მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

"ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტმა გვითხრა, რომ აქვს ტყუილების ხარისხის შეფასების საკუთარი სისტემა. ყველა ტყუილის ხარისხს "პინოქიოებით" აფასებს და ყველაზე დიდი ტყუილი ოთხი "პინოქიოთი" ფასდება

შორს გავარდნილა შენი სახელი

კვირაზე მეტია, ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი აშშ-ში ვართ, სემინარზე. ჩვენი მასპინძლები ყოველდღე გვახვედრებენ გამოცდილ ჟურნალისტებს, რომლებიც გამოცდილებას გვიზიარებენ.

ბუნებრივია, არ ვაპირებ სემინარის შესახებ დაწვრილებით გესაუბროთ, მხოლოდ ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით: აქაურ მედიაში ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გამხდარა რუბრიკა "ფაქტების გადამმოწმებელი". მისი ავტორი პოლიტიკოსების განცხადებებში მოყვანილ ფაქტებს ამოწმებს და თუ ტყუილს აღმოაჩენს, ერთ ამბავს ტეხს. ჩვენ "ვაშინგტონ პოსტის" ფაქტების გადამმოწმებელს შევხვდით, რომელმაც თავისი საქმიანობის შესახებ გვიამბო. გვითხრა, რომ პოლიტიკოსების წყალობით საქმე არ აკლია. აქვს ტყუილების ხარისხის შეფასების საკუთარი სისტემაც. ყველა ტყუილის ხარისხს "პინოქიოებით" აფასებს (მოგეხსენებათ, პინოქიოს ტყუილის თქმისას ცხვირი ეზრდებოდა). ყველაზე დიდი ტყუილი ოთხი "პინოქიოთი" ფასდება. გვითხრა, რომ ბოლო დროს ოთხი "პინოქიო" რამდენჯერმე დაუწერა მიტ რომნის, რესპუბლიკელების მთავარ კანდიდატს. ბოლოს მას ასეთი რამ უთქვამს: "ამერიკელები მსოფლიოში ერთადერთი ერია, ვინც ჰიმნის მოსმენის დროს გულზე ხელს იდებსო". თურმე რომნი ამას თავის ყველა გამოსვლაში იმეორებდა. ჰოდა, მოჰბეზრდა ამდენი ტყუილის მოსმენა ჩვენს ფაქტების გადამმოწმებელს და მიანიჭა რომნის ოთხი "პინოქიო". ამის მერე ასეთი რამ აღარ გაუმეორებიაო.

ასევე გაიხსენა ობამას ტყუილების რამდენიმე მაგალითი... მე წამოვიძახე, ეს რუბრიკა ჩვენთანაც უნდა შემოვიღოთ, ჩვენი პრეზიდენტი ლამის ყოველდღე მიიღებს ოთხ "პინოქიოს"-მეთქი. მეგონა, ეს კაცი მკითხავდა, რატომო. ამის მაგივრად კი მომიგო: "გეთანხმებით, ერთხელ შევხვდი თქვენს პრეზიდენტს და მეც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩაო". ვერ გეტყვით, ასეთი რა უთხრა ჩვენმა პრეზიდენტმა, მაგრამ სწორედ ასე რომ მიპასუხა, ჩემი კოლეგები დამემოწმებიან. შემდეგ განაგრძო, თქვენს პრეზიდენტზე ამ დღეებში აქ ერთმა დიპლომატმა მაგარი ამბავი მიამბო, თუ გინდათ, თქვენც მოგიყვებითო. რა თქმა უნდა, გვინდოდა და აი, რა გვითხრა: "ერთ დღეს თქვენს პრეზიდენტს ბათუმში სტუმრად ჰყოლია პოლონეთის პრეზიდენტი (გვარი არ თქვა, მაგრამ სავარაუდოდ, ცხონებულ კაჩინსკიზეა ლაპარაკი). ჰოდა, ორივეს მაგრად დაულევია. მიშას შუაღამეს თავისი პოლონელი კოლეგისთვის ეშმაკის ბორბალზე დაჯდომა შეუთავაზებია. ჰოდა, ყველაზე მაღლა რომ ასულან, ეს ბორბალი გაჭედილა. Aახლა წარმოიდგინეთ, ღამის სამ საათზე, ორი მთვრალი პრეზიდენტი ეშმაკის ბორბალზე რომაა გაჭედილიო". ამას რომ ჰყვებოდა, ეტყობა, ისე ნათლად წარმოიდგინა ეს სურათი, სიცილით იგუდებოდა. თავიდან ჩვენც გავიცინეთ, მაგრამ რომ გაგვახსენდა, ვაშინგტონში ამ ამბავს რომელიღაც ქვეყნის დიპლომატი "ვაშინგტონ პოსტის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუბრიკის ავტორს უყვებოდა, სასაცილოდ აღარ მოგვეჩვენა. მე არ ვიცი, ეშმაკის ბორბალზე გაჭედილი ორი მთვრალი პრეზიდენტის ამბავი მართალია თუ არა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? Mმნიშვნელოვანი და სრულიად არასასაცილო ის არის, რომ ჩვენს პრეზიდენტს სახელი შორს გაუთქვამს და არცთუ ისე კარგი კუთხით.

იქანავებენ და იქანავებენ

აქედანაც ვადევნებ თვალს და საქართველოში იგივე იწილო-ბიწილო გრძელდება, რაც ჩვენს წამოსვლამდე იყო. ვიღაცებს იჭერენ და მერე უშვებენ, ვიღაცას აჯარიმებენ და მერე ჯარიმას უნახევრებენ; მიშა ისევ ეძებს ქალაქს, რომელსაც ბათუმს შეადარებს და ახლა უკვე ლას-ვეგასი იპოვა, რომელიც ბათუმს "რუკიდან წაუშლია"; ისევ ლაპარაკობს რუსულ ფულსა და ქვეყნის მტრებზე. მოკლედ, ყველაფერი ძველებურადაა. კითხულობ ამ ახალ ამბებს და ძველი ამბები გგონია, რომლებზეც უამრავჯერ დაგიწერია. რაღაზე უნდა დაწერო - მიშას განცხადებებზე? Uსულ ერთი და იგივეა. ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე? არც აქ არის რამე სიახლე, ამიტომ მოდით, ჩვენ სოფელ რკონზე დავწეროთ, რომელსაც ერთი სიახლე მაინც აქვს: საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში სოფელ რკონში საქანელები დადგეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იტყობინებოდა. მართალია, სოფელში მხოლოდ ორი მარტოხელა მოხუცი - ნინა ბერძენი და მარიამ ჩოხელი ცხოვრობს და  წყლის მოტანა შორიდან უწევთ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია, რომ სოფლისთვის გამოყოფილი 2.200 ლარი დაიხარჯა და თანაც ძალიან გონივრულად! სოფლის რწმუნებულმა გიორგი სალხინაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მცხოვრებლები სასმელი წყლის სისტემის  რეაბილიტაციას ითხოვდნენ, თუმცა თანხა არასაკმარისი იყო და ამიტომ სპორტული კომპლექსი ვარჩიეთო. ორი საქანელა დაუდგამს და სწორედ ამას ეძახის სოფლის რწმუნებული სპორტულ კომპლექსს. თუმცა ეს ხომ არ არის მთავარი? Mმთავარია, რომ მოხუცებს აქვთ საქანელა. წყალს კი, მართალია, ისევ შორიდან მოზიდავენ, მაგრამ ახლაM რომ დაიღლებიან, საქანელაზე ჩამოსხდებიან და იქანავებენ და იქანავებენ...