"ეს 26 მაისი ჩემთვის გამორჩეული იყო" - კვირის პალიტრა

"ეს 26 მაისი ჩემთვის გამორჩეული იყო"

"თავისუფალ ქვეყანაში აქციაზე სად რამდენი კაცი მივა, ამით პოლიტიკა არ წყდება"

"ეს შენობა, როგორც ჩვენი ქვეყანა, ჯერაც დაუმთავრებელია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ახალაშენებულ პარლამენტში გამოსვლისას. ერთსაათიანი სხდომის ჩატარების შემდეგ კი ქუთაისში სამხედრო აღლუმი გაიმართა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილს ქუთაისში დავუკავშირდით:

- ბატონო დავით, პარლამენტის ახალმა შენობამ რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?

- ახალი პარლამენტის დარბაზი ძალიან მოსახერხებელია და მიმაჩნია, რომ ვიზუალურად და ესთეტიკურად ძალიან კარგი. სახელმწიფო შენდება სოციალური, ეკონომიკური პროგრამებით, კონსტიტუციით, კანონებითა და დემოკრატიული ინსტიტუტებით, ასევე შენდება სიმბოლოებითა და თარიღების აღნიშვნით, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს აღმშენებლობასთან არის დაკავშირებული. ეს 26 მაისი ჩემთვის გამორჩეული იყო.

- პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, როდესაც პრეზიდენტმა ღვთისმშობლის კალთას შეადარა ახალი პარლამენტის სახურავი, ბევრმა არ მოიწონა ეს მეტაფორა.

- მაპატიეთ, მაგრამ, როდესაც ეიფელის კოშკი აშენდა პარიზში, ძალიან ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ დღეს ის პარიზის სიმბოლოა. შეიძლება შედარება ასე ან ისე გაიგო, მაგრამ ეს პარლამენტი არის ნიშანი ახალი საქართველოსი, რომელიც შენდება და თანამედროვეობას უსწორებს თვალს. ყოველთვის მოიძებნება შენობის თუ ცალკეული გამონათქვამის კრიტიკოსი, მაგრამ ისტორია თავის სიტყვას იტყვის.

- როდესაც პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, მიუღებელია კრიტიკა იმ ადამიანებისაგან, ვისაც არაფერი აუშენებია, არ აშენებს და მხოლოდ დანგრევასა და უკან სვლაზე ფიქრობსო, სოციალურ ქსელებში ამას მსჯელობა მოჰყვა, რომ პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილზე უმართებულოდ მიანიშნა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შუშის ხიდის შეცვლა აქვს განზრახული. ეთანხმებით პრეზიდენტს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არაფერი აუშენებია?

- პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის სახელი არ უხსენებია. მხოლოდ ის თქვა, ზოგიერთს, რაც აშენდა, იმის დანგრევა უნდაო. თუ ეს ასოცირდება ბBიძინა ივანიშვილთან, მაშინ მეც ამ განცხადებას დავუჭერ მხარს. ვისაც რა აუშენებია, ღმერთმა დაუფასოს, მაგრამ აშენებულის დანგრევა არ არის კარგი.

- სამების ტაძარში, შარშან, 26 მაისს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილმა ხელი ჩამოართვა ნინო ბურჯანაძეს, რომელთან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე აქამდე უარს აცხადებდა. ზოგისთვის ეს იყო სიმპტომი იმისა, რომ შესაძლოა მათი დაპირისპირება წარსულს ჩაჰბარდეს.

- ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხედვა არ წარმოუდგენია და შესაბამისად, ვის ჩამოართმევს ხელს და ვის არა, მისგან არაფერი გამიკვირდება.

- 27 მაისს თავისუფლების მოედანზე გამართულ მსვლელობაზე რას იტყვით?.

- თბილისში ცხოვრობს მილიონი ადამიანი და თავისუფალ ქვეყანაში აქციაზე სად რამდენი კაცი მივა, ამით პოლიტიკა არ წყდება. დამთავრდა ის დრო, როდესაც რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვით სახელმწიფო ინგრეოდა ან შენდებოდა და ეს ამ ხელისუფლების მიღწევაა.

- რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის კონგრესში ინიცირებულია წინადადება, რომელიც ითვალისწინებს, რომ თუკი საქართველოში ჩატარებული არჩევნები არადემოკრატიულად შეფასდება, საქართველოს ფინანსური დახმარება შეუწყდება. ამაზე რას გვეტყვით?

- ეს, ალბათ, კონკრეტული კონგრესმენის რეზოლუციის პროექტი იქნება. ამერიკაში ასეულობით კონგრესმენია და ყველას თავისი შეხედულება აქვს და თავისი წრეები ჰყავს, რომლებისთვისაც დაქირავებული ლობისტებიც მუშაობენ. მაგრამ გარწმუნებთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის, ბევრად წონიანი დოკუმენტია, ვიდრე ლობისტების მცდელობები.

- ანუ საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტის პერსპექტივა არარეალურად გესახებათ?

- დიახ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არავინ აპირებს არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებას, მით უმეტეს ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნებზე; მეორე - არავინ მოუსმენს ისეთ ადამიანს, რომელსაც უნდა ყველაფერი ცუდად იყოს, მაგრამ ამის არგუმენტებს ვერ მოიტანს და მესამე, - აშშ-ისა და საქართველოს ეროვნული ინტერესები იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, განსხვავებით დღევანდელი რუსული ხელისუფლების ეროვნული ინტერესისაგან, რომ ძნელად წარმომიდგენია ამერიკულ-ქართული ურთიერთობის შეწყვეტა.