"ხელისუფლებას ძლევამოსილების ფაზის შემდგომ შიშის ფაზა დაუდგა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას ძლევამოსილების ფაზის შემდგომ შიშის ფაზა დაუდგა"

"აბსოლუტურად მერაბიშვილზეა დამოკიდებული რა მდგომარეობაში აღმოჩნდება პრეზიდენტი"

ხელისუფლებას ძლევამოსილების ფაზის შემდგომ შიშის ფაზა დაუდგა, ეშინია, პასუხი არ მოსთხოვონ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამო. ამ ფაზაში კი ხელისუფლება განსაკუთრებით საშიშია, - ამბობს შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და 2003 წლის ნოემბერსაც იხსენებს, როდესაც, ფაქტობრივად, მარტომ გადაწყვიტა ედუარდ შევარდნაძის დაცვა:

- როდესაც სააკაშვილს დაუპირისპირდით (გვახსოვს კამათი თქვენსა და სააკაშვილს შორის), არ იცოდით, რომ შევარდნაძის მთავრობის  წევრთა უმეტესობა რევოლუციას თანაუგრძნობდა?

- ვიცოდი და ამის თაობაზე პირველი პირიც იყო ინფორმირებული. ასეთი მოვლენები რევოლუციას ყოველთვის ახასიათებს. ზოგს სურს, ყველა ხელისუფლების დროს კომფორტულად იყოს და ამიტომაც ამჯობინა რევოლუციის მხარეს დადგომა. გულწრფელად გეტყვით, როდესაც სააკაშვილის პირისპირ ვიდექი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, სამოქალაქო დაპირისპირება არ დაწყებულიყო. 22 ნოემბერს, როდესაც კანცელარია და პარლამენტი დაიკავეს, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ის დღე სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე დასრულდებოდა. დიდი რაოდენობით იარაღი ჰქონდათ ე.წ. რევოლუციონერებს და აჭარიდან ჩამოსულებსაც. ვიცოდი, რომ მანამდე დიდი რაოდენობით იარაღი იყო შეტანილი პარლამენტში. ამის განეიტრალება ძალიან ძნელი იყო. იმ პერიოდში თანამდებობაზე კი არა, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებაზე ვფიქრობდი. ღვთის წყალობით ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

- თუკი შევარდნაძე ინფორმირებული იყო და არაფერი გააკეთა ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, გამოდის, მას რევოლუციონერებთან ჰქონდა ერთგვარი გარიგება.

- ეს გარიგება არ ყოფილა.  2003 წლის ნოემბერში, ფაქტობრივად, დასრულდა რევოლუცია, რომელიც 1998 წელს დაიწყო.  ე. წ. ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდმა ხელისუფლების შიგნითვე დაიწყო ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით საკანონმდებლო ორგანოში მოიკალათეს და მიზანმიმართულად ასუსტებდნენ შევარდნაძის ხელისუფლებას, მუშაობდნენ იმ პირების დისკრედიტაციაზე, ვინც მათთან არ იყო. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სახელისუფლებო გუნდი ერთიანობას ინარჩუნებდა, რადგან ე. წ. რეფორმატორებს შევარდნაძის მხარდაჭერა სჭირდებოდათ პარლამენტში მოსახვედრად. როგორც კი პარლამენტში ადგილები მიიღეს, იმედი გაუჩნდათ, რომ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შევარდნაძე არ ჩაატარებდა და მათ სასარგებლოდ გადადგებოდა, რაც არ მოხდა. თუ გახსოვთ, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელეეთერში გავიდა გადაცემა "60 წუთი", რომელმაც მიზანდასახულად დაიწყო პრეზიდენტის დისკრედიტაცია. პარალელურად მოხდა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეც კი შეუძლებელი გახდა ვინმეს დაკავება. ასე შეიქმნა საფუძველი, რომ ძალა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა, ხელშეუხებელი ყოფილიყო.

შევარდნაძეს დემოკრატის იმიჯი ჰქონდა და  ვერ მოიქცეოდა ალიევივით. შვილს ვერ დატოვებდა მემკვიდრედ და ვერც ისეთ საკანონმდებლო ცვლილებას მოახდენდა, მესამე ვადით დარჩენილიყო პრეზიდენტად. ისიც კარგად იცოდა, რა მოჰყვებოდა ე. წ. რეფორმატორების მოსვლას ხელისუფლებაში და თავისი გადადგომით ხალხს უთხრა, დაინახავთ განსხვავებას ჩემსა და ამათ შორისო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოს შევარდნაძეს დიდ პატივ ვცემ, მისი ეს ნაბიჯი უპასუხისმგებლობად მიმაჩნია.

- თქვენი მინისტრობის დროს ჩატარდა პანკისში ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაცია, რასაც პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილისა და უცხოელი  ბიზნესმენების გატაცება უძღოდა წინ. დღეს ისევ აქტუალურია პანკისის თემა.

- პეტრე ცისკარიშვილი გაიტაცა პანკისის ხეობასთან კავშირში მყოფმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელსაც სინამდვილეში მისი გატაცება არც უნდოდა, სანადიროდ იყვნენ გამოსული და შემთხვევით წააწყდნენ. როდესაც პეტრემ უთხრა, პარლამენტარი ვარო, ააა, პარლამენტარი თუ ხარ, უკეთესიო და წაიყვანეს. ეს მინისტრად ჩემს დანიშვნამდე მოხდა. 2001 წლის ბოლოს დავინიშნე მინისტრად და პირველი საკითხი, რითაც დავინტერესდი, პანკისის პრობლემა იყო. როდესაც გავიაზრე, რაც იქ ხდებოდა, შევშინდი. პანკისის ხეობაში სულ 9-10 სოფელია, მაგრამ ეს იყო უკონტროლო ტერიტორია, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა გამტაცებლებისთვის, მძევლის შენახვისა თუ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის. გარდა ამისა, პანკისის ფაქტორი შეიძლებოდა გამოეყენებინა რუსეთს, რომელსაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ხელ-ფეხი გაეხსნა, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით საზღვარს გარეთაც გაეტარებინა ღონისძიებები. ეს საბაბი უნდა მოგვესპო რუსეთისთვის ისე, რომ არ დაღვრილიყო სისხლი და არ დავპირისპირებოდით 1000-მდე ჩეჩენ ბოევიკს, რომლებიც ხეობაში იყვნენ. მას შემდეგ, რაც პანკისის ხეობაში დანაშაულებრივი ანკლავი ჩამოყალიბდა,  იქ ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ შესულა. მაფრთხილებდნენ, თუ შეხვალ, საშინელება მოხდებაო, მაგრამ  2002 წლის 8 იანვარს 3 მანქანით შევედი ხეობაში დაცვის რამდენიმე წევრსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად. ჩემი გადაადგილების მარშრუტს ავტომატებითა და ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული ბოევიკები ერთმანეთს რაციით გადასცემდნენ. ისინი აკონტროლებდნენ იქაურობას. იარაღის საწყობებიც ჰქონდათ და მოსამზადებელი ბაზებიც. იყვნენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ემისრებიც. პანკისის ხეობის უკონტროლობამ გამოიწვია დანაშაულის ზრდა. მოსახლეობასაც გადასწვდნენ, ზოგს ძროხა მოჰპარეს, ზოგიც გაიტაცეს. რესტორნებშიც მოხდა რამდენიმე ინციდენტი. მოსახლეობამ მატნის ცენტრში დიდი მიტინგი გამართა, - ან თქვენ დაამყარეთ წესრიგი, ან ჩვენ დავიცავთ თავსო. მაშინ ხალხს საჯაროდ შევპირდი, რომ პრობლემას მოვაგვარებდი. ისეთი მდგომარეობა იყო, მოსახლეობა რომ არ დაგვეცვა, ჩვენ გაგვრეკავდნენ ჯოხებით. 13 იანვარს, ძველით ახალ წელს, უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელზეც დავსვი საკითხი, რომ პანკისში წესრიგი უნდა დაგვემყარებინა. მხოლოდ კახეთის მაშინდელმა გუბერნატორმა ბიძინა სონღულაშვილმა, ედუარდ შევარდნაძემ და ნუგზარ საჯაიამ დამიჭირეს მხარი. სხდომის შემდეგაც რამდენიმემ მითხრა, რა გინდა, ომს იწყებო? თუ ეს საკითხი ვერ მოვაგვარეთ, ომი მერე ნახეთ-მეთქი. შეიქმნა სხვადასხვა უწყების შტაბი და  ხელმძღვანელად მე დამნიშნეს. გადავწყვიტეთ, ბლოკპოსტები ხეობის სიღრმეში შეგვეტანა, რითაც  შეიზღუდა დამნაშავეებისა და ბოევიკების გადაადგილების არეალი. 2002 წლის იანვრიდან აგვისტომდე მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობდა. იქ მოკალათებული დაჯგუფებები იოლად არ თმობდნენ პოზიციას, მაგრამ წავუყენეთ ულტიმატუმი, დაეტოვებინათ ჩვენი ტერიტორია, რადგან მათ გამო საფრთხე გვემუქრებოდა. საპასუხოდ 4 პოლიციელი გაიტაცეს, რაზეც შევუთვალე, ან გაათავისუფლებდნენ ჩვენს თანამშრომლებს, ან კიდევ ოპერაციას დავიწყებდით. 24 საათში დააბრუნეს პოლიციელები. ბოლოს, რომ დარწმუნდნენ, ვერც ფულით და ვერც ოქროთი ვერ დაგვაინტერესებდნენ და არც უკან დახევას ვაპირებდით, გაგვეცალნენ. აგვისტოში ხეობა დავიკავეთ. რუსეთმა რომ დაინახა, ომის საბაბს ხელიდან ვაცლიდით, ილტოს ხეობა დაბომბა. ამას შეეწირა მატნელი გლეხი, რომელიც ტყეში ხის მოსაჭრელად იყო წასული. 2002 წლის ნოემბერში პანკისის ხეობას აბსოლუტურად ვაკონტროლებდით. თავიდან დიპლომატიური კორპუსი არ იჯერებდა, რომ პანკისის ხეობაზე კონტროლი დავამყარეთ. პირველად ამერიკის ელჩმა მაილსმა გამოთქვა სურვილი, პანკისში წამოსულიყო და უსაფრთხოების მიზნით ჩემს მანქანაში ჩავსვი. მაილსს უსაფრთხოების ამერიკელი თანამშრომელი ახლდა, რომელმაც ერთ ჩვენს მანქანას გარედან მიაწება ჯი-პი-ესის სისტემის დანადგარი, რათა თანამგზავრიდან გაეკონტროლებინა, მართლა პანკისის ხეობაში შევიდოდით თუ არა. ამის შემდეგ მთელი დიპლომატიური კორპუსი შევიყვანეთ პანკისში. დღესაც იგივეა გასაკეთებელი. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ პანკისის ხეობაში არც საერთაშორისო ტერორისტების ბუდეა და არც ბაზები.

- თქვენი მინისტრობის დროს ჩატარებული რომელი ოპერაცია მიგაჩნიათ ყველაზე საინტერესოდ?

- მახსენდება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ბონდო ჯიქიას შვილის საქმე, რომელიც 6-კაციანმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა გაიტაცა გამოსასყიდის მიღების მიზნით. დაახლოებით ერთი კვირა ჰყავდათ ისნის რაიონში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში. ეს ოპერაცია ისე დაიგეგმა, ყველა გამტაცებელი დავაკავეთ. ამ დროს მოხდა ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა, გამტაცებელმა თვითმკვლელობა სცადა, ხელზე ვენები გადაიჭრა და სახლში რომ შევაღწიეთ, ის უგონოდ ეგდო იატაკზე. 10 წუთითაც რომ დაგვეგვიანებინა, დაიღუპებოდა, მაგრამ პოლიციამ მისი გადარჩენა მოახერხა. არავინ მოგვთხოვდა პასუხს გამტაცებლის სიკვდილის გამო. მით უმეტეს, რომ მან თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ვთვლი, რომ სიცოცხლის უფლება დამნაშავესაც აქვს.

- ამას წინათ რომან გვენცაძემ განაცხადა, მერაბიშვილი ყველაზე ძლიერი შს მინისტრიაო.

- ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები, რაც 3-4 უწყებას ჰქონდა, დღეს მხოლოდ ვანო მერაბიშვილის უწყების ხელშია. ეს არასწორად მიმაჩნია. ფაქტობრივად, პრეზიდენტს არა აქვს ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა. დავუშვათ, ერთ დღესაც ვანო მერაბიშვილს მეტი ამბიცია გაუჩნდა ან პოლიტიკური შეხედულება შეეცვალა. აბსოლუტურად მასზე დამოკიდებული პრეზიდენტი რა მდგომარეობაში აღმოჩნდება? სააკაშვილის გუნდი ახლა წასვლაზე კი არა, იმაზე ფიქრობს, 2013 წლის მერე როგორ დარჩეს ხელისუფლებაში. ხელისუფლებამ თუ  თავად არ შეუქმნა საკუთარ თავს პრობლემა, ოპოზიცია პრობლემებს ვერ შეუქმნის.