ვინ ითვისებს ქალაქის ბიუჯეტს? - კვირის პალიტრა

ვინ ითვისებს ქალაქის ბიუჯეტს?

"მერიის ფონდებში გადარიცხული 288 მილიონის ბედი გაურკვეველია!"

ასეთ "ისტორიულ" დოკუმენტებზე ხელს გიგი, იგივე გიორგი უგულავა აწერს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების ფინანსური საქმიანობა შეისწავლა. კვლევა შეშფოთების საფუძველს ნამდვილად იძლევა, ვინაიდან დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფონდებში გადარიცხულ 288 მილიონს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტი, კვლევის ავტორი: "თბილისის მერია ქმნიდა ფონდებს, შემდეგ სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნით ფონდს გადასცემდა ამა თუ იმ ტერიტორიას ან ობიექტს და დამატებით თანხებს დედაქალაქის ბიუჯეტიდან. თავის მხრივ, ფონდები გადაცემულ ტერიტორიებს ან ობიექტებს ასხვისებდნენ კერძო კომპანიებზე, რომლებსაც საკუთარი შეხედულებისამებრ არჩევდნენ და გასაყიდ ფასსაც თავად განსაზღვრავდნენ. არადა, თბილისის მერიას რომ მოესურვებინა, პირდაპირი გაყიდვის წესით მეტ ფულს მიიღებდა, ე. ი. მეტად შეივსებოდა ბიუჯეტი. დავინტერესდით, თვითმმართველობის ორგანოებმა რა ოდენობის თანხები და სახელმწიფო ქონება გადასცეს ფონდებს. ფონდი ვალდებულია წელიწადში ერთხელ წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, მაგრამ მერია ამ დოკუმენტებს არ გასცემს, რაზეც სასამართლო დავა გვაქვს. ის მაინც შევიტყვეთ, რომ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებში, განსაკუთრებით ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდში, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2005-2011 წლებში 288 მილიონ ლარზე მეტია გადარიცხული. იკვეთება კორუფციული გარიგებებიც. ძველი ქალაქის რეაბილიტაციის ფონდს, რომელსაც სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანო აფინანსებდა, ვებგვერდიც კი არ გააჩნდა(?!). თანხების ხარჯვის გამჭვირვალობაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია".

საია-ს ხელთ აქვს შესაბამისი სტრუქტურებისთვის გაგზავნილი მერიის კორესპონდენციები, სადაც ირკვევა, რომ ფონდები კანონს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" თავს არიდებდნენ. უფრო სწორად, მათ ამის საშუალებას თავად მერია აძლევდა იმით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს შესყიდვებისთვის "შენატანის სახით" გადასცემდა ფონდებს. ქონება კი, რომლის გასხვისების უფლებაც ფონდს ეძლეოდა, დამფუძნებლის, ანუ თბილისის მთავრობის ფინანსებით იყო შექმნილი. ფონდები დამოუკიდებლად  არჩევდნენ კომპანიებს და უკვეთდნენ სამუშაოს.

სულხან სალაძე: - დედაქალაქის მთავრობამ საეჭვო გარიგება დადო შპს "ახალ რიყესთან", რომელიც თვე-ნახევრის შექმნილი იყო და მხოლოდ 200-ლარიანი საწესდებო კაპიტალი ჰქონდა. მერიამ, ფონდის მეშვეობით, იაფად გაასხვისა რიყის ტერიტორიის 43,350 კვმ ფართობი. მოგვიანებით ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის საშუალებითვე უკან გამოისყიდა და თანაც საკმაოდ ძვირად. შედეგად, დედაქალაქის ბიუჯეტი დაზარალდა. ტერიტორიის გაყიდვასა და ყიდვას შორის სხვაობამ 15.764.500 ლარი(!) შეადგინა. შპს "ახალ რიყეს" ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის ღირებულება სამ თვეში უნდა დაეფარა. "ახალ რიყეს" ამ ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ევალებოდა, ასევე, სასტუმრო ობიექტების, საოფისე ფართობის, სავაჭრო ცენტრებისა და სკვერების მოწყობა, თუმცა, საამისო თანხა არ აღმოაჩნდა. ამიტომ 80%-იანი წილი რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს მიჰყიდა, ხელშეკრულებაში კი წილის გაყიდვის მიზანი ჩაიწერა, - მერიის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება.

შპს "ახალი რიყე" შპს "ჯი-ემ-სი ჰოლდინგმა" და ფიზიკურმა პირმა ნიკოლოზ მახარაშვილმა დააფუძნეს. თითოეულის წილი 50-50%-ით განისაზღვრა, საწესდებო კაპიტალი კი 200 ლარით. თავის მხრივ, შპს "ჯი-ემ-სი ჰოლდინგის" დამფუძნებელი დიდი ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე დარეგისტრირებული "ნიუკომ ესოშიეიშენ ლიმითედია".

- ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიის უკან ისევ ქართველი ჩინოვნიკები დგანან?

- ამის დაზუსტება ძნელია. მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს, საქმე შეისწავლონ. ჩვენს ხელთ არსებული მასალა კორუფციული გარიგების შთაბეჭდილებას ტოვებს.

საია-ს კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მერია ისეთ ქონებასაც ასხვისებდა, რომლის მესაკუთრეც (სამართლებრივად) თავად არ იყო. დედაქალაქის მთავრობა ხშირად გადაწყვეტილებას იღებდა, გადაეცა ესა თუ ის ქონება თბილისის განვითარების ფონდისთვის მანამ, ვიდრე თავად ეკონომიკის სამინისტრო გადასცემდა მას მერიას. ასეთ "ისტორიულ" დოკუმენტებზე კი მეტწილად ხელს გიგი, იგივე გიორგი უგულავა აწერს.

ამონაწერი საია-ს დასკვნიდან: "ფონდს საკუთრებაში გადაეცემოდა ჯერ კიდევ სამინისტროსგან გადმოუცემელი ქონება. თბილისის მთავრობა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საფუძვლად იყენებდა იმ საკანონმდებლო ნორმებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად ძალაში შესული(?!). ამ ფორმით გადაეცა საკუთრებაში თბილისის განვითარების ფონდს უძრავი ქონების ნაწილი, მათ შორის, რიყის ტერიტორია, ასევე, აღმაშენებლის პროსპექტზე, პუშკინის, ლესელიძისა და ლომოურის ქუჩებზე არსებული უძრავი ქონების ნაწილი".

შთამბეჭდავია აღმაშენებლის პროსპექტის #103-ში მდებარე შენობის საქმეც, რომელიც თბილისის განვითარების ფონდმა შპს ჭეტზელ ლაზა-ს მიჰყიდა. კომპანია, რომელსაც აღმაშენებლის პროსპექტის #103-ში არსებული უძრავი ქონება 2011 წლის 19 სექტემბერს განვადებით მიჰყიდეს, ოფიციალურად იმავე წლის 1-ელ ივლისს დარეგისტრირდა და უკონკურენტო აღმოჩნდა. შპს ჭეტზელ ლაზა-ს დამფუძნებლები სააქციო საზოგადოება "რეალინვესტი" და "პრივატბანკი" არიან. თითოეულის წილი 50-50%-ს შეადგენს. რაც შეეხება თავად სს "რეალინვესტს", სამეწარმეო ამონაწერში დამფუძნებლის შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული.

სულხან სალაძე: "ანგარიშში საეჭვო კორუფციულ გარიგებებზეა ლაპარაკი. კონტროლის პალატამ არ გაგვცა პასუხი, რატომ ვერ შეამოწმა ამდენი ხნის განმავლობაში ფონდების ფინანსური საქმიანობა, თუმცა სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით ვიცი, ასეთი მონიტორინგი ნამდვილად არ ჩატარებულა".

P. S. მოგეხსენებათ, "არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს"...

საია ვარაუდობს...

ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდი 2005 წელს დაფუძნდა, ხოლო 2012 წლის 7 მარტს  ლიკვიდირებულ იქნა. თბილისის განვითარების ფონდი 2010 წელს დაფუძნდა, მის თანადამფუძნებლად დედაქალაქის მთავრობამ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, საია ვარაუდობს, რომ 2010-2011 წლებში თბილისის ბიუჯეტიდან ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილი სწორედ თბილისის განვითარების ფონდს გადაეცა. ფონდების მიზნები და ამოცანები თითქმის იდენტურია, ხელმძღვანელებადაც ერთი  და იგივე პერსონები, სხვადასხვა თანამდებობის პირები (თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ვიცე-მერები და გამგებლები) გვევლინებიან. არც ერთი არ შეურჩევიათ პროფესიული ნიშნით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი ფონდის გაუქმება და მეორის შექმნა, თანხების ხარჯვის გაკონტროლების თავიდან არიდების კიდევ ერთი მცდელობაა.