ხუთი ლარი 100 დოლარის სანაცვლოდ - კვირის პალიტრა

ხუთი ლარი 100 დოლარის სანაცვლოდ

როდესაც პენსია ამას წინათ გაიზარდა ხუთი ლარით, "კვირის პალიტრაში" მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა და მახსოვს, დავწერე: ეს რომ 85 წლის მამას გავაგებინე, სიცილით კინაღამ გაიგუდა-მეთქი. ხელისუფლებას მადლობაც გადავუხადე მოხუცი მამის გამხიარულებისთვის. ახლა თავად მოუსმენია ტელევიზიით და სიცილის გუნებაზე სულაც აღარ იყო. ბოლოს და ბოლოს, ერთსა და იმავე ხუმრობაზე ორჯერ არავის ეცინება! ხუმრობა ერთხელ კარგია, მაგრამ სულ ერთსა და იმავეს თუ იმეორებ, ეს უკვე ახირებას ემსაგავსება. მით უმეტეს, თუ დაპირებული ხარ, დავსერიოზულდებიო. თან ეს დაპირება საპრეზიდენტო დაპირებაა. გახსოვთ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევის წინ პირობა დადო - 2009 წლის ბოლოსთვის პენსია 100 დოლარის ეკვივალენტი იქნებაო. 2009 წელი სრულდება და პენსია მხოლოდ 5 ლარით იზრდება. ხელისუფლებას გასასამართლებელი არგუმენტებიც აქვს: ომი და ეკონომიკური კრიზისი. ღმერთო, ნუ მიწყენ და ზოგჯერ მგონია, ხელისუფლებას ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა სულზე მოუსწრო.

მტრისგან საჩუქარი არ უნდა მიიღო

ტელევიზიები აჩვენებენ, სახელოვნებო სასწავლებლის აღსაზრდელები როგორ შედიან ფეშენებელურ ვილაში, რომელიც მათ ხელისუფლებამ გადასცა. სასწავლებლის პედაგოგი ცრემლს ძლივს იკავებს. ამდენი წელი დანგრეულ შენობაში ვიყავით, - ამბობს ის და ხელისუფლებას მადლობას უხდის. შემდეგ ჟურნალისტები აჩვენებენ, რომ ვილა კი არის ფეშენებელური, მაგრამ იქ მხოლოდ ცარიელი კედლებია, მისმა მეპატრონემ ელექტროჩამრთველებიც კი არ დატოვა და წაიღო. ბავშვებს დროებით ცარიელ შენობაში მოუწევთ სწავლა. ინვენტარს კეთილი ხელისუფლება მოგვიანებით შეუძენს. ნახეთ, ხელისუფლება რა კეთილია: საკუთარი შეცდომა გამოასწორა, ბოროტ დეიდას აგარაკი წაართვა და ბავშვებს გადასცა! ბოროტმა დეიდამ კი, რისი წაღებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაზიდა. თავისთავად იგულისხმება ქვეტექსტი: თავადაც ხომ შეეძლო ამ აგარაკის უპატრონო ბავშვთა სახლისთვის ან დევნილებისთვის ჩუქება, მაგრამ არ გააკეთა. ხელისუფლებამ კი გააკეთა... ხედავთ!

მორალი: თუ მტერი საჩუქარს გამოგიგზავნის, არ უნდა აიღო, იმიტომ, რომ შეიძლება აფეთქდეს. თუ მაინცდამაინც სული წაგძლევს და გახსნი, ვიდრე აფეთქდება, შეგიძლია შორს გადააგდო. და თუ ამასაც არ გააკეთებ, მაშინ ისღა დაგრჩენია, მოასწრო და საკუთარი სულის გადარჩენისთვის ილოცო.

დიდი და პატარა სარკო

"დედააა, ეს რა გავიგეეე!.. ესეც თქვენი ევროპეისკი დემოკრატია! ახლა წავიკითხე "ფრანს პრესის" დეპეშა, რომ ბატონ ნიკოლა სარკოზის ნებავს საფრანგეთში ცნობილი გადაცემის, "თოჯინების" დახურვა... რადგან ეგ გადაცემა სარკოზის და მის შვილს, ჟან სარკოზის აშარჟებს ძალიან მწარედ. მაგრამააა, საფრანგეთი რო საქართველო არ არის? აუუუ, რა დაერხა სარკოზის!!! ჰი... ჰიიიი", - ასეთი უცნაური ტექსტი განათავსა ინტერნეტსაიტზე ჩემმა კოლეგამ გიორგი ფოფხაძემ, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და რადიო "ფრანსში" მუშაობს. მე, როგორც ქართული დემოკრატიის შვილმა, გულწრფელად გავიკვირვე: ნებავს რას ნიშნავს, ბრძანება გამოსცა თუ სასამართლოში იჩივლა-მეთქი? გიორგიმაც ჩემი ცნობისმოყვარეობა სრულად დააკმაყოფილა: "აი ეგრე ნებავს, მერაბ!.. ეს კაცი ვერაა ყოჩაღად და ნებავს!.. "ფრანს პრესი" წერს, რომ ელისეის სასახლეში დაიბარეს ტელევიზიის მეპატრონე ბერნარ მეუ და პროგრამის დახურვა მოსთხოვეს... საქმე იმაშია, რომ სარკოზის 23 წლის ვაჟი, ჟან სარკოზი ძალიან უცნაურად გახდა პარიზის ერთ-ერთი რაიონის საკრებულოს წევრი... ეს არის რაიონი, სადაც თავმოყრილია ბანკებისა და დიდი ფირმების სათავო ოფისები.... მთელი "მუღამი" ჟან სარკოზის გადეპუტატებისა ის გახლავთ, რომ საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა უეცრად გადაწყვიტა, რომ დეპუტატობა შეეჩერებინა და შინ წასულიყო, ხოლო ახალ არჩევნებში მონაწილე სოციალისტების კანდიდატმა კი ასევე უეცრად მოხსნა თავისი კანდიდატურა არჩევნების წინადღეს და "დეპუტატობა გადაიფიქრა"... ჰოოდა, გახდა ეს პატარა სარკო დეპუტატი... ამას მოჰყვა დიდი ალიაქოთი და, რა თქმა უნდა, ჟან სარკოზი იძულებული გახდა, წასულიყო, მაგრამ გადაცემა "თოჯინებმა" ეს ამბავი გააშარჟეს... საერთოდ "თოჯინები" სარკოზის მიმართ განსაკუთრებულად დაუნდობელი არიან... ალბათ "თოჯინების" დამსახურებაცაა სარკოზის 26%-იანი რეიტინგი (ასეთი დაბალი რეიტინგი არც ერთ ფრანგ პრეზიდენტს არ ჰქონია) .... ჰოდა, სარკო რისი სარკოა, თუ გაქილიკება ვინმეს შეარჩინა... მაგრამ საბედნიეროდ, საფრანგეთი საქართველო არ არის და აქ ეგრე ადვილად არაფერი ხდება... მარტო იმ ინფორმაციის დაბეჭდვა, რომ ელისეის სასახლეში ბერნარ მეუ ჰყავდათ დაბარებული, უკვე დიიიდი სკანდალია, ამას გაგრძელება ნამდვილად ექნება და არა სარკოზის სასარგებლოდ...

დასკვნა: ხელისუფალი ყველგან (განვითარებად საქართველოში თუ განვითარებულ ევროპაში!) მეტ-ნაკლებად ცდილობს დემოკრატიის შეზღუდვას. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რის უფლებას აძლევს მას საზოგადოება. ვნახოთ, რით განსხვავდებიან ფრანგები ჩვენგან. ჰოდა, ახლა მეც ველოდები გაგრძელებას. გიორგი დამპირდა, გაგაგებინებო.