"თუ ეს დანაშაულია, დაე, ვიყო დამნაშავე!" - კვირის პალიტრა

"თუ ეს დანაშაულია, დაე, ვიყო დამნაშავე!"

"ჩვენ სიტყვას არასოდეს ვღალატობთ და ბოლოს  მართლები გამოვდივართ"

"შემირცხვენია ისეთი პოლიტიკა, სადაც განსხვავებული აზრი ღალატად ცხადდება"

"სააკაშვილს შეეკრაო, - ამის დაბრალება არის ყველაზე ბინძური ტალახი, რაც კი ჩემთვის ოდესმე უსვრიათ. რატომ უნდა ეგონოს ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც ამ ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს აფინანსებდა, რომ ამის უფლება აქვს? თუ ივანიშვილთან მივფორთხდებოდი, მაშინ გამყიდველი არ ვიქნებოდი, არა? ჯანდაბას პოლიტიკა! ადამიანმა ღირსება არ უნდა დაკარგოს! არ მინდა, წინასაარჩევნო პერიოდი სამართლებრივ დავას მოვანდომო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მომავალში სასამართლოში გავარკვიოთ მტყუან-მართალი", - აცხადებს "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე, რომელთან საუბარი ამერიკელ სენატორ დიკ დურბინთან  შეხვედრის შეფასებით დავიწყეთ.

- გავლენიანი სენატორი დიკ დურბინი დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერის მოადგილეა. იგი ძალიან დაახლოებულია პრეზიდენტ ობამასთან. მასთან შეხვედრაზე ვიყავით "ახალი მემარჯვენეები", "ქრისტიან-დემოკრატები" და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი პარტიები. დიკ დურბინი დაინტერესდა საარჩევნო კამპანიითა და მასთან დაკავშირებული სირთულეებით. მას ასევე აინტერესებდა, გამოიყენებს თუ არა ივანიშვილი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, იყაროს კენჭი პარლამენტში. როგორც მან ბრძანა, ამ საკითხზე დიდი ხმაური იყო ვაშინგტონში ივანიშვილის ლობისტების მხრიდან. მან გაკვირვება ვერ დამალა, როდესაც გაიგო, რომ ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს და იკითხა, მაშ, რა საჭირო იყო ეს ყველაფერიო. მისთვის გაუგებარი დარჩა "ქართული ოცნების" არგუმენტებიც. მან აღნიშნა, რომ არაფერში ჩაერევიან, მხოლოდ დააკვირდებიან, რომ საქართველოში, თავისუფალ და სამართლიან გარემოში, დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები.

- 27 მაისს ხალხის ასეთ აქტიურობას ელოდით?

- ამ დღეს ქუჩაში გამოვიდა ხალხის ის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს მყისიერ ცვლილებებს, რადიკალურ ქმედებებსა და მოვლენების რევოლუციურ განვითარებას.

ეს ხალხი, ვინც აქციაზე მოვიდა, ამომრჩეველთა ყველაზე რადიკალური ფრთაა. რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ არის ზომიერი ამომრჩეველი, რომელზეც "ახალი მემარჯვენეები" ვაკეთებთ აქცენტს. სამწუხაროდ, ვხედავ მცდელობას, ქვეყანაში ერთპარტიული რეჟიმი დარჩეს. საქართველოში ვერაფრით დამკვიდრდა მრავალპარტიული სისტემა, სამწუხაროდ, კომუნისტებისგან ერთპარტიული მმართველობის მავნე მემკვიდრეობა მივიღეთ. როდესაც ხელისუფლებიდან მიდის მისი ლიდერი, პარტიაც ქრება. დღეს ვხედავ საფრთხეს, რომ ივანიშვილმა მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა და ისევ მოხდეს მთელი პოლიტიკური სივრცის მონოპოლიზება. მის განცხადებას, რომ ვინც მასთან არ იქნება, გვერდზე უნდა გადგეს, მისი თანაგუნდელებიც იმეორებენ. რას ნიშნავს ეს? ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში ვერ დარჩება - მათ ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი. სააკაშვილი თუ არ იქნება, "ნაციონალური მოძრაობაც" არ იარსებებს. სხვა ყველა გაიკრიფება და დარჩება ივანიშვილი თავისი "ოცნებით".

- მაგრამ ივანიშვილის კოალიციაში შვიდი სუბიექტია.

- ეს არასერიოზული არგუმენტია. თავის დროზე კოალიციური "ნაციონალური მოძრაობაც" იყო - იქ იყო გავლენიანი ზურაბ ჟვანია და მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, იყვნენ "ქართული ოცნების" დღევანდელი სუბიექტებიც, მაგრამ დავინახეთ, როგორ მოახერხა სააკაშვილმა ძალაუფლების ხელში აღება. ვთქვათ სიმართლე, ივანიშვილი ოლიმპზე დგას და დიდი მანძილია მასა და ყველა დანარჩენ პოლიტიკურ ლიდერს შორის, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით. ვერავინ ბედავს, განსხვავებული აზრი უთხრას მას. ჩვენ ვდგავართ სერიოზული საფრთხის წინაშე - ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში (რაშიც ეჭვი მეპარება) ბელადი სააკაშვილის ნაცვლად მივიღოთ ბელადი ივანიშვილი. ამ დაპირისპირებულ მხარეთაგან რომელიც დამარცხდება, დამარცხდება სრულად. ივანიშვილს საპარლამენტო ოპოზიციაში ყოფნა არ უნდა - ეს გამოჩნდა კიდეც მისი გადაწყვეტილებით, არ იყაროს კენჭი პარლამენტში. მას ისიც ვერ წარმოუდგენია, რომ ერთიან სიაში იყოს პირველი, იმდენად მაღლა მდგომად მიაჩნია თავი. ძნელი წარმოსადგენია, ივანიშვილი ოპოზიციურ ბრძოლაში გადაეშვას, მე კი, აგერ უკვე 11 წელია, აქ ვარ. ივანიშვილი ან ხელს ჩაიქნევს, ან ეცდება, საბოლოო შტურმი ხელისუფლებაზე სხვა ფორმით მიიტანოს.

- რას გულისხმობთ?

- თუ მან გამოაცხადა, არჩევნები გაყალბდა და სამართლიანობა უნდა აღვადგინოთო, არ გამოვრიცხავ, მხარდაჭერა და დახმარება ჩრდილოეთიდან მიიღოს. რუსეთი რომ მისი გულშემატკივარია (არ ვიტყვი, რომ დამკვეთია, რადგან ამის საფუძველი არ მაქვს), კარგად ჩანს.

- საიდან ჩანს?

- იქიდან, რომ ივანიშვილმა 3-4 თვეში უზარმაზარი აქტივების რეალიზაცია შეძლო და მისი აქტივები, ძირითადად, პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრებმა შეიძინეს. შეუძლებელია, დღეს რუსეთში პუტინთან დაახლოებულმა ოლიგარქმა ამხელა ქონება შეიძინოს საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსისაგან, რომელიც აცხადებს, რომ საქართველომ ნატოსკენ სვლა უნდა განაგრძოს.

პრაქტიკულად, ივანიშვილმა მილიარდ 400 მილიონის გაქეშება, ანუ ნაღდ ფულად ქცევა მოახერხა პუტინის გარემოცვის მეშვეობით.

აღარ შევჩერდები იმ ჭორებზე, რომ ივანიშვილი თელასის ყიდვას აპირებს. თუ ივანიშვილი თელასს იყიდის, ეს იქნება პირდაპირი ლუსტრაცია. თუ "რაოეესმა" ეს აქტივი ივანიშვილს მისცა, ეს ნიშნავს, რომ აქ მარტო ინტერესების თანხვედრა კი არ არის, არამედ  რუსეთის  დახმარებაა. ვგონებ, ივანიშვილი ჯერჯერობით ამიტომაც იკავებს თავს თელასის ყიდვისაგან.

- მაგრამ ივანიშვილი ნატოსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ლაპარაკობს.

- ეს განგებ გაკეთდა. მის კოალიციაში პროამერიკელების გარდა არიან ძიძიგური, დავითაშვილი და თოფაძე, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ნატოს წინააღმდეგი არიან. ამ მხრივ ივანიშვილის თანამიმდევრულობაში ეჭვი მეპარება, უბრალოდ, მას ასეთი პოზა სჭირდება.  როგორ შეიძლება, პუტინი ივანიშვილს რუსეთიდან ნაღდი ფულის გამოტანაში დაეხმაროს, თუ დარწმუნებული არ არის, რომ ის ქვეყანას ნატოსკენ არ წაიყვანს.

- ივანიშვილი ამბობს, რომ დაიწყებს მუშაობას ტერიტორიების დასაბრუნებლად.

-  ივანიშვილის ამ სტრატეგიას  პერსპექტივა არ აქვს. ამას შევარდნაძის მაგალითი მოწმობს. რომელმაც მთელი მთავრობა ჩააბარა რუსეთს, მაგრამ  ტერიტორიები ვერ დაიბრუნა. რუსეთთან ენის მოჩლექა არ არის ტერიტორიული პრობლემის მოგვარების საშუალება.

- ივანიშვილი ამბობს, რომ რეალურ მოლაპარაკებას დაიწყებს.

- იმის თქმა, ხელისუფლებაში რომ მოვალ,  ვიცი, პუტინს როგორ  დაველაპარაკოო, თავის მოტყუება და ხალხის შეცდომაში შეყვანაა. ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატოში შესვლაა. თუ ნატოზე ვიტყვით უარს და რუსეთის გუბერნია გავხდებით, შესაძლოა, დაგვიბრუნონ ტერიტორიები, მაგრამ მე ეს არ მინდა.

- ივანიშვილის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირზე ლაპარაკობთ, მაგრამ თქვენ  სააკაშვილის ხელისუფლებასთან კავშირის გამო გაკრიტიკებენ.

- პირველად გვაკრიტიკებენ? ეს იმიტომ ხდება, რომ არ ვართ კომფორმისტები და არც ვიცვლით პრინციპებს. ჩვენ სიტყვას არასოდეს ვღალატობთ  და ბოლოს  მართლები გამოვდივართ. როდესაც მთელი ოპოზიცია  სააკაშვილს ოსანას უმღეროდა, ჩვენ ვაკრიტიკებდით და ვამბობდით, რომ სააკაშვილი ნეობოლშევიკურ რეჟიმს დაამყარებდა. მერე ოქრუაშვილს ჩაუვარდა მთელი ოპოზიცია მუხლებში და ირაკლი რა ფალავანიც აღმოჩნდა, დავინახეთ. ახლა ივანიშვილის წინაშე დაეცა მთელი ოპოზიცია. მესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ფაქტორი. ზოგი მისი საშუალებით პოლიტიკაში დაბრუნებას ცდილობს, ზოგი ამ ხელისუფლებაზეა გაბრაზებული და უნდა, ივანიშვილის  დახმარებით იძიოს შური, მაგრამ არ მესმის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების და მეცნიერების, რომლებიც ჩუმდებიან, როდესაც ივანიშვილი გვიწოდებს გამყიდველებს და "ნაციონალური მოძრაობის" დანამატს. რატომ არიან ჩუმად? როდესაც სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" მეცნიერებას ანგრევდა, ჩვენ ხმალამოღებულები ვიდექით, როდესაც ის უნივერსიტეტს უტევდა, ჩვენ ვიცავდით მას, ღამეებს ვათენებდით. როდესაც პროფესორებს პოლიციაში იბარებდნენ, მე ვიყავი მათზე გადაფარებული. ზოგიერთ ექსპერტს არ რცხვენია, რომ ფსევდოოპოზიციას გვიწოდებს?

ჩვენ გვინდა, მცირე დათმობების ფასად ეს ხელისუფლება ეტაპობრივად შევცვალოთ და არა - რევოლუციით. თუ ეს დანაშაულია, დაე, ვიყო დამნაშავე! დაე, ვიყო გამყიდველი და მეძახონ ხელისუფლებასთან გარიგებული. მათ სინდისზე იყოს. შემირცხვენია ისეთი ქართული პოლიტიკა,  სადაც განსხვავებული აზრი ღალატად ცხადდება. არ მაინტერესებს, რას იტყვის აჟიტირებული ოპოზიციური უმრავლესობა, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ გავა ცოტა ხანი და ჩვენს სიმართლეს ყველა დაინახავს.

- რადგან მას თქვენთან თანამშრომლობა არ უცდია, ამიტომ ხომ არ განაწყენდით?

- მან კარგად იცოდა, რომ "ახალი მემარჯვენეებისა"  და დათო გამყრელიძისაგან ფინანსების გამო მორჩილებას ვერ მიიღებდა. ბადრი პატარკაციშვილთან ვმეგობრობდი, მაგრამ მას არასოდეს უკარნახია, პოლიტიკაში რა გამეკეთებინა. მე შემიძლია გუნდური თამაში, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მიბრძანებს და ვერ განმისაზღვრავს იმპერატიულად, რა უნდა გავაკეთო. ეს იცოდა ივანიშვილმა და გადაწყვიტა - რაკი ამათ ვერ შევისრუტავ, გავლანძღავო. ივანიშვლისთვის განსხვავებული აზრი მიუღებელია. ეს ახასიათებთ მილიარდერებს, მათ უჭირთ ვინმესგან განსხვავებული აზრის, მით უმეტეს - კრიტიკის მოსმენა, მაგრამ თუ პოლიტიკაში ყოფნა უნდა, უნდა შეეგუოს იმას, რომ ხშირად გააკრიტიკებენ.

- თქვენი თანაპარტიელი დავით საგანელიძე თქვენს პოზიციას არ დაეთანხმა და ივანიშვილთან წავიდა.

-  მინდა, დათო საგანელიძესთან მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნო და გული მწყდება, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებზე აღმოვჩნდით.

როდესაც ბიზნესში ვიყავი, არასდროს მიკადრია, ჩემი კონკურენტი კომპანიისაგან გადმომებირებინა წამყვანი სპეციალისტი იმით, რომ მეტი გადამეხადა, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ამის საშუალება. კონკურენტებთანაც არასდროს მიბრძოლია უღირსი მეთოდებით და ასევე ვარ პოლიტიკაშიც.

- ხელისუფლებაზე მეტად თქვენ ივანიშვილი გააკრიტიკეთ.  საინტერესოა, მთავარ მოწინააღმდეგედ სააკაშვილი მიგაჩნიათ თუ  ივანიშვილი?

- ძალიან უნდათ ხელისუფლებასაც და ივანიშვილსაც, რომ პოლიტიკიდან გავქრეთ, მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან. ჩვენ უახლოესი ხანის პოლიტიკურ ცხოვრებაში კვლავ მნიშვნელოვან როლს შევასრულებთ.

რასაც უნდა აკეთებდე, იფიქრე დასასრულზე. ისო ზირაქი