"ჩვენ არ გვაქვს ამნეზია!" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ გვაქვს ამნეზია!"

რატი ამაღლოებლი: "ამას პირველად ვამბობ..."

ტელევიზორიდან გამოსული იდეოლოგიური ხელკეტი და ხელყოფილი თავისუფალი მედია

რატი ამაღლობელი: "განათლების  დღეს, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით გალამაზებული გესტაპო..."

ავადსახსენებელ საბჭოთა დროს ბევრი რამ ჰქონდა საშინელი და სამარცხვინო, მაგრამ მაშინაც კი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მაინც ახერხებდნენ და თავისუფლების ერთგულები რჩებოდნენ...

მახსოვს, ჩვენი ქართულის მასწავლებელი ალექსანდრა გუჯაბიძე გაკვეთილზე კატეგორიულად ითხოვდა, - თქვენი აზრი მითხარით ამ ნაწარმოების შესახებო... თუ ვინმე თავს აარიდებდა საკუთარი აზრის გამოთქმას, ნაწყენი უმეორებდა: - არ შეიძლება ადამიანი იყო და საკუთარი აზრი არ გქონდესო... არ მეგონა, დღეს თუ გამახსენდებოდა ქალბატონი ალექსანდრას შეგონება... გამახსენდა იმიტომ, რომ საკუთარი აზრის გამოხატვა, თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი მედია - ეს ყველაფერი დარტყმის ქვეშ მოექცა... არადა, ადამიანად მანამ გრძნობ თავს, ვიდრე თავისუფლად შეგიძლია აზრის გამოხატვა... სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ რატი ამაღლობელს:

- მთელი სისტემა და მექანიზმია შექმნილი, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ არჩევანი. ამას ხელს უწყობს ხელისუფლების მიერ წარმოებული ეკონომიკური და საგანმანათლებლო პოლიტიკა, სასჯელაღსრულების სისტემა, სასამართლოს არარსებობა, ზეწოლა მედიაზე, ადამიანებს არ აქვთ შრომის უფლება, სიღარიბეში ცხოვრობენ, ბიზნესს ხელისუფლება აკონტროლებს. შესაბამისად, შეზღუდულია გამოხატვის თავისუფლება და ადამიანები მუდმივად ფიქრობენ, რა თქვან და რა არ თქვან, რა იფიქრონ და რა - არა. შინ დაბრუნებულები უყურებენ "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს. ეს არის ტელევიზორიდან გამოსული იდეოლოგიური ხელკეტი, რომელსაც ურტყამენ საზოგადოებას. ეს ძალიან მძიმე სისტემაა, რომელიც რვა წლის მანძილზე გონივრულად, გააზრებულად შექმნეს. ეს არ გახლავთ მარტივი, ბრუტალური ძალადობა... ეს არის ორგანიზებული სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ტერორს, ადამიანების მუდმივ კონტროლს და მათ ზომბირებას.

ეს არის საფრთხის შემცველი სისტემა, რომლის არსებობა განსაზღვრავს შიშის არსებობას ადამიანებში. მოქალაქემ შეიძლება გაიღვიძოს და მას ან მის შვილს ბალიშის ქვეშ ყუმბარა, ჯიბეში - ნარკოტიკი გაუჩნდეს, რომელსაც პოლიცია აღმოაჩენს... ან სამსახურიდან გაათავისუფლებენ, ან ძმას დაუჭერენ, ან ნათესავს. ამის თვალსაჩინო მაგალითები მარტო ახალგაზრდა იურისტების საქმეებში უამრავია. ნახეთ სასამართლოს ოქმები, რისთვის იხდის სასჯელს ჩვენი თანამემამულეების არათუ მცირე ნაწილი...

- თქვენ თუ გამხდარხართ ზეწოლის ობიექტი?

- განათლების სამინისტროში ვმუშაობდი. საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი მეკავა. მაშინ იყო მცდელობა, რომ რაღაც არ მეთქვა... ამას პირველად ვამბობ.

- რას ითხოვდნენ თქვენგან?

- რბილ და ლოიალურ დამოკიდებულებას... და მაშინვე დავტოვე სამსახური, თუმცა ეს არავის მოუთხოვია. ეს იყო 2005 წელს, მაგრამ მაშინ არაფერი გამიხმაურებია...

- დღეს ლაპარაკობენ უმაღლესში მისაღები გამოცდების ახალ მოდელზე - ყველა სკოლადამთავრებულისთვის, ვინც ატესტატს მიიღებს, გზა ხსნილი იქნება უმაღლესი სასწავლებლისაკენო.

- ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო სისტემა, ახალგაზრდებისთვის მიგვეცა განათლება, რომელიც მნიშვნელოვანი და აქტუალური იქნებოდა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა უნდა განვითარებულიყო და ადამიანებს შესძლებოდათ დასაქმება. ეს არ მოხერხდა. უმაღლესი განათლება უნდა ყოფილიყო არჩევანი, რომელიც მოიცავს დიდ შრომას, დიდ დროს, მაგრამ ფასდება ჩვენს ქვეყანაშიც და სხვაგანაც... რა ფასი აქვს ასეთ განათლებას და ასეთ დიპლომს? რა ტიპის და რა ხარისხის განათლებას მიიღებს სტუდენტი? ეს არის სრული უკუსვლა იმ რეფორმებისა, რომელიც მართლაც ხორციელდებოდა პირველ ორ წელიწადს. ყველაფერი უკან მიდის, იმიტომ, რომ განათლებაც პოლიტიზებულია. სააკაშვილი განათლების სისტემას ისე უყურებს, როგორც საარჩევნო უბანს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ძალად თვლის, ელოდება საარჩევნო ყუთებთან მისულ დაშინებულ მასწავლებლებს. განათლების სისტემა დღეს, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით გალამაზებული გესტაპო... იბარებენ განათლების სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს და სთხოვენ ხუთ-ხუთ ხმას. ადამიანებს ემუქრებიან სამსახურის დაკარგვით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრით. ეს ვიცი პირველწყაროდან...

სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაულის ყველა შესაძლო მოწმე სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ზეწოლაზე საუბრისას ადამიანები უფრთხიან ვინაობის გამჟღავნებას. მოქმედებს რამე კანონი, რომელიც დაგვიცავს? მოწმეების დაცვის კონვენციას მიერთებულები ვართ, მაგრამ რა? საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა შექმნას მათი დაცვის პრეცედენტი. მთავარი დაცვა სოლიდარობა და ერთად ყოფნაა. სამწუხაროდ, სახელმწიფო არ გიცავს, მხოლოდ გემუქრება!

- "ოცნების გამოჩენამ" უფრო აშკარა ხომ არ გახადა ზეწოლა თავისუფალ მედიაზე...

- "მეცხრე არხის" შეზღუდვა, მაგალითად... მალე ვნახავთ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან. უამრავი საგანგაშო დასკვნა უკვე გამოქვეყნებული აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს... პროპაგანდისტული მანქანა ცდილობს, გადაფაროს ყველაფერი, მაგრამ ადამიანებს აქვთ აღქმის უნარი და ეს მაიმედებს. დავდივარ საქართველოს მთიანეთში, შევხვედრივარ ადამიანებს, განსაკუთრებით მოხუცებს, რომლებიც უყურებენ სამთავრობო არხების ტელევიზიებს და ჰგონიათ, რომ სხვაგან ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ, ჯერ მათამდე არ მისულა ხელისუფლების სიკეთე. მოლოდინში არიან... ამ ილუზიებს, რომლებსაც ქართული ნაციონალური მაუწყებლები გვთავაზობენ, მოაქვს გულწრფელ პატრიოტულ გრძნობებზე თამაში. ამ სიცრუეს მალე აეხდება ფარდა. საზოგადოებას არ აქვს მოკლე მეხსიერება. ხელისუფლების დირექტივების შემსრულებელთ უნდა ახსოვდეთ: ჩვენ არ გვაქვს ამნეზია... ისინი პასუხს აგებენ საკუთარ ქმედებებზე. სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბების პროცესშია და ამას ვეღარავინ შეუშლის ხელს.