"გამწარებული "დამშინებლები" შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან" - კვირის პალიტრა

"გამწარებული "დამშინებლები" შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან"

"მაგას ჰგონია, პარლამენტის აშენების გამო ხალხი ხმას მისცემს?"

"ამ მიტინგს შეეწირება მაქაცარიას სკამი"

ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან რკინიგზის სადგურზე ხელისუფლების მიერ "იძულებით" გადატანილი დავით აღმაშენებლის ძეგლის გარშემო 10 ივნისს პირველად დაფიქსირდა განსაკუთრებული ხალხმრავლობა. "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ მიტინგზე ხალხმა თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია და პროტესტი დააფიქსირა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ბოლო კვირაში მეტად გააქტიურდნენ ხელისუფლების მიერ დაქირავებული "დამშინებლები" - ასე უწოდებენ ქუთათურები მათ, ვინც პირადი ან სატელეფონო საუბრის დროს ცდილობდნენ მოსახლეობის გაფრთხილებას - რა გინდა მიტინგზე, მომავალს რატომ იგდებ საფრთხეშიო.

რა ხდებოდა წინა დღეებში?

"მიდიხართ მიტინგზე?" - ჯგუფურად მოსაუბრე ქუთაისელებს ეს კითხვა არ სიამოვნებთ. სამწუხაროდ, ერთმანეთს აღარ ენდობიან.

- ვინ ხარ შენ, ბიძია? - კითხულობს ერთი ყველას მაგივრად, - არ ვერევით პოლიტიკაში და გვაცალეთ ცხოვრება...

- როდის გინახავთ მიტინგებზე გადარეული ქუთაისი? - უცებ მეორე აწყვეტინებს სიტყვას, - მოიცა, არ ეტყობა ამ გოგოს, რომ მოგზავნილი იყოს, წავალთ, ბიძია, აპა, არ წავალთ? რავა, მიშას შევეკითხები, თუ?

არ გეწყინოს ჩვენი უხეშობა. ძნელია უკვე იმის გარკვევა, ვინ ვინ არის, დადიან ეს "დამშინებლები" და უთვალთვალებენ ხალხს, ან პროვოკაციაზე წამოკიდებას ცდილობენ, რომ გაგამწარონ და შენი გამწარებით სხვა დააშინონ. ვუფრთხილდებით ტყავს, რამდენადაც შეგვიძლია, რადგან უგუნურებაა თავის უაზროდ შეკვლა. ჭკუით უნდა ვაჯობოთ და არა ძალით. რომ მოუნდეთ, ნახევარ ქალაქს დააპატიმრებენ მიტინგის ჩასაშლელად. ჩემი ცოლი უნივერსიტეტის ლექტორია. კვირას სამსახურში დაიბარეს თანამშრომლები, რომ მიტინგზე არ გავიდნენ, მაგრამ უნივერსიტეტის ეზოში უნდათ დააყენონ და თქვან, აი, ეს ხალხი აქ ნაციონალების მხარდასაჭერად მოვიდაო. გგონიათ, თბილისზე ნაკლებ სისაძაგლეს სჩადიან აქ? ტელეფონზე რეკავენ, ვითომ სოციალური კვლევის სამსახურებიდან არიან. "მიდიხართ მიტინგზე?" - გვეკითხებიან და მერე ათასგვარ გაფრთხილებას მოაყოლებენ. ჩვენც ვფრთხილობთ, მიგვატანინეთ 10 ივნისამდე თავი და ნახავთ, რომ ქუთაისი არ არის ქალაქი, სადაც ხალხს შიში აკარგვინებს სახეს და სახელს...

უფრო ახალგაზრდები გამოირჩევიან გაბედულებით. ამ ქალაქში წლების წინ მართლა არ იგრძნობოდა პოლიტიკური აქტივობა, ახლა ბავშვებიც კი პოლიტიკაზე მსჯელობენ.

მაგას ჰგონია, პარლამენტის აშენების გამო ხალხი ხმას მისცემს?

შანსი არ არის. აი, ნახავთ.

მანანა მიქაძე, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ქუთაისში: - ათასობით კაცია გაწევრებული "ქართულ ოცნებაში". 23 აპრილს დავფუძნდით ქუთაისში. აღარ შეიძლება მონობაში ცხოვრება. ხალხი ცდილობს, დაიცვას ქართველი საქართველოში. ამიტომაც "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ მიტინგზე იქნებიან არა მხოლოდ მისი მხარდამჭერები, არამედ ისინიც, ვინც არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ ეკუთვნიან, მაგრამ სურთ, იცხოვრონ ბედნიერ ქვეყანაში. ქუთაისში ძალიან ცოტა, დაახლოებით 90000-მდე კაცი ცხოვრობს. დანარჩენი გააქცია იმ მდგომარეობამ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შექმნა. უმუშევრობა ყველაზე დიდი სასჯელია. ადამიანი ვერ ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას, მშიერი ჰყავს ოჯახი, ამიტომაც იძულებულია, უცხოეთში გადაიხვეწოს.

- დაკავებულ ახალგაზრდებზე რას იტყვით, ამ ბიჭებმა მართლა შესთავაზეს ხალხს ფულადი დახმარება ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სახელით?

- პირადად არ შევსწრებივარ ამ ფაქტს. ვერც იმას გეტყვით, რომ ვინმემ დაავალა მათ ივანიშვილის სახელით სპეკულაცია. როგორც ამბობენ, ასეთი ინიციატივა გამოიჩინა თბილისიდან ჩამოსულმა მიხეილ მესხმა და დანარჩენებიც აიყოლია(?!).

- ამბობენ, მესხიც არაფერ შუაშია, აიძულეს, აღიარებითი ჩვენების ამ ფორმით მიცემაო.

- ვერაფერს გეტყვით, ჩვენი პროკურატურისგან და გამომძიებლებისგან ყველანაირი უსინდისობაა მოსალოდნელი; იმ სამი ბიჭისთვის რომ ცრუ ბრალდება იყოს წაყენებული, არ გამიკვირდება. მეორე დღესაც სასამართლომ კიდევ ორ უდანაშაულო ახალგაზრდას წაუყენა ბრალდება "ქართული ოცნების" გაზეთების დარიგების გამო. ვიღაცამ გადაუღო ფოტო, რომ თურმე როდესაც მესხი მოქალაქეებს ელაპარაკებოდა, ეს ახალგაზრდები იქვე გაზეთებს არიგებდნენ. 3-3 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს თითოეულს -  "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ნინო ყულუას და კობა ჯაბუას. შესაძლოა, მანამდე დაკავებული ბიჭებიც ასევე უბრალონი იყვნენ კანონის წინაშე, მაგრამ ეს საქართველოა, სადაც სამართალი მოკვდა.

- მაინც რას წერს ხალხი "ქართული ოცნების" ბუკლეტების გრაფაში, "დაწერე შენი ოცნება"?

გია ქობალიანი, ქუთაისში "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, - უფასო განათლებას, უფასო ჯანდაცვას, ადამიანურ პენსიებს, საქართველოს მთლიანობას, საზღვრების აღდგენას. როდესაც ვიღაც ითხოვს სარეცხ მანქანას, იქ ხელი ჩანს და არა სახე, შესაბამისად, იდენტიფიკაციას ვერ ვახდენთ იმ ადამიანისას, ვინც ამას გვწერს და ეს ბარათიც არ არის განკუთვნილი კერძო ოცნებების ასასრულებლად. ამასთან, როდესაც კაცი მოითხოვს თავის "ქართულ ოცნებაში" წამლებს, სახლს, კომპიუტერს, სარეცხ მანქანას და სხვა ნივთებს, ეს სახელმწიფოს ტრაგედიაა, რადგან ადამიანს 21-ე საუკუნეში წამლები არ უნდა ჰქონდეს საოცნებო. თუმცა, ხელისუფლებას ეს არ ადარდებს და აგონიაში ჩავარდნილი დასდევს პატარა ბავშვებს, რომ რაიმე კომპრომატი მოუძებნოს, დადის ტელეფონით ვიღაც შეგზავნილი და უღებს ფოტოებს ჩვენს აქტივისტებს, უსმენს გაფაციცებით - იქნებ რომელიმეს რამე შეეშალოს და ჩაუშვას...

ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ხალხი მიტინგზე არ მოსულიყო. თან ამ ფორმით ცდილობენ, პრევენციული ზომები მიიღონ შემდგომში თელავში, ზუგდიდში, გორსა და სხვა ქალაქებში გამიზნული ჩვენი აქციების ჩასაშლელად - აი, ქუთაისში დავიჭირეთ ეს ხალხი, თქვენც დაგიჭერთო. ფსიქოლოგიური ზემოქმედების ყველა მეთოდს მიმართავენ. რამდენიმე დღე პოლიციაში დაატარებდნენ ჩვენი ორგანიზაციის მხარდამჭერებს დასაკითხად. სააკაშვილს თბილისში წაგებული აქვს არჩევნები და მთელი რესურსი გადმოიტანა ქუთაისში, რათა საპარლამენტო დედაქალაქში მოიგოს ხმები. საპარლამენტო დედაქალაქიც იმიტომ მოიგონა, რომ თქვას, აქ მოვიგეთო და ასე გაამართლონ ნაციონალებმა თავიანთი არსებობა.

ილიას ლექსში, "ჩემო კარგო ქვეყანავ", ნათქვამია, "აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია"... არავის დაუსვამს კითხვა, რატომ ვეძებთ სულ მომავალს და აწმყო არ გვწყალობს? იმიტომ, რომ აწმყოში ვერასდროს ვახერხებთ სწორად ორიენტირებას. დღეს ქართველობა  გამოფხიზლდა და უკვე აწმყოზე არის ორიენტირებული, რომ მომავალი რეალურად კარგი ჰქონდეს. თუ ჩვენ ამ აწმყოში შანსი ვერ გამოვიყენეთ, ისევ შორეულ მომავალში გადაიდება ჩვენი ბედი და საკითხავია, იმ მომავალში საერთოდ იქნება თუ არა ქართული სახელმწიფოებრიობის ადგილი. რადგან არანაირ სიკეთეს არ უნდა ელოდო იქ, სადაც ერთად იქნება უფუნქციო პარლამენტი, უიმედო "იმედი"და არაადეკვატური "რუსთავი 2".

ნახეთ? ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ "იმედის" ოფისია 9-სართულიანი სახლის თავზე. 14-სართულიანი კორპუსის თავზე კი "რუსთავი 2" განთავსდებაო. თუ დღეს ერი არ გააკეთებს საღ არჩევანს, ქართულ მედიაზე ხელისუფლების გავლენა ასეთივე და უარესი ფორმებით გაგრძელდება და არავინ გვეყოლება მართალი სიტყვის ხალხამდე მიმტანი...

"გადარეული არიან "ნაცები", განსაკუთრებით ლაშა მაქაცარია. ბიძინასთან რომ მიტინგზე ბევრი ხალხი მივიდეს, დააპანღურებს მაგას მიშა. ორჯერ უკვე დააპანღურა და მესამედ მოასრიალებს. არ გჯერათ? ერთხელ დავითის ძეგლის გადატანის დროს დააპანღურა. რა არის, ეს რა დაბალი კვარცხლბეკი გაგიკეთებია, ძეგლის წინ რომ ვდგები, თვალებში ვუყურებ დავითსო, მეორედ საციგურაო მოედანზე გაუბრაზებია პრეზიდენტი მაქაცარიას, - რატომ არ გასრიალდი, ციგურაობა უნდა გესწავლაო. ახლა გული მიგრძნობს, ამ მიტინგს შეეწირება მაქაცარიას სკამი.

გახსოვთ მემორიალის ავადსახსენებელი აფეთქება? მაშინ გუბერნატორის პირდაპირი ბრალეულობა არსად იკვეთებოდა, მაგრამ ბედოვლათი მიხეილ ჩოგოვაძე მოხსნა გუბერნატორობიდან. ახლა მაქაცარიას პარლამენტის ჩამონგრევის მოტივით მოხსნის გაბრაზებული მიშა, ჩვენი პრეზიდენტი ხომ გიჟდება, როდესაც ივანიშვილის გარშემო ბევრ ხალხს ხედავს, - გვიყვება ერთ-ერთი ქუთათური, ის, ვინც ქუთაისში, ცნობილი ბაღის კიდეზე ატარებს დიდ დროს, ყველას და ყველაფერს აკვირდება და ისმენს ათასგვარ ჭორსა და მართალს, რომელიც თურმე იქვე მდებარე გუბერნიის ადმინისტრაციის შენობის ფანჯრებიდან ცოცხალი ხმის სახითაც გამოდის.

- "გეშინიათ ვინაობის გამხელა?" - "მეშინია, - მპასუხობს ის, - ჩემი ხნისა რიონთან ქვა აღარ გორავს, მაგრამ ოჯახი მყავს და ვუფრთხილდები მათზე ზეწოლას... 27 მაისს "ქართული ოცნების" აქციაზე დასწრების გამო ქუთაისის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე, დასავლეთ საქართველოში ერთადერთი ბავშვთა ენდოსკოპისტი, გაათავისუფლეს თანამდებობიდან. როდესაც ბავშვებს სასუნთქი სისტემიდან უცხო სხეულის ამოღება ესაჭიროებათ, ეგ კაცი შველის განწირულ პატარებს. აწი ვინ უნდა უშველოს ბავშვებს?.. "ნაცებს" ხალხის ბედი ფეხებზე ჰკიდიათ და არ მინდა, ჩემი ოჯახის წევრების ბედიც მაგათი სათამაშო გახდეს. დამთავრდება ამათი პარპაში. შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან გამწარებულები. ქუთაისში კი მიტინგის შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა მაქაცარიას მოსრიალება იქნება. ასე რომ მოხდება, მოდით და მერე გეტყვით ვინაობას".

თუმცა, 10 ივნისს მიტინგზე ვნახე. გავბედეთო, - მითხრა ღიმილით. მხოლოდ მან არა, ბევრმა გაბედა.