"ჩვენი ხელისუფლებისგან ჯონ ბასის დაპატიმრებაც არ გამიკვირდება" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ხელისუფლებისგან ჯონ ბასის დაპატიმრებაც არ გამიკვირდება"

რა მოხდება, თუ ივანიშვილი ჯარიმას არ გადაიხდის?!

"ამისთანა მარაზმსშვეიცარიაში არც კი განიხილავენ"

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ჯამში 160 მილიონით დააჯარიმეს, თუმცა, მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესული ცვლილების გამო ჯარიმა გაანახევრა. მიუხედავად ამისა, ივანიშვილმა ამ თანხის გადახდაზეც უარი განაცხადა. ბუნებრივია, ჯარიმისგან თავის არიდება მხოლოდ ივანიშვილის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. მით Uუმეტეს, როცა სახელმწიფო მანქანა კანონიერად თუ უკანონოდ მის წინააღმდეგ მუშაობს. რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს ამ თანხის ამოსაღებად? რა საფრთხე ემუქრება ბანკ "ქართუს", ხომ არ გამოასახლებენ ივანიშვილს შუშის სასახლიდან?

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ივანიშვილი სოლიდური თანხით დაჯარიმდა, სააპელაციო წესით გასაჩივრებულია. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე ექსპერტიზა დანიშნა.

კონტროლის პალატის განმარტებით, ივანიშვილმა, "ქართული ოცნების" საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია "გლობალ კონსალტინგის" გამოყენებით მოსახლეობას უსასყიდლოდ გადასცა ათიათასობით სატელიტური ანტენა, რისთვისაც 12.622.019 ლარის შეწირულობა გაიღო და ამ თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა. ეს თანხა შემდგომში ხუთმაგ ოდენობამდე შემცირდა. კონტროლის პალატის მეორე ოქმის მიხედვით კი ბიძინა ივანიშვილმა კუთვნილი კომპანიების - შპს "ბურჯისა" და შპს "ელიტა ბურჯის" სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომლებითაც უსასყიდლოდ უწევდა მომსახურებას პოლიტიკურ გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს". კონტროლის პალატის მტკიცებით, საამისოდ ივანიშვილმა 2.242.994 ლარის უკანონო შეწირულობა გაიღო და ამ თანხის ათმაგი (შემდგომში ხუთმაგი) ოდენობით დაჯარიმდა.

შალვა თადუმაძე, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: "ივანიშვილის საქმეში, მოქალაქეობის საკითხით დაწყებული, სახელმწიფო გავიდა სამართლებრივი სივრციდან და ისე იქცევა, როგორც უნდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება".

როგორც ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდას არ აპირებს:

- რა მოხდება, თუ ივანიშვილი ჯარიმას არ გადაიხდის, რა სამართლებრივი ბერკეტები აქვს სახელმწიფოს ჯარიმის ამოსაღებად?

- ბიძინა ივანიშვილი აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს. არ ვაპირებთ, აღსრულების ბიუროს ვუკარნახოთ, რა უნდა მოიმოქმედოს ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუმცა, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ...

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ბექა დოჭვირმა განმარტა, თუ ივანიშვილი დადგენილ 7 დღეში ჯარიმას არ გადაიხდის, მაშინ კონტროლის პალატა სასურველ ვადაში, შესაძლოა, მეორე დღესვე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს მოთხოვნით, დაიწყოს მისი გადაწყვეტილების აღსრულება. თავის მხრივ, აღსრულების ბიურო ხუთი დღის ვადაში ივანიშვილს მიმართავს, გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა, რისთვისაც კიდევ დამატებით 7 დღეს განუსაზღვრავს.

ბექა დოჭვირი: "თუ ივანიშვილი ამ შემთხვევაშიც არ გადაიხდის ჯარიმას, მაშინ მის პირად საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება აუქციონზე გაიყიდება. თუ საქართველოში არსებული ქონების გაყიდვით მიღებული თანხა კონტროლის პალატის ჯარიმას ვერ დაფარავს, მაშინ შეიძლება ივანიშვილის სახელზე გაფორმებული ქონება საზღვარგარეთაც გაიყიდოს, თუმცა, ერთი დეტალია გასათვალისწინებელი: იმ ქვეყნის კანონმდებლობა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. შესაძლებელია, აღსრულების ბიურომ თანხა სეკვესტრის გზით ამოიღოს - დაინიშნება სეკვესტრის მმართველი, რომელიც ივანიშვილის პირად საკუთრებაში არსებულ ქონებას განსაზღვრული პერიოდით, მაგალითად, 1 წლით განკარგავს და ჯარიმის თანხის ამოღების შემდეგ ივანიშვილს ქონება უკან დაუბრუნდება".

ნოდარ ჯავახიშვილი, ბანკ "ქართუს" პრეზიდენტი: "ბანკი "ქართუ" ბიძინა ივანიშვილის, როგორც ფიზიკური პირის, საკუთრება არ არის. ბანკის დამფუძნებელი 100 პროცენტით "ქართუ ჯგუფია". ბანკის ბენეფიციარი მფლობელია ბიძინა ივანიშვილი, რაც ნიშნავს, რომ "ქართუს" დამფუძნებელია რამდენიმე უცხოური კომპანია, სადაც ბიძინა ივანიშვილს წილები აქვს. იმ კომპანიებს კი, რომლებიც "ქართუ ჯგუფის" დამფუძნებლები არიან, არც კი ვიცი, თავის მხრივ ვინ ჰყავს დამფუძნებლები. ამიტომ პირდაპირ ბანკზე გამოსვლა გაუჭირდებათ. ბანკი თავისი წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით არ არის პასუხისმგებელი დამფუძნებლების ფინანსურ ვალდებულებებზე. კანონით ბანკს ამ გადასახდს ვერ დააკისრებენ. შეიძლება, ფიზიკურ პირს, ბიძინა ივანიშვილს დაუყადაღონ ქონება ან წილები, ან უნდა დააყადაღონ წილები იმ კომპანიებში, რომელთა დაფუძნებულიც არის "ქართუ ჯგუფი". თუმცა, აქაც დიდი დაბრკოლება ელის ხელისუფლებას, - ის კომპანიები, რომლებიც "ქართუ ჯგუფის" დამფუძნებლები არიან, უცხოეთშია რეგისტრირებული. როგორ ფიქრობთ, შვეიცარიის ხელისუფლება ივანიშვილის წილებს უპირობოდ დააყადაღებს? საბედნიეროდ, ცივილიზებულ სახელმწიფოში საქართველოს ხელისუფლების სურვილებისამებრ არ აყადაღებენ წილებს და ქონებას.

- როგორც ვიცი, ჩვენს ქვეყანას სამართლებრივ თანამშრომლობაზე რამდენიმე ქვეყანასთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

- ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ჩვენ სულ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული. ამ ქვეყნებში ივანიშვილს საკუთრება და წილები არა აქვს. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც წილების დაყადაღება უნდა მოითხოვოს ქართულმა მხარემ, შეთავსებადი უნდა იყოს შვეიცარიის ან ევროპულ კანონმდებლობასთან. გარწმუნებთ, ამისთანა მარაზმს, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქართულმა სასამართლომ დააჯარიმა, შვეიცარიაში არც კი განიხილავენ. გაიხსენეთ, რამდენი კაცი გაიქცა საქართველოდან, რამდენის ექსტრადიციას ითხოვდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან (ბიძინა გიორგობიანი, ქიბარ ხალვაში, ირაკლი ოქრუაშვილი) ჩვენი ძალოვანი უწყებები, მაგრამ ამ სახელმწიფოებმა უარი თქვეს მათ ექსტრადიციაზე, რადგან ჩათვალეს, რომ ეს პირები სინამდვილეში პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი იყვნენ და არა დამნაშავეები, როგორც საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა. მათ ჩათვალეს, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.

- ივანიშვილის სასახლე ვისი საკუთრებაა?

- როგორც ვიცი, არც ეს სასახლეა მისი საკუთრება, ის "ფინსერვისის" საკუთრებაა. ვთქვათ, თუ აქვს პირადი საკუთრება საქართველოში, კი ბატონო, დაუყადაღონ,  გაიტანონ აუქციონზე, მაგრამ ვინ იყიდის, ვინ მოჰკიდებს ხელს?

- სახელმწიფო.

- უსამართლობით ვერ გაგვაკვირვებენ. ჩვენ კანონიერებასა და სამართლებრივ გზებზე ვლაპარაკობთ, თორემU ხვალ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იმისათვის დააჯარიმონ, ქუდი რატომ არ გახურავსო! ხვალ შეიძლება სხვა აბსურდული მექანიზმებით ქართულმა სასამართლომ ბანკ "ქართუში" თავისი ადმინისტრაცია შემოიყვანოს, სპეცრაზმი მოგვაყენოს და ბანკის კარი აგვიჭედოს.

ამერიკის მოქალაქე "გლობალ-TV"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დაკავება გაუგებარია. ამ კაცმა ქონება გაყიდა საქართველოში, მაგრამ რა მოტივით დააკავეს? ქონების გაყიდვა ჯერჯერობით საქართველოში კანონით არ იკრძალება. მას "ქართუ ბანკში" ჰქონდა ანგარიში და როგორც ვიცი, ის ფული აგერ დევს ჩვენთან ანგარიშზე. რონჟესს დამატებითი ღირებულების გადასახადი  გადასახდელი აქვს, მაგრამ ჯერ გადახდის ვადა არ გასულა. ეტყობა, ისევ რაღაცები მოელანდათ, როგორც მაშინ, ინკასაციის მანქანას რომ დაესხნენ თავს და დღემდე ვერ გამოძვრნენ იმ სიტუაციიდან. მაშინ ეგონათ, ბანკში იმისთანა კრეტინები ვისხედით, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულს ტომრებით გავგზავნიდით. იმდენად სულელები არიან, ბიძინა ივანიშვილის სახელზე გამოწერილ ორდერს ეძებდნენ. ეტყობა, ახლაც მსგავსი რამ მოელანდათ. ალბათ, იფიქრეს, ის ფული რონჟესს ტომრით მიაქვს ამერიკაში ან ბიძინა ივანიშვილს მიუტანაო. საქმე ისეა, "ქართუს" დაყადაღება კი არა, ჩვენი ხელისუფლებისაგან ჯონ ბასის დაპატიმრებაც აღარ გამიკვირდება. სრულ ისტერიკაში არიან. ფსიქოლოგიაში ცნობილი ამბავია, რომ შიში სისულელეს გაკეთებინებს.

"არ არსებობს მიზანი, რომლისთვისაც იმდენი ცოდვის ჩადენა იყოს გამართლებული, რამდენიც შენ იტვირთე"

ჭაბუა ამირეჯიბი