"ეს არასოდეს დაგვავიწყდება" - კვირის პალიტრა

"ეს არასოდეს დაგვავიწყდება"

2011 წლის 26 მაისი საქართველოში არასოდეს დაავიწყდებათ. 25 მაისს კოსტავას ქუჩიდან "სახალხო კრების" აქციამ რუსთაველის პროსპექტზე გადაინაცვლა. მიტინგის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, აქცია პარლამენტის წინ გაეგრძელებინათ. მათ მერიისგან აქციის გამართვის უფლება 00.00 საათამდე ჰქონდათ. 26 მაისს, 00.15 საათზე, მომიტინგეებისკენ წყლის ჭავლის მანქანებით სპეცრაზმი დაიძრა. სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 4 კაცი. ერთი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ვლადიმერ მანსურაშვილი, მეორე კი ლეიბორისტული პარტიის აქტივისტი, 54 წლის ნოდარ ცხადაძე. 27 მაისს თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე კიდევ 2 მამაკაცის გვამი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ცხედრები თავისუფლების მოედნის მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები ელექტროსადენებს შეეხნენ. ერთ-ერთი გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძე აღმოჩნდა, რომელსაც ოჯახი 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ ეძებდა, მეორე კი - სულიკო ასათიანი.

ირაკლი სესიაშვილი, იმ დროს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი გახლდათ. "ხელისუფლების მიზანი იყო არა აქციის დაშლა, არამედ თავისი პოლიტიკის მიმართ არალოიალურად განწყობილი ადამიანების, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა ძალების დათრგუნვა, დაშინება. ძალთა ისეთი თანაფარდობა იყო, რომ რამდენიმე სპეცრაზმელს ერთი პროტესტანტი ეყოლებოდა საცემი... დაკავებულთა შორის არ იყო არც ერთი ქალი, ე.ი. წინასწარ იყო გათვლილი, ვინ უნდა დაესაჯათ. გარდა ლიდერებისა, 45 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცს იჭერდნენ, უფრო უფროსი ასაკისას კი უშვებდნენ".

მაშინ "პალიტრამედიას" ჟურნალისტებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს დარბევის სიმძაფრე. ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ ხალხი უმისამართოდ გარბოდა. სპეცრაზმელები ჯგუფებად მისდევდნენ გაქცეულებს და ურტყამდნენ ხელკეტებს. ქუჩა დაგდებული და დაბორკილი ადამიანებით იყო სავსე, სისხლის გუბეები იდგა. როგორც დაზარალებულები ამბობდნენ, ეს არ იყო აქციის დაშლა, ეს იყო დასჯა ადამიანებისა, რომლებიც, როგორც სპეცრაზმელები ყვიროდნენ, ბურჯანაძის გვერდით დგომის გამო დაისაჯნენ, არადა, ისინი უსამართლობას ებრძოდნენ.

ინგა გრიგოლია, საკრებულოს წევრი: "სააკაშვილმა  გვაჩვენა კლასიკური ავტორიტარული მიდგომა, ვინც გამოხვალთ ჩემს წინააღმდეგ, ყველას გაგანადგურებთო. ადამიანებს მხოლოდ დარბევის დროს კი არ სცემეს, არამედ დაპატიმრების შემდეგაც. როდესაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივედი, ხალხის ნაწილი მიყვანილი იყო, რაღაც დროის შემდეგ კი ერთბაშად დაიწყეს მოსვლა სასწრაფო დახმარების მანქანებმა. გადმოჰყავდათ სამ-სამი კაცი, სასტიკად ნაცემი. საკრებულოს სხდომაზე ვთქვი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სისხლის სუნი იდგა-მეთქი. ნაციონალების დეპუტატმა, ზაზა სინაურიძემ დამცინა, საავადმყოფოში სისხლის სუნი უნდა იდგეს, აბა, რაო"(!).

2011 წლის ტრაგიკული 26 მაისიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტის უკვე ყოფილ შენობასთან დამოუკიდებლობის დღის აღლუმით აღნიშვნა გადაიფიქრა. აღლუმი ქუთაისში, ახალი პარლამენტის შენობასთან გაიმართა, თბილისში კი რუსთაველის პროსპექტი მრეწველობის აღლუმს დაეთმო. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მრეწველობის პროდუქციის განვითარება საზოგადოებაში პოზიტიურ რეაქციას იწვევს, ხალხმა სამრეწველო აღლუმიც და წარწერაც ყოფილი პარლამენტის შენობაზე გაკრულ ბანერზე "Saakashvili rebuilds a country" (სააკაშვილი თავიდან აშენებს ქვეყანას) გამაღიზიანებლად აღიქვა. "ამ ბანერის ადგილზე შარშანდელი ტრაგედიის ამსახველ უზარმაზარ ფოტოს გავაკრავდი წარწერით, - "ის, რაც არავინ უნდა გაიმეოროს" - მეუბნება ქალი, რომელსაც გასული წლის 26 მაისს ქართველი სპეცრაზმელისგან მოქნეული ხელჯოხი მოხვდა, - ჩვენი ამპარტავანი ხელისუფლება საკუთარ თავს უწყობს ზეიმებს და განუსაზღვრელი ძალაუფლებით ტკბება" - ამბობს რუსთაველზე გამოსული ქალბატონი.

26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სამების ტაძარში პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც "სახალხო კრების" წარმომადგენლებთან ერთად "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.