"სამსახურში კეთროვანივით ვარ"
04-06-2012
"სამსახურში კეთროვანივით ვარ"
"27 მაისის აქციაზე ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა იყო, პარლამენტის თანამშრომლები"

"სამსახურში კეთროვანივით ვარ. თანამშრომლებისგან სოლიდარობის ნატამალიც ვერ ვიგრძენი, რამაც გამანადგურა" - მითხრა პარლამენტის აპარატის თანამშრომელმა ნინო ქავთარაძემ, რომელიც 27 მაისის აქციას დაესწრო და "ფეისბუკში" დაწერა - პარლამენტში "ქართული ოცნების" მაისურით რომ მივიდე, რა მოხდებაო.

ნინო ქავთარაძე:
- "ქართულ ოცნებაში" მმართველობის სისტემის კონცეფციაზე მომუშავე თემატურ ჯგუფს ვხელმძღვანელობ. პარალელურად პარლამენტში რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტში წამყვან სპეციალისტად ვმუშაობ. მე,  რიგითი
ჩინოვნიკი, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად შემიძლია გამოვადგე ჩემს ქვეყანას, ვიდრე რომელიმე თანამდებობის პირი.
საჩხერელი ვარ და თვალს ვადევნებდი, წლების განმავლობაში რა კრიტერიუმებითა და გეგმით ახორციელებდა ბიძინა ივანიშვილი "სიკეთის ინიექციებს".
უხერხულობას განვიცდიდი, რომ პარალელურად ვთანამშრომლობდი იმ ორგანიზაციასთან, რომლის სახელის ხსენებაც კი არ შეიძლება პარლამენტში. საოცრად დამთრგუნველი
იყო, რომ იძულებული გახლდით, დამემალა "ქართულ ოცნებასთან" კავშირი.

- რატომ მალავდით ამას?
- იმ მიზეზის გამო, რაზეც ახლა  ბევრს ვერაფერს გეტყვით. ეს დიდ საფრთხეს შეუქმნის ჩემი ოჯახის წევრს - ჩემი ძმისშვილი პატიმარია და დღეს მძევალივით არის. აქამდე არასდროს მქონია პარტიული ვალდებულებები, თუმც ბევრი რამ არ მომწონდა და პროტესტს გამოვთქვამდი. კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელსაც პატივს ვცემ, მეგობრულ გარემოში ბევრჯერ გამომითქვამს გაოცება კანონის იმ მუხლის გაქრობით, რომელმაც მერის უფლებამოსილება უნდა განსაზღვროს. დღეს ისეთი ვითარებაა, უგულავას რამე რომ მოუვიდეს, თბილისის მერი ისევ უგულავა დარჩება. დღეს პრეზიდენტს უფლება აქვს, პირდაპირი მიყიდვის წესით თვითმმართველობის ქონება გაყიდოს. გაგაოცებთ, რომ ბორჯომსა და გუდაურში გადაწყვეტილებებს თბილისის მერია იღებს. ეს კიდევ არაფერია "ლაზიკასთან" შედარებით, რომელიც "ქალაქი-იდეაა" და უკვე საკონსტიტუციო გარანტიები აქვს. დღეს სახელმწიფო მოხელეს წესად ექცა, რომ ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას არაფერი აწყენინოს... საჯარო სამსახური პოლიტიკური წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს. მოხელეებმა უნდა დავიბრუნოთ ღირსება და განცდა იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ან რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს კი არა, სახელმწიფოს და საჯარო ინტერესებს ვემსახურებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიმართ პოლიტიკური ნიშნით შენიშვნების მოცემამ სისტემატური ხასიათი მიიღო, გადავწყვიტე, სამსახური არ დავტოვო. დათრგუნვილი ვარ იმ შენიშვნების მერე, რომელიც პარლამენტში მივიღე.

- რას გეუბნებიან?

- მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ "ქართულ ოცნებასთან" ვთანამშრომლობ, ეგონათ, რომ ანაზღაურებასაც ვიღებდი და ამის დაზუსტება მოინდომეს... შენიშვნა იმის გამო მივიღე, რომ აქციაზე ვიყავი და "ფეისბუკზე" ვიხუმრე: "ქართული ოცნების" მაისურით რომ მივიდე სამსახურში, რა მოხდება-მეთქი. როდესაც გიგი წერეთელმა განაცხადა, - სახელმწიფო მოხელეები არ უნდა მონაწილეობდნენ ოპოზიციის აქციაშიო, "ფეისბუკზე" დავწერე, - გაგვათავისუფლეთ, ვითომ ოქტომბრამდე უხელფასო შვებულებაში ვართ-მეთქი. სხვათა შორის, აქციაზე ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა იყო, პარლამენტის თანამშრომლები.

- "ქართული ოცნების" მაისურით წახვედით სამსახურში?

- არა, რადგან ეს საჯარო სამსახურის კანონის უხეში დარღვევა იქნებოდა. ამის გამო მომედავებოდნენ - პოლიტიკური ძალის რეკლამირება სახელმწიფო დაწესებულებაში არ შეიძლება.
ელდარ კვერნაძემ დამიბარა და ძალიან შეურაცხმყოფელი ფორმით მითხრა, - შენი პოლიტიკური შეხედულებები შენთვის შეინახეო.  გული მწყდება, რომ თანამშრომლებისაგან სოლიდარობის ნატამალიც ვერ ვიგრძენი. პარლამენტში არავინ მიდგას გვერდით და ამას ძალიან განვიცდი.

ასევე იხილეთ: თანამდებობის პირების ოპოზიციურ მიტინგებში მონაწილეობისას შეუთავსებლობა წარმოიქმნება - გიგი წერეთელი
შუტუ
09 ივნისი 2012 13:54
ნინო! მთავარია ჯანმრთელად იყავი დანარჩენს დამიჯერე მოევლება და დღეს ვინც თვალს გარიდებს ხვალ გეტყვის შენთან ერთად ვიყავი მიტინგზეო!
ანდრო
09 ივნისი 2012 10:28
ნუ ახლანდელი მისი პოზიცია კარგია... ისე ეს ქალი ნაცებს სანთელს უნდა უნთებდეს იმდენი ფული აშოვნინეს თავის ნათესავის წყალობით(აცხონოს ღმერთმა )ისე იგრძნო მეინსტრიმის ცვლილება ;) რა პროვოკატორი ქალია ისე რომ იცოდეთ... გადამგდებია და პროექტების ფულის მფლანგველი ....
luka
06 ივნისი 2012 16:24
აღმაშფოთებელია!

რედაქტორის რჩევით