფნა ამ გაგებით სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია... ვფიქრობ, საქართველოს ძალიან მაგარი შანსები აქვს. არასდროს ვყოფილვარ ამაში ისე დარწმუნებული, როგორც ახლა. თუ ჩვენი პროგრესი გაგრძელდა და დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება, აუცილებლად ვიქნებით უმაგრეს ფორმაში იმ სამიტისთვის, როცა, უბრალოდ, ძალიან ძნელი იქნება ახსნა იმისა, რატომ აღარ იღებენ საქართველოს ნატოში".

სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ ასეთი შანსი ჯერ არ გვქონია, მაგრამ შანსს გამოყენება უნდა და ეს, პირველ რიგში, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ეს შანსი ჩვენ შეიძლება 2014 წლამდე გაცილებით ადრე, რამდენიმე თვეში დავკარგოთ, თუ ჩვენი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს. ამიტომაც მინდა ვთხოვო პრეზიდენტს, საკუთარ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესი დააყენოს და პირველად საქართველოს ისტორიაში სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც "გადაგვსვეს ბალკანეთში", ისე გადმოგვსვამენ უკან, კავკასიაში.

რასმუსენისა და სხვადასხვა ქალაქის კვალდაკვალ

ჩიკაგოში ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, სამიტის შედეგებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი. ეს მოვლენა ასე გვამცნო ტელეკომპანია "იმედმა": "პრეზიდენტმა ველოსიპედით მიჩიგანის ტბის სანაპიროზე გაისეირნა, სადაც ორი დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა სამიტის წინ ივარჯიშა." თავიდან ეს ტექსტი რომ მოვისმინე, ვიფიქრე, კონკრეტული ჟურნალისტის თვითშემოქმედება იყო, მაგრამ შემდეგ, როდესაც იგივე "რუსთავი 2"-მაც გაიმეორა, მივხვდი, ფესვები უფრო ღრმად იყო საძიებელი, თუმცა მათ ძიებას ნამდვილად არ შევდგომივარ, რადგან იმ სიუჟეტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ მოვისმინე.

წინა კვირას, როდესაც სააკაშვილმა ბათუმი ბარსელონასა და დუბაის შემდეგ ახალ ორლეანს შეადარა, ვიფიქრე, სააკაშვილმა, როგორც იქნა, მიაგნო ქალაქს, რომელსაც ბათუმი ჰგავს-მეთქი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ჩამონათვალს უკვე ჩიკაგოც მიემატა! "ამ ადგილს თუ ნახავთ, წარმოუდგენლად ჰგავს ბათუმს, იმიტომ რომ ცათამბჯენებია... ეს ადგილი იმდენად მაგონებს ბათუმს ცათამბჯენებით, ამ პლაჟით, რომ შთაგონების წყაროა ჩემთვის," - განაცხადა ჩიკაგოს ბულვარზე სეირნობისას საქართველოს პრეზიდენტმა და იქვე დაამატა, ბათუმის ბულვარის სიგრძე 23 კილომეტრამდე გაიზრდება და ჩიკაგოს შემდეგ მეორე იქნება მსოფლიოშიო. გამიკვირდა, ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ბათუმის რამდენიმე მაღალი შენობა ჩიკაგოს ცათამბჯენები ჰგონია, მეორეობით როგორ დაკმაყოფილდა-მეთქი, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ჩიკაგოს ბულვარი 110 კილომეტრი ყოფილა და სხვა რა გზა ჰქონდა!.. თუმცა დაგვპირდა, რომ რაღაც-რაღაცებს გადმოიღებს, მაგალითად, ხელოვნურად გააკეთებს ოქროს ქვიშის პლაჟს, თუმცა გააკეთებს უკეთესად. "ყველაფერი გადმოგვაქვს სხვადასხვა ქალაქიდან, მაგრამ ჩვენ უკეთესად ვაკეთებთ,"- თქვა მან. აი, ეს ყოფილა ახალი ბათუმის კონცეფცია - გადმოვიღოთ სხვებისგან და გავაუმჯობესოთ. საბოლოოდ, ალბათ, მივიღებთ დუბაის, ბარსელონას, ახალი ორლეანის, ჩიკაგოს და კიდევ ვინ იცის, რის ნაერთს, სახელად ბათუმი. საინტერესოა, წინა კვირას გახმაურებული კიდევ ერთი ინიციატივა მას რომელმა ქალაქმა შთააგონა. როგორც სააგენტოები წერდნენ, ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩის გადახურვა იგეგმება(?!).

მორჩილებაზე მეტი

ბიძინა ივანიშვილის გამო გატარებულ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი საკითხი მაინტერესებს: ნუთუ, საპარლამენტო უმრავლესობაში ასეთ აბსურდში მონაწილეობის გამო არავის გაუჩნდა პროტესტის გრძნობა? ტერმინი "მორჩილი უმრავლესობა" ჩვენში დიდი ხანია, დამკვიდრდა, თუმცა ის, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოხდა, უკვე მორჩილებაც აღარ არის. ამ ამბავმა მორჩილების ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. სულ იმას ვფიქრობ, ასეთ მრავალრიცხოვან უმრავლესობაში ნუთუ ერთი კაცი არ მოიძებნა, ვინც კითხვას მაინც დასვამდა: "რატომ გვაკეთებინებთ ამდენ სისულელეს, რატომ ვიგდებთ თავს სასაცილო მდგომარეობაში, რატომ ჩავდივართ მსოფლიოში არნახულ და არგაგონილ საქციელს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებში უმაღლესი თანამდებობის დაკავების უფლებას ვაძლევთ, განა უფრო მარტივი არ იქნება, იმ კაცს პირდაპირ მოქალაქეობა მივცეთ? ხომ არ შეიძლება, ერთი კაცის, ბატონი პრეზიდენტის ახირების გამო ამდენი ადამიანი ხელს აბსურდს ვაწერდეთ? რატომ უნდა გავხდეთ თაობების დასაცინი?"

გასაგებია, რომ ასეთი კითხვების ხმამაღლა დასმა მავანს შეიძლება უმრავლესობიდან გარიცხვად დასჯდომოდა, მაგრამ ამით ხომ არ მთავრდება ცხოვრება? განა უმრავლესობიდან გარიცხვა არ სჯობია ყურმოჭრილ მონობას? ასეთ სამარცხვინო ამბავში მონაწილეობის მიღებას? ნუთუ, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ამ გაუგონარ ამბავს კიდევ წლები გავიხსენებთ, როგორც აბსურდისა და ერთი კაცის მიერ მთელი საპარლამენტო უმრავლესობის სამასხარაოდ ქცევის მაგალითს? თუმცა ამ უმრავლესობისგან რა უნდა გაგვიკვირდეს - იმავე ერთ კაცს მოუნდა, რომ დაუმთავრებელი პარლამენტის შენობა გახსნას და მთელი ხელისუფლება ყირაზე დგას, ჩვენი ნახსენები უმრავლესობა (და უმცირესობაც) კი ქუთაისში სიხარულით გარბის და ამ სურვილს უსრულებს. ამდენი ადამიანი ერთი ადამიანის სათამაშოდ ქცეულა და ამას გუნდურობას ეძახიან!..