"ივანიშვილი ბელადი არ არის" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ბელადი არ არის"

"ლომაია რამენაირად გაბედავდა შაშკინთან შეკამათებას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან შეკამათების უნარი

არ აქვს"

"აჯობებს ხელისუფლება საშემოდგომოდ გედის სიღერისთვის მოემზადოს"

7 ივნისს ქუთაისში "ქართული ოცნების" აქციის ჩატარება შესაძლოა ვერ მოხერხდეს. ქუთაისის მერიის პასუხი - ქალაქის ცენტრალური მოედანი ამ დროისთვის დაკავებულიაო, ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლის მცდელობად მიიღეს. რატომ არ შეუშალეს კოალიციის აქციის გამართვას ხელი თბილისში და რატომ უშლიან ხელს ქუთაისში? ამ კითხვით დავიწყეთ საუბარი კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელ, "რესპუბლიკელ" ლევან ბერძენიშვილთან:

- ხელისუფლება ფიქრობდა, - შეიძლება ბევრი ადამიანი არ გამოვიდესო, მაგრამ როდესაც დაინახეს, რაც მოხდა, შეშინდა, ქუთაისშიც იგივე არ განმეორდესო. შესაძლოა, აქციის თარიღი შეიცვალოს, მაგრამ ქუთაისში აქცია მაინც შედგება და შედგება იქ, სადაც საჭიროა..

- ამ აქციების დანიშნულება სხვადასხვაგვარად ესმით. მაგალითად, დავით გამყრელიძემ 27 მაისის აქცია კოალიციას ძალის დემონსტრირებად ჩაუთვალა.

- კონსტანტინე გამსახურდიას ჰქონდა ერთი იგავი, სადაც პატარა თემუკა დიდ კრეისერს ებრძოდა. როდესაც მას უთხრეს, - კრეისერს ვერ მოერევიო, უპასუხა - დიდ კრეისერთან მებრძოლის სახელი ხომ მომეცემაო. ბატონი გამყრელიძე არ არის ბიძინა ივანიშვილისა და მისი კოალიციის თანაზომადი პოლიტიკური ფიგურა და მის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ.

27 მაისს, "მიშა, მოვედი და შენ წახვედი", ჰაი და ჰუი რომ გვნდომოდა, ჩამოვიყვანდით რაიონებიდან ხალხს და აქციაზეც ისეთ ადამიანებს მივცემდით სიტყვას, რომლებმაც სამიტინგო გამოსვლები იციან. მარტო ზვიად ძიძიგური რად ღირს, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ, რადგან არ გვჭირდებოდა. ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ დაახლოებით 75 ათას კაცს და თითქმის ერთი ამდენი თავისით მოვიდა. ეს იყო თბილისელების განწყობისა და არა "ქართული ოცნების" ძალის დემონსტრირება.

- დავით გამყრელიძე ვარაუდობს, - ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა და რევოლუციისკენ წავიდესო. გამყრელიძემ ასევე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, რომ ჩვენს პარტიას ვერ შეისრუტავდა და ამიტომ დაიწყო ჩვენი კრიტიკა. ჩვენ მასთან ფორთხვით არ მივალთო.

- ბიძინა ივანიშვილი რევოლუციონერი არ არის. რევოლუციონერები არჩევნებს არ აწყობენ ხოლმე. მაგრამ თუ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები, ხმებს დავიცავთ და ეს რევოლუცია არ იქნება. არჩევნების შედეგებსაც ვერავინ მოიპარავს, იმიტომ, რომ დასავლეთი არ არის ისე განწყობილი, ვინმეს არჩევნების გაყალბება აპატიოს.

რაც შეეხება ივანიშვილთან ფორთხვით მისვლას, ბატონმა ივანიშვილმა რომ თქვა, რომელ პარტიებთან სურდა თანამშრომლობა, "რესპუბლიკელები" გაოგნებულები ვიყავით, როდესაც პარტნიორად დაგვასახელა. ბატონ ბიძინას არ აინტერესებდა "ახალი მემარჯვენეები" და როგორც ირკვევა, არც "ახალ მემარჯვენეებს" აინტერესებდათ ბიძინასთან თანამშრომლობა.

- ბიძინა ივანიშვილს გააფთრებით აკრიტიკებს შალვა ნათელაშვილიც...

- ივანიშვილმა ნათელაშვილის ელექტორატი შეისრუტა. ამიტომ მოდის ბატონი შალვასგან არცთუ კორექტული გამოხდომები, რომელსაც პოლიტიკურს ვერ ვუწოდებ და რომელსაც აშკარად დაჰკრავს მანამდე კარგად დაფარული პროვინციული ჟღერადობა (აქ წარმომავლობას არ ვგულისხმობ). პროვინციალიზმი ამ პარტიის სტილი გახდა და მათი ლექსიკაც შესაბამისია. "ლეიბორისტებმა" დაკარგეს ნიადაგი, ამასთან ერთად წონასწორობაც და პოლიტიკური ტაქტის საზღვრებს გასცდნენ.

- რას უპასუხებდით იმ ადამიანებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მოსალოდნელია ერთი ბელადის (სააკაშვილის) მეორე ბელადით (ივანიშვილით) ჩანაცვლება.

- ივანიშვილი ბელადი არ არის. ბელადობის ამბავში თუ ვინმე ვერ ხედავს განსხვავებას ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის, შემიძლია მარტივად ავუხსნა. როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად დამხმარეებს ეძებდა, "რესპუბლიკური პარტია" და ეროვნულ ძალთა გაერთიანება დავეხმარეთ, მაგრამ ამის შემდეგ მან ყველაფერი გააკეთა, რომ ჩამოვეშორებინეთ. მან პარტიის გაუქმება მოსთხოვა ბატონ ზურაბ ჟვანიას და ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. დიქტატორული კლანჭები მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს გამოავლინა, ბიძინა ივანიშვილმა კი პირიქით, წინასწარი მოლაპარაკების გარეშე, ისე, რომ რესპუბლიკელებმა და "თავისუფალმა დემოკრატებმა" არაფერი ვიცოდით, პირველსავე საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ ამ ორ პარტიასთან აუცილებლად ითანამშრომლებდა. ეს არ ჰგავს დიქტატორის საქციელს. დიქტატორი მოვიდოდა და გვეტყოდა - პარტია გააუქმეთო, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა.

სააკაშვილს დასამტკიცებელი ჰქონდა, რომ დიდი იყო, ბიძინა ივანიშვილი კი შემდგარი ფიგურაა, მართალია, სხვა სფეროში, მაგრამ მას დასამტკიცებელი არაფერი აქვს. ცოტა უხერხულია ხელისუფლებასთან უნისონში სიმღერა, - ბიძინა ცუდია და არ გვინდაო, მაგრამ მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად არავის არაფრის შერცხვენია, ამიტომ არ მიკვირს არც "ახალი მემარჯვენეების", არც "ლეიბორისტების", არც "ქრისტიან-დემოკრატების" და არც იმ ალიანსების, რომლებიც ცდილობდნენ კოალიციაში ყოფილიყვნენ, მაგრამ ვერ მოხვდნენ. სხვადასხვა დროს ბევრი კრიტიკული სიტყვა გვითქვამს პოლიტიკოსებს ერთმანეთზე, მაგრამ ასეთი ადამიანები მაინც პოულობენ ერთმანეთს, რადგან პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ დავითთან, ბატონ შალვასთან და ბატონ გიორგისთან შესაძლოა გვქონდეს გარკვეული უთანხმოებები, ხვალ შეიძლება პარლამენტში მათთან თანამშრომლობამ მოგვიწიოს. ამიტომ ხიდების დაწვის სურვილით ანთებულები უნდა ფიქრობდნენ მომავალზე.

27 მაისის შემდეგ ხელისუფლების რიგებში პანიკის ნიშნები შეიმჩნევა. ეს ბოლო დღეებში მომხდარ ამბებს ეხება, როდესაც ხან მაია მიმინოშვილი მოხსნეს, ხან სამოცი კაცი ვერ დაითანხმეს სამსახურში დარჩენილიყვნენ. ხელისუფლება არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს. ამის მერე საქმეში ჩაერთვნენ ქალბატონი ზღულაძე და ბატონი ბოკერია, რომლებიც მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ გაათავისუფლონ მასწავლებლები, არ მოხსნან ადამიანები და ახლა იმასაც ამბობენ, საჯარო მოხელეებს უფლება აქვთ პოლიტიკაში ჩაერიონო. არადა სამი დღის წინ ბატონი გიგი წერეთელი გვიხსნიდა, ამის მორალური უფლება არა აქვთ საჯარო მოხელეებსო. მისი აზრით, ვინც გაჭმევს, იმას ხელზე არ უნდა უკბინო. მიუხედავად იმისა, რომ გიგი წერეთელი ძალიან გააკრიტიკეს და შეურაცხყოფაც კი მიაყენეს, მან ეს გადაყლაპა და ალბათ, მოემზადება მომავალ ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ, როგორც ეს უკეთებია მთელი ცხოვრების განმავლობაში.

- როდესაც ითქვა, რომ მაია მიმინოშვილს ყველა მინისტრთან ჰქონდა დაპირისპირება, შევეცადე მის საქმიანობაზე კომენტარი მიმეღო კახა ლომაიასგან (რომელიც მიმინოშვილის მუშაობას ადრე იწონებდა), მაგრამ ბატონმა კახამ უარი თქვა შეფასების გაკეთებაზე.

- ბატონი ლომაია ვერ გაბედავს საკუთარი მოსაზრების გამოთქმას. ისინი, ვინც მაია მიმინოშვილს კვალიფიციურად მიიჩნევენ, ვერ ბედავენ ლაპარაკს. კარგად იციან, რომ ის შაშკინის გათავისუფლებული არ არის. ეს საკითხი უფრო მაღალ დონეზე გადაწყდა. ასეა, თორემ ლომაია რამენაირად გაბედავდა შაშკინთან შეკამათებას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან შეკამათების უნარი არ აქვს.

მიმინოშვილს კვალიფიკაცია შაშკინმაც ვერ დაუწუნა, მაგრამ მაინც მოხსნა და ამ დროს ჰყავს მოადგილე კოკა სეფერთელაძე, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის. მაია მიმინოშვილი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერია. თუკი სადმე განათლების სფროში იყო ნათელი წერტილი, ეს ეროვნული გამოცდების ცენტრი გახლდათ. ახლა შაშკინი გეგმავს, რომ გამოცდები სკოლაში დააბრუნოს და იქ შექმნას კორუფციის ბუდე. თუმცა ამ ჩანაფიქრის განხორციელებას ვერ მოესწრება. აჯობებს ხელისუფლება საშემოდგომოდ გედის სიმღერისთვის მოემზადოს.