"ქართულ ოცნებას" ორმაგი მიდგომა ახასიათებს" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" ორმაგი მიდგომა ახასიათებს"

"უმეტესობას ძალიან კარგად ესმის, რასაც ველაპარაკებით"

ჰილარი კლინტონის საქართველოდან წასვლის შემდეგ ზოგს გაუჩნდა მოსაზრება, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საუბარი დემოკრატიასა და ამომრჩევლისთვის ინფორმირებული არჩევანის მიცემის შესაძლებლობაზე ხელისუფლებამ არასწორად გაიგო და სწორედ ამის შედეგი იყო ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მისამართით განხორციელებული ქმედებები. ამ თემაზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიას ვესაუბრეთ:

-   ჩვენი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რადგან ჩიკაგოს სამიტზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაციისთვის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. არჩევნების დროს ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს აზრის გამოხატვის საშუალება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია მოსყიდვა და თუ ეს მოხდა, ამაში მონაწილე პირები ისჯებიან. ეს კანონი მიიღო საქართველოს პარლამენტმა და ის აუცილებლად უნდა აღსრულდეს. მახსოვს, ტელევიზიასა და პრესაში ხშირად გვაკრიტიკებდნენ, რეგიონის მოსახლეობა თუ უმრავლესობის წევრს შეხვდებოდა, მაგრამ როდესაც "ქართული ოცნების" წევრების ქმედება გახდა ცნობილი, ხიდაშელმა განაცხადა, ისინი ხელისუფლებისგან მოგზავნილი არიანო. მერე გაირკვა, რომ ის პირები სულაც არ ყოფილან მოსყიდული, "ქართული ოცნების" წევრები ყოფილან და კომენტარებიც შესაბამისად შეიცვალა. ასეთი რამ პირველად არ მომხდარა. როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ, "ქართული ოცნების" წევრმა კბილაშვილმა განაცხადა, ეს არის იმაზე მეტი, რასაც ველოდით და ამას ივანიშვილი აუცილებლად გამოიყენებსო. შემდეგ კი თქვეს, არ გამოიყენებსო. ამდაგვარი ორმაგი მიდგომა ახასიათებს "ქართულ ოცნებას", რომელიც აშკარად რუსულ ხაზზე ზის. მათ კარგად იციან, რომ ამ არჩევნებზე გამარჯვების შანსი არა აქვთ და მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებული, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია იყოს.

- როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები სუფრაზე ეპატიჟებიან სხვადასხვა პროფესიის პირებს, ეს არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა?

- ვისაც რაიმე ეჭვი ექნება ხელისუფლების მიერ მოსახლეობის მოსყიდვაზე, ნებისმიერი ფაქტი უნდა გადაიგზავნოს კონტროლის პალატაში. რაც შეეხება ფურშეტზე მასწავლებლების თუ ექიმების დაპატიჟებას, ქალაქის მერის მიერ ასეთი შეხვედრების გამართვა ჩვეულებრივი ამბავია და ამას კავშირი არა აქვს არჩევნებთან, რადგან ის მათ სარეცხ მანქანაში სამშობლოს გაყიდვაზე კი არა, რეფორმებზე ელაპარაკება. ეს კი ერთი და იგივე არ არის. თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს ავუკრძალავთ მოსახლეობის სხვადასხვა ფენასთან შეხვედრას, ეს ხელისუფლების პარალიზებას გამოიწვევს. სოფლის მეურნეობის მინისტრს ხომ არ უნდა მოვთხოვოთ, რომ არ ჩავიდეს სოფელში, ჯანდაცვის მინისტრს - არ შევიდეს საავადმყოფოში, ქალაქის მერს კი თბილისის მოსახლეობას არ შეხვდეს.

- მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან.

- გიგი უგულავა ხვდება მოსახლეობას როგორც ქალაქის მერი, მაგრამ თუ შეხვდება დეპუტატობის კანდიდატთან ერთად და სხვადასხვა რესურსს გამოიყენებს, მაშინ ეს კანონდარღვევა იქნება.

- რამდენად ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულ არჩევანს სამარშრუტო ტაქსებში რადიომაუწყებლობის აკრძალვა და "მე-9 არხის" სიგნალის გათიშვა?

- გადაწყვეტილება "მე-9 არხის" მაუწყებლობის თაობაზე მარეგულირებელმა მიიღო. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებში რადიომაუწყებლობის აკრძალვას, ალბათ, ეს იმ კერძო კომპანიის ბიზნესინტერესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაა.

- პარლამენტის მშენებლობაზე ადამიანი დაიღუპა. ეს დაუკავშირეს პრეზიდენტის სურვილს, პარლამენტის შენობა რაც შეიძლება სწრაფად აშენდეს.

- ასეთივე უბედური შემთხვევები მოხდა ბათუმში სასტუმროს ჩამონგრევისას და თბილისის პირველ საავადმყოფოშიც, ესეც ხომ პრეზიდენტის განცხადების გამო არ მომხდარა?

- თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთში გამართული "ქართული ოცნების" აქციამ რა დაგანახათ?

- ნეტავ გახსნეს ყუთი, სადაც იქ მისული ხალხის ოცნებები იყო? საქართველოში მოსყიდული ხალხი ვერასოდეს შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას.

- "გლობალ TV"-ის ამერიკელი მეწილეს ალექსანდრ რონჟესის აეროპორტში დაკავება კიდევ ერთხელ გახდა იმის თქმის საფუძველი, რომ ხელისუფლება თავის მთავარ ოპონენტს ყველა ხერხით ებრძვის.

- ადამიანის დაკავება მოხდება ერთადერთ შემთხვევაში, თუ ის არის უკანონო ქმედებაში მხილებული. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რონჟესის შემთხვევაში ლაპარაკი იყო ფულის გატანაზე. ვინც საზღვარგარეთ გავდივართ ან ქვეყანაში შემოვდივართ, ყველა ვამბობთ, რა თანხა მიგვაქვს და რა თანხით ვბრუნდებით. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს მოთხოვნა, რომ მოქალაქემ უნდა აჩვენოს, თანხა გააქვს თუ არა. ეს არ გახლავთ პოლიტიკური თემა და ამაზე უფრო ზუსტ პასუხს სამართალდამცავები გასცემენ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ "გლობალ TV"-ს მეწილეს ფული უნდა ჰქონოდა და მოსთხოვეს ეჩვენებინა, სად ჰქონდა ეს თანხა. ყველაფერი კანონიერების ფარგლებში ხდებოდა.

- ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას სამეგრელოსა და აჭარაში, "ქართული ოცნების"  განცხადებით თან სდევდა  ხელისუფლების მხარდამჭერთა პროვოკაციები. ეს კი ფიზიკური დაპირისპირების საფრთხეს ქმნის.

- გუშინ წალენჯიხაში ვიყავი და 7 სოფელში შევხვდი მოსახლეობას. ისინი საკმაოდ პატრიოტულად არიან განწყობილნი. გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც არსებობს, მათ აინტერესებთ, რა ხდება ქვეყანაში და ძალიან ძნელია იქ ვინმე ჩავიდეს და ელაპარაკოს, რეზერვის სამსახური კრიმინალებისაგან შექმნილი სტრუქტურააო, ძალიან ძნელია ამ ადამიანებს ელაპარაკო, რომ ზუგდიდი არის ჰომსი, რომ ომი დაიწყო საქართველომ. როდესაც ტელევიზიიდან ამ თემებზე ლაპარაკობ, მერე სურვილიც არ უნდა გაგიჩნდეს, რომ ჩახვიდე ამ რეგიონში. მაშინ მეც შემიძლია ვთქვა, რომ მომიგზავნეს "ქართული ოცნებიდან" სამი ადამიანი, რომლებმაც თურმე ვერ დამისვეს კითხვა წალენჯიხაში და ამიტომ ობუჯში გამომყვნენ კითხვის დასასმელად. ამ ადამიანებს ობუჯელებმაც არ მოუსმინეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველა ვხვდებით ამომრჩეველს. უმეტესობას ძალიან კარგად ესმის, რასაც ველაპარაკებით, თუმცა 1% "ოცნების" მომხრეებისა ისევე ფიქრობს, როგორც მოსკოვის აქაური მესვეურები.