"დადგა ის დრო..." - კვირის პალიტრა

"დადგა ის დრო..."

"დღეს ემოცია და გონიერება ჰარმონიაში მოვიდა და ეს მოძრაობა სიბრძნით წარიმართება"

"კონსტიტუცია სააკაშვილის ატელიედ იქცა, სადაც კონსტიტუციას ხან სახელოს დაუგრძელებენ, ხანაც წელს გაუგანიერებენ"

"სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" მეტი არაფერი იციან, რომ ივანიშვილის გაკეთებულ საქმეებში ლენტი გაჭრან. ეს ხალხი ისედაც უსაქმოდ იყო და ამ არჩევნებზე მაკრატელსაც ჩამოვართმევთ"

"პოლიცია დაამტკიცებს, რომ სახელმწიფოს სამსახურში დგას"

"გახარებული, ამაყი და ღირსებით სავსე ვარ, რომ რეპრესიული მანქანის მუშაობის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობამ არნახული სიმტკიცე გამოავლინა. 27 მაისს თავისუფლების მოედანზე ხალხის უპრეცედენტო რაოდენობა იყო. ამდენი ხალხი რუსთაველზე არასოდეს მინახავს. დედაქალაქმა აჩვენა, რომ 27 მაისს "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად გარდაიცვალა", - მეუბნება პოეტი დათო მაღრაძე, რომელსაც "ქართული ოცნების" მიერ მოწყობილ აქციასა და ბიძინა ივანიშვილის გამო განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვესაუბრეთ.

- რადგან ივანიშვილმა უარი თქვა ესარგებლა საკონსტიტუციო ცვლილებებით, ხელისუფლებამ განაცხადა, მას არჩევნებში დამარცხების ეშინიაო.

- ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის, კოალიცია "ქართული ოცნების" რომ ეშინია, მაშინ გამოხატა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს პასპორტი წაართვა. ვერ შეიგნო ამ ხელისუფლებამ, რომ აღარ არის ის დრო, როდესაც სრული კარტ-ბლანში ჰქონდა. ხელისუფლებამ, თავისი გადაფურთხებული რომ არ აელოკა, ქრისტიან-დემოკრატების იდეა გაიზიარა. ეს არის უნიჭოდ მოფიქრებული სპექტაკლი. ხელისუფლებამ ამჯერადაც ის გააკეთა, რასაც იყო ნაჩვევი, კონსტიტუცია გადააკეთა და როდესაც ეგონა, პოლიტიკურ ჩიხს თავი დააღწია, ივანიშვილმა ჩვეული გამჭრიახობით ისევ ჩიხში მოაქცია. ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოებრივად აზროვნებს და მიაჩნია, რომ კონსტიტუციის ამდენი გადაკეთება-გადმოკეთება და ერთ პირზე მორგება უნდა დასრულდეს. კონსტიტუცია სააკაშვილის ატელიედ იქცა, სადაც ხან სახელოს დაუგრძელებენ, ხანაც წელს გაუგანიერებენ.

ბიძინა ივანიშვილი თავისუფალი ადამიანია, ქართველი და მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, პასპორტს მისცემენ თუ წაართმევენ. ის სააკაშვილს ატელიეში არ შეჰყვება კონსტიტუციის მოსაზომად. ამ კაცს თავისი ქართული გზა აქვს და, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს ისე, რომ არ აჰყვეს ამ ავზნიან ადამიანებს უპასუხისმგებლობაში.

სახელმწიფოებრიობანას თამაშში ეს ახალგაზრდები ძალიან გაერთნენ. საბედნიეროდ, ამ ახალგაზრდებს ბედნიერების ვადა ეწურებათ. ყოვლად უნიჭო ადამიანებს შეუძლიათ თავი ბედნიერად ჩათვალონ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში არიან. ივანიშვილსა და ჯანსაღი სულიერი მდგომარეობის ადამიანებს კი ხელისუფლებაში ყოფნა პასუხისმგებლობად მიაჩნიათ. ამდენად, სწორი იყო ბიძინა ივანიშვილის უარი. ეს იმას ჰგავს, როდესაც გროსმაისტერი დამწყებ მოთამაშეებს მასტერკლასს უტარებს. ესეც ერთგვარი ქველმოქმედებაა, როდესაც უანგაროდ ასწავლი ქცევის წესს, სახელმწიფოსა და კონსტიტუციასთან ურთიერთობას.

"ნაციონალური მოძრაობის" სატრაბახო რეფორმებია და რა არის შედეგი? ადამიანს "ნაციონალური მოძრაობის" ვიღაც წარმომადგენელი ართმევს ქონებას, როდესაც დაზარალებული პოლიციაში დარეკავს, ქონების წამრთმევი უკვე პოლიციელის ფორმით ეცხადება, პროკურორიც ეს კაცია, მოსამართლეც და ციხის ზედამხედველიც. აი, ეს არის მათი "რეფორმების" მწვერვალი, რომ წამრთმევიც, ბრალმდებელიც, მოსამართლეც და ციხის ზედამხედველიც ერთი და იგივე ადამიანია. ამ უბედურების ვადა არ არის უსასრულო და იწურება.

ეს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებაში არ მოსულა. ამ სადისტების ჯგუფი ხალხს კი არ ემსახურება, ხალხი ჩააყენა თავის სამსახურში საკუთარი ავადმყოფური პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ მოდის ძალა, რომელიც ხელისუფლების ალტერნატივა კი არა, ერთადერთი რეალობაა, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს.

- სააკაშვილის ხელისუფლებას ვეღარ ხედავთ?

- ის უკვე მტვერია. ისეთი მტვერი, რომელიც შეიძლება ვინმეს გადასცდეს, ხველა დააწყებინოს და დააჭლექოს.

- მაგრამ ამ "მტვერს" ჰყავს პოლიცია და ძალოვანი უწყებები.

- ხელისუფლებას არც პოლიცია ჰყავს, არც ჯარი და არც არაფერი. ჯარი და პოლიცია ჩვენი ქვეყნისაა. მათ შექმნეს პოლიტიკური პოლიცია და დიდი აგიტაცია გასწიეს ჯარში, მაგრამ ეს უნაყოფო მცდელობაა. პოლიციამ და ჯარმა იციან მათი კეთილდღეობა ვინც განაპირობა, ვინც აღჭურვა, - ეს ბიძინა ივანიშვილი იყო.

პოლიციის მცირე ნაწილი აზროვნებს ავადმყოფურად. მანიაკმა მეთაურმა შესაძლოა ათასგვარი სიბინძურისკენ უბიძგოს, მაგრამ ქართული პოლიცია დაამტკიცებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში დგას.

სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" მეტი არაფერი იციან, რომ ივანიშვილის გაკეთებულ საქმეებში ლენტი გაჭრან. ეს ხალხი ისედაც უსაქმოდ იყო და ამ არჩევნებზე მაკრატელსაც ჩამოვართმევთ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" სახელმწიფოს ატრიბუტიკაზე გამოაცხადა ექსკლუზიური მონოპოლია, მოსტაცეს ქართველ ხალხს გიორგი ბრწყინვალეს დროშა, ჰიმნი, გერბი. თითქოს ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" იყოს. ოქტომბერში ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის სახელმწიფო ატრიბუტიკას.

- საინტერესოა, როცა ამას ჰიმნის ავტორი ამბობს.

- თავისი თავის პატივისმცემელი კაცი არც "ნაციონალური მოძრაობისთვის", არც "ქართული ოცნებისა" და არც რომელიმე კოალიციისთვის წერს რამეს, არათუ ჰიმნს. დადგა ის დრო, როდესაც ემოცია და გონიერება ჰარმონიაში მოვიდა და ეს მოძრაობა სიბრძნით წარიმართება. უკვალოდ არ ჩაივლის ქართველი ხალხის ბრძოლა და მსხვერპლი. ვინც ამ გზაზე ვიბრძოდით, ყველამ უნდა დავაფასოთ ერთმანეთის იარები. ბოროტებაზე სიკეთემ უნდა იზეიმოს.

27 მაისს ერთმანეთის სულისკვეთება იგრძნო ხალხმა და დამტკიცდა, რომ ეს სოციოლოგიური კვლევები სრულიად აბსურდულია. გარე სამყარომ დაინახა, რა მხარდაჭერა აქვს კოალიცია "ივანიშვილი - ქართულ ოცნებას" და როგორი მხარდაჭერა აქვს ხალხს ამ კოალიციისაგან. ხალხი ამ პროცესის მოწმე კი არა, მონაწილეა და აქ ხალხმა უნდა გაიმარჯვოს.