პრეცედენტის ძალა, ანუ "რასტი და რუსტი" - კვირის პალიტრა

პრეცედენტის ძალა, ანუ "რასტი და რუსტი"

"პროცესი დაძრულია და მას ვერაფერი შეაჩერებს!"

"უახლოეს მომავალში  საჯარო მოხელეები  მასობრივად დატოვებენ სამსახურებს"

საზოგადოების ცნობიერების ტოლი და არატოლი ხაზები...

29 მაისს გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მა თანამშრომელმა, მაია მიმინოშვილის სამსახურიდან გათავისუფლების გამო, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. მსგავსი ფაქტი და პრეცედენტი "ვარდების რევოლუციით" მოსულ ხელისუფლებას არ ახსოვს. კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ ეს პრეცედენტი მალე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში გავრცელდება და მასობრივ ხასიათსაც მიიღებს. როგორც ჩანს, ამას ხვდებიან ხელისუფლებაში და ქმედითი ღონისძიებების გატარებაც დაიწყეს. მოგვიანებით ითქვა, ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი მუქარით აიძულეს, უკან დაბრუნებულიყოო.

ირინა ფუტკარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველის" თავმჯდომარე: - ცხადია, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელთა დაშინების მცდელობა იყო, რომ თუ ვინმეს, ან რომელიმე თანამშრომლის ოჯახის წევრს "ქართული ოცნებისადმი" პოლიტიკურ სიმპათიას შეამჩნევდნენ, სამსახურიდან დაითხოვდნენ. თუმცა, ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა, რომ სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი და მას საერთო აღარ აქვს ერთი ან ორი წლის წინანდელ მდგომარეობასთან. დაშინების შედეგზე ორიენტირებულმა ხელისუფლებამ მიიღო ის, რომ საჯარო მოხელეებმა პროტესტის ნიშნად საკუთარი ნებით დატოვეს თანამდებობები. ცხადია, ყველა ვერ გაუძლებს ამ წნეხს, ზოგიერთი შეიძლება უკან დაბრუნდეს კიდეც, მაგრამ მოსახდენი უკვე მოხდა. მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში სხვადასხვა სტრუქტურის საჯარო მოხელეები პროტესტის ნიშნად მასობრივად დატოვებენ სამსახურებს(!).

- რომელი სტრუქტურებიდან იგეგმება მასობრივი გადადგომები?

- ჯერჯერობით ვერ გავახმაურებ კონკრეტულ ინფორმაციას, თუმცა ამგვარი განწყობა საკმაოდ ბევრ საჯარო სამსახურში იგრძნობა.

შსს-ს ყოფილი პოლკოვნიკი, (ვინაობის გამხელა არ ისურვა): - ცნობილია, რომ პრეცედენტი განმეორებადია. რაც ერთხელ მოხდება, მას ვერაფერი შეაჩერებს. ამ პრეცედენტმა აჩვენა, რომ არსებობს არა მარტო შინაგანი პროტესტი, არამედ საპროტესტო ქმედებისადმი საზოგადოებრივი მზადყოფნა, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებში. ბევრი ელოდებოდა, რა მოხდებოდა 27 მაისს. მაგალითს დიდი ძალა აქვს. როცა კაცი ხედავს, რომ მისმა მეგობარმა, მეზობელმა, ნათესავმა გაბედა, მასაც მიეცა გამბედაობა. ძალმომრეობამ და უსამართლობამ უკვე მიაღწია პიკს. მოვლენები ისტორიულ კანონზომიერებას სრულად ემორჩილება.

სამართლიანობის გარეშე ცარიელი ძალა დასამარცხებლადაა განწირული.

ჩინგის ხანი ჩვენთვის დამპყრობელი იყო, მაგრამ მან საკუთარ ხალხს უდიდესი ისტორია შეუქმნა, გააერთიანა დაქსაქსული ტომები და მისმა შექმნილმა სახელმწიფომ 500 წელი იარსება. ჩინგის ხანის ბეჭედზე ამოტვიფრული იყო "რასტი და რუსტი" - ძალა და სამართლიანობა. მას ეს ბეჭედი ხელზე იმიტომ ეკეთა, რომ ამ პრინციპის ერთგული იყო, ამიტომაც იქცა საკუთარი ხალხის უდიდეს მმართველად. ჩვენმა ხელისუფლებამ კი ყველა ისტორიული გამოცდილება დაივიწყა და ჩათვალა, რომ მხოლოდ რასტით (ძალით) და შიშით შეძლებდა ხალხის მართვას. როცა ადმინისტრაციული რესურსის, ჯარის ან პოლიციის საკუთარი და არა სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის გამოყენებაზეა საუბარი, ხელისუფლების სათავეში მყოფთ ავიწყდებათ, რომ არანაირი ადმინისტრაციული რესურსი, მათ შორის არც ჯარი და არც პოლიცია, არ შეიძლება იყოს საზოგადოებისაგან განყენებული კასტა. ჯარი და პოლიცია  კონკრეტული ადამიანებისაგან შედგება. მათ ჰყავთ ოჯახები, მეგობრები, ნათესავები, ნაცნობები, რომელთაც კონკრეტულად და ხშირად ძალიან მტკივნეულად ეხება ხელისუფლების მიერ ჩადენილი უსამართლობა. ვერანაირი იდეოლოგიური მუშაობით და ხალხის დამუშავებით სიმართლეს ვერ დამალავ. ყოფილი უშიშროების თანამშრომელი ვარ, კავშირი მაქვს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, ჩემი ძველი თანამშრომლები დღემდე იქ მუშაობენ.

ამ სტრუქტურებში განწყობა ისეთივეა, როგორიც მთელ საქართველოში. როცა სიტუაცია საამისოდ მომწიფებულია, ჩვეულებრივი ამბავია, ერთი ბანაკიდან მეორეში გადაბარგება. ძალიან მალე საზოგადოება ასეთი ფაქტების მომსწრე გახდება. სიტუაცია უკვე ევოლუციურად და მენტალურად არის მომწიფებული. სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე არც ერთ ადამიანს არ მოსწონს, რომ საკუთარი შეხედულებებისა და ნების საწინააღმდეგო, ხშირად უკანონო და უსამართლო დავალებების შესრულებას აიძულებენ. იმ პრეცედენტის არსებობა, რაც განათლების სამინისტროში მოხდა, უკვე ევოლუციურად მომწიფებული სიტუაციის შედეგია და განშლადია. უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯარშიც თანამშრომლები საუბრობენ, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ და თუ ვინმე მათ იძულებას შეეცდება, მზად არიან, სამსახურები დატოვონ.

- სამსახურიდან გაშვება არ არის ერთადერთი ძალადობრივი მეთოდი ჩვენს ქვეყანაში, ადამიანების შინაგანი რწმენის და იდეების დასათრგუნად ხელისუფლებას საკმარისი მეთოდები აქვს.

- ძალაუფლება ნარკოტიკივით არის. მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ აბსოლუტური ძალაუფლების პირობებში საღი აზრისა და ფსიქიკის შენარჩუნება. მოგეხსენებათ, ნაპოლეონმა ეგვიპტეში ლაშქრობისას ქვეყნის მმართველად შინაგან საქმეთა მინისტრი ფუშე დანიშნა. ფუშე მოგვიანებით თავის მემუარებში წერდა, თუ Uრამხელა ცდუნება იყო აბსოლუტური ძალაუფლება, როგორ მოსდიოდა ნაპოლეონის ჩამოგდების აზრი, მაგრამ თავს მოერია.

განუზომელი ძალაუფლება ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, სპობს საღად აზროვნების უნარს. ასე მოუვიდა მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს.

მათ ვერ გაუძლეს ძალაუფლების ცდუნებას და საკუთარ ხალხს ამის გამო უდიდესი უბედურება დაატეხეს თავს. მაგრამ დღეს ჩვენს  აზროვნებაში იდეურად რაღაც მოხდა და ეს აუცილებლად რეალიზდება მატერიაში. სწორედ ასეთი რეალიზაციის შეუქცევადი პროცესი დაიწყო.

სააკაშვილის აზროვნებაში ახლა სრული გაურკვევლობაა, მის გამოსვლებში აშკარად შეინიშნება, რომ უნდა ხალხს უყვიროს! შუქი მოგეცით, გაზი მოგეცით, ხიდებს, გზებს ვაშენებ, ქალაქებს ვალამაზებ, რა გინდათ მეტიო! იმას კი ვეღარ ფიქრობს, რომ მისი აშენებულ-გაკეთებულის ფასი გროშ-კაპიკია, რადგან ყველაფერი ხალხის გაღატაკებისა და უსამართლობის ხარჯზეა გაკეთებული. როდესაც კაცს უსამართლოდ ართმევ ფულს, მისთვის სულერთია, ამას კანონში ჩაწერილი უსამართლო მუხლით აკეთებ, თუ ჩაუწერლით. იურიდიულ კაზუისტიკას მნიშვნელობა იურისტებისთვის აქვს და არა საზოგადოებისათვის. მაკიაველი ამბობდა, - მონა მამის მკვლელობას გაპატიებს, ფულის წართმევას და ქალის წაგვრას კი არასოდესო! ამ ხელისუფლებამ საზოგადოებას ყველაფერი წაართვა, პირველ რიგში ღირსება და ფული და ამას მათ არავინ აპატიებდა!

მარინა ბალიაშვილი, ფსიქოლოგი: - ადამიანები მიხვდნენ, რომ მეტის ატანა აღარ შეიძლება. მაგრამ სხვა საკითხია მიხვედრა და სულ სხვა - ამის თქმა და დაფიქსირება. ფსიქოლოგიაში არსებობს ცდები კონფორმიზმზე. 10 კაცში, რომელთაც დამაჯერებლად ეხერხებათ ტყუილის თქმა, შეჰყავთ მე-11 ცდის ობიექტი. დახაზული სამი ხაზიდან ორი ტოლია, ერთი კი გრძელი ან მოკლე. ამ დროს ეს 10 კაცი ერთხმად ამბობს, რომ სწორედ არატოლი ხაზებია ტოლი. ცდის ობიექტი იმეორებს იმას, რასაც ჯგუფი ამბობს, თუმცა კარგად ხედავს, რომ ასე არ არის, მაგრამ ჯგუფის გავლენას ვერ ეწინააღმდეგება. ცდისპირთაგან ძალიან იშვიათად არ ემორჩილება ვინმე გავლენას. მაგრამ საკმარისია ჯგუფში ვინმემ თქვას, რომ ეს ხაზები არ არის ტოლი, ცდისპირი საკუთარ რეალურ პოზიციას დააფიქსირებს. დღეს სწორედ ეს პროცესი დაიწყო. "ცდისპირებმა" კი იცოდნენ, რომ ხელისუფლების მიერ ტოლად მონათლული ხაზები არ იყო ტოლი, მაგრამ ამას ვერ აფიქსირებდნენ, ახლა კი დაფიქსირების და ქმედების ეტაპი დადგა.

თუ "მეზღაპრეთა" გუნდში დაირღვევა ერთსულოვნება, დაირღვევა შეთხზული მითიც, ანუ ტყუილი დაინგრევა.

ამ პრინციპით მოქმედებს ყველა დიქტატორული რეჟიმი. ამჯერად დაიწყება ადამიანების სხვა ხერხებით დაშინება. დაჭერის, განადგურების მუქარა, მაგრამ რადგან პროცესი დაძრულია, ეს უკუშედეგს გამოიწვევს და პროცესებს დააჩქარებს.

ამავე თემაზე:

მიმინოშვილის შემცვლელის "კომფორტის ფორმულა" - სეფერთელაძის ერთი პასუხი ყველა კითხვაზე

გამოცდების ცენტრი გაუგებარი ორგანიზაციაა, მიმინოშვილი გასათავისუფლებელი იყო - კახა ბენდუქიძე

სამწუხაროა რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სკამის გამო ცრუობენ - დიმიტრი შაშკინი