"სამეგრელო სააკაშვილისთვის ბასტიონია, იგივე, რაც აბაშიძისთვის - აჭარა" - კვირის პალიტრა

"სამეგრელო სააკაშვილისთვის ბასტიონია, იგივე, რაც აბაშიძისთვის - აჭარა"

"ქართული ოცნების" ლიდერის ჩასვლას სამეგრელოსა და აჭარაში ადგილობრივი ხელისუფლება და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები მობილიზებული დახვდნენ. ისინი შეძახილებით "მიშას გაუმარჯოს!" ცდილობდნენ ჩაეშალათ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები მოსახლეობასთან. "ქართული ოცნების" ლიდერის სამეგრელოში სტუმრობის დეტალების გასარკვევად "კვირის პალიტრა" კახა მიქაიას ზუგდიდში დაუკავშირდა:

-  ბიძინა ივანიშვილი,  ირაკლი ალასანიასა და კოალიციის წევრებთან ერთად მოსახლეობას  ოდიშსა და ორულუში შეხვდა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, - იმ ზონდერჯგუფს, რომელიც ხელს უშლიდა ბიძინა ივანიშვილს შეხვედრების ჩატარებაში, ბაჩო ახალაია აკონტროლებდა. შეხვედრას ასევე აკონტროლებდნენ ადგილობრივი კუდ-ის უფროსი რუსლან შამახია, ზუგდიდის პოლიციის უფროსი ლევან ქირია და, რაც  საგულისხმოა, ამ დროს ანაკლიაში იყო  მიხეილ სააკაშვილი. ორულუსა და ანაკლიას შორის კი ორი ნაბიჯია. ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სამეგრელოს მოსახლეობასთან, სამწუხაროდ, არ გამოვიდა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, "მიშა! მიშას!" ძახილი, დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილისა და სააკაშვილის მომხრეებს შორის და რომ არა  ივანიშვილი, საქმე შეხლა-შემოხლამდე მივიდოდა.  დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას ჩაფიქრებული ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირება, მაგრამ ივანიშვილმა განმუხტა ვითარება. სამწუხაროდ, კოალიციამ და კონკრეტულად კოალიციის წარმომადგენელმა სამეგრელოში ირაკლი ალასანიამ ვერ უზრუნველყო სათანადოდ ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა. კატეგორიულად არ ვეთანხმები გავრცელებულ მოსაზრებას, სამეგრელოში შიში გატყდაო. არა,  აქ ისევ ტოტალური შიში მძვინვარებს. ძალიან ვგულშემატკივრობ ირაკლი ალასანიას. მინდა კოალიცია ძლიერი იყოს, მაგრამ კოალიცია სამეგრელოში არ არის ძლიერი.

- ბოლო დროს, სადაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს ჩასვლას, მანამდე იქ სააკაშვილი ჩადის.

- სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ დააშინოს საზოგადოება და კვალში ჩაუდგეს ბიძინა ივანიშვილს.

როლანდ ახალაიას გარემოცვიდან მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა აიძულა როლანდ ახალაია კენჭი ეყარა ზუგდიდში. მას ხობში უნდოდა მაჟორიტარობა, მაგრამ სააკაშვილის ბრძანებით კენჭს ზუგდიდში იყრის. ეს იმის ნიშანია, რომ სამეგრელო სააკაშვილისთვის ბასტიონია, იგივე, რაც ასლან აბაშიძისთვის იყო აჭარა. თუ ოპოზიციამ სამეგრელოში შეძლო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გატეხა, ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს მთელ საქართველოში. სამეგრელოს მნიშვნელობა ძალიან დიდია. თუ კოალიციამ ადგილებზე შტაბები გააძლიერა და ვითარება ადეკვატურად შეაფასა, მაშინ მართლაც შესაძლებელი იქნება სამეგრელოში დიდი აქციის გამართვა. მინდა "ქართული ოცნების" აქცია ყველაზე ძლიერი და დამუხტული სამეგრელოში იყოს.

არ მეგულება ნორმალური ადამიანი სამეგრელოში, რომელიც როლანდ ახალაიას მისცემს ხმას. როდესაც ასეთი განწყობაა და ვერ უზრუნველყოფ მეგრელებში შიშის გატეხას, რომ მართლაც თავისუფალი არჩევანი გააკეთოს ხალხმა, ეს არის მთავარი პრობლემა. ოპოზიციის ლიდერებმა პირადი მაგალითით უნდა დააძლევინონ შიში ხალხს. აქციები უნდა გამართონ, მხოლოდ აქეთ-იქით სიარულითა და საუბრებით არ გაკეთდება საქმე. სამეგრელოში ვერ აცხადდება კეისრის ნათქვამი, "მივედი, ვნახე, გავიმარჯვე". კი ჩამოვიდა "ქართული ოცნება", მაგრამ ვერ დაამარცხეს ჯერჯერობით სააკაშვილის რეჟიმი. როგორც შევიტყვე, სააკაშვილს ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილის მიტინგის ჩაშლა აქვს განზრახული. ამისთვის რეზერვში ჰყავს წალენჯიხა, ჩხოროწყუ და მარტვილი. მხოლოდ თბილისი-სენაკის გზატკეცილი იქნება გახსნილი. ხელისუფლება კვლავ ძალადობითა და დაშინებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და ამას ადეკვატური პასუხი სჭირდება. სააკაშვილის ხელისუფლება უპირველესად სამეგრელოში უნდა გატყდეს, ამის შემდეგ დამარცხდება საქართველოში სააკაშვილი.