"აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ტრაპზე ფეხის დადგმაც არ აცალეს, ისე სწრაფად დაანებეს თავი დემოკრატობანას თამაშს" - კვირის პალიტრა

"აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ტრაპზე ფეხის დადგმაც არ აცალეს, ისე სწრაფად დაანებეს თავი დემოკრატობანას თამაშს"

"სახელმწიფოს თუ არ უნდა, რომ "მე-9 არხი" არსებობდეს, არ მისცეს ლიცენზია და ამით ყველაფერი დამთავრდება! ის კი ცალი ხელით აძლევს ლიცენზიას, მეორით თიშავს"

"თუ ვერაფერს გაიგონებ და დაინახავ, ვერც ვერაფერს იტყვი"

მერიის ბრძანებით, მიკროავტობუსებს რადიოები დაუხშეს(!)

გასულ კვირას რამდენიმე "სასიამოვნო" სიახლე შემოგვთავაზეს: მარეგულირებელმა კომისიამ "სტერეო +"-ს "მე-9 არხისთვის" საეთერო სიხშირის გათიშვა დაავალა და მას გაწეული მომსახურების გამო ჯარიმა დააკისრა, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით მიკროავტობუსებში რადიომაუწყებლობა აიკრძალა, ყველასთვის მოულოდნელად ჟურნალისტ ია თინიკაშვილს გორის გზატკეცილზე, სოფელ მეჯვრისხევისკენ მიმავალს, ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს; იყო "ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე სხვადასხვა სახის ზეწოლაც, სახელოვანი სპორტსმენების დაშინების მცდელობა და სხვ. დაზარალებულები და თვითმხილველები ამბობენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შემდეგ ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებმა მყისიერად იმატა.

სახიფათო მედია

დავით ზილფიმიანი, "სტერეო +"-ის დირექტორი: "მარეგულირებელმა კომისიამ "სტერეო +" იმის გამო დააჯარიმა, რომ "მე-9 არხს" საეთერო მაუწყებლობით ემსახურებოდა. ჩვენი ლიცენზია მხოლოდ რადიოხაზით მომსახურებას ითვალისწინებდა. მოგვთხოვეს,  "მე-9 არხისთვის" ეთერის გათიშვა სიხშირული ზონის დაწევის ხარჯზე, მაგრამ ეს შეუძლებელია, ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება. მთელი 4-5 წლის განმავლობაში სხვა ტელევიზიებიც იღებდნენ სიხშირეს ავტომატურად (უნებლიეთ), მაგრამ პრობლემა არ შეგვქმნია. ცხადია, რაც მოხდა, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე, მე რა შუაში ვარ?!

სახელმწიფოს თუ არ უნდა, რომ "მე-9 არხი" არსებობდეს, არ მისცეს ლიცენზია და ამით ყველაფერი დამთავრდება! ის კი ცალი ხელით აძლევს ლიცენზიას (აქაოდა, დემოკრატი ვარო), მეორით თიშავს. ამ გაუგებრობაში ამიტომაც მოვყევი. როგორ ფიქრობთ, რატომ მაშინ არ გაიმართა მარეგულირებელი კომისიის სხდომა, როდესაც  ჰილარი კლინტონი იყო ჩამოსული?!  როგორც ჩანს, მისი მოერიდათ. უფრო მეტიც, 4-5 წლის განმავლობაში, როცა ჩვენგან სხვა ტელევიზიებიც ანალოგიურად საეთერო სიხშირეს იღებდნენ, ამ საკითხზე მარეგულირებელ კომისიას არც ერთი სხდომა არ გაუმართავს. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ტრაპზე ფეხის დადგმაც არ აცალეს, ისე სწრაფად დაანებეს თავი დემოკრატობანას თამაშს".

რას ერჩოდნენ მიკროავტობუსებში რადიოებს?

ამიერიდან მგზავრები მიკროავტობუსებში მხოლოდ სარეკლამო ტექსტებს მოისმენენ და არა რომელიმე საინფორმაციო გამოშვებას. მძღოლები ამბობენ, რომ ეს მერიის სამსახურის "დაკვეთაა".

ნინო ქვარიანი (რადიო "პალიტრის" დირექტორი): "როგორც შევიტყვე, წინადღეს, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მძღოლებს მანქანები ღია ფარეხებში დაატოვებინეს. ეს გვაძლევს ეჭვის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ჩატარდა მონიტორინგი, თუ რომელი რადიო ჰქონდათ მძღოლებს ჩართული მიკროავტობუსებში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ვფიქრობთ, მიკროავტობუსების მძღოლების ინტერესებში შედის არა სარეკლამო კომპანიის დაკვეთის შესრულება, არამედ მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა. არა მგონია, რადიოს მოსმენაზე უფრო სასურველი ვინმესთვის რეკლამის მოსმენა იყოს. მგზავრებისთვის აზრი არავის უკითხავს".

"შოფრული", ე.ი. რკინის ლოგიკა

ახლახან (ჰილარი კლინტონის გამგზავრებიდან მეორე დღეს) მძღოლსა და მის ნაცნობს შორის ასეთ საუბარს შევესწარი:

- წავიდა თუ არა კლინტონი, ხელისუფლება მძღოლებს ებდღვნა, მიკროავტობუსებში რადიომაუწყებლობა მოსპეთო! შესაძლოა, ოპოზიციის ერთი-ორი აქტივისტიც გალახონ. ისე, ყველაფრის ლევიტანის ხმით რადიოსა და ტელევიზიაში გამოცხადება არაა ლამაზი!

- აფსუს, ჩემი მეზობელი ზაური! - შეიცხადა ნაცნობმა.

- ზაურს რაღა სჭირს? - დაინტერესდა  მძღოლი.

- რაც ხალხს სატელიტური ანტენების დადგმა აუკრძალეს, წაუვიდა უკან ბიზნესი! (როგორც ჩანს, ზაური ანტენებს ამონტაჟებდა. - ავტ.).

- "მე-9 არხის" ეთერი საკაბელო ოპერატორის გარეშეც გაითიშა. გაითიშებოდა, აბა რა. ის საწყალი "სტერეო +"-ის დირექტორი  კიდევ ირწმუნებოდა, სიხშირის დაწევა და "მე-9 არხის" ეთერის გათიშვა ჩემს ძალას აღემატება, ფიზიკის კანონებს მე ვერ შევცვლიო. არადა, ხელისუფლება კონსტიტუციას ისე ცვლის, როგორც გაუხარდება და ფიზიკის კანონები დაუდგება წინ? საჭირო რომ გახდეს, კაბელსაც გაღრღნის და "მე-9 არხს" მაინც გათიშავს.

- კი მაგრამ, საინფორმაციო ვაკუუმში ხომ არ დატოვებენ ხალხს?

- დატოვონ, რა უჭირს. მთავარია, უკვე ვიცით, რაც არის ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემა!

- მაინც რა ვიცით?

- რა და, არსებულ ხელისუფლებაზე იფსკვნი ჯვარს და სიკვდილამდე მასთან იქნები!

ვერაფერს იტყვი, რკინის ლოგიკაა.

ია თინიკაშვილი: "შეიძლებოდა უარესიც მომხდარიყო"

როგორც უკვე მოგახსენეთ, ორიოდე დღის წინ რადიო "პალიტრის" ჟურნალისტსა და იმავდროულად, "მაესტროს" შიდა ქართლის ბიუროს უფროსს, ია თინიკაშვილს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს, როდესაც ჟურნალისტი გორის გზატკეცილზე, სოფელ მეჯვრისხევისკენ ავტომობილით მიდიოდა. "უეცრად ძლიერი ხმა და უკნიდან ჰაერის წნევის დარტყმა ვიგრძენი, რასაც ავტომობილის უკანა მინების მსხვრევა მოჰყვა, ნატეხები კეფაზეც შემომეყარა. გვერდით ჩემი  ახლობელი, თამარ ხორბალაძე იჯდა. კიდევ  კარგი, უკან სალონში არავინ იჯდა, არადა,  კიდევ ერთი გოგონაც უნდა წამოსულიყო ჩვენთან ერთად. გამიმართლა იმითაც, რომ სწრაფად მივდიოდი, ალბათ, ათი ერთეულით ნაკლები სიჩქარით რომ მემოძრავა, გაცილებით უარესი მოხდებოდა. ამ საქმეს  შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია იძიებს.  ვფიქრობ, ტყვია შემთხვევით არ უსვრიათ, ეს ყველაფერი ვინმე გზააბნეული მონადირის ნამოქმედარი არ არის. თუმცა, დაველოდები გამოძიების შედეგს და მერე უფრო ვრცლად ვისაუბრებ".

იმედია, დამნაშავეს მალე იპოვიან, ხოლო მედიის წარმომადგენლებს ასეIთი საფრთხე აღარ შეექმნებათ.

რას ერჩიან სპორტსმენებს საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტამდე ვითარება დაიძაბა, გავრცელებული ინფორმაციით, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი ამბაკო ავალიანი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს მიჰგვარეს, რომელმაც ჩემპიონს "ქართული ოცნების" დატოვება ურჩია.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ევროპის ჩემპიონ ნოდარ მეტრეველსაც განუცხადა, ზვიადაურს ფეხებს მოვამტვრევდით და დენზე შევაერთებდით, ამერიკელი დამკვირვებლების რომ არ გვეშინოდესო. ცხადია, თავად ვარძელაშვილი თვლის, რომ პრესა დეზინფორმაციას ავრცელებს. ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი შოთა ხაბარელი ამბობს, რომ სპორტსმენებისთვის ჭკუის სწავლებას კარგა ხანია ცდილობენ: "ძიუდოისტები მაშინ აგვითვალწუნეს, როცა 7 ნოემბრის აქციის დარბევა დავგმეთ. ასე რომ, უკვე დიდი ხანია ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. რაც უფრო ძლიერდება ბიძინა ივანიშვილისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა, მით მეტად იზრდება ზეწოლა "ქართული ოცნების" აქტივისტებზეც. ცნობილი პირების დასჯით რიგით მოქალაქეებს მაგალითს უჩვენებენ და ეუბნებიან, სპორტსმენებს თუ ასე ვექცევით, თქვენ უფრო შავი დღე დაგადგებათო. ზურაბ ზვიადაურსა და კახი კალაძეს, ფაქტობრივად, ღია ბრძოლა გამოუცხადეს. ზვიადაურს "ოლიმპიური ვარსკვლავის" დახურვით დაემუქრნენ, კახი კალაძის ბიზნესიც შავ დღეში ჩააგდეს, პირადად მე ერთი რესტორანი მაქვს, რომელიც ორი წელიწადია არ მუშაობს. საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები შემოვიდნენ და მილიონ-ნახევარი ლარით დამაჯარიმეს. ყველას აჯარიმებენ, ვინც "ქართულ ოცნებასთან" კავშირშია და ბიზნესი აქვს.

საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები დაკითხვაზე მათ ღამის საათებში იბარებენ. ახლახან რაიონში მომიხდა ყოფნა და ვიცი, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს სატელიტური ანტენის მოხსნას სთხოვენ. ხელისუფლება აშკარად აგონიაშია. ერთი მხრივ, "ინტერნეტქალაქის" შექმნაზე ლაპარაკობს, ცარიელ ადგილებში კაფსულებს ფლავს ნიშნად იმისა, რომ მალე იქ ცათამბჯენები აშენდება და მეორე მხრივ, სიმართლისთვის თვალის გასწორების ეშინია და საზოგადოების დაყრუებას ცდილობს. თუ ვერაფერს დაინახავ და გაიგონებ, ვერც ვერაფერს იტყვი. თავისუფალ პრესას ამიტომ ებრძვიან".

სახალხოდ დასჯილი ცნობილი პირები და გამოუძიებელი საქმეები

ბოლო წლებში დასჯილი ცნობილი პირები და გამოუძიებელი საქმეები არცთუ ცოტაა. მაგალითად, 2008 წელს ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი მონაწილე, უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია ნიღბიანებმა ჯორჯ ბუშის ქუჩიდან გაიტაცეს, წაიყვანეს ტყეში და 45 წუთის განმავლობაში სასტიკად აწამეს, შემდეგ კი ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე დატოვეს.

2008 წლის 3 ივნისს მაშინდელი ოპოზიციის აქტივისტ გიორგი თავდგირიძეს დიღმის ხიდთან ავტომანქანა "მერსედესი" დაეჯახა, შემდეგ კი სამმა პირმა ხელკეტებით სცემა; 2009 წლის 15 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ აქციიდან შინ მიმავალ  მომღერალ ზურაბ მანჯავიძეს თავს დაესხნენ ხელკეტებით შეიარაღებული ნიღბიანი პირები; 2009 წლის 14 აპრილს ოპოზიციის მიტინგის მონაწილეს "კოკა-კოლას" გენერალური დირექტორის მოადგილე ვახტანგ ლაღიძეს სასტიკად სცემეს, რაც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა; 2009 წლის 2 აგვისტოს ცხვარიჭამიის გზიდან "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მხარდამჭერი და სპორტსმენი ამირან ბიწაძე გაიტაცეს. რაკი ის ფიზიკურად ძლიერი იყო, თავდამსხმელებმა ელექტროშოკით გათიშეს, მერე რეზინის ტყვიებით დაცხრილეს და ხელზე მანქანით გადაუარეს.

მსგავსი ფაქტები დღესაც ხდება. მაგალითად, "ქართული ოცნების" ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ქარდავას თავს დაესხნენ. სხეულზე მრავლობითი დაზიანების მიუხედავად, შსს-მ თავის ვებგვერდზე თავდაპირველად გვამცნო, რომ თურმე ქარდავა ავტოავარიაში მოყოლილა(?!). მოგვიანებით, როცა მამუკა ქარდავას ამბავმა აშშ-ის ელჩის ყურადღებაც მიიპყრო, შს მინისტრმა ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ჯილდოდ 10 ათასი ლარი დააწესა, რაც გამოძიებას თავდამსხმელების იდენტიფიკაციაში დაეხმარებოდა(!).

P.S.  საყოველთაოდ ცნობილია: არჩევნების დემოკრატიულად, სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდსაც მოიცავს. ამ დროს ამომრჩეველს  უნდა ჰქონდეს ინფორმაციის შეუზღუდავად მიღების უფლება, თანაც იმ მედიასაშუალებისგან, რომელთაც თავად აირჩევს. ადამიანს უნდა ჰქონდეს აზრის თავისუფლად გამოხატვისა და გადაადგილების უფლება. ჯერჯერობით კი ეს ყველაფერი მგლის თავზე წაკითხულ სახარებას ჰგავს.

თუ ხელისუფლება მუდმივად ძალადობს, შემდეგი სიტყვა უკვე დაბეჩავებულთ ეკუთვნის

იოჰან ჰეი ზინგი