მათემატიკური ფორმულით გამოთვლილი პოლიტიკური რეიტინგები - კვირის პალიტრა

მათემატიკური ფორმულით გამოთვლილი პოლიტიკური რეიტინგები

პოლიტიკურ პარტიათა ლიდერების ატრაქტულობის (მიმზიდველობის) ხარისხის რეიტინგი (2012 წლის მაისი)

"ივანიშვილი გარკვეულწილად პოლიტიკური "ვამპირია", რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალებს ისრუტავს"

ქართველ მეცნიერთა ჯგუფი პოლიტიკურ პროგნოზებს ალგებრული ფორმულებით ადგენს

ნოუ-ჰაუ ქართულ პოლიტიკაში

"ამ სისტემას  პოლიტიკოსთა ბიოგრაფია ციფრულ სივრცეში გადააქვს და მას რეიტინგში ასახავს"

ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე, რომ პოლიტიკური მოვლენების, ამა თუ იმ ალიანსის შექმნისა და მისი სიმყარის პროგნოზირება მათემატიკური მეთოდებით შეიძლება. ქართველ მეცნიერთა ჯგუფი თავის პროგნოზებს ალგებრული ფორმულებით ადასტურებს და არც ამ პროგნოზების უტყუარობაზე ერიდებათ საუბარი.

დავით ცერცვაძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროგნოზირების დამოუკიდებელი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი: - ჩვენ პოლიტოლოგიაში ახალი სიტყვა შემოგვაქვს, რადგან პროგნოზირების დროს ალგებრულ მეთოდოლოგიას ვეყრდნობით და არა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს. ჩვენი ჯგუფი აბსოლუტურად აპოლიტიკურია და მისი პროგნოზი მხოლოდ მეცნიერულ კვლევებს ეყრდნობა. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს, რომლებიც პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ. შევქმენით პოლიტიკური ალიანსების წარმოქმნისა და დაშლის ალბათობათა პროგნოზირების საექსპერტო სისტემა, რომლის ამოცანაა, მაღალი სიზუსტით გამოავლინოს ალიანსის პოლიტიკური სუბიექტების, პოლიტიკურ პარტიათა და მათ ლიდერთა იდეოლოგიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მახასიათებლების მნიშვნელობებს შორის თანხვდომის ტენდენციები. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია თანხვდომა, მით მტკიცეა ალიანსი და პირიქით.

კვლევას ვატარებთ ალგებრული მეთოდებით, რომლის საფუძველზე შეიქმნა ე. წ. მათემატიკური პოლიტოლოგია. როდესაც პოლიტიკური პარტიების მსგავსების ხარისხს ვადგენდით, ევკლიდეს მეთოდოლოგია გამოვიყენეთ. ეს გულისხმობს ორი სიმრავლის ერთმანეთთან შედარებას და ამ ხერხით მათი მსგავსების დადგენას. ჩვენი სისტემა განიხილავს სამი ტიპის მახასიათებელთა ერთობლიობას (მასივს):

1. პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიური მახასიათებლების მასივი - აერთიანებს პარტიის იდეოლოგიური მიმართულების (მემარცხენე, მემარცხენე-ცენტრისტული, ცენტრისტული და ა.შ.), იდეოლოგიური დოქტრინის ტიპის (კონსერვატიული, კონსერვატიულ-რეფორმისტული, რეფორმისტული და ა.შ.) და იდეოლოგიის განხორციელების ინტენსივობის (ზომიერი, ზომიერად რადიკალური, რადიკალური და ა.შ.) მახასიათებლებს;

2. პარტიის ლიდერის (ლიდერთა გუნდის) პიროვნული მახასიათებლების მასივი - აერთიანებს ქარიზმატულობას, ვიზუალურ იმიჯს, ორატორულ ნიჭსა და სხვა პიროვნულ მახასიათებლებს;

3. პარტიის ლიდერის (ლიდერთა გუნდის) საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობის მახასიათებლების მასივი - აერთიანებს ლიდერთა პოლიტიკაში მოსვლამდე საქმიანობის აქტივობას, პოლიტიკური საქმიანობის ხანგრძლივობას, პოლიტიკური საქმიანობის შედეგიანობას, საზოგადოებრივ ატრაქტულობასა (მიმზიდველობას) და აქტივობის სხვა მახასიათებლებს.

პარტიის ლიდერის (ლიდერთა გუნდის) პიროვნული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მახასიათებლებისთვის კონკრეტული რიცხვითი მნიშვნელობების მინიჭება ამ სუბიექტების დახასიათების პერიოდულად განახლებად, ხუთბალიან სარეიტინგო სისტემაზეა დამყარებული. ასევე შევიმუშავეთ პოლიტიკური ალიანსის ქმედუნარიანობის რაოდენობრივი მახასიათებელი, რომლის მნიშვნელობის ზრდაც პოლიტიკური ალიანსის დაშლის ალბათობის ზრდასთან ასოცირდება და შესაბამისად, პოლიტიკური გაერთიანების ქმედუნარიანობის (სიმტკიცის) ხარისხის დაქვეითების ტენდენციებზე მიანიშნებს. პოლიტიკური ალიანსის ქმედუნარიანობის გამომთვლელ ფორმულას ასეთი სახე აქვს:

აქ S პარტიათა იდეოლოგიურ-პოლიტიკური მიმართულების ინდექსს აღნიშნავს, ხოლო n არის ალიანსში გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობა. Ep კი ალიანსის ქმედუნარიანობას ასახავს. რაც უფრო დაბალია Ep, მით უფრო მდგრადია პოლიტიკური ალიანსი.  Ep-ს მაღალი მაჩვენებელი კი ალიანსის სუბიექტების ნაკლებ მსგავსებასა და აქედან გამომდინარე ალიანსის ნაკლებ სიმტკიცეზე მიუთითებს.

ალიანსის წარმოქმნის ორი მექანიზმი არსებობს. პირველი, როდესაც ალიანსის ფორმირებას განაპირობებს მასში გაერთიანებული პარტიების მიზნებისა და ინტერესების მეტ-ნაკლები თანხვედრა და მეორე - ალიანსის წარმოქმნის მამოძრავებელ ძალად გვევლინება კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი - ლიდერი, რომლის იდეოლოგიურ-პოლიტიკურ დოქტრინასაც იზიარებენ ალიანსის წევრები. კოალიცია "ქართული ოცნება" სწორედ მეორე მექანიზმით წარმოქმნილ ალიანსთა რიცხვს განეკუთვნება და ქართულ ოპოზიციურ სპექტრში შესაძლო პოტენციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის სიმტკიცის ერთ-ერთი მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

ალიანსში სხვადასხვა პროცესი შეიძლება განვითარდეს. ისეთ ალიანსში, სადაც ლიდერია დომინანტი, შესაძლოა რამდენიმე სუბიექტი გაერთიანდეს და დაუპირისპირდეს ლიდერს. ასეთი პროცესები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ შეიძლება დაიწყოს არჩევნების შემდგომ, მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილის ალიანსი პარლამენტში შევა.

შემდგომში ჩვენ შეგვიძლია ალიანსის მდგრადობაც დავახასიათოთ. ჩვენ ახლა ვადარებთ მხოლოდ ორ პოტენციურ ალიანსს და ვადგენთ, რომ ალიანსი რესპუბლიკელების, "თავისუფალი დემოკრატების", ფორუმისა და ძიძიგური-დავითაშვილის შემადგენლობით უფრო მტკიცეა, ვიდრე იმ შემთხვევაში, ალიანსში ბურჯანაძე რომ შესულიყო.

- რატომ იყო ივანიშვილის ალიანსისათვის საფრთხე ბურჯანაძე?

- არ შეიძლება ალიანსში ორი გამოკვეთილი ლიდერი იყოს. ერთ მშვენიერ დღეს მათ შორის დაპირისპირება უსათუოდ დაიწყება. შესაძლოა, ეს გამოთვალა ივანიშვილმა და ამიტომაც არ მიიწვია ბურჯანაძე. ამას ექსპერტი თავისი ინტელექტიდან გამომდინარე გათვლის, მაგრამ ისე ზუსტად ვერა, როგორც შესაძლებელია ალგებრული ფორმულების გამოყენებით.

ივანიშვილი გარკვეულწილად პოლიტიკური "ვამპირია", რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალებს ადვილად ისრუტავს. ავტორიტეტული პარტიები არიან ქრისტიან-დემოკრატები და "ახალი მემარჯვენეები", მაგრამ "ქართული ოცნების" მათთან ალიანსი გამორიცხული იყო, რადგან სხვანაირი იმიჯი აქვთ. რჩებოდა ბურჯანაძის პარტია, მაგრამ ბურჯანაძემ 26 მაისის შემდეგ ფიასკო განიცადა, როგორც ლიდერმა ვერ ივარგა. ის შესაძლოა იყო კარგი პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ მასის ლიდერი ვერ გახდა.

ჩვენს ქვეყანაში თანალიდერობა არ გამოდის. ასეთი მოდელი გაამართლებს ისეთ ქვეყანაში, სადაც არის თანამშრომლობის მაღალი დონე, როდესაც ლიდერები რაღაცას თმობენ, მაგრამ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ორი ლიდერის თავსებადობა ძალიან ძნელია.

- ივანიშვილის კოალიციის სუბიექტებს როგორ დაახასიათებთ?

- ამ ალიანსში კონსერვატორები ყველაზე სუსტი რგოლია. მაგრამ ივანიშვილს გამოცდილი კადრები სჭირდება, რომლებიც რეგიონებში იმუშავებენ, რადგან იცის, მარტო თბილისით ვერ მოიგებს არჩევნებს, თანაც ძიძიგურს საარჩევნო კომისიაში წარმომადგენელი ჰყავს. სხვათა შორის, ძიძიგურთან შედარებით ბევრად ნაკლები პოლიტიკური მიმზიდველობა აქვს კობა დავითაშვილს. რესპუბლიკელები ინტელექტუალური ხალხია, - ბერძენიშვილები, ივლიანე ხაინდრავა, ვახტანგ ხმალაძე - ძლიერი ბირთვია. მათთან შედარებით სუსტი ფიგურაა დავით უსუფაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ის ინტელექტუალია, პასიური პოლიტიკოსია, მასზე ბევრად აქტიურია მისი მეუღლე და ამიტომაც უსწრებს ის ჩვენ მიერ შედგენილ პოლიტიკოსთა რეიტინგში მეუღლეს. ხიდაშელი ენერგიულია, კარგი მოსაუბრე და კამათი შეუძლია. ეს პოლიტიკოსისთვის ბევრს ნიშნავს.

"თავისუფალი დემოკრატები" შედარებით ფერმკრთალი ძალაა, რადგან ახალგაზრდა პარტიაა, მაგრამ ირაკლი ალასანიამ გამოამჟღავნა ძალა, მასზე დადებითად მუშაობს მამის ავტორიტეტი, ასევე მისი საქმიანობა სხვადასხვა სტრუქტურაში. ირაკლის აქვს ქარიზმა, გაიზარდა პოლიტიკურად და ინტელექტუალურიცაა.

- გარდა აქტიურობისა, რა განსაზღვრავს პოლიტიკოსის რეიტინგს?

- ჩვენმა ჯგუფმა 27 მაისს პოლიტიკურ პარტიათა ლიდერების პიროვნული, იდეოლოგიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მახასიათებლების ალგებრული ინტერპრეტაციის საფუძველზე შეიმუშავა მათი მიმდინარე აქტივობის სარეიტინგო შეფასების სკალა. შეფასების პრინციპი არ ეფუძნება აღიარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდოლოგიას. სკალა შედგა ზემოხსენებული მახასიათებლების მიხედვით: პარტიის ლიდერის ქარიზმატულობა, ორატორული ნიჭი, პოლიტიკური გამოცდილება (ან ცნობადობა) და ვიზუალური იმიჯი. ეს საყოველთაოდ აღიარებული პარამეტრებია, მაგრამ ქართველი საზოგადოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ლიდერს სხვა ისეთი თვისებებიც სჭირდება, რაც არ გააჩნიათ სხვა ერის პოლიტიკოსებს.

მაგალითად, ქართველი პოლიტიკოსის რეიტინგულობისათვის საჭიროა სიფიცხეც და ეპატაჟურობაც. პოლიტიკოსისთვის ასევე მნიშვნელოვანია მოქნილობა. ქართველები საზოგადოებას თავს ვაწონებთ მოქნილობით, ეპატაჟურობით, სიფიცხით და ხალხს ეს მოსწონს. საბოლოოდ კი მოწინავეა პოლიტიკოსი, რომელმაც იცის, როგორ იმუშაოს მასაზე.

- თქვენს რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტი ქულა რის საფუძველზე აქვს?

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგიანობის ინდექსის განსაზღვრისას მნიშვნელობა აქვს, რამდენ ხანში აღწევს პოლიტიკოსი შედეგს. ეს შეიძლება განისაზღვროს სიჩქარის გამოთვლის ანალოგიურად. საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის შედეგიანობას თუ გავყოფთ შედეგების მიღწევის ხანგრძლივობაზე, მივიღებთ შედეგიანობის ტემპს. ეს ფორმულის სახით ასე გამოიყურება:

აქ asp აღნიშნავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგების მიღწევის ტემპს (sp-საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინდექსია), qsp - ლიდერის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგიანობას, tsp - ლიდერის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის ხანგრძლივობას. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხს სუბიექტის პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგების მიღწევის ტემპი ყველაზე მეტად აინტერესებს, ეს ფორმულა შეიძლება ტრანსფორმირდეს ასე:

აქ ap არის პოლიტიკური შედეგების მიღწევის ტემპი, qp - პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგიანობა,  tp - პოლიტიკური მოღვაწეობის ხანგრძლივობა.

- როგორც ზემოთ მოგვახსენეთ, თქვენ შეიმუშავეთ ლიდერთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასების დისკრეტული - სარეიტინგო სკალა. რამდენად მგრძნობიარეა ეს სკალა?

- დისკრეტული სკალით, რომელიც ჩვენ შევქმენით, ლიდერების საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმზიდველობის ხარისხი შევაფასეთ. ეს სკალა ძალზე მგრძნობიარეა, შეიძლება ლიდერის ერთმა სიტყვამ შეცვალოს ყველაფერი. მაგალითად, დღეს სიის ბოლოში მყოფმა ბაჩუკი ქარდავამ რომ თქვას, ვაღიარებ ივანიშვილს როგორც ლიდერსო, შეიძლება ალასანიას შემდეგ, მესამე ადგილზე აღმოჩნდეს. სკალაში, რომელიც შევადგინეთ, ლიდერის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგიანობაა ასახული.

ეს არის პოლიტიკოსთა ბიოგრაფიის ციფრულ სივრცეში გადატანა და მისი რეიტინგში ასახვა. ამ სკალიდან ჩანს, რომ ყველას პოლიტიკურ ქულებს აჯობა ივანიშვილის საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ - ქველმოქმედებამ. ეს პროგნოზი დაეყრდნო მონაცემებს, რომელიც ეხება პერიოდს 2005-დან 2010 წლამდე. ჩვენ გამოვიკვლიეთ, რა გააკეთა ფონდმა "ქართუმ", რამდენჯერ დაეხმარა ის მოქალაქეებს და მისი თითოეული ნაბიჯი სათანადო ქულით შევაფასეთ. ეს ქულები ივანიშვილმა დააგროვა ქველმოქმედებისა და იმ ნდობის საფუძველზე, რომელიც მან საზოგადოებაში მოიპოვა. მის რეიტინგზე დადებითად იმუშავა განცხადებამ, პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შევცვალოო. ეს ძალიან განსხვავდებოდა ბადრი პატარკაციშვილის განცხადებისაგან, უკანასკნელ თეთრს დავხარჯავ, რომ ხელისუფლება შევცვალოო, ივანიშვილმა კი თქვა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვუშველო ხალხს პრობლემების გადალახვაშიო. ხალხის დამოკიდებულება ივანიშვილისადმი 27 მაისს გამოჩნდა. ქუჩაში ამდენი ხალხი სააკაშვილსაც კი არ გამოუყვანია. რეიტინგი რომ შეინარჩუნოს, ივანიშვილმა მუდმივად უნდა აკონტროლოს გარემოცვა. საკადრო პოლიტიკაზე მას დიდი დაფიქრება მართებს. უნდა შეფასდეს, სხვადასხვა ადგილზე დასახელებულ მის მაჟორიტარობის კანდიდატს რამდენი მომხრე ეყოლება.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი გარემოცვის ამბიციებზე მეტად ხალხზე უნდა იფიქროს.

მას არა აქვს შეცდომების დაშვების უფლება, რადგან ის ძალიან მძაფრ პოლიტიკურ ბრძოლაში უპირისპირდება  ძლიერ სახელისუფლებო მანქანას, რომელსაც უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი აქვს. ივანიშვილმა თუ ხალხისათვის მიცემული დაპირება ვერ შეასრულა, სამუდამოდ ჩაკლავს ხალხის იმედს და დაასამარებს უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებას. 27 მაისსა და 10 ივნისს რომ ბევრი ხალხი გამოვიდა, ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა უკვე მოგებულია. მაჟორიტარობის კანდიდატები მხოლოდ ივანიშვილის იმედად არ უნდა იყვნენ და მის სახელს არ უნდა ამოეფარონ. Aარ უნდა იფიქრონ, მაჟორიტარად თუ ვერ გავედი, პარტიის სიით მაინც გავალო.

მაჟორიტარობის კანდიდატებს უნდა უთხრან, თუ თქვენს უბნებზე ვერ მოიგებთ, პარლამენტშიც ვერ მოხვდებითო.

მაშინ ამ ადამიანებს მოტივაციაც ექნებათ, რომ ბოლომდე იბრძოლონ.

ივანიშვილის წაგების ვარიანტი ნაკლებია, მაგრამ დღეს ვერავინ იტყვის დაზუსტებით, რომ ის პარლამენტში 2/3-ით მოვა. ამ დაპირების შესრულება ძნელია, თუმცა ივანიშვილს დაპირების შესრულების რესურსი აქვს.

მას ასევე მართებს იმის გათვალისწინება, რომ კოალიციის ზოგიერთ ლიდერს შესაძლოა მისი შეცდომები გაუხარდეს. ბიძინას ზენიტი ჯერ არ მოსულა, ის მოდის და როდესაც ზენიტში იქნება, მისი გარემოცვა ძალიან დაითრგუნება, ვერ გაუძლებს მის სიძლიერეს.

ხშირად კითხულობენ, რაში მდგომარეობს პოლიტიკური ინტელექტი? პოლიტიკური ინტელექტი იმას კი არ ნიშნავს, ბევრი წიგნი ჰქონდეს პოლიტიკოსს წაკითხული, არამედ იმას, რომ დროულად გამოიცნოს, რა მანევრი გააკეთოს. მაგრამ პოლიტიკოსმა მანევრი რომ გააკეთოს, თავისუფალი უნდა იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი პოლიტიკოსი თავისუფალი არ არის, ისინი ვერ იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს, ვიღაცაზე არიან დამოკიდებული და ამიტომაც არის, რომ სოროდან ამოყოფენ თავს და ისევ ჩაყოფენ.

- დღევანდელ პოლიტიკურ გარემოში არ შეიძლება პოლიტიკური ლიდერი თავისუფალი იყოს?

- შეიძლება და თავისუფალია ბიძინა ივანიშვილი. მან თქვა კიდეც, საქართველოში ერთადერთი თავისუფალი ადამიანი ვარო. ზოგიერთი ლიდერი ისეთია, ხალხს ძალიან მოსწონს და რომ ჰკითხოთ, ვერ გეტყვით, რატომ. ზვიადსა და მერაბს ჰქონდათ უნარი ხალხის მიზიდვისა. ხშირად საქართველოში ადამიანები ვერ ასახელებენ, რა თვისებების გამო მოსწონთ ლიდერი, ამიტომაც ჩვენთან მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განსხვავებული იქნება იმ ქვეყნებისაგან, სადაც ხალხი კონკრეტულად ასახელებს, რა კრიტერიუმებით აფასებს პოლიტიკოსს. საქართველოში უმეტესად ემოციაზე კეთდება არჩევანი და სანამ ქართული გონი და გენი იარსებებს, მანამ იქნება აქ მიმდინარე პროცესები განსხვავებული. ამიტომაც არ მოსწონს მავანს ქართული აზროვნების ინდივიდუალიზმი და ცდილობს სხვებს დაგვამსგავსოს, გაგვანაცრისფროს და გლობალიზაციაში ჩაგვრთოს. ამიტომ ებრძვიან ჩვენს ეკლესიას, ჩვენი აზროვნების სტილს.

- თქვენს რეიტინგში რატომ არ არის ხელისუფლება?

- დღეს ჩვენ მხოლოდ ოპოზიციურ-პოლიტიკურ ლიგას, ანუ ერთ სიბრტყეში მოქცეულ ხალხს ვსწავლობთ და ჩვენი მეთოდოლოგიით ვუჩენთ ადგილს. არ შეიძლება ერთ ჭრილში განვიხილოთ სახელისუფლებო ძალა და ოპოზიციური ბლოკი, თუნდაც იმიტომ, რომ სახელისუფლებო ბლოკს უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი აქვს, რომელიც გადაფარავს "ქართული ოცნების" ლიდერის ფინანსურ შესაძლებლობებს. "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციის შესადარებლად სხვა მეთოდები და პარამეტრებია საჭირო.

პროგნოზირების დამოუკიდებელი ჯგუფი, წარმოებული კვლევების ორიგინალობიდან გამომდინარე, უპრეცედენტოა საქართველოში და მათემატიკური მოდელირებისა და ხელოვნური ინტელექტის მეთოდების აქტიური დანერგვისკენ არის მიმართული. ამჟამად ჩვენი ჯგუფი ამუშავებს ახალ სამეცნიერო პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტოლოგიის სფეროში უნიკალური პროდუქტის შექმნას - პროგნოსტიკულ-კონსალტინგური ხასიათის კომპიუტერულ-საექსპერტო სისტემას, პოლიტიკური მოვლენების ანალიზისა და პროცესების განვითარების სავარაუდო გზების პროგნოზირების შესახებ.

ამ ტიპის კვლევები საფუძველს უყრის სრულიად ახალ მიმართულებას - გამოთვლით პოლიტოლოგიას. მისი მიზანია პოლიტიკური მოვლენებისა და პროცესების მათემატიზაცია.

ფერადი უჯრები პარტიათა იდეოლოგიურ-პოლიტიკური მსგავსების სხვადასხვა ხარისხის მაჩვენებელია.

თეთრი გრაფა პარტიათა მსგავსების ყველაზე მაღალ ხარისხს ასახავს;

ყვითელი - საშუალოზე მაღალ მსგავსებას;

ნარინჯისფერი - საშუალო მსგავსებას;

წითელი - საშუალოზე დაბალ მსგავსებაზე მიუთითებს.

ცხრილიდან ჩანს, რომ "ქართულ ოცნებასა" და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" შორის მსგავსება და შესაბამისად თანამშრომლობის

შესაძლებლობა საშუალოზე დაბალია

(გამოყოფილია მუქი ჩარჩოთი)...

ეს ცხრილი თვალნათლივ ასახავს კოალიცია "ქართული ოცნების" სუბიექტების იდეოლოგიურ-პოლიტიკურ მსგავსებას - "ქართულ ოცნებასა" და "ეროვნულ ფორუმს" შორის  საშუალო მსგავსებაა, ხოლო "ქართულ ოცნებას", "რესპუბლიკურ პარტიასა" და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის -  საშუალოზე მაღალი...