რამ შეაფუცხუნა ხელისუფლება, ნეტავ, საიდან დაუცაცხანეს? - კვირის პალიტრა

რამ შეაფუცხუნა ხელისუფლება, ნეტავ, საიდან დაუცაცხანეს?

საქართველოში წინასაარჩევნოდ ისეთი ამბები ტრიალებს, თავს და ბოლოს ვერ გაუგებ. ხელისუფლება ცალი ხელით ხელმოუწერელი დოკუმენტით სატელევიზიო ანტენებს აყადაღებს, მეორე ხელით კი მედიის თავისუფლებაზე ლაპარაკობს და პარლამენტში ახალ-ახალი ინიციატივით გამოდის. თუმცა, რა ხდება სინამდვილეში, ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი ქმედების უკან, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება.

საქართველოს პროკურატურის 21 ივნისის განცხადების მიხედვით, კომპანია "გლობალ კონტაქტ კონსალტინგი" კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, განაგრძობდა ამომრჩევლებისთვის სატელევიზიო ანტენების გადაცემას, პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით. შესაბამისად, პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია, გამოეყენებინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და სასამართლოს გამოძიების დასრულებამდე დაეყადაღებინა შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" კუთვნილი სატელევიზიო ანტენები.

"სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად ყადაღა დაედოს შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილ ტექნიკურ საშუალებებს, ანტენებს, რესივერებს, მიმღების თავაკებს", - ვკითხულობთ სასამართლო გადაწყვეტილებაში.

პროკურატურის განცხადების საფუძველზე, დაახლოებით დღის 4 საათზე, კომპანია "ელიტა ბურჯის" ტერიტორიაზე სამართალდამცავები შევიდნენ. მათ "ელიტა ბურჯის" შენობის მთელი პერიმეტრი ჰქონდათ ბლოკირებული, კომპანიის თანამშრომლებს შენობაში არც შესვლის და არც გამოსვლის უფლება არ ჰქონდათ. მართალია, შს სამინისტრომ განმარტა, რომ პოლიციის "ელიტა ბურჯში" გამოცხადება განპირობებული იყო "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" კუთვნილი სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით, მაგრამ, საინტერესოა, რა შუაში იყო ამ გადაწყვეტილებასთან "ელიტა ბურჯი"?!

კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: "ამ შემთხვევაში ვალი აქვს ბიძინა ივანიშვილს და ქონებას უყადაღებენ იურიდიულ პირს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ კომპანიაში ბიძინა ივანიშვილს წილი არა აქვს. სასამართლოს განჩინება ეხება მხოლოდ კომპანია "გლობალ კონსალტინგს" და ამის საფუძველზე "ელიტა ბურჯში" არ უნდა შეფერხებულიყო მუშაობა".

ზურაბ ბაზლიძე: "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი: "ანტენების დამონტაჟების პროცესი კონტროლის პალატასთან შეთანხმებული სქემით მიმდინარეობდა და იქ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ეს არის მედიაორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვა. ჩვენ გვეზღუდება საშუალება, გავავრცელოთ ჩვენი მაუწყებლობა, მომხმარებლისთვის კი, რომელიც ამ ანტენებს ელის, ის მიუწვდომელი ხდება".

ამ ეგზეკუციის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საინტერესო ინიციატივით გამოვიდა, - საარჩევნო პერიოდში ყველა სატელევიზიო არხი ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით უნდა გადაიცესო. როგორც მან ბრძანა, პარლამენტში ამ ინიციატივაზე მუშაობენ. "ჩვენი ამოცანაა, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება. ქართული კანონმდებლობა თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალ სტანდარტს უკვე აწესებს. მაგრამ ჩვენი მიზანია, ეს სტანდარტი უფრო გავაუმჯობესოთ. ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ მოსახლეობამ მეტი ინფორმაცია მიიღოს და განსხვავებული აზრის მოსმენის საშუალება ჰქონდეს, რაც არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას ემსახურება.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რატომ საარჩევნო პერიოდში? პასუხი მარტივია: საკაბელო და სატელევიზიო მაუწყებლებს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება, თუ რა ფასად და პირობებით მოხდება ამა თუ იმ არხის ჩართვა ამა თუ იმ კაბელში, კერძოკომერციული მოლაპარაკებაა. ამიტომ სახელმწიფო, ბუნებრივია, კერძო ბიზნესურთიერთობაში მინიმალურად უნდა ერეოდეს. მაგრამ საარჩევნო პერიოდი თავისი შინაარსით ძალიან სპეციფიკურია და ამ დროს საზოგადოების ინფორმირებულობას და ინფორმაციის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ საარჩევნო პერიოდში ჩვენ შესაძლებლად და მიზანშეწონილად გვესახება, გავაკეთოთ გამონაკლისი და დავავალდებულოთ საკაბელო მაუწყებლები და ტელევიზიები, მიაღწიონ შეთანხმებას იმ მიზნით, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა მოიგოს, რომელსაც უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება ექნება", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ უფასო სატელევიზიო რეკლამის სახით ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს.

ძნელი სათქმელია, რას შეიძლება მივაწეროთ უმრავლესობის საპარლამენტო ლიდერის ინიციატივა. თავისუფალ სიტყვაზე ზრუნვას, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაცაცხანებას თუ კიდევ უფრო სხვა რამეს, რაც ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია.

ვახტანგ ხმალაძე: "არ ვიცი, რა ინიციატივაა ეს. თვალთმაქცობას უფრო ჰგავს. ლაპარაკია MUST CARRY-ის პრინციპზე, ანუ სატელევიზიო მაუწყებლების ჩართვაზე. მაგრამ რას გულისხმობენ ამაში, ვიდრე არ გავეცნობი კანონპროექტს, ძნელია დაზუსტებით რაიმეს თქმა. მაუწყებლები სხვადასხვა ტიპისანი არიან. საეთერო მაუწყებლები არიან ისინი, ვინც სიხშირით მაუწყებლობენ (საზოგადოებრივი მაუწყებელი, "რუსთავი 2", "იმედი"), არის მეორე ტიპის მაუწყებლები, - ისინი, ვინც თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობენ. ასეთია "მაესტრო", "მე-9 არხი",  რომელ საკაბელო მაუწყებელს რომელი არხის ჩართვის ვალდებულება დაუწესდება, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. ცნობილია, რომ "კავკასიას" აქვს თბილისის ზონაზე სიხშირული მაუწყებლობის ლიცენზია. საინტერესოა, მხოლოდ თბილისის ზონაზე დაადგენენ ჩართვის ვალდებულებას? თუ ეს მოხდა, მაშინ ეს არაფერს მოგვცემს. თუ მხოლოდ საეთერო, ანუ სიხშირით მაუწყებლების მიმართ დაწესდა ვალდებულება საკაბელო ქსელში ჩართვისა, მაშინ ესეც არაფერს მოგვცემს, ვინაიდან ისევ არ ჩართავენ "მაესტროს", "მე-9 არხს". მეორე პრობლემა ის არის, რომ ჩართვის ვალდებულება დადგება მხოლოდ ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდში, ანუ არჩევნების დანიშვნიდან მის დასრულებამდე - დაახლოებით ორი-სამი თვის განმავლობაში. მაინტერესებს, ინფორმაცია ნაკლებად ღირებულია არჩევნებამდე ან მის შემდეგ?

ამ განცხადებაში დავინახე, ერთი მხრივ, ხელისუფლების მცდელობა, როგორმე თავიდან აიცილოს ბრალდება, რომ ეწინააღმდეგება ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელებას, რომელსაც სინამდვილეში გამწარებული ებრძვის.

ანტენების დაყადაღებით, სწორედ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ დაიწყეს ინტენსიური ბრძოლა. წარმოიდგინეთ, 300000 ანტენის დაყადაღება! 300000 ანტენა არის მინიმუმ 300000 პოტენციური მაყურებელი. გაამრავლეთ ეს სამზე და დაახლოებით მილიონ მომხმარებელს მიიღებთ. სწორედ ამ მილიონი მომხმარებლის გასანეიტრალებლად გაკეთდა ეს განცხადება. აქაოდა, არა, ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგი კი არა ვართ, აი, ხომ ხედავთ ამასაც კი დავთანხმდითო. ყველამ უნდა ვნახოთ, რა სახე მიეცემა კანონპროექტს, თუმცა, უკვე რაც ითქვა, ჩანს, რომ ეს მაინც იქნება შეზღუდული შესაძლებლობა ინფორმაციის მიღებისა".

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში