მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

კლინტონისა და სააკაშვილის შეხვედრა

(პოლიტიკური სატირა)

მიშა: ჰელოუ, მაი დარლინგ!

ჰილარი: დარლინგ კი არა, დაჯექი! ნუ ცუნცრუკობ, თუ კაცი ხარ!

მიშა: ჰი-ჰი-ჰი...

ჰილარი: შენ კიდევ ვერ გაიზარდე, არა?

მიშა: ჰი-ჰი-ჰი. გინდათ, ახალი პროექტები გაჩვენოთ? აი, ნახეთ ახალი იუსტიციის  სახლი ასეთი იქნება, ახალი სასტუმრო...

ჰილარი: რა სახლი, რა სასტუმრო?! გაკვეთილი თუ ისწავლე?

მიშა: რა თქმა უნდა! ე-ე-ე...

ჰილარი: გისმენ, გისმენ.

მიშა: ე-ე-ე... შევინარჩუნოთ ევროატლანტიკური კურსი. გავზარდოთ ავღანეთში ჩვენი კონტინგენტი, არ წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციას. ე-ე-ე...

ჰილარი: მერე, მერე?

მიშა: სულ ეს იყო.

ჰილარი: დარწმუნებული ხარ? აბა, კარგად დაფიქრდი!

მიშა: დავფიქრდი, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ.

ჰილარი: ე.ი. ცუდად ფიქრობ. ტვინი გაანძრიე! ჩა...

მიშა: ჩა...

ჰილარი: ჩა-ვა...

მიშა: ჩა-ვა...

ჰილარი: ჩა-ვა-ტა-როთ...

მიშა: ჰო, ჩავატაროთ... ჩავატაროთ მივიწყებული მომღერლების კონცერტები! ჰი-ჰი-ჰი...

ჰილარი: რა კონცერტი! რა მივიწყებული მომღერლები!

მიშა: აბა?

ჰილარი: დე...

მიშა: დე...

ჰილარი: დე-მო...

მიშა: ა, ჩავატაროთ დემონსტრაცია ლოზუნგით - "მონიკა ლევინსკი ბოზია!"

ჰილარი: რა მართალს ამბობდა შენზე კონდოლიზა!

მიშა: რას ამბობდა, რას? კონდოლიზას ძალიან მოვწონდი.

ჰილარი: კი, გიჟდებოდა... გავაგრძელოთ! დე-მო-კრა...

მიშა: დე-მო-კრა... დე-მო-კრა... ა, დემოკრატიული ქვეყნების ცეკვების ფესტივალი!

ჰილარი: შენ სულელი ხარ, თუ თავს ისულელებ?

მიშა: ხან როგორ, ხან როგორ...

ჰილარი: მოკლედ, ჩავატაროთ დემოკრატიული...

მიშა: ჩავატაროთ დემოკრატიული... გინდათ, მბრუნავი რესტორანი გაჩვენოთ?

ჰილარი: ჩავატაროთ დემოკრატიული და...

მიშა: ჩავატაროთ დემოკრატიული და... გინახავთ 37-ე სართულზე ეშმაკის ბორბალი?

ჰილარი: ჩავატაროთ დემოკრატიული და სა-მა...!!!

მიშა: ჩავატაროთ დემოკრატიული და სა-მა... სამარცხვინო?

ჰილარი: რა სამარცხვინო, რა სამარცხვინო?! სა-მარ-თლი-ანი! სამართლიანი!

მიშა: ჰო, დემოკრატიული და სამართლიანი... პროცესი, ჰო, სამართლიანი პროცესი! რუსეთის აგენტების სასამართლო პროცესი, უნდა ჩატარდეს სამართლიანად და დემოკრატიული სტანდარტების დაცვით!

ჰილარი: რა პროცესი, რა აგენტები! ბოლო შანსს გაძლევ. ჩავატაროთ დემოკრატიული და სამართლიანი არჩ...

მიშა: არჩ... არჩ... არჩ...

ჰილარი: ჰო, არჩ...!!!

მიშა: არ ვიცი და რა ვქნა!

ჰილარი: (კივის) არჩევნები! არ-ჩე-ვნე-ბი!

მიშა: უი...

ჰილარი: უი შენ და, ღვთის ცეცხლი!!!

შეცვლილი ქვეყანა

ჩვენი ქვეყანა მართლაც სწრაფი ტემპით მიიწევს წინ. საქართველოში ერთი თვეც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თავი სხვა ქვეყანაში გეგონოთ, მაგალითად, აღმოჩნდეთ სახელმწიფოში, სადაც უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქესაც შეუძლია გახდეს ქვეყნის პირველი პირი, ანუ ერთი სახელმწიფოს ქვეშევრდომს შეუძლია მეორე ქვეყანა მართოს, მაგრამ თუ ადამიანი ამავე დროს საქართველოს მოქალაქეცაა, ანუ ორმაგი მოქალაქეა, ამას ვერ შეძლებს.

ასევე ადვილად აღმოჩნდებით ქვეყანაში, სადაც ოპოზიციას ჰყავს ლიდერი... დიახ, ლიდერი და არა რიგითი წევრი,  ვინც ჯერ პოლიტიკოსიც კი არ არის და ახლა სწავლობს, ვინც ყოველ ჯერზე ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მერე მის თანაგუნდელებს რამდენიმე დღე მათი განმარტება უწევთ - არა, ასე კი არ თქვა, ისე თქვაო; ეს კი არ იგულისხმა, არამედ - ისო.

ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ ქვეყანაში, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი იმისთვის ჩამოდის, რომ ოპოზიციისგანაც და ხელისუფლებისგანაც გაკვეთილი ჩაიბაროს და არჩევნების შედეგიც იმაზეა დამოკიდებული, ვის რა ნიშანს დაუწერს ჰილარი მასწავლებელი; პრეზიდენტი კი, იმის დასტურად, რომ ამერიკა რუსეთი არაა, ამაყად აცხადებს, საგარეო საკითხებში ამერიკა სრულ ავტონომიას გვაძლევსო. დიდი მადლობა, ავტონომია თუ გვქონია.

დასასრულ, ყველაზე მთავარი: ჩვენ უცებ აღმოვჩნდით ქვეყანაში, სადაც შეიძლება აღარ იყოს შალვა ნათელაშვილი. მართალია, ხმები მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაჭარბებული მგონია, უფრო წინასაარჩევნო ტრიუკს ჰგავს, დაახლოებით ისეთს, ჩამქრალი პოპვარსკვლავები რომ იყენებენ ხოლმე ყურადღების მისაქცევად და სცენიდან ჯერ მიდიან, მერე - ბრუნდებიან, მაგრამ მართლა რომ წავიდეს? გიფიქრიათ, რა ეშველება ქართულ პოლიტიკას მთავარი ლეიბორისტის გარეშე? მერე ვინღა გაბრაზდება ქართველ ხალხზე და ეტყვის, ფურთხის ღირსი ხარო, თან ეგონება, რომ ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძემ თქვა; მერე ვინღა დაარქმევს პოლიტიკოსებს ზედმეტსახელებს: "აჭარელი ლუი დე ფიუნესი," "დაღლილი ვირი," "ბუხრიდან ჩამოვარდნილი მაჯლაჯუნა" და ა.შ. არ დაგვღუპო, შალვა! რა გაუძლებს ქართულ პოლიტიკას მასხარების გარეშე!