"ეს საერთაშორისო დონის სკანდალია" - კვირის პალიტრა

"ეს საერთაშორისო დონის სკანდალია"

"შესაძლოა ვინმე აქციის დროს ფანჯრიდან გახედვის გამოც გაათავისუფლონ"

"დარწმუნებული ვარ, კახა ლომაიას ჩემი გათავისუფლება არ მოეწონებოდა"

გასული კვირის მოვლენების მთავარი გმირი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი  იყო, რომელიც მოულოდნელად თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ერთ-ერთ მიზეზად ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებულ აქციაზე ქალბატონი მაიას ვაჟის დასწრება დასახელდა. თავად მინისტრმა ეს გადაწყვეტილება მიმინოშვილთან "პიროვნული შეუთავსებლობით" ახსნა. რა ხდებოდა განათლების სფეროში და რა სკანდალურ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ასრულებდა თუ არა პოლიტიკურ დირექტივებს მაია მიმინოშვილი, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" თავად მაია მიმინოშვილი ესაუბრა.

- ჩემსა და დიმიტრი შაშკინს შორის მართლაც იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მან აღიარა, რომ ჩვენ შორის "პიროვნული შეუთავსებლობა" კარგა ხნით ადრე დაიწყო. ე.ი. ჩემი გათავისუფლებაც  უფრო ადრე შეეძლო და არა შუა გამოცდების პერიოდში. მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით მინისტრმა გამოცდების ჩატარების პროცესი დიდი რისკის ქვეშ დააყენა... ეჭვი მაქვს, რომ ჩემი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მოგეხსენებათ, ჩემი ვაჟი, ლაშა ყანჩაველი 27 მაისის აქციაზე იმყოფებოდა, ხოლო ჩემმა ძმამ, ზაზა მიმინოშვილმა ტელევიზიით ამ მოვლენისადმი მხარდაჭერა გამოხატა. ის მაია ფანჯიკიძის მეგობარია. მე არასდროს არც ერთი პარტიის, მათ შორის, არც "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ აქტივობა არ გამომიჩენია. წინასწარ გეტყვით, რომ ეს მომავალშიც გამორიცხულია და ნურავინ შეეცდება "ქართულ ოცნებასთან" ჩემს დაკავშირებას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არ მაინტერესებს. მირჩევნია, ჩემი საქმით დავკავდე, რაც ისევ განათლების სფეროსთან იქნება დაკავშირებული. რა ვქნა, ასეთი ვიყავი, ვარ და ვერ გამოვიცვლები.

- რამდენად სერიოზულად გეჩვენებათ ის არგუმენტები, რომლითაც განათლების სამინისტრომ თქვენი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ახსნა?

- პირველი არგუმენტი, რაც მოვისმინე,  სასერტიფიკაციო გამოცდებზე კომფორტული გარემოს შექმნა იყო (სიტყვა "კომფორტულის" ხსენებაზე ეცინება.…- ე.ა.) არ ვიცი, რას გულისხმობდა განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე "კომფორტული გარემოს" შექმნაში. ალბათ ფიქრობდა, რომ ბევრი მასწავლებლის ჩაჭრა მინდოდა. მოკლედ, ეს ძალიან სასაცილო არგუმენტი იყო. ყველას გვსურს, რაც შეიძლება მეტმა მასწავლებელმა გადალახოს ბარიერი. ისე, თავად მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას, ბარიერი 60%-იანი უნდა იყოს თუ 3-%-იანი. მე რა შუაში ვარ?! ჩემი პრინციპული პოზიცია ატესტატების გაცემის საკითხთან დაკავშირებით გამოვხატე. ვადასტურებ, რომ შაშკინმა 600-მდე ყალბი ატესტატი გასცა. როცა ეს აღმოვაჩინე, მინისტრს მივმართე. მითხრა, - ვიცი, ეს კრიმინალია, მაგრამ ამ ბავშვებზე ატესტატები უნდა გაცემულიყოო. თანამშრომლებს რა პასუხი გავცე-მეთქი? უთხარით, რომ ატესტატები ყალბიაო, - მიპასუხა.

- შაშკინმა ისიც თქვა, რომ ბაზა თქვენს ხელში იყო და თუ რამე ყალბი გაიცა, პასუხისმგებლობა თქვენ  გეკისრებათ.

- ბაზა ჩვენს ხელში რომ იყო, იმიტომაც აღმოვაჩინეთ ყალბი ატესტატები, თორემ შაშკინის ხელში ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. ფაქტი რეაგირების გარეშე არ დამიტოვებია. შევაგროვე ამ მოსწავლეების განცხადებები და განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადავეცი. მას უნდა გადაეგზავნა პროკურატურისთვის. გენინსპექციამ მომწერა, - მოსწავლეებზე ყალბი ატესტატების გაცემის ფაქტებს ნამდვილად ჰქონდა ადგილიო, რაც ნიშნავს, რომ მინისტრმა დანაშაული აღიარა. თუმცა გენინსპექციას ეს საქმე შემდგომი რეაგირებისთვის არსად გადაუგზავნია. რა თქმა უნდა, აღნიშნული სამსახური შაშკინს ექვემდებარება და დამოუკიდებელი არ არის. მახსოვს, შაშკინმა დამირეკა და მითხრა, სიტყვიერად ხომ აგიხსენი ყველაფერი და გენინსპექციაში წერილის გამოგზავნა რაღა საჭირო იყოო.  ვუთხარი, რომ ამით ჩემი სამსახური დავიცავი.

- დღეს მინისტრი მხოლოდ სპეციალური სერიის ატესტატების გაცემას ადასტურებს 298 მოსწავლეზე, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან. გაყალბების ფაქტს კი კატეგორიულად უარყოფს.

- როგორც გითხარით, არსებობს გენინსპექციის დოკუმენტი, სადაც გაყალბების  ფაქტები დადასტურებულია. სპეციალური სერიის ატესტატების გაცემა კი საერთაშორისო დონის სკანდალია. სპეციალიზებული  ატესტატი მინისტრის ენაზე ნიშნავს იმას, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლე ვერ გააგრძელებს სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ საზღვარგარეთ გზა ხსნილი აქვს(?!). როცა უცხოეთში აპირებთ სწავლის გაგრძელებას, აქედან უნდა წაიღოთ სახელმწიფოს მიერ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტები, მათ შორის ატესტატიც. ჩვენ ლისაბონის კონვენციაზე ვართ მიერთებული და ამ დროს სხვა ქვეყნის უნივერსიტეტს ვეუბნებით, ამ ატესტატს მე არ ვცნობ, მაგრამ შენ თუ გინდა, ცანიო. მსგავსი არაფერი გამიგია! ეს რომ შაშკინს ვუთხარი, მიპასუხა, - რას დაეძებ, წავიდნენ ეს ბავშვები ერევანში ან ბაქოში და იქ ისწავლონო. უკაცრავად, მაგრამ ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომელთაც განათლების მინისტრი სამუდამოდ უკეტავს კარს, რომ ოდესმე საქართველოში გააგრძელონ სწავლა.

- კიდევ რა საკითხებზე იყო აზრთა სხვადასხვაობა?

- ბოლოს ბაზებთან წვდომა მოგვთხოვეს, რაზეც უარი განვაცხადე. იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ განათლების სამინისტროდან მოწვეულ ექსპერტებს სააპელაციო ნაშრომების გადახედვის და ქულების გადასწორების უფლება მისცემოდათ. რაც მთავარია, იმ ნაშრომზე აუცილებლად სახელი და გვარი უნდა ყოფილიყო მითითებული, რაზეც კატეგორიული წინააღმდეგობა გამოვხატე, თუმცა არ ვიცი, ეს პროცესი მომავალში როგორ წარიმართება.

- და მაინც, რატომ ალაპარაკდით ამ ყველაფერზე საჯაროდ მხოლოდ მაშინ, როცა თანამდებობიდან გაგათავისუფლეს?

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ასეა. რაც შემეძლო, გავაკეთე. როცა ატესტატების გაყალბება დაფიქსირდა, შესაბამის სამსახურს მივმართე. მაშინ ამ ფაქტთან დაკავშირებით ნიუსები გავრცელდა, თუმცა თემის გაშლით არავინ დაინტერესებულა.

- ორი თვის განმავლობაში განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობდით. ეს პერიოდი მაშინაც არჩევნებს დაემთხვა. იმხანად თქვენი გათავისუფლების მიზეზიც წინასაარჩევნო პერიოდს ხომ არ უკავშირდებოდა?

- არ ვვარგივარ პოლიტიკოსად! როგორც ჩანს, ვერ შევასრულე პარტიულ-პროპაგანდისტული ფუნქცია, არ დავიბარე განათლების მუშაკები, დირექტორები, მასწავლებლები, არ დავუწყე საუბარი, რატომ უნდა დაეჭირათ მხარი "ნაციონალური მოძრაობისთვის". ამას ვერც ვერასდროს გავაკეთებ!

- ახლა თუ გაიცემა მსგავსი დირექტივები განათლების სამინისტროდან?

- ვერაფერს გეტყვით. ის ვიცი, რაც თქვენც იცით, რაზეც მუდმივად იწერება.

- თქვენმა ყოფილმა თანამშრომლებმა  გამოცდების ეროვნული ცენტრი დატოვეს. მათზე თუ განხორციელდა რაიმე ზეწოლა?

- მათ თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ასეთი 60-მდე ადამიანია, რომლებიც ღირსეულად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ვცადე, დამერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კარგად ჩატარდეს ეროვნული გამოცდები, რადგან ეს ჩვენი დაწყებული საქმეა. დამეთანხმნენ, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალეს. ამასთან, მზადყოფნა გამოთქვეს, რომ თუ მათ შემცვლელებს კონსულტაცია დასჭირდებათ, აუცილებლად გაუწევენ.

- როგორ შეაფასეთ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორის დანიშვნა?

- არ მინდა, ვინმეს შევეხო. ამ ქალბატონს არ ვიცნობ. თავისთავად ფაქტი საინტერესოა, რომ პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ამ პოსტზე დაინიშნა... ყოველ შემთხვევაში, წარმატებას ვუსურვებ.

- მართალია, რომ 51-ე სკოლის მასწავლებელს თანამდებობა იმის გამო დაატოვებინეს, რომ სოლიდარობა გამოგიცხადათ?

- არ ვიცი, მაგრამ თუ ასეა, ძალიან ვწუხვარ. არც ის გამიკვირდება, ვინმეს აქციის დროს ფანჯრიდან გახედვის გამო დაატოვებინონ სამსახური. სამწუხაროა, როცა ამგვარი ზეწოლის ფაქტებს აქვს ადგილი. ჩემი გათავისუფლების შემდეგ ლაშას, ჩემს ვაჟს  ვესაუბრე. ამიხსნა, რატომ წავიდა აქციაზე. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე მოიქცევა, რასაც ნამდვილად არ დავუშლი.

- ლაშა პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში ადრეც მოექცა. ეროვნულ გამოცდებზე ჩაიჭრა და სააკაშვილმა ხოტბა შეგასხათ, პროტექციონიზმს არ ჰქონია ადგილიო...

- დიახ, ასე იყო. ლაშა რატომღაც პოპულარული გახდა, ოღონდ ადრე თუ "კარგი ბიჭი" იყო, ახლა "ცუდია". ახლა ის 23 წლისაა, მუშაობს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია.

- ამბობთ, რომ პოლიტიკურ შეხედულებებს არასდროს გამოხატავთ, თუმცა თანამდებობის დატოვებისთანავე ბიძინა ივანიშვილს შეხვდით. ამას რით ხსნით?

- ბატონმა ბიძინამ თავად მოისურვა შეხვედრა, რადგან ჩათვალა, რომ აქციაზე ლაშას დასწრება გახდა ჩემი მოხსნის მიზეზი. მხოლოდ ამ ფაქტზე ვისაუბრეთ.

- ითქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას აპირებთ, მას "ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ ექნება?

- არავითარი. ამ ორგანიზაციის შექმნის იდეა მხოლოდ მე და ჩემს თანამშრომლებს გვეკუთვნის. ვფიქრობთ, რომ ასე გავაგრძელებთ იმ საქმის კეთებას, რაც განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ საქმის პროფესიონალები ვართ, დიდი გამოცდილება დავაგროვეთ და საცოდაობა იქნება, არ გამოვიყენოთ.

-  ფინანსების მოძიებას საიდან აპირებთ?

- უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია არსებობს, რომლებისთვისაც განათლების სფერო პრიორიტეტულია. არა მგონია, სახსრების მოძიება გაგვიჭირდეს.

- თქვენ მიმართ დადებითად იყო განწყობილი განათლების ექსმინისტრი კახა ლომაია. პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ მასთან ხომ არ გისაუბრიათ?

- ბოლო დროს იშვიათად ვეხმანებოდით ერთმანეთს. გათავისუფლების შემდეგ არ გვისაუბრია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, დადებითად არ შეაფასებდა ამ ფაქტს.

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში

ამავე თემაზე:

- ბიძინა ივანიშვილისა და მაია მიმინოშვილის შეხვდრის ამსახველი ვიდეომასალა

- დიმიტრი შაშკინის ნებართვით 600-მდე ყალბი ატესტატი გაიცა - მაია მიმინოშვილი

- მარაზმს თავი გაანებეთ - დიმიტრი შაშკინი