"ცივილიზებულ ქვეყანაში ამ გამგებელს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ" - კვირის პალიტრა

"ცივილიზებულ ქვეყანაში ამ გამგებელს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ"

"ხელისუფლებისა და ნაცმოძრაობის აქტივისტებს შორის ზღვარია წაშლილი და ვინ მოსთხოვს პასუხს"

24 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე თანამშრომლებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა სიების შედგენას ავალებს. ვაშაყმაძე თანამშრომლებს მიმართავს: "მიდიხართ თქვენს ყველაზე სანდო ადამიანთან, პირველ რიგში, ოჯახის წევრებთან, ნათესავთან, ნათლულთან, რა ვიცი, ვინც გინდათ. არაა აუცილებელი, დავუშვათ, 20 და 50 კაცი, მაქსიმუმ 10 კაცის ჩაწერა, მინიმუმ, რამდენიც შეგიძლიათ." ის ასევე აფრთხილებს თანამშრომლებს, რომ შეხვედრა ძალიან კონფიდენციალურია და მისი ოფიციალური მიზანი ვითომდა ქალაქში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული "დისკუსიაა".

მოგვიანებით, ილია ვაშაყმაძემ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტა: "ჩემი დანიშვნის დღიდან შეხვედრებს ვმართავ როგორც მოსახლეობასთან, ისე პარტიულ აქტივთან. პირველ შემთხვევაში ეს გახლავთ ჩემი, როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის, კანონით გათვალისწინებული მოვალეობა, მეორე მხრივ კი, მე ვარ "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და  კანონის ფარგლებში პარტიულ საქმიანობასაც ვეწევი. ეს ჩანაწერი, სავარაუდოდ, პარტიის ოფისში გამართული ერთ-ერთი ბოლოდროინდელი შეხვედრიდანაა,  ის, როგორც წესი, ეხება პარტიის რაიონული ორგანიზაციის ფორმირებას, მომავალ საარჩევნო ტაქტიკას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს. რაც შეეხება სიების შევსების საკითხს, აქ საუბარია მხოლოდ ჩვენი პარტიული აქტივისტების მიერ მხარდამჭერების მობილიზაციაზე..."

ილია ვაშაყმაძეს არც უცდია აუდიოჩანაწერის ნამდვილობის უარყოფა. თუმცა საინტერესოა, სად გადის ზღვარი პარტიულ საქმიანობასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შორის. ცივილიზებულ მსოფლიოში პარტიულ და ადმინისტრაციულ აღრეულობას თავგამოდებით ებრძვიან, მაგრამ ხელისუფლებაში პარტიული ნიშნით მოხვედრილი მოხელეები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, შესაძლებლობის შემთხვევაში, უარს არ ამბობენ. სხვაობა ისაა, რომ თუ ასეთ ქმედებაში მოხელე ამხილეს, უდიდესი სკანდალი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ასცდება. მაგალითად, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაასამართლეს. გამოძიების ვერსიით, 1992-დან 1995 წლამდე შირაკი, რომელიც პარიზის მერიას ედგა სათავეში, ფიქციურ სამუშაო ადგილებს ქმნიდა და მათ ხარჯზე თავის პარტიას აფინანსებდა. 1990-94 წლებში მერის მიერ გამოყოფილი 28 სამუშაო ადგილი შირაკის პარტიის წევრებმა დაიკავეს, თუმცა ხელფასს პრეზიდენტის პარტიის დასაფინანსებლად რიცხავდნენ. გამოძიების მტკიცებით, სწორედ ამ თანხებით ფინანსდებოდა შირაკის 1995 წლის საპრეზიდენტო კამპანია. საფრანგეთის სასამართლომ შირაკი კორუფციაში ცნო დამნაშავედ.

ანდრია ნადირაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი: - "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მიხედვით სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება,  სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის. შესაბამისად, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მის მიმართ უნდა გატარდეს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ოზურგეთის გამგებლის ქმედებაში შესაძლებელია იყოს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებიც. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დასჯადია საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც გულისხმობს მოხელის მიერ საკუთარი საჯარო უფლებამოსილების გამორჩენისათვის (თავისთვის ან სხვისთვის) გამოყენებას. ამდენად, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება, რამეთუ შეიძლება იკვეთებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

კახა კახიშვილი, საარჩევნო და პოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი: - ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი დიდი ხანია წაშლილია. დავიწყოთ იმით, რომ კანონმდებლობაში ხარვეზებია. კანონში თვითმმართველობის შესახებ, გამგებელი არის მეურვე, რომელსაც კონკურსის წესით ირჩევს საკრებულო. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულობას, მაგრამ, მეორე მხრივ, საარჩევნო კოდექსში წერია, რომ თურმე გამგებელი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს აგიტაციის უფლება. კანონის ეს ორი ჩანაწერი ერთმანეთს გამორიცხავს. როცა გავალებენ, მიიტანო მავანის პირადი ნომერი, ხელი მოაწერინო დოკუმენტს, რომ პასუხისმგებელია არჩევნებში ვიღაცის მოყვანასა და მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმის მიცემაზე, ეს მოთხოვნები ჩვენს დამახინჯებულ წესებსაც კი სცილდება. გამგებლის მოქმედება გასცდა ყოველნაირი აგიტაციის წესებს, რადგან პირადი ნომერი ადამიანის კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს და ხელმოწერა ისეთ დოკუმენტზე, რომლის შინაარსსაც არ აცნობ ადამიანს, მის შეცდომაში შეყვანას ნიშნავს.

გამოდის, რომ ზეგავლენას ახდენ ამომრჩევლის ნებაზე. ცივილიზებულ ქვეყანაში ამ გამგებელს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ, თუმცა ჩვენთან ის ახსნა-განმარტების მისაცემადაც კი არავის დაუბარებია. მაინტერესებს, რას აკეთებს ცოტა ხნის წინ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც საარჩევნო პროცესები უნდა აკონტროლოს? თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ეს კომისია არანაირი ეფექტის მომტანი არ იქნებოდა და ასეც არის.

ის, რომ ოზურგეთის გამგებელმა ასეთი თათბირი ჩაატარა და ამ კომისიას ფორმალურადაც არ გამოუძახებია, ბევრ რამეზე მიუთითებს.  მედიამ გამოაქვეყნა ჩანაწერი, გამგებელი კი გამოვიდა და განაცხადა, - მერე რა მოხდა, მე პარტიული აქტივისტი ვარო. ასე იმიტომ მოიქცა, რომ დარწმუნებულია, არაფერს ეტყვიან. ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებასა და ნაცმოძრაობის აქტივისტებს შორის ზღვარია წაშლილი და ვინ მოსთხოვს პასუხს?

იხილეთ ფარული ჩანაწერი: გამგებელი თანამშრომლებს "ნაციონალების" მხარდამჭერთა სიებს ადგენინებს