სახედაკარგული ჩინოვნიკების ვნებანი - კვირის პალიტრა

სახედაკარგული ჩინოვნიკების ვნებანი

მითხარი, ვინ არის შენი პარტიის წევრი და გეტყვი ვინ ხარ შენ. ეს ვიფიქრე ამ დღეებში "ნაციონალი" მაღალჩინოსნების მიერ რეგიონებში ჟურნალისტებთან გამართული მუშტი-კრივის ნახვის და ლანძღვა-გინების კორიანტელის მოსმენის შემდეგ.

ამბობენ, შვილი ოჯახის სარკეა. არ ვიცი, რამდენად შეიძლება უწოდო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს რაიონებისა თუ სოფლების გამგებლებს "ნაცმოძრაობის" შვილები, მაგრამ ფაქტია, ისინი "ოჯახს" ძალიან ცუდად წარმოაჩენენ. ამაზე მეტყველებს კასპში, სოფელ ზემო ხანდაკის გამგებლის და ზესტაფონში სამხედრო კომისრის ვალერი თელიას საქციელი. ისინი არც მოსახლეობის მიმართ აგდებულ, ზოგჯერ ძალადობრივ ზემოქმედებას ერიდებიან და ჟურნალისტებზეც ისე იწევენ, თითქოს მათ წინ მოსისხლე მტერი იდგეს. განსაკუთრებული აგრესია უჩნდებათ "მე-9 არხის" ჟურნალისტების მიმართ. ჯერ იყო და კასპში, ხანდაკელი გამგებელი ეცადა ჟურნალისტების ფეხქვეშ გაგდებას, მერე კი ეს სურვილი ზესტაფონელმა ჩინოსნებმა აისრულეს.

ყოველივე კი "გლობალ ტვ"-ის ანტენების დამონტაჟებას მოჰყვა. მოსახლეობაში ხელოსნების გამოჩენისთანავე გამოჩნდნენ იმერელი "დამშინებლები" და სატელიტური ანტენების დამონტაჟების სამზადისში მყოფი ხელოსნები გააფრთხილეს, აქედან წაეთრიეთ, თორემ მანქანებში ჩაგცხრილავთო.

ზესტაფონში ქეთევან წამებულის ქუჩის მოსახლეობამ "მე-9 არხის" ჟურნალისტებს აცნობა, რომ ანტენების დამონტაჟებას ხელს უშლიდა სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი ვალერი თელია და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსი ავთანდილ დარდაგანიძე. კომისარს და ზესტაფონის მთავარ მეხანძრეს მოსახლეობასთან კონფლიქტის შემდეგ ჩამცხრალი ბოღმა ჟურნალისტების დანახვაზე კვლავ გაუღვივდათ და ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი„"ინფო 9"-ის ოპერატორს პაატა ჭყოიძეს სცემეს. ხალხი კომისარ თელიას "ტლინკაობამ" გააოცა, თუმცა, მის საქციელს მალევე მოუძებნეს "გამოსავალი" - ამ მუტრუკმა პარლამენტარ კაკო ბობოხიძისგან ისწავლა ილეთებიო. "თელიას სუსტი ნერვები აქვს, ჟურნალისტებმა რა იცოდნენ მაგის ამბავი, ჯიუტად ჩაეძიენ, ანტენის ხელოსნებს რად დასდევო და, ისიც ახტა, აბა, ერთი კაცი მაჩვენე, ვისაც დავდევო. იმის იმედი აქვს, რომ მაგის შიშით ხმას არავინ ამოიღებს. ვინმემ რამე მაინც რომ თქვას, ვალერას არავინ დასჯის. "ნაციონალები" ხომ წამახალისებლად ექცევიან მათ, ვინც ოპოზიციურად განწყობილი ხალხის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას გამოხატავს. "ნაცებმა" სახე დაკარგეს და თელია სახედაკარგულობის ნიმუშია", - ამბობს ზესტაფონელი ნელი თავდგირიძე.

10 ივნისს ქუთაისში აქციაზე იმერეთის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ მიტინგზე წამოსვლის წინ გამგებელმა ოჯახებს ჩამოუარა და დაემუქრა, - შემოდგომაზე დაგათვლევინებთ წიწილებს, კიდევ ერთხელ რომ მოვალთ ხელისუფლებაშიო.

ნუთუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ასეთი ჩინოსნებით მოიგებს ვინმეს გულს და მით უფრო არჩევნებს?