"პრომეთეს მღვიმის პროექტის ავტორი აცხადებს, რომ შესაძლოა, მღვიმე ჩამოინგრეს" - კვირის პალიტრა

"პრომეთეს მღვიმის პროექტის ავტორი აცხადებს, რომ შესაძლოა, მღვიმე ჩამოინგრეს"

ტრაგედია გასაიდუმლოებული მსხვერპლით?

10 ივნისის მიტინგისადმი ყურადღება უფრო გაზარდა რამდენიმე დღით ადრე ქუთაისში ახალაშენებული პარლამენტის დამხმარე შენობის ნაწილის ჩამონგრევამ. ითქვა, ხარაჩოები ჩამოინგრაო. თუმცა, უკვე მოსუფთავებული ადგილი მოწმობს, რომ ბეტონის კედელიც ჩამონგრეულა. ქუთაისში თქვეს, ამ ამბავს ორი კაცი ემსხვერპლაო. ერთის, ზესტაფონელი რეზო ნებიერიძის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა ხელისუფლებამ. ამბობენ, რომ გარდაცვლილია ქუთაისელი 50 წლის ნიკა მამაგეიშვილიც, მაგრამ ოჯახი სათოფეზე არ იკარებს ჟურნალისტებს, - ეს კაცი თავისი სიკვდილით მოკვდაო. არიან თუ არა დაზარალებულები? მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ჩქმალავს ამ ამბავს, ქალაქში ხმა დადის, 20-მდე კაცი დაშავდაო. მათ შესახებ საავადმყოფოს რეგისტრაციის განყოფილებაში ცხელ კვალზე მისვლისას შეიტყვეს ჩემმა კოლეგებმა და მათი გადაღებული ფარული ვიდეოკადრები ინტერნეტით გავრცელდა. კადრში გარკვევით ისმის, როგორ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციებს ავრცელებენ საავადმყოფოს ექიმი და რეგისტრაციის განყოფილების თანამშრომელი ქალბატონი. ვიმედოვნებთ, მას სამსახურს არ დაატოვებინებენ ამის გამო.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთ ამ უზარმაზარი შენობისკენ გახედვაც აღარ სურთ:

- მემორიალის აფეთქების დროს დედა-შვილის დაღუპვა ვერ მოგვინელებია, ახლა კიდევ მსხვერპლი. რა დაწყევლილია ეს პარლამენტი, თბილისშიც და აქაც პარლამენტის შენობები სისხლსა და სიკვდილზე დგასო.

ხალხი შიშობს, რომ ქუთაისური "ლოკოკინა" (ასე უწოდებენ პარლამენტის შენობას) კიდევ ბევრ უბედურებას მოიტანს... "სასწაული მოახდინეს და მოკლე დროში დაამთავრეს ეს დარბაზი, ისევე როგორც ფასადი პარლამენტისა, მაგრამ ვინც ჩასაფრებულია, მინდა ვუთხრა, რომ შენობაში წყალიც ჩამოვა და შეიძლება რაღაც ნაწილი სახურავისა ქარმაც წაიღოს, მაგრამ ასეთი შემთხვევები მაშინ ხდება, როცა რაღაცას აკეთებ. ვინც არ აშენებს, მას არაფერი ემართება", - განაცხადა სააკაშვილმა. ამ განცხადებას ადგილობრივი მოსახლეობა თავხედობას უწოდებს. "20 მაისს მოასკდნენ სამთავრობო მანქანებით, ვერ ესწრებოდა სადღესასწაულოდ შენობის დასრულება. გამოუცხადეს მშენებლებს, - თავებს დაგაჭრით, თუ გამოსავალს ვერ მოძებნითო. იმათაც დაუძახეს ყველას, ვისაც მანამდე უარი უთხრეს დასაქმებაზე, ზოგს "სვარკა" მიაჩეჩეს ხელში, ზოგს ქაფჩა და აი, მომზადდა დღევანდელი ტრაგედიაც. მიშას სურს, რომ დღესასწაულებზე თავი მოიწონოს, მისი ხუშტურებით ამუშაოს სამინისტროები, მშენებლები, მთელმა ქვეყანამ იაროს მაგის ხუშტურზე. ამიტომაც მაღალჩინოსნები ხალხს გაუგონარ რეჟიმში ამუშავებენ.

დაქირავებულ კომპანიებს ტენდერებიდან გამოთიშვით ემუქრებიან, ისინი კი მომსახურე პერსონალს აგდებენ მონურ მდგომარეობაში, ხალხსაც არ სურს უმუშევრობა და იძულებულია, გაუძლოს. ერთი დღე უქმე არ აქვთ წლიდან-წლამდე, არც ნორმირებული კვება და ხარაჩოების ჩამონგრევის გარეშეც რომ არ იხოცებიან, ეგეც გვიკვირს", - ჰყვებიან და ამატებენ, რომ ახალაშენებული პარლამენტის სარდაფები რამდენიმე დღის წინ ძლიერ წვიმებს წყლით აუვსია. წყალს თურმე სპეციალური დანადგარებით ხაპავდნენ. იმასაც ამბობენ, რომ პარლამენტის შენობის ქვეშ უზარმაზარი ბუნკერია, საიდანაც რამდენიმე გვირაბით ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ამოსვლა ყოფილა შესაძლებელი. ერთ-ერთი კოპიტნარის აეროპორტში ამოდისო. თურმე მიწისქვეშა ნაწილის მშენებლობაზეც ესპანელები, უკრაინელები, თურქები მუშაობდნენ, ქართველებს კი ცალი თვალითაც არ გვახედებდნენ დაბლა. ესეც იმაზე მოწმობს, რომ რაღაცას ძალიან ასაიდუმლოებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, კარგად ვერც იმათ იმუშავეს, რამდენი გაწვიმდება, პარლამენტის სარდაფები წყლით ივსებაო, - მეუბნება პარლამენტის გვერდით მცხოვრები ძირძველი ქუთაისელი ბონდო კერესელიძე.

შესაძლოა, "პრომეთეს მღვიმე" ჩამოინგრეს

"პრომეთეს” მღვიმის" ავტორი თემურ ჭოჭუა აცხადებს, რომ არა მხოლოდ პარლამენტის შენობაში, მღვიმეშიც საგანგაშო სიტუაციაა (ეს მღვიმე თავის დროზე ივანიშვილის დაფინანსებით გაკეთდა): "ქუთაისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წყალტუბოში "პრომეთეს მღვიმის" ჩვენ მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემის შემდგომ, განხორციელდა ელვისებური ექსპრესპროექტი, რომელიც ითვალისწინებს წყალზე ნავებით გამოსასვლელის მოწყობას. პრეზიდენტისთვის უნდა ეხარებინათ 3 თვეში სამუშაოთა დასრულება. სამუშაოები ჩატარდა მეტისმეტად მოკლე პერიოდში და უდიდესი დარღვევებით.

ძლიერი აფეთქებების გამო (რაც ყოვლად დაუშვებელია) მღვიმის ჭერის მონაკვეთი დაზიანებულია, ხოლო მდგრადობის უზრუნველმყოფელი ბალანსი დარღვეული. საქმე გვაქვს ტურისტებისა და ასობით დამთვალიერებლის უსაფრთხოების დარღვევასთან მიწის სიღრმეში.

ამას ვაცხადებ, როგორც ამ პროექტის ავტორი და ძირითადი ეტაპების განმახორციელებელი! საჭიროა სასწრაფოდ ჩატარდეს სიტუაციის მრავალმხრივი ექსპერტული შეფასება."

სახელმწიფო (გარემოს დაცვის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახით) სრულ იგნორირებას უკეთებს სპეციალისტებს და ობიექტის მშენებლებს. "კვირის პალიტრასთან" საუბარში კი დაცული ტერიტორიების სააგენტომ განაცხადა, რომ მღვიმეში სამუშაოები ჩატარებულია სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით და ისინი არ გაურბიან არავითარ ექსპერტიზას.

პლაჟი პარლამენტთან

შენობის წინ განსაკუთრებით თვალში საცემია ეზოს უსწორმასწორო რელიეფი და ტალახში აზელილი ბალახისა და ასფალტის საფარი, უკვე აყრილი ქვაფენილი და ხელოვნური ტბა, სადაც ცხელ ამინდში ბავშვები ქალაქის ყველა კუთხიდან მოდიან და პლაჟს აწყობენ. გაგრილების მოსურნე ქუთათურებს, ძირითადად ბავშვებს, საპატრულო პოლიციამ აუკრძალა "საპარლამენტო ტბაში" ბანაობა, თუმცა ბავშვები აკრძალვებს არ ემორჩილებიან, რის გამოც ტბის მომსახურე პერსონალი იძულებული გახდა, წყლის დონე დაეწია, რომ პატარებს საფრთხე არ შეჰქმნოდათ. ბავშვები ამბობენ, რომ წყალი სუფთაა და მას ყოველ მეორე დღეს ცვლიან.

ნეტავ, ბევრ ასეთ საცურაოს გაგვიკეთებდეს მიშა, ზაფხულს იოლად გადავიტანთო, - ნატრობენ ქუთაისელი ბავშვები.

იხილეთ ვიდეო: "ქუთაისური პლაჟი" ახალი პარლამენტის შენობასთან