"ასე მითხრეს, მეოცნებე თვალები გაქვსო და გამომიშვეს" - კვირის პალიტრა

"ასე მითხრეს, მეოცნებე თვალები გაქვსო და გამომიშვეს"

ია მეტრეველი: "ვერ წარმოვიდგენდი, თუ პოლიციელების ქომაგი გავხდებოდი"

"ეს იყო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, იმის მიხედვით, თუ ვის რა აზრი აქვს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე ან ვისი ნათესავია ოპოზიციონერი"

როგორც ჩანს,  შსს-ს თანამშრომელთა რიგებში არცთუ ცოტა "მეოცენებე" ყოფილა

მართალია, შს მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძემ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო უწყებებიდან თანამშრომლებს არ დაითხოვდნენ, მაგრამ მინისტრისგან განსხვავებით, საწინააღმდეგოს ჰყვებიან შსს-დან დათხოვნილი თანამშრომლები.

მაგალითად, ვახტანგ დადუნაძემ, მეტროპოლიტენის საპატრულოს ოცეულში რომ მუშაობდა, გვითხრა, "სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად მითხრეს, მეოცნებე თვალები გაქვსო". ყოფილი პოლიციელის, მამუკა მემარნიშვილის ცოლისდა კი თურმე "ქართულ ოცნებაში" გაწევრებულა, რასაც მამუკა მემარნიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყოლია(?!). "ჩემი ცოლისდა ცალკე ცხოვრობს, მასთან ურთიერთობა არც მაქვს", - ირწმუნებოდა აფხაზეთიდან დევნილი დადუნაშვილი, რომელიც საბავშვო ბაღის შენობაში მოხუც დედასთან, ავადმყოფ მეუღლესა და წვრილშვილთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ყური არავინ ათხოვა.

შსს-ს რამდენიმე სხვა თანამშრომელიც სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს.

ალექსანდრე გოგიჩაიშვილი, ყოფილი პოლიციელი: "სამინისტროში დაგვიბარეს და გვთხოვეს, დაგვეწერა პატაკი სამსახურიდან წასვლაზე. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ზურაბ ვახტანგიშვილმა თათბირზე გვითხრა, სამინისტროში სტრუქტურული რეორგანიზაციაა, პატაკის დაწერის შემდეგ კვლავ დაგიბარებთ და სხვა სამმართველოში გადაგიყვანთო. ასე მოგვატყუეს. პატაკი ჩემმა 250-მა თანამშრომელმა დაწერა, სამი დღის შემდეგ კი დაახლოებით 50 კაცი დაგვიბარეს და გვითხრეს, თქვენივე განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული ხართო. რას გვერჩით-მეთქი, ვიკითხეთ და გვიპასუხეს, ქვეყნის განვითარებაზე არა გაქვთ ისეთი წარმოდგენა, როგორიც უნდა გქონდეთ, მეოცნებეებს ჰგავხართო და ა.შ. მე კარგად ვიცი კანონი "პოლიციის შესახებ" და ოცნების გამო ადამიანის სამსახურიდან დათხოვნა უსამართლობად მიმაჩნია. მაგალითად, ყოფილი პოლიციელი ვახტანგ დადუნაშვილი მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ერთხელ წამოსცდა, ბიძინა თუ ქვეყნის სათავეში მოვა, გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფი დაიწევსო. ფაქტობრივად, წაიოცნება და ამას მისი სამსახური შეეწირა, ცოლ-შვილი მშიერი დაუტოვეს. ვუთხარი, სრულიად აპოლიტიკური ვარ, გნებავთ, პრეზიდენტს დავუჭერ მხარს, გნებავთ, მეფეს ან სულთანს, ოღონდ სამსახურში აღმადგინეთ-მეთქი! ბევრ ჩვენგანს "ლიბერთი ბანკში" აღებული სესხით ჰქონდა ნაყიდი ბინა, პროცენტებს ხელფასით ვფარავდით და უცბად დაუძლეველი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. მე 11 თვე მქონდა დარჩენილი, რომ სრულად დამეფარა ვალი, მაგრამ ვინ მაცალა? ეს იყო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, იმის მიხედვით, თუ ვის რა აზრი აქვს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე ან ვისი ნათესავია ოპოზიციონერი.

- ეკა ზღულაძემ განაცხადა, შსს-ში როტაცია მიმდინარეობს და "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა თანამშრომლებმა თავად განაცხადეს უარი შეთავაზებულ სამსახურებზეო.

- სიცრუეა. ახლაც ვითხოვთ სამსახურში აღდგენას, მაგრამ ამაოდ. მუშაობაზე უარს არავინ ვიტყვით, რადგან უკიდურეს მდგომარეობაში ვართ. თუმცა, არავინ არაფრის შემოთავაზებას არც აპირებს.

იმედა ხვედელიძე, ყოფილი პოლიციელი: "საჩხერელი კაცი ვარ. ვიდრე სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ, მკითხეს, რა ურთიერთობა გაქვს ბიძინა ივანიშვილთან და გაფინანსებს თუ არაო. ნამდვილად არ დავუფინანსებივარ და სიმართლეც ვთქვი, მაგრამ არ დამიჯერეს. ისიც არ დავმალე, რომ ეკატერინე ხვედელიძე ჩემი ნათესავია, მამაჩემის ბიძაშვილის შვილი. ბიძინას არც ვიცნობ, მაგრამ ეს არავის აინტერესებს".

ია მეტრეველი, ფონდ "ქომაგის" ხელმძღვანელი: - შსს ნებით არავის დაუტოვებია. მეტიც, ყოფილი პოლიციელები მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ და დახმარებისთვის ჩვენ მოგვაკითხეს ამიტომაც.

- "ქომაგის" ანგარიშები დაყადაღებულია, მორალურის გარდა სხვა რა დახმარება შეგიძლიათ მათ გაუწიოთ?

- არის ისეთი სამართლებრივი ფორმა, რომლითაც დახმარება შეიძლება. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ პოლიციელების ქომაგი გავხდებოდი. მთელმა საქართველომ იცის, რომ პოლიციელების სადამსჯელო მოქმედებამ ჩემი ერთადერთი შვილის სიცოცხლე წამართვა. მიუხედავად ამისა, ბოროტებითა და შურისძიებით გამსჭვალული არა ვარ. მინდა ბოლო მოეღოს უსამართლობას. დათხოვნილი პოლიციელები სწორედ უსამართლობის მსხვერპლი არიან.