"კაცს, რომელსაც ღვიძლის რეზექცია ჰქონდა გაკეთებული, წვეთოვანი გამოგლიჯეს და წაიყვანეს..." - კვირის პალიტრა

"კაცს, რომელსაც ღვიძლის რეზექცია ჰქონდა გაკეთებული, წვეთოვანი გამოგლიჯეს და წაიყვანეს..."

"ერთადერთი შვილი წამართვა ამ რეჟიმმა და მისი სახელით სიკეთის კეთების გარდა, ჩემი სიცოცხლის აზრს ვერ ვხედავ"

"მაქვს ინფორმაცია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ბევრი თანამშრომლის დათხოვნას აპირებენ"

არჩევნები ახლოვდება და ვითარება დამუხტულია. ვინც დახმარებისთვის ფონდ "ქომაგს" მიმართა, სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში მათი დაკითხვა საათობით გრძელდება.

ია მეტრეველი, ფონდ "ქომაგის" დამფუძნებელი: "ერთი თვეც არ გასულა და ფონდს უკვე 2000-მა კაცმა მომართა. ფონდის დაარსების მიზანი თავისუფალი სიტყვის გამო დასჯილი, სამსახურებიდან გამოგდებული და რეპრესირებული მოქალაქეების დახმარება იყო, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ფონდს უამრავი გაჭირვებული მოაწყდა. ასეთი ადამიანების დახმარება არ იყო ჩვენი მიზანი, მაგრამ გადავწყვიტეთ ოქტომბრის არჩევნების შემდგომ სხვა რეჟიმში დავიწყოთ მუშაობა. ალბათ, წესდებასაც შევცვლით და სხვა პროექტებზეც ვიმუშავებთ.

რეპრესირებული და თავისუფალი აზრის გამო დევნილი პირი საკმარისზე მეტი გვყავს, მათ შორის სამართალდამცველებიც. მაქვს ინფორმაცია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ბევრი თანამშრომლის დათხოვნას აპირებენ. თუ რომელიმე პოლიციელის ოჯახის წევრი, ნათესავი ან ნაცნობი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია და მით უმეტეს, მიტინგებზე გამოჩნდა, ასეთი სანათესავოს პატრონი პოლიციელი პერსონა ნონ გრატაა. როგორც მითხრეს, უფრო დასავლელ პოლიციელებს ემტერებიან. "ქართული ოცნების" მიტინგების შემდგომ პოლიციელებს მოსთხოვეს ჩამოეწერათ იმ პირთა სია, რომლებიც მიტინგებს ესწრებოდნენ. ზოგი დათანხმდა, ბევრმა უარი თქვა. ყველა ზონდერად და ოჯახის, მეგობრის, ქვეყნის და ახლობლების მოღალატედ ხომ არ არის დაბადებული?

- რამდენ კაცს გაუწია თქვენმა ფონდმა დახმარება?

- ჯერჯერობით ვინმესთვის დახმარების გაწევა ვერ შევძელით, რადგან ჩვენი ანგარიში დაყადაღებულია. როგორც კი ბიძინა გიორგობიანმა ჩვენს ანგარიშზე 90.000 გადმორიცხა, ფონდის ანგარიში მაშინვე დააყადაღეს. არადა, ეს თანხა მან პირადი ანგარიშიდან კი არა, გერმანული საქველმოქმედო ფონდიდან გადმორიცხა. კონტროლის პალატამ კი დასკვნაში ჩაწერა, რომ  ანგარიში იმიტომ დააყადაღეს, თანხა არალიცენზირებული ბანკიდან გადმორიცხაო. ბერლინის ცენტრალური ბანკი თურმე არალიცენზირებული ყოფილა. ეს კიდევ ყველაფერი არ არის. მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ სინამდვილეში ჩვენი ანგარიში არ დაუყადაღებიათ. ახლაც არ მაძლევს ბანკი ოფიციალურ დოკუმენტს, რომ ჩვენს ანგარიშს ყადაღა ადევს.

- მაშინ რის საფუძველზე გეუბნებიან უარს თანხის გაცემაზე?

- ბანკს დოკუმენტი რომ არ მოეცა, მთელი დღე გათიშული ჰქონდათ ინტერნეტი. ვითხოვდი, ან ფული მომეცით, ან ოფიციალური დოკუმენტი, რომ ყადაღა ადევს ჩემს ანგარიშს-მეთქი, ამაოდ...

გელა კეტაშვილს, რომელმაც "ქომაგი-2" შექმნა, ანგარიში ისე დაუყადაღეს, ზედ არც ერთი თეთრი რომ არ ჰქონია. თანაც იცრუეს, თითქოს ვიღაცამ 200.000 გადაურიცხა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოქალაქეთა დახმარებაზე ხელს არ ავიღებთ. არ დავაკონკრეტებ, რა გზა გამოვნახეთ. ვპირდები საზოგადოებას, მალე მიიღებენ დახმარებას.

ფონდის გახსნის დღიდან ჩვენი ოფისის კართან ორი მანქანა იდგა, აკონტროლებდნენ, ვინ შედიოდა და ვინ გამოდიოდა. მოსასმენი აპარატურაც ჰქონდათ დამონტაჟებული. ქუჩაში ჩვენი ლაპარაკი ისე ისმოდა, თითქოს რუპორში ჩავყვიროდით. ვეჭვობ, ღამით ოფისშიც შემოდიან და დოკუმენტებში იქექებიან. ჩვენ მოქალაქეთა განცხადებებს ქაღალდზე დაწერილს ვინახავთ. სწორედ ეს განმცხადებლები დაიბარეს სამართალდამცავ სტრუქტურებში. ექიმების უარის მიუხედავად, ავადმყოფები გაიყვანეს საავადმყოფოდან დასაკითხად. სრულიად უდანაშაულო კაცს, რომელსაც ღვიძლის რეზექცია ჰქონდა გაკეთებული, წვეთოვანი გამოგლიჯეს და წაიყვანეს, მაგრამ ცუდად გაუხდათ და ისევ დააბრუნეს საავადმყოფოში. როგორც კი მოსულიერდა, ისევ გაარბენინეს დასაკითხად. ბოლოს უგონოდ მიიყვანეს საავადმყოფოში. 10 საათი აყურყუტეს ხანში შესული მოქალაქეები სოდ-ში. გამუდმებით ერთსა და იმავეს ეკითხებოდნენ: რამდენი მოგცეს ხელზე? რას ითხოვდნენ სანაცვლოდ? რა ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილთან "ქომაგს", ვინ აფინანსებს მას და ა.შ.  ჩვენ არა გვაქვს პოლიტიკასთან კავშირი, არ ვაკეთებთ არც ერთი პარტიის საქმეს. ადამიანები, რომლებიც ჩვენს ფონდს აკითხავენ, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანები არიან, მათ იმედად ჩვენი ფონდი ესახებათ. რით უნდა დააშინონ ეს ხალხი? მათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ.

- "ქომაგი" მას შემდეგ დაფუძნდა, რაც "ქართული ოცნება" გამოჩნდა. ალბათ, ეს აძლევთ ეჭვის საფუძველს.

- მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი - ბუტა რობაქიძე უდანაშაულოდ მომიკლა ამ ხელისუფლებამ და ყაჩაღობაც დასწამა, მინდოდა, ბუტას სახელობის ფონდი იმ ფულით დამეფუძნებინა, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო მოგვაკუთვნებდა. მაგრამ ისე მოახერხეს, რომ ბუტას საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც ვერ გავასაჩივრეთ. ერთადერთი შვილი წამართვა ამ რეჟიმმა და მისი სახელით სიკეთის კეთების გარდა, ჩემი სიცოცხლის აზრს ვერ ვხედავ...  უცხოეთიდან უამრავი ქართველ ემიგრანტი გვირეკავს, მათ შორის - სასულიერო პირებიც, ანგარიშის ნომრებს გვთხოვენ. საქართველოშიც ბევრია გაჭირვებული თანამოქალაქეებისთვის დახმარების მსურველი.