მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
04-06-2012
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
27 მაისზე მნიშვნელოვანი

27 მაისის აქცია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, იმ დღეს გვაჩვენეს, რომ ქართველებს მარტო პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით არ შეუძლიათ ქუჩაში გამოსვლა, რა თქმა უნდა, პირველად ვნახეთ ოპოზიციისგან არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ასე მასშტაბურად დაწყებული საარჩევნო კამპანია; რა თქმა უნდა, ამ აქციის შემდეგ შეგვიძლია, ფრთხილი ოპტიმიზმით ვთქვათ, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა გაიზარდა და ა.შ. მოკლედ, ბევრი რამით იყო მნიშვნელოვანი ეს აქცია, თუმცა ამავე დროს,
თუ მთავარ საკითხად საპროტესტოდ გამოსული ხალხის რაოდენობას ავიღებთ, ახალი და მოულოდნელი მართლაც არაფერი ყოფილა. თბილისში რომ ოპოზიციას ათეულათასობით და თუნდაც ასი ათასი კაცის გამოყვანა არ უჭირს, არაერთხელ დადასტურდა. ამის გამო გაიძახის ოპოზიცია, სააკაშვილს თბილისი არ უყვარსო, მან პარლამენტი ქუთაისში სპეციალურად გადაიტანაო...

ქუთაისი სააკაშვილმა პრაქტიკულად ახალ
დედაქალაქად გამოაცხადა და დღეს მისი ახალი დასაყრდენია. ჯერ ცენტრი გაარემონტა, შემდეგ პარლამენტი გადაიტანა, მთავრობის სახლიც ააშენა.  იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნელ-ნელა ქუთაისში იპარება. სწორედ ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორი იქნება ""ქართული ოცნების" "აქცია ქუთაისში, რამდენ ხალხს შეკრებენ. ხელისუფლება ათას ხრიკს მიმართავს, რომ "ქართულ ოცნებას" ცენტრალურ მოედანზე აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. მთელი თვის განმავლობაში მოედანზე ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა და მოსწავლეების კონცერტები დაგეგმეს. "ქართული ოცნება" მაინც არ ეშვება და აქციის გასამართად სხვადასხვა დღეს სთავაზობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ლავირების ნაკლები საშუალება დაუტოვოს. ჩემი აზრით, ისინი არასწორი მიმართულებით მიდიან. არ აძლევს ქუთაისის მერია მათ მთავარ მოედანზე აქციის გამართვის შესაძლებლობას? არცაა საჭირო! უკეთესი ადგილიც არსებობს - პარლამენტის ახალი შენობა! მათ ადგილას აქციას სწორედ ამ შენობის წინ დავგეგმავდი. ამ პარლამენტში უკვე ჩატარდა პირველი სხდომა, ახლა დროა, მის წინ პირველი აქცია გაიმართოს. სხვანაირად პარლამენტი ვერ "მოინათლება". ხომ ამბობენ, სააკაშვილმა პარლამენტი იმიტომ გადაიტანა, რომ თბილისში საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია აქციების ადგილად იყო ქცეულიო, ჰოდა, დროა, ახალი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაც მოსინჯოს. თუ ""ქართულმა ოცნებამ"" მოახერხა და ქუთაისშიც ბლომად ხალხი გამოიყვანა, უკვე შეგვეძლება სიტუაციის გარდატეხაზე ლაპარაკი. მოკლედ, მთავარი ბრძოლის ველი ქუთაისი და ზოგადად რეგიონებია. ახლა საკითხავია, ჩააბარებს ქუთაისურ გამოცდას "ქართული ოცნება"? 

შემაშფოთებელი განცხადებები

"ჟურნალისტებმა არ უნდა მაპატიონ არც ერთი სიტყვა არც მე და არც არავის." - ეს, მგონი, ერთადერთი უპირობოდ მისაღები მსჯელობა იყო, რომელიც წინა ორშაბათს ივანიშვილის ბრიფინგზე მოვისმინეთ. ახლა მის რჩევას მივყვები და სიტყვას არ შევარჩენ, სათქმელი კი ბევრია.

აქციის წინა დღეებში ყველაფერი კარგად მიდიოდა. ტელეკომპანიების: "კავკასიისა" და "მაესტროს" ეთერში ისე ილაპარაკა, კრიტიკის საბაბი არავისთვის მიუცია. აქციაზეც მშვენივრად გამოვიდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ კაცმა პოლიტიკოსობა ისწავლა, მაგრამ რად გინდა! დადგა ორშაბათი და... ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის წამყვანს, ეკა კვესიტაძეს მისდგა. არა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვის არ გაუკრიტიკებია, მაგრამ კრიტიკასაც ხომ გააჩნია?! თან კვესიტაძის და პაიჭაძის გადაცემები ლამის ერთადერთია, სადაც ნაციონალურ მაუწყებლებზე ოპოზიციას გამოსვლა და მთელი საქართველოსთვის ხმის მიწვდენა შეუძლია. ჰოდა, გამოიყენე, რაღა! რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტის პოზიციას? მწვავე და უხერხული კითხვების დასმა ხომ ჟურნალისტის მოვალეობაა. საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება საინფორმაციო პოლიტიკის გამო აკრიტიკო, მაგრამ ჟურნალისტს რა სწყინს და რა უხარია, ეს არავის საქმე არ არის. არადა, ბიძინამ სწორედ ეს წაუყენა პრეტენზიად კვესიტაძეს. "კვესიტაძემ ვერაფრით მოახერხა წყენა დაემალა იმის გამო, რომ ""ქართული ოცნების"" აქციაზე ამდენი ხალხი მოვიდა", - ბრძანა ბრიფინგზე. არ ვიცი, რა ჩაუთვალა ბატონმა ბიძინამ ჟურნალისტს წყენის გამოხატვად და ამის არც გარკვევას ვაპირებ, რადგან ეს მეასეხარისხოვანია.

მთავარია, პირველი არხის წამყვანები: კვესიტაძე და პაიჭაძე იწვევენ თუ არა თავიანთ გადაცემებში ოპოზიციის წარმომადგენლებს, როდესაც ისინი აქტუალურები არიან და აძლევენ თუ არა საშუალებას თავიანთი მოსაზრებები მოსახლეობამდე მიიტანონ. მეასეხარისხოვან საკითხებს ოპოზიციის ლიდერი არ უნდა არკვევდეს. ივანიშვილი კი არა მარტო იმის გარკვევას ცდილობდა, ვის რა ეწყინა, არამედ, ტელეკომპანია "რეალ-ტი-ვის" ჟურნალისტი გვერდზე გაიყვანა და საქმეს ურჩევდა. "რეალ-ტი-ვი" მართლაც ჟურნალისტური უსინდისობის მწვერვალია, მაგრამ რა ოპოზიციის ლიდერის საქმეა, მისი კორესპონდენტისთვის მორალის კითხვა? საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით გაკეთებული მისი განცხადება: "თუ არხის თანამშრომლები თავიანთ რიტორიკას არ გადააწყობენ, ტელევიზიის დაფინანსებაში ხალხი ფულს არ ჩადებს", - შეიძლებოდა ვინმეს მუქარად მიეღო, რადგან ხალხს არავინ ეკითხება არხის დაფინანსებას, ის ბიუჯეტიდან ფინანსდება და დაფინანსების შეწყვეტა მხოლოდ კანონის შეცვლით შეიძლება. მოკლედ, ივანიშვილის განცხადება ნიშნავდა: თუ თქვენ არ შეიცვლებით, მოვალთ, კანონს შევცვლით და ხახამშრალს დაგტოვებთო. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ არა დაფინანსების შეწყვეტის მუქარით, არამედ მისთვის რეალური დამოუკიდებლობის მიცემით.

გიგი, ამირანი და თანასწორი საზოგადოება

თუ ბიძინა ისეთი საზოგადოების შექმნას აპირებს, სადაც ხალხი რიტორიკას თავისით შეიცვლის, სააკაშვილი, მგონი, საერთოდ უკლასო საზოგადოებას აშენებს. სხვას რას უნდა ნიშნავდეს მისი განცხადებები ყველა მოქალაქის გათანაბრების შესახებ? "არ ვართ პრესტიჟული და არაპრესტიჟული ზონებისგან შემდგარი დასახლება, არ ვართ საზოგადოება, რომელიც იყოფა პრივილეგირებულ ელიტად და უუფლებო მასად. ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფო, ერთი საზოგადოება, რომელშიც ცენტრია ყველგან, სადაცაა მისი მოქალაქეები"", - წინა კვირას კიდევ ერთხელ განმარტა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში მათ იმ "მატარებელში ჩასხდომა შესთავაზა, რომელსაც არ ექნებოდა სხვადასხვა კლასის კუპეები და ყველა მგზავრი თანაბარი მომსახურებით იმოძრავებდა". აი, ხომ ხედავთ? მართალია, არ დაუკონკრეტებია, ეს ერთადერთი კლასი კუპე იქნება თუ პლაცკარტი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?

მთავარია, ყველანი თანასწორები ვიქნებით - მეც და რომელიმე მილიონერი ბიზნესმენიც. ის ვერ იქნება ჩემზე პრივილეგირებული და ასეთი კომუნიზმის დასაწყისი პარლამენტის ქუთაისში გადატანა ყოფილა. პრეზიდენტი იქამდეც კი მივიდა, რომ პარლამენტის გადატანა ამირანის მიერ ღმერთისთვის ცეცხლის მოტაცებასთან გააიგივა. როგორც სააკაშვილმა ქუთაისში, ახალგახსნილ საავადმყოფოში განაცხადა, ამ ნაბიჯით პოლიტიკური ძალაუფლება ერთ ქუჩაზე მცხოვრებ ერთსა და იმავე ცხვირაწეულ ხალხს გამოსტაცეს. გამოდის, მას შემდეგ, რაც ამ მითური ქუჩის მცხოვრებნი ჩვენმა გმირმა, ამირანმა დაამარცხა, ჩვენთან თანასწორობა და სრული ბედნიერება დაისადგურებს. ეს რომ ასეა და ყველანი რომ გავთანაბრდით, აღარ არსებობენ ძლიერნი ამა ქვეყნისა, ამას თბილისის მერი გიგი უგულავა პირადი მაგალითით ადასტურებს. წინა კვირას სახელისუფლებო ტელევიზიებით ორი სიუჟეტი ვიხილეთ. ქალაქის მერმა შემთხვევით შეიტყო, სოციალურად დაუცველი მოხუცი ქალბატონის პრობლემის შესახებ - თვალის ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი. მეორე დღეს მივიდა მასთან, ხელი ჩაჰკიდა და მიიყვანა საავადმყოფოში. იქ კი არ მიატოვა, ბოლომდე მის გვერდით იდგა, რეგისტრაციაშიც გაატარა, ექიმთან კონსულტაციაზეც შეჰყვა და ისეთი მონდომებული იყო, რომ შესძლებოდა, ოპერაციასაც გაუკეთებდა. ვიფიქრე, ეს ერთჯერადი პიარაქციაა-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს რომ ბავშვსაც პირადად უპატრონა, მივხვდი, ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო თანასწორობის ერა დაიწყო! ასეთი ერა კომუნისტებმა რატომ ვერ დაამყარეს? იმიტომ, რომ არ იცოდნენ, ღმერთებისთვის ცეცხლის წართმევა დეპუტატების ქუთაისში გადაყვანას თუ ნიშნავდა...
tvalsazrisi
07 ივნისი 2012 03:58
მესამე ნაწილი მომეწონა.
აბა, არ ვართ ელიტა და ქველიტაო?
რომელი სათვალით უყურებს ქვეყანას 8 წელიწადი?
ჰიპნოზიორის მეთოდებიც ჰქონია გუდაში, უყურე შენ :)))
ეგეთი ჰიპონოზები თავის ოჯახში ატრიალოს სააკაშვილმა.
სხვებზე აღარ ჭრის მაგის კლიაუზნიკობები.
Tazo
05 ივნისი 2012 16:59
ბატონო მერაბ თავიდან ბოლომდე ვუყურე ეკა კვესიტაძის გადაცემას და არავითარი არაობიექტურობა და ტენდენციურობა არ შემინიშნავს. ბატონო ბიძინა ასეთი თავკერძა და აკვიატებული აზროვნების ლიდერი ერთი ხომ გვყავს?! ნუ გაივლით მის გზაზე. რაც შეეხება პარლამენტის თემას, ბატონო ბიძინა ნუ აჰყვებით თქვენს მაამებლებს.. ეს თემა ქუთაისლებისთვის ძალიან მტკივნეულია, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, და ქუთაისში რომ ჩამოვლენ ძალიან ფრთხილად იყვნენ, ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამენ

რედაქტორის რჩევით